მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ტექნო-ფეოდალიზმის ფუძემდებლები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ტექნო-ფეოდალიზმის ფუძემდებლები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


გუშინ, 12:22

ტექნო-ფეოდალიზმის ფუძემდებლები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   თანამედროვე სამყარო ეპოქალური გასაყარის პერიოდშია. ლიბერალიზმის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა. გამოჩნდა იმ ადამიანთა კატეგორიაც, ვისაც აქვს თავისი პრეტენზიები სამყაროს ახლებურ ხედვასა და მართვის პრინციპებზე. საუბარია ტექნოკრატებზე (ილონ მასკი, პიტერ ტილი, ალექსი კარპი და სხვები), რომლებიც მიიჩნევენ, რომ მომავალი მმართველობის ფორმა იქნება ტექნო-ფეოდალიზმი. ესაა ტექნოლოგიათა, პოლიტიკისა და თეოლოგიის უცნაური სიმბიოზი, სადაც მსოფლიოს ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობის პრინციპი დრომოჭმულ კონცეფციად სახელდება და მის ადგილს „ახალი" ჰიბრიდი იკავებს.

   უკეთ რომ გავიგოთ რაზეა საუბარი, მაგალითისთვის მოვიხმოთ სახელ-გვარი კონკრეტული ადამიანისა (პიტერ ტილი) და სახელწოდება კონკრეტული კომპანიისა (პალანტირი) — ზედაპირული ანალიზიც კი დაგვანახებს, რა ფენომენთან გვაქვს რეალურად საქმე.

   ვინ არის პიტერ ტილი და რას წარმოადგენს კომპანია „პალანტირი"?

   პიტერ ტილი XXI საუკუნის წამყვანი და წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიების (РауРа, Facebook, პალანტირი, ანდურალი, მიტრილი და სხვა) სახელთან ასოცირდება. ის ცნობილი გახდა არა მხოლოდ ტექნოლოგიათა განვითარების, არამედ პოლიტიკური-თეოლოგიური აზროვნების უნარით. პიტერ ტილის ტექნო-პოლიტიკური როლი აშშ-ს უსაფრთხოების საკითხებში მეტად საგრძნობია. ის გახლავთ ერთ-ერთი უმდიდრესი (26 მლრდ.) ადამიანი მსოფლიოში.

   ამავდროულად ის გახლავთ ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზროვნებით გამორჩეული პიროვნება, რომელმაც წამოაყენა საკუთარი კონცეფცია ესქატოლოგიის შესახებ, კერძოდ: შემოგვთავაზა მისეული ხედვა ანტიქრისტეს შემაკავებელი ძალის შესახებ (კატეხონი), რომელიც, მისი აზრით, არის გლობალური ციფრული სამყაროს შექმნა.

   მაქსიმალურად მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ მის კონცეფცია, უნდა ითქვას შემდეგ: ეპიცენტრი პრობლემისა (მისი აზრით) არის ანტიპროგრესი, ანტიზრდა, ანტიქრისტე. ამის გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ საფუძვლიანი და სწრაფი გარდაქმნით. ის მიიჩნევს, რომ არსებული გლობალური სისტემა თავისი დემოკრატიული ინსტიტუტებით, ეკოლოგიზმით, ეკონომიკური ბაზარით და ა.შ. არაეფექტურია და დემონტაჟს ექვემდებარება. თავის ინტელექტუალურ წყაროდ ის ფილოსოფოს რენე  ჟერარსს მიიჩნევს. ამიტომაც მისი ბიზნეს-სტრატეგია არ თავსდება არსებულ სისტემაში. ყოველივე ამას ანტიქრისტეს სულის გამოვლინებად აცხადებს, ხოლო მისგან „შემაკავებელ ძალად" (კატეხონი) ციფრული კონტროლის სისტემას მიიჩნევს.

   არჩევანი შემდეგშია: ან არსებული გლობალური სისტემის მმართველობის ფორმა, რომელიც სამყაროს გაუთავებელი ომებითა და ქაოსით მიიყვანს არმაგედონამდე, ან ეკონომიკური ზრდის რეგულირება ციფრული გლობალური სისტემით, რაც, მისი აზრით, „მშვიდობისა და უსაფრთხოების" გარანტია მთელ მსოფლიოში. როგორც ვხედავთ, „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე" პრინციპია შემოთავაზებული, ვით ერთადერთი ალტერნატივა. სხვაგვარად რომ ვთქვათ: არ გსურთ არმაგედონი? დაექვემდებარეთ ციფრულ კონტროლს! ამაში ხედავს პიტერ ტილი „შემაკავებელ ძალას", რომელზეც საუბრობს პავლე მოციქული თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში (2 თეს. 2. 6-8). ერთი სიტყვით, ეკოლოგიზმის დემონები ჩანაცვლებულია ტექნოლოგიური დემონებით, ე.ი. ერთი ანტიქრისტიანული სისტემა უნდა შეიცვალოს მეორეთი.

   პიტერ ტილისთვის ანტიქრისტე — ძველი გლობალური სისტემაა, ბიუროკრატიაა, „დიპ-სტეიტი" და ა.შ., ე.ი. რომის იმპერია (ზოგისთვის მეფე, რუსეთი) ვით შემკავებელი ძალა, მის კონცეფციაში ჩანაცვლებულია ხელოვნური ინტელექტითა და ციფრული კონტროლით. მართლმადიდებლური მსოფლმხედველობით კი ეს „ძალა" თავად სულიწმინდაა, რომელიც ასრულებს შემაკავებელის როლს სამყაროში და ნელ-ნელა ტოვებს გაშმაგებულ კაცობრიობას.

   პ. ტილი, სილიკონის ველის (Силиконовая долина) რუხი კარდინალი, სინამდვილეში გვთავაზობს ადამიანთა თვალთვალისა და კონტროლის დღემდე არარსებულ ფორმას, რომელმაც (თურმე) უნდა დაგვიცვას ანტიქრისტესაგან. ამ ეგიდით 2023 წელს მან ჩაატარა ტურნე სხვადასხვა ქვეყნებსა და ინსტიტუტებში თვით რომის პაპთან ლექციით ანტიქრისტეს შესახებ. ამ ლექციებზე მან თქვა, რომ ანტიქრისტე გამოიყენებს შიშს ეგზისტანციურ საფრთხეთა გამო, როგორებიცაა ომები, გლობალური დათბობა, ხელოვნური ინტელექტის უკონტროლობა, ბირთვული ომი და ა.შ. თავის მხრივ კი გვთავაზობს „უსაფრთხო" ალტერნატივას — ციფრულ დიქტატურას. სინამდვილეში, ეს ორივე იარაღი — შიშიც და „უსაფრთხოებაც" ანტიქრისტეს პირმშოებია.

   ისმის კითხვა: რატომაა ის (პიტერ ტილი) შეწუხებული ანტიქრისტეს თემით? იმიტომ რომ მისი ფუნქციაა, შექმნას ილუზიური უსაფრთხოების სამყარო, რათა ამ გზით გააბას მავანი თავის (ანტიქრისტეს) მახეში. გავიხსენოთ წმ. წერილის სიტყვები: „როცა იტყვიან მშვიდობა და უსაფრთხოება, მაშინ გამოჩნდება ანტიქრისტე" (2 თეს. 2. 3-4); (2 პეტრ. 3. 3-4).

   „კატეხონის" მისეული განმარტებით, შემაკავებელის როლი „ტექნოლოგიებმა" უნდა იტვირთოს. ის უნდა გახდეს კაცობრიობის გამაერთიანებელი ძალა — ესაა პიტერ ტილის პოლიტიკური თეოლოგიის არსი.

   რაც შეეხება პ. ტილისა და ა. კარპის მიერ დაფუძნებულ კომპანიას „პალანტირი" (Palantir Technologies), ის შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანიაა თანამედროვე მსოფლიოში. „პალანტირი" იმთავითვე (2003 წ.) შეიქმნა ვით ტექნოლოგიური სტარტაპისა და სადაზვერვო (სათვალთვალო) ინსტიტუტების სიმბიოზი, ე.ი. მთლიანად კონტროლირებადი შესაბამისი (ღია თუ ფარული) სტრუქტურების მიერ. დღეისათვის „პალანტირი" გახლავთ ანალიტიკური ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია დაამუშაოს ნებისმიერი ინფორმაცია: ფინანსური ტრანზაქციები, სატელეფონო საუბრები, სოციალური ქსელები, სამედიცინო ჩანაწერები, მოქალაქეთა გადაადგილებები და ა.შ. ეს სისტემა აგებს თავის „ობობურ ხლართებს", რომელშიც ადამიანები, მოვლენები, ანგარიშები ალგორითმებით კონტროლდება.

   „პალანტირი" ამით არ კმაყოფილდება. აქ შექმნეს ე.წ. „მანიფესტი" (სამყაროს სამომავლო მართვის კონტურები) — შემოთავაზებულია სამყაროს ახლებური მმართველობის გეგმა, ტექნო-ფეოდალიზმის (იგივე ტექნო-ფაშიზმის) მართვის ფორმა, სადაც ძალაუფლება ეკუთვნის არა მათ, ვინც იმყოფება პოლიტიკურ ზედაპირზე, არამედ მათ, ვინც ფლობს ციფრულ პლატფორმებს, ტექნოკრატულ ელიტას. მათ ღიად განაცხადეს თავიანთი პოლიტიკურ-ეკონომიკურ-რელიგიური პრეტენზიები: სახელმწიფო (სახელმწიფოები) უნდა იმართებოდეს არა ნაციონალური ხელმძღვანელებით, არამედ მსხვილი კორპორაციებით! ეს ახალი ტიპის „სუვერენიტეტია", სადაც საზღვარი სახელმწიფოსა და კორპორაციას შორის საბოლოოდ წაიშლება.

   „პალანტირის მანიფესტი" გახლავთ ღია განაცხადი მსოფლიოს ამგვარი მმართველობის შესახებ. მან მინზად დაისახა სახელმწიფოებრივი (რელიგიურ-კულტურული) აზროვნების მოშლა, საზოგადოების ერთ პოპულაციად, კოსმოპოლიტურ მასად, ზომბად გადაქცევა და შემდეგი მათი მანიპულირება. არსებითად, ეს ტექნო-ფაშიზმია და არა უბრალოდ ავტორიტეტული მმართველობის ფორმა. ეს ის ვითარებაა, როდესაც ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი, რობოტები) ხდება პოლიტიკური ნების გამამყარებელი სტრუქტურები, რომელიც არ დაექვემდებარება საზოგადოებრივ პროტესტს, არჩევანს, რეალურად საკონცენტრაციო ბანაკის ახლებური ვერსიაა — „ციფრული ბანაკია", საიდანაც გამოსავალი აღარ იქნება.

   ამასთან, ტექნო-ფეოდალიზმი არ იქნება შუასაუკუნეებში დაბრუნება, ის არსებითად ახალი ფორმაციაა, სადაც ძალაუფლებას ხელში ტექნოკრატები იღებენ. ეს ე.წ. ტექნოლოგიური ელიტა მსოფლიოს ახალი მმართველი კლასი ხდება, ხოლო „ლიბერალური დემოკრატი" როგორც პროექტი, დრომოჭმულ კატეგორიად სახელდება.

   „პალანტირი" — არსებითად უკვე გახლავთ ამოქმედებული მატრიცა, რომელიც ტოტალური კონტროლის დამყარებით იმუქრება. ციფრული სუვერენიტეტი — აი მართვის ერთადერთი ალტერნატიული ფორმა. არსებითად, ის გზას უკვალავს ქმნილი მესიის (ანტიქრისტეს) გამოჩენასა და გამეფებას. ეს სისტემა ანტიქრისტეს ხელს შეუწყობს ძალაუფლება მოიპოვოს როგორც პოლიტიკურ, ისე რელიგიურ პროცესებზე. ამიტომ ის იქნება ამავდროულად კულტურული ტექნოლოგიური რასიზმი, ერთიანი „ზერელიგიის" შექმნის საფუძველიც. ის, ვინც არ დაემორჩილება მას და შემდეგ ეტაპზე არ მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს, განწირული იქნება სისტემის მიერ განადგურებისთვის. ეს ის „მცირე სამწყსოა", რომელსაც უფალი შეინახავს და დაიცავს უკანასკნელ ჟამს ბოროტებისაგან. დანარჩენი კაცობრიობა კი „ტაშ-ფანდურით" შეეგებება ანტიქრისტეს გამოჩენას.




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება