მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > რთული დროება ჯერ კიდევ წინ გვაქვს — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

რთული დროება ჯერ კიდევ წინ გვაქვს — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


გუშინ, 20:17

რთული დროება ჯერ კიდევ წინ გვაქვს — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ბოლო ჟამთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ქრისტიანებში არაერთგვაროვანი შეხედულება ჩამოყალიბდა. ერთნი (ორთოდოქსულად მოაზროვნენი) მიიჩნევენ, რომ აპოკალიფსური ჟამი თავისი სულიერი თუ ზნეობრივი მხარეებით მეტად საბრალო სანახაობა იქნება ისეთი, როგორიც ნაწინასწარმეტყველებია გამოცხადების წიგნში. მეორენი, (მოდერნისტები, ნაკლებად ეკლესიურები, ჰუმანისტები და ა.შ.) გამოხატავენ ერთგვარ ოპტიმიზმს, აქაოდა, არანაირი საშინელი სამსჯავრო, ჯოჯოხეთი, ტანჯვა... არ იქნება, პირიქით — ქადაგებენ საყოველთაო ცხონებას, ჯოჯოხეთის, ტანჯვის არარსებობას და ა.შ. საამისოდ ორი არგუმენტი გამოიყენება:

   1) მაცხოვრის სიტყვები: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას".

   2) ბოლო ჟამს სახარება იქნება ნაქადაგები მთელ მსოფლიოში, შედეგად, ჯერ ქრისტიანული ცხოვრების აღორძინებას უნდა ველოდოთ და შემდეგ საყოველთაო ცხონებას, იმიტომ რომ ღმერთს ყველა უყვარს და მისთ.

   1. ჭეშმარიტად, ეკლესია კლდესა ზედაა (ქრისტეს ღმერთკაცობრივ ორგანიზმზე) აგებული და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ყურადსაღები აქ ისიცაა, რომ ქრისტეს ამ სიტყვებში არაა დაკონკრეტებული, რომელი ადგილობრივი ეკლესიებია ნაგულისხმევი: კონსტანტინოპოლის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის, საქართველოს თუ სხვა. ცხადია, ჭეშმარიტი ეკლესია, როგორც „მცირე სამწყსო" ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იარსებებს. თუგინდ ერთი ეპისკოპოსი დარჩეს თავისი მცირე სამწყსოთი, მართლმადიდებელი ეკლესია განაგრძობს თავისი მაცხოვნებელი მისიის აღსრულებას.

   ბოლო დროის მამების პროგნოზით, ვითარება უკიდურესად გართულდება, მართლმადიდებლები დევნის აქამდე არნახულ გზას გაივლიან. თავად ეკლესიის წიაღში, ადგილობრივ ეკლესიებს შორის ადგილი ექნება დაპირისპირებას (ასეა უკვე).

   შესაძლოა (ესეც პროგნოზია), რომელიმე ადგილობრივმა ეკლესიამ უღალატოს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და უნიის პრინციპით პაპისტებთან გაერთიანდეს. ზოგიერთი კიდევ უფრო მძიმე პროცესებს წინასწარმეტყველებს: მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჭეშმარიტების მესვეური სულაც არ იქნება ისეთი სახით, როგორიც ის დღესაა, არამედ „მცირე კუნძულებად" წარმოჩნდება ჭეშმარიტების ერთგული რომელიმე ეპისკოპოსის ირგვლივ, მცირე თემებად გაერთიანდება და აღმსარებლობითი სულითღა შესაძლოა იცნონ ერთმანეთი და ა.შ.

   ასე რომ, ქრისტეს სიტყვები: „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან ეკლესიას" სულაც არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას არ ელის დიდი რყევები ამასოფლისა თუ ერეტიკოსების მხრიდან. მეტიც, ქვემოთ მივუთითებთ წმ. წერილისა და წმ. მამათა სწავლებას, სადაც დასუსტდება ჩვენი საზრისი.

   2. წმ. წერილის სიტყვების არასწორმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა მრავალი აცდუნოს და ცრუწინასწარმეტყველთა და ცრუქრისტეთა მაზეში ამოყოს თავი. დღეს მავანნი (ეკუმენისტები, მოდერნისტები) საუბრობენ ქრისტიანთა გაერთიანებაზე, ერთიან „უნივერსალური ეკლესიის" შექმნაზე და ა.შ. ეს პირდაპირი შეთქმულებაა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. თუკი მავანი ასეთ „გაერთიანებებს", მიიჩნევს სახარების მთელ მსოფლიოში გავრცელებას, ჩვენ მათ გავუცრუებთ იმედებს, ვინაიდან წმ. წერილში ამგვარ „იმედებს" ვერ ვპოულობთ.

   მათეს სახარებაში ვკითხულობთ, რომ ბრძოლანი, შიმშილი, სტიქიური უბედურებანი... „დასაბამი სალმობათაი არს" (მათ. 24. 8).

   „რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაით, ვიდრე აქამომდე" (მათ. 24. 21).

   თუკი ბოლო ჟამს იქნება იდეალური დასასრული, როგორც ამაზე ოცნებობენ სენტიმენტალური, „სულიერი" ქრისტიანები, მაშინ რატომ ბრძანა პავლე მოციქულმა ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში: „...უკანასკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი, და იყვნენ კაცნი თავის მოყვარე, ვერცხლის მოყვარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, ოღირს, უყუარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინაგამცემელ, წარმდებ, აღუზავებელ, გულისთქმის მოყვარე უფროს, ვიდრე ღვთის მოყვარე" (2 ტიმ. 3. 1-4).

   თუკი ყველაფერი ლამაზ ფერებში იქნება, მაშინ რატომ გვაფრთხილებს პავლე მოციქული: „ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაი იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისა, შვილი იგი წარსაწყმედელისა" (2 თელ. 2. 3). ტექსტი შემდეგნაირად გრძელდება: „ამისთვის მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაი, რაითა ჰრწმენეს მათ ტყუილისა, რაითა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნენ სიცრუესა შინა" (2 თეს. 2. 11-12).

   მოციქულთა საუკუნიდან გადავინაცვლოთ წმ. მამათა ეპოქის დასაწყისისკენ. 

   ანტონი დიდი ამბობს: „დადგება დრო, როდესაც თავმდაბლობა შეიცვლება ამპარტავნებით, მრავალნი იამაყებენ ცოდნით, მაგრამ მშრალი, კეთილ საქმეებს მოკლებული ცოდნით, სიყვარული გაგრილდება; თავშეკავების ნაცვლად განმრავლდება ნაყროვანება. მრავალი მონაზონი (ბერი) ძვირფას ცხოვრებას ისურვებს, არანაკლებ თვით ერისკაცებისა, რომელთაგან შესამოსლის გარდა, არაფრით განსხვავდებიან".1

   წმ. ნიფონტი კონსტანტინოპოლელი წერდა: „ქვეყნის აღსასრულის ჟამს, ...სამღვდელო საყდრების მპყრობელნი სრულიად გამოუცდელნი იქნებიან მთელ მსოფლიოში და არ ეცოდინებათ სათნოების ხელოვნება, ასეთივე იქნებიან ბერების წინამძღვარნიც, რამეთუ ყოველნი დამხობილნი იქნებიან გემოთმოყვარეობითა და დიდებისმოყვარეობით; ადამიანებისთვის დამაბრკოლებელნი უფრო იქნებიან, ვიდრე სამაგალითონი; ამიტომაც სათნოება კიდევ უფრო მეტად იქნება უგულებელყოფილი; ვერცხლისმოყვარეობა იმეფებს მაშინ და ვაი ბერებს, ოქროთი გამდიდრებულებს, რამეთუ ასეთები საძაგელ იქნებიან უფლისთვის და ვერ იხილავენ ცოცხალი ღმერთის სახეს".2

   წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი (XIX ს.) დასძენს: „ნურავისაგან ელით ქრისტიანობის აღდგენას მონასტრებშიც კი. სულიწმინდის სასმისები საბოლოოდ დაიშრიტნენ... მოწყალე ღვთის სულგრძელობა აყოვნებს გადამწყვეტ მოვლენებს, გადარჩენისკენ მიმავალი სულ მცირე ნარჩენის გამო. ამავდროულად, ხრწნილებას მიცემულნი აღწევენ სრულ გახრწნას. გადარჩენის გზით მავალთ უნდა ესმოდეთ ეს და უნდა ისარგებლონ დროით, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ მიცემული გადარჩენისთვის".3

   წმ. ეგნატეს წერილებში ასევე ვკითხულობთ:

   „ღვთის მცნებებით ცხოვრება ძალიან გაძნელდება განდგომილების ფართო გავრცელებისა და მისი საყოველთაო ხასიათის გამო. მომრავლებული განდგომილები საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ და გარეგნულად აჩვენებენ კიდეც თავს ასეთებად. ამის გამო უფრო მეტი წარმატებით დაუწყებენ დევნას ჭეშმარიტ ქრისტიანებს — ათასგვარი ხრიკებით შეუტევენ და უამრავ დაბრკოლებას შეუქმნიან მათ კეთილ განზრახვას — სათნო ეყონ და ემსახურონ ღმერთს. მდევნელები ძალაუფლებასაც გამოიყენებენ, ცილისწამებასაც, მზაკვრობასაც, მოტყუებასაც და სასტიკ დევნასაც. ბოლო ჟამს ჭეშმარიტი მსახური ღვთისა ძლივსძლივობით იპოვის სადმე მივარდნილ თავშესაფარს, რათა იქ შედარებით თავისუფლად ემსახუროს ღმერთს და განეშოროს სატანის მსახურებას, რასაც განდგომილების მოციქულნი მოახვევენ თავს".4

   წმ. ეგნატეს წერილები სავსეა მსგავსი შეგონებით, აი კიდევ ერთი:

   „გარკვეული დროიდან განდგომილება განხორციელდება მეტისმეტად სწრაფად, ღიად და შეუნიღბავად, შედეგებსაც სამწუხაროს უნდა ველოდეთ, დაე, იყოს ნება ღვთისა".5

   თითქოს ჩვენი დროების განდგომილებაზე საუბრობდეს. კიდევ მრავალი წმ. მამის მსგავსი სწავლების მითითება შეიძლება ამ თვალსაზრისით, მაგრამ გამგები ამითაც გაიგებს მოსალოდნელს. ყოველივე ამის ფონზე ნუთუ მართლმორწმუნე ქრისტიანი უნდა ფიქრობდეს, რომ წინ საყოველთაო აღორძინება და აღმავლობა გველის? ჩვენი ღრმა რწმენით, ასეთი ან დიდ ხიბლშია ან შეგნებულად დგას განდგომილთა ფერხულში. ორივე შემთხვევაში, ეს ანტიქრისტეს მიღებითა და თაყვანისცემით დასრულდება. „მცირე სამწყსოს" წევრი კი, ღვთის განგებით, საზოგადოების ასეთ მისწრაფებებს კუნძულზე მყოფივით განეშორება, ვინაიდან იცის: „განდგომილება დაშვებულია ღვთისგან, ნუ შეეცდები მის შეჩერებას შენი უძლური ხელით" (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი).

   განვეშოროთ განდგომილებას, საკუთარი თავი (სული), თუ შეგვიძლია — ოჯახები, მრევლი დავიცვათ მისგან; ჩვენი მხრივ ესეც კმარა. უნდა შევიცნოთ დროის სულისკვეთება, რათა მისი გავლენისაგან თავის არიდება შევძლოთ.




1 ახალმოწამე ა. ნოვოსელოვი. Письма к друзьям.

2 იქვე.

3 Св. Игнатий Брианчанинов. Письма.

4 იქვე. Письма.

5 იქვე.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება