მთავარი > საცდურები, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > საუკუნო სიკვდილი — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

საუკუნო სიკვდილი — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


დღეს, 00:21

საუკუნო სიკვდილი — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის, რომ არსებობს ორი სახის სიკვდილი: ფიზიკური (სხეულის სიკვდილი) და სულიერი (სამშვინველის სიკვდილი). სამშვინველსა და სხეულს შორის კავშირის გაწყვეტა სხეულის სიკვდილს ნიშნავს; ხოლო სამშვინველსა და სულს შორის კავშირის გაწყვეტა — სამშვინველის სიკვდილს. მოგეხსენებათ, ადამიანი იმთავითვე სამშემადგენელიან პიროვნებად შეიქმნა. სამშვინველი და სხეული ქმნილი ბუნებისაა, ხოლო სული — ხელთუქმნელის. სწორედ სული (ღვთის სული, სულიწმინდა) განაღმრთობს ადამიანის სამშვინველს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამშვინველი მარტოოდენ ცოდვის ამარა რჩება. როგორც სამშვინველი განამშვენებს სხეულს, ისე ღვთის სული განაღმრთობს ადამიანის სამშვინველს. სამშვინველსა და სხეულს შორის კავშირის გაწყვეტის პროცესი მტკივნეული რეალობაა, რაც ერთხელ ხდება; ე.ი. ადამიანი ფიზიკურად ერთხელ კვდება, შემდეგ სხეული იხრწნება, ხოლო სამშვინველსა და სულს შორის კავშირის გაწყვეტა (ასევე მეტად მტკივნეული პროცესი) არაერთგვაროვანი პროცესია, ვინაიდან სამშვინველი უკვდავია, ის ან საღმრთო სულთან ერთად მარადიულ ნეტარ ცხოვრებას იმკვიდრებს ან ბოროტ სულთან ერთად მარადიულ სატანჯველს. ამიტომ სამშვინველის სიკვდილში იგულისხმება სულიერი სიკვდილი და არა არსებითად მისი გაქრობა. სწორედ ამ ტანჯვას განიცდის ის სულთან განშორების გამო. ამას უწოდებს წმ. წერილი „მარადიულ სიკვდილს", იგივე „მეორე სიკვდილს" (გამოცხ. 2. 12).

   პირველი სიკვდილი გარდაუვალია ყველა ადამიანისათვის — ცხონებულისა თუ წარწყმენდილისათვის, ვინაიდან ის პირველქმნილი ცოდვის შედეგი გახლავთ. თავად ცოდვით დაცემას მამები კიბოთი დაავადების მსგავს მოვლენად მოიაზრებენ. პავლე მოციქულმა ბრძანა: „ადამში ყველამ შევცოდეთ", რაც იმას ნიშნავს, რომ ცოდვის (კიბოს) მომაკვდინებელი უჯრედები ყველა ადამიანის კუთვნილება გახდა. როგორც კი ადამმა და ევამ შესცოდეს, მყისიერად იგრძნეს საკუთარ თავში მარადიული სიკვდილი, ის, რომ, სულიწმინდამ დატოვა ისინი, შედეგად, დაკარგეს ედემისეული მარადიული ცხოვრება და დაექვემდებარნენ ხრწნასა და სიკვდილს. ამის შემდეგ ცოდვა შეუქცევადად ამოქმედდა ადამიანში. პავლე მოციქულის თქმით, „ცოდვის კანონი" ამოქმედდა ადამიანში. შესაბამისად, ყოველი „ძველ ადამში" მყოფი მარადიული სიკვდილისთვის არის განწირული, ცოდვის მონობისაგან გამოხსნა კი მხოლოდ ახალ ადამში (ქრისტეში) არის შესაძლებელი. ქრისტეს განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით მოგვეცა ცხონების შესაძლებლობა. ე.ი. სამშვინველსა და სულს შორის ნათლისღების და სხვა საიდუმლოებების მეოხებით გვეძლევა კავშირის აღდგენის საშუალება, გვიბრუნდება დაკარგული მსგავსება ღვთისა.

   ჯოჯოხეთი ის ადგილია, სადაც არის მარადიული სიკვდილი. დიახ, არა მთლიანად განადგურება (გაქრობა), არარსებობაში (ნირვანაში) გადასვლა, არამედ მარადიულად ყოფნა ტანჯვის მდგომარეობაში. ეს იმის შედეგია, რომ ადამიანის სამშვინველი (გონება, ნება, შეგრძნება, მოქმედება) ნებაყოფლობით ამბობს უარს ღვთის სულთან, ღმერთთან ურთიერთობაზე. პავლე მოციქულის ტერმინი — „ხორციელი კაცი" ნიშნავს სხეულისა და სამშვინველის ამარა (სულის გარეშე) დარჩენილ ადამიანს.

   ასე იწყება ჯოჯოხეთური მდგომარეობის გათავისება ჯერ კიდევ ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს, რაც მარადიულობაში გრძელდება. ჯოჯოხეთში ადამიანის სამშვინველი და ეშმაკისეული სული განიცდიან გამოუთქმელ და მუდმივ ტანჯვას (მარკ. 8. 44).

   ეს ღვთის სამართლიანი განაჩენია, ვინაიდან ადამიანების უმრავლესობამ, იგემა რა პირველქმნილი ცოდვის შხამი, აღარ ინება მისგან ღვთის მადლის მეშვეობით განთავისუფლება. ადამი დაეცა და მასში (მისი სახით) მთელი კაცობდიობა დაეცა, ვინაიდან კაცობრიობას მაშინ ადამი და ევა წარმოადგენდა. ამის შემდეგ სამოთხე მყისიერად დაიხურა ადამიანისათვის და ყველა, ძველი აღთქმის მართალთა ჩათვლით, მიდიოდა ჯოჯოხეთში. მხოლოდ ღვთის უსაზღვრო კაცთმოყვარებამ არ მიატოვა ადამიანი ამ მდგომარეობაში, ინება განკაცება, ჯვარცმა და აღდგომა, რათა ახალ ადამში აღდგენილყო საღმრთო მადლით შემოსილი ადამიანი ღმერთკაცობრივ ორგანიზმში, ქრისტეს სხეულში, რომელიც არის მართლმადიდებელი ეკლესია.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება