მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პატრიარქ ბართლომეს სიტყვის შეფასება — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

პატრიარქ ბართლომეს სიტყვის შეფასება — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


გუშინ, 08:59

 

   2026 წ. 8 ივნისს კათოლიკურ „მსოფლიო მოციქულებრივ კონგრესზე" სიტყვით გამოვიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ეს „კონგრესი" „ღვთაებრივი მოწყალების მოძრაობის" ეგიდით მიმდინარეობდა. მსგავსი კონგრესი პირველად 2008 წელს გაიმართა.

   პატრიარქმა ბართლომემ თავის გამოსვლაში ერთ-ერთი ყველაზე არამართლმადიდებლური შეხედულებები გააჟღერა. მან მართლმადიდებელი ეკლესიოლოგიის აბსოლუტურად საპირისპირო, საწინააღმდეგო სწავლება წარმოადგინა.

   პირველივე აბზაციდან აღნიშნა კონსტანტინოპოლის (სტამბოლის) პატრიარქმა, რომ ქრისტიანობის ისტორიული გაყოფა არა ერესებმა, არამედ პოლიტიკურ-იდეოლოგიურმა ზეგავლენამ „ღვთისმეტყველების ტრანსფორმაციამ" განაპირობა. ის დასძენს, რომ „თავად საღვთისმეტყველო და კონფესიონალური საზღვრები (ე.ი. მართლმადიდებლური დოგმატები — კ. ჯ.) იყო გაყოფის მიზეზი, ინსტრუმენტი (და არა აუცილებელი პირობა ერესებისაგან ჭეშმარიტების დასაცავად. კ. ჯ.). შედეგად, ღვთის მაცხოვნებელი სიტყვა დამახრჩობლად შევიწროებულ გეოგრაფიულ და პოლიტიკურ საზღვრებში აღმოჩნდა".1

   შემდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ირწმუნება, რომ „საეკლესიო ადმინისტრაციამ დოგმატების ინსტრუმენტალიზება მოახდინა". აქ იგულისხმება, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი დოგმატები პოლიტიკური გახლეჩისა და კონფესიონალური მტრობის ინსტრუმენტად გამოიყენა.2

   მომდევნო პარაგრაფში კონსტანტინოპოლის პატრიარქი კიდევ უფრო დაშორდა მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას. ერეტიკული საკრებულოები მან კანონიკურ, მართლმადიდებელი ეკლესიის თანასწორ ეკლესიებად მოიხსენია და თქვა: „იზოლაციური სიჯიუტე ჭეშმარიტების უარყოფის ტოლფასია, ვინაიდან თავად ღმერთი განგვეცხადა ჩვენ ვით სამი პირის ურთიერთობა... როდესაც უარს ვამბობთ ურთიერთობაზე ჩვენს ძმასთან, არსებითად უარვყოფთ წმინდა სამების რწმენას".3

   აქ კონსტანტინოპოლის პატრიარქი გვთავაზობს მიტროპოლიტ ი. ზიზიულასის ცნობილ მოდერნისტულ კონცეფციას „ურთიერთობის ღვთისმეტყველება", სადაც ტერმინები — წმინდა სამების ერთარსობა, ერთიანობა (общность) გაიგივებულია წმ. სამების პირთა ურთიერთობასთან (общение) (ვრცლად იხილეთ ჩვენს ნაშრომში „მოდერნიზმის ანატომია" გვ. 144). ამ ტერმინოლოგიური მანიპულაციით მათ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლება წმ. სამების ერთარსობის შესახებ ონტოლოგიურ (ე.ი. ადამიანის ბუნების) კატეგორიაში („ურთიერთობაში") გადაიყვანეს, ეს, რა თქმა უნდა, წმ. მამათა დოგმატური სწავლების უხეში დამახინჯებაა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ამით გვეუბნება: თუკი გწამს, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა ჭეშმარიტი ეკლესია, მაშინ ჩვენ უარვყოფთ ტრინიტარულ დოგმატს, ვინაიდან უარს ვამბობთ ლათინ ერეტიკოსებთან ურთიერთობაზე. სრულიად იგნორირებულია, რომ კათოლიციზმი საუკუნეების მანძილზე ბრალდებული იყო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ვით ერესი (ვრცლად იხილეთ ჩვენი ნაშრომი „საუბრები საპოლემიკო თემებზე").

   კონსტანტინოპოლის პატრიარქი ასევე ირწმუნება, რომ მართლმადიდებელი ეკლესია უპირატესობას ანიჭებს „დოგმატური საზღვრების უსაფრთხოებას, ხოლო აღდგომის სულის იმპულსს უარყოფს".4 ამით მან ფაქტობრივად გვითხრა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის უცდომელი, უცვლელი და ურყევი დოგმატური ცნობიერება ხელს უშლის ეკუმენისტურ და ერეტიკულ ურთიერთობას. „აღდგომის სულის იმპულსში", როგორც ჩანს, ორიგენეს აპოკატასტატისს (საყოველთაო აღდგომის (ცხონების) თეზას) მოიაზრებს. გასაგებია, რომ პატრიარქი ბართლომე მწყრალადაა განწყობილი მართლმადიდებლური დოგმატებისადმი, მაგრამ წმ. წერილი პავლე მოციქულის ბაგით ადასტურებს: „მიკვირს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებად. რომელ სხვა არა არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძვრენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაი იგი ქრისტესი. არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალ. 1. 6-9).

   კონსტანტინოპოლის პატრიარქის აზრით ერეტიკოსებისაგან ჩვენი გამიჯვნა „ინსტრუმენტალური ეგოს" გამოვლინებაა და არა აუცილებელი ნაბიჯი ჭეშმარიტების დასაცავად. თურმე „საეკლესიო ორგანიზაციებმა არ გადადგეს მსხვერპლგაღების ნაბიჯი", მისი აზრით, მართლმადიდებელ „საეკლესიო ორგანიზაციის ეგოიზმის" გამო.5

   აქაც გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები: „გამცნებ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩვენგან" (2 თეს. 3. 6).

   შემდეგ აბზაცში პატრიარქი ბართლომე განაგრძობს მართლმადიდებელი ეკლესიის დაკნინებას და აცხადებს, რომ ქრისტიანთაშორისი ურთიერთობა (ე.ი. მართლმადიდებლების სხვა ქრისტიანულ კონფესიაბთან) თურმე არის „კრებსითი პასუხისმგებლობა, ვინაიდან საღვთისმეტყველო დიალოგი მოითხოვს ამომწურავ შრომას მათგან, ვინც მასში მუშაკობს".6 გამოდის, რომ ეკუმენისტური რელიგიათაშორისი დიალოგის ფარგლებში „მომუშაკეთა" (სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლების) „ეკუმენისტური დიალოგები", თურმე „კრებსითობა" ყოფილა, ე.ი. „მართლმადიდებელი ეკუმენისტების" გარდა დანარჩენ მართლმადიდებლებს არც მოიაზრებენ კრებსითი ცნობიერების მატარებლებად — „თავისიანებად", ეკლესიის სხეულად. ეს შემდეგი აბზაცით დასტურდება: „ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავწვდეთ ისტორიული განსხვავების მიზეზებს, შევეხოთ თავად „სხეულის" განცხადებულ სარწმუნოებას. სწორედ იქ ვპოულობთ საფუძვლებს, რომლითაც მტკიცდება ეკლესიის ერთობა.7

   არსებითად, ეს გახლავთ მოწოდება მართლმადიდებლობის დოქტრინული პოზიციების გადახედვისკენ, მართლმადიდებლების ერეტიკოსებთან „ერთიან სხეულში" დიალოგისკენ. თურმე მართლმადიდებელი ეკლესია ვით ჭეშმარიტი „სხეული ქრისტესი" არ არსებობს; თუკი გვსურს ამ „სხეულში" მკვიდრობა, ეს სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან (ერეტიკოსებთან) ერთად უნდა განვახორციელოთ.

   ლათინთა წინაშე თავისი სიტყვის დასასრულს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კიდევ ერთხელ დააკნინა მართლმადიდებელი ეკლესია. მან დედაეკლესიას „საეკლესიო თვითკმაყოფილების ფუფუნებაში" მყოფი უწოდა.8

   მისი (მათი) აზრით, მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრები რაღაც იაფფასიანი საქონელია და არა ღვთივდადგენილი, განცხადებული ჭეშმარიტება. კონსტანტინოპოლის მაღალიერარქი ამბობს: „ჩვენი ისტორია მძიმე ტვირთად გვაწევს", თითქოს ეკლესიის ისტორია და მისი დოგმატური და მოციქულებრივი სწავლება იყოს პრობლემა, „მძიმე ტვირთი". ეს, ალბათ იმიტომ, რომ იოლად ვერ დაიყოლია ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესია ეკუმენისტურ „საბჭოში" დაბრუნებაზე.

   ბოლოს: ბართლომემ კვლავ მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკით დაასრულა თავისი სიტყვა: „ქრისტიანობის მომავალი უზრუნველყოფილი იქნება არა არსებული წინააღმდეგობით, არამედ მისი მამაცური გადალახვით, შერიგებით, ურთიერთობაში თანაგრძნობით".9

   როგორც ვხედავთ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა „გაშალა კარტები" და ღიად განაცხადა: მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური ცნობიერება არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც მართლმადიდებლები არ ერთიანდებიან ერეტიკოსებთან. გამოსავალი კი თურმე არის მართლმადიდებლების მხრიდან თავიანთი სარწმუნოების ღალატი. ამას უწოდებს ზემოხსენებული პატრიარქი „წინააღმდეგობების მამაცურ გადალახვას". გულანთებული მართლმადიდებელი კი პატრიარქ ბართლომეს ამ არამართლმადიდებლურ სიტყვაში დიდ საფრთხეს დაინახავს. ეს რიტორიკა დიდი ხანია გასცდა „კერძო აზრის" კატეგორიას და აშკარად ახალ ეკლესიოლოგიად გვევლინება; არადა მას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან.







1 „ეკუმენიზმი და მოწყალება: ისტორიული ინერციის გადალახვა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ოფიციალური საიტი. https://web.archive.org/web/20260826013438/htts//ec-patr.org/09/06/12/33/ecumenical-patriarch-bartlomew-ecumenism and-mercy-overcoming-historical-inertia-vilnius-8-june-2026.

2 იქვე. კონსტ. საპატრიარქოს საიტზე.

3 იქვე.

4 იქვე.

5 იქვე.

6 იქვე.

7 იქვე.

8 იქვე.

9 იქვე.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება