მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მართმადიდებელი ეკლესია, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ჭეშმარიტების წყურვილს იოლი გზით ვერ დაიკმაყოფილებ - დავით ჯინჭარაძე

ჭეშმარიტების წყურვილს იოლი გზით ვერ დაიკმაყოფილებ - დავით ჯინჭარაძე


დღეს, 09:36

 

 

   გულმხურვალე ადამიანს სწყურია ჭეშმარიტება, მაგრამ ზოგიერთი ამ წყურვილს იმ სითხით იკმაყოფილებს, რომელიც წყურვილს კი არ კლავს, არამედ წყურვილის დაკმაყოფილების ყალბ შეგრძნებას იწვევს.

   დღეს ტელევიზორს და სოც-ქსელებს მიჯაჭვული საზოგადოება ძირითადად იქ ნანახი და მოსმენილი ინფორმაციით მსჯელობს და იკვებება. პირობითად ამას "ფაქტებით მსჯელობას" დავარქმევდი. ამ "ფაქტებით” ცდილობს ადამიანი გამოხატოს თავისი სიმართლე, შეხედულება თუ მსოფლმხედველობა. დღევანდელ სამყაროში კი ეს "ფაქტები" ხშირად: ყალბი, ორაზროვანი, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი, ნაწილობრივი, დაუდასტურებელი და უნდოა. ვიტყოდი - უსულოა.

   საკუთარი სიმართლის გამომჟღავნების პროცესში უფრო მეტად "მე” იგრძნობა, ვიდრე ჭეშმარიტების სიყვარული. სიმართლის მტკიცების პროცესში ადამიანი - ადამიანის პირისპირ დგას და მას ებრძვის. ის არ დგას ღვთის წინაშე; არ უხმობს ღმერთს - თვით ჭეშმარიტებას ჭესმარიტების დადგენაში; არ მიჯნავს ადამიანს ცოდვისგან; არ განსაზღვრავს სიკეთეს და ბოროტებას სახარებისეული სწავლებით. 

   ყოველივე ეს აუცილებლად იწვევს წინააღმდეგობას და შფოთს. ასეთ "ფაქტებს” აუცილებლად უპირისპირდება "კონტრფაქტი”. ხშირად მამხილებელი თავად ხდება მხილებული, ან მისი ობიექტურობა და პრინციპულობა - სუბიექტურ შეხედულებად გადაიქცევა, როდესაც ეს მის ახლობელს ეხება…

   "ფაქტებით” მსჯელობა არ აკმაყოფილებს ჭეშმარიტების წყურვილს, რადგან არასაკმარისად სიღრმისეულია, ამავე დროს ცრუ წყურვილის გრძნობის დაკმაყოფილების ამგვარ მეთოდს ჩვეულნი, ამ დამოკიდებულებას აბსოლუტურ ნორმად მიიჩნევენ.

   ჭეშმარიტების ნამდვილ წყურვილს, მხოლოდ თავად ჭეშმარიტება აკმაყოფილებს - იესო ქრისტე! „ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ." (იოან. 4:14).

   აი, წყურვილის დაკმაყოფილების ჭეშმარიტი კრიტერიუმი. ამ სიტყვებში მაცხოვრის სრული სწავლება იგულისხმება. იქ, სადაც არ არის "წყარო ცხოვრებისა”, არ იქნება წყურვილის დაკმაყოფილება. იქ, სადაც არ არის მარადიული საზომით განსჯა, აუცილებლად ამქვეყნიური მსჯელობით და კამათით სრულდება.

   "ყოველი კაცი ცრუ არს” - წმინდა წერილის ეს ჭეშმარიტება მყარად უნდა გვახსოვდეს. "ცრუ კაცი” თავისი დაზიანებული ბუნებით, ხშირად ბინძური წყლის სმით კმაყოფილდება, რომელიც "წყაროს” სათავისგან შორსაა, რადგან მასთან მისვლას "აღმართზე" სვლის სიმძიმე აბრკოლებს.


დავით ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია

 



უკან დაბრუნება