მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > მჭვრეტელთა შესახებ
მჭვრეტელთა შესახებ11-01-2014, 00:07 |
უდაბნოში ყოფნისას ამბა ანტონის უფალმა აუწყა: ქალაქში არის ერთი შენი მსგავსი, ხელობით მკურნალი, რომელიც მონაგებს გლახაკებს ურიგებს და ყოველდღე ანგელოზებთან ერთად აღავლენს სამწმიდაარსობის გალობას.
* * * ამბა იოანემ თქვა, რომ ერთმა ბერმა იხილა სამი მონაზონი, რომელიც მდინარის ნაპირას იდგა და მეორე ნაპირიდან ხმა ესმათ: აღიპყარით ცეცხლოვანი ფრთები და მოვედით ჩემდა. ორმა მათგანმა მიიღო ფრთები და მეორე ნაპირისკენ გაფრინდა, ერთი კი დარჩა, მოთქმით გოდებდა და ყვიროდა. ბოლოს მასაც მიეცა ფრთები, მაგრამ არა ცეცხლოვანი, არამედ - სუსტი და უძლური; და ძნელად, წყალში ჩაძირვითა და წვალებით, გაჭირვებით მიაღწია მეორე ნაპირს. ეს თაობაც ასევეა, და თუ არ მიიღებს ფრთებს, ისინი ცეცხლოვანი კი არა, სუსტი და უძლური იქნება.
* * * სკიტის წმიდა მამები უკანასკნელი თაობების სესახებ წინასწარმეტყველებდნენ: რა ვქმენით ჩვენ? ერთ - ერთმა მათგანმა, თავისი ცხოვრებით უდიდესმა, სახელად ისქირიონმა, უპასუხა: ჩვენ აღვასრულეთ ღვთის მცნებანი. კვლავ იკითხეს: ჩვენს შემდგომ მომავალნი გააკეთებენ რაიმეს? მიუგო: ისინი ჩვენი საქმეების ნახევარს აღასრულებენ. მათს შემდგომ რაღა იქნება? და თქვა: ის ხალხი საერთოდ ვერაფერს აღასრულებს, მათ განსაცდელთა დათმენა მოუწევთ და ვინც ღირსეული აღმოჩნდება, ჩვენზე და ჩვენს მამებზე უპირატესი იქნება.
* * * ამბა მაკარი ძმას ანუგეშემდა და ამბობდა: ერთხელ აქ დედასთან ერთად ეშმაკეული ყრმა მოვიდა და დედამისს უთხრა: ადექი, წავიდეთ აქედან. დედამ მიუგო: არ შემიძლია წამოსვლა. შვილი ეუბნებოდა: მე წაგიყვან. გაკვირვებული ვიყავი დემონის მზაკვრობით, თუ როგორ სურდა მათი აქედან გაგდება.
* * * სკიტის გაუკაცრიელების შესახებ ძმებს ეუბნებოდა: როდესაც ჭაობთან აშენებულ სენაკს ნახავთ, იცოდეთ, ახლოსაა სკიტის გაუდაბურება; როდესაც ხეებს დაინახავთ, ის უკვე ზღურბლთანაა; ხოლო როდესაც ყრმებს იხილავთ, აიღეთ თქვენი მილოტები და ივლტოდეთ.
* * * ამბა მოსე სკიტში ამბობდა: თუ ჩვენს მამათა მცნებებს დავიცავთ, მე ვიქნები ღვთის წინაშე თქვენი თავმდები, რომ აქ ბარბაროსები არ მოვლენ; ხოლო თუ არ დავიცავთ, მაშინ ეს ადგილი გაუდაბურდება.
* * * ამბა სილუანის შესახებ ამბობდნენ, რომ ოდესღაც სირიაში წასვლა სურდა და მოწაფე მარკოზმა უთხრა: მამაო, მე არა მსურს აქედან წასვლა და არც შენ გაგიშვებ, კიდევ სამ დღეს დარჩი აქ. მესამე დღეს კი მშვიდობიანად მიიძინა.
* * * ამბა პახუმზე ამბობდნენ, რომ გზად მიცვალებულის გვამი მიჰქონდათ, ამბა პახუმი შეხვდა და ორი ანგელოზი იხილა, როლმებიც მკვდრის სარეცელს უკან მიჰყვებოდნენ. ბერმა შესთხოვა უფალს, განემარტა ეს შემთხვევა. ანგელოზები მივიდნენ მასთან და პახუმიმ ჰკითხა: რატომ მიაცილებთ თქვენ, ანგელოზები, მკვდარს? მათ უთხრეს: ერთი ჩვენგანი ოთხშაბათის ანგელოზია, მეორე - პარასკევისა. და რადგანაც სიკვდილამდე ამ სულს ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა არ მიუტოვებია, ჩვენს მივაცილებთ მის გვამს. იგი სიკვდილამდე იცავდა მარხვას, ამიტომ ჩვენს განვადიდებთ, როგორც უფლისთვის მოღვაწეს.
* * * იყო ერთი ბერი, დიდი მჭვრეტელი. იგი ირწმუნებოდა: ძალა, რომელიც ნათლობისას ემბაზის თავზე ვიხილე, ასევე ვიხილე მონაზვნის სამოსზეც, როდესაც ის სქემით იმოსებოდა.
* * * ერთი ბერი ამბობდა, რომ ხშირად დიაკვნის სიტყვებისას: ვიყვარებოდეთ ურთიერთას, - ის ძმათა ბაგეებზე სულიწმიდას ხედავდა.
* * * ერთი ბერის შესახებ ამბობდნენ, რომ მან ღმერთს დემონთა ხილვა სთხოვა. და უფალმა აუწყა: შენთვის არაა საჭირო მათი ნახვა. ბერი შესთხოვდა: შენ, უფალო, ძალგიძს დამიცვა შენი მადლით. და განუხვნა თვალნი უფალმა და მან იხილა, რომ დემონები ფუტკრებივით ესევიან ადამიანს და კბილებს აღრჭენენ; ღვთის ანგელოზნი კი განდევნიან მათ.
* * * ერთხელ ამბა სილუანის მოწაფემ ზაქარიამ ბერი აღტაცებული ნახა, ცისკენ ხელაპყრობილი. დახურა კარი და გარეთ გამოვიდა. როდესაც ექვს და ცხრა საათზე შევიდა, კვლავ იმავე მდგომარეობაში იხილა. ათი საათისთვის დააკაკუნა, შესვლისას ნახა, რომ ისვენებდა და ჰკითხა: რა დაგემართა, მამაო? მან მიუგო: ჯანმრთელად ვერა ვარ, შვილო. მაგრამ ზაქარიამ ფეხებში ხელი მოჰკიდა და უთხრა: მანამ არ გაგიშვებ, სანამ არ მეტყვი, რა იხილე. ბერმა უთხრა: მე ზეცად აღვიტაცე და ღვთის დიდება ვიხილე, აქამდე იქ ვიმყოფებოდი და ახლა აქა ვარ.
* * * ერთ - ერთი მამა ამბობდა: ერთხელ ბერები ისხდნენ და სასარგებლო ამბებზე საუბრობდნენ. მათ შორის ერთი მჭვრეტელი იყო და ანგელოზებს ხედავდა, რომლებიც ბზის ტოტებით უნიავებდნენ და აქებდნენ მათ. როდესაც სხვაგვარი საუბარი გაიბა, ანგელოზნი განეშორნენ, ძმებს შორის უწმიდურმა ღორებმა დაიწყეს ტრიალი და შეაგინებდნენ მათ. როდესაც კვლავ სასარგებლოზე ალაპარაკდნენ, კვლავ მივიდნენ ანგელოზნი და განადიდებდნენ.
წიგნიდან „ძველი პატერიკი" უკან დაბრუნება |