მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მონა ღვთისა - ვერ გახდება მონა კაცთა! - დავით ჯინჭარაძე

მონა ღვთისა - ვერ გახდება მონა კაცთა! - დავით ჯინჭარაძე


გუშინ, 10:03

მონა ღვთისა - ვერ გახდება მონა კაცთა! - დავით ჯინჭარაძე

 

   მონობის და თავისუფლების ცნებების განსაზღვრება მუდმივი სპეკულაციის საგანია. განსაკუთრებით ჩვენს დროში ხშირად გვესმის ადამიანებისგან შემდეგი შეძახილები: „მონურ სისტემაში ვცხოვრობთ", „მონა გამხადეს" და მსგავსი. ლიბერალიზმის ფსევდო თავისუფლების ეპოქაში ორივე: მონობის და თავისუფლების ცნებების გაგება დამახინჯებულად ჩამოყალიბდა.

   სახარება მონობის ორ ძირითად განსაზღვრებას გვთავაზობს.

   პირველი ცოდვისადმი მონობა: „ვინც რისგან ძლეულია, მისივე მონაა." (2 პეტრე 2:19). „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც ცოდვას სჩადის, ცოდვის მონაა." (იოანე 8:34).

   მეორე კი კაცთა წინაშე მონობის წინააღმდეგი:" ნუ იქმნებით მონა კაცთა” (1 კორ 7:23). „ჯერ-არს ღმრთისა მორჩილებაჲ უფროის, ვიდრე კაცთა." (საქმ 5:29)

   რაც შეეხება მონობისგან განთავისუფლებას სახარება გვასწავლის: "და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.”(იოანე 8:32) "აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ.” (გალ 5:1) ანუ ჭეშმარიტი თავისუფლება მხოლოდ ქრისტეში - ჭეშმარიტებაშია შესაძლებელი.

   საგულისხმოა, რომ ღმერთკაცი სამყაროს მოევლინა სწორედ მონათმფლობელურ წყობილებაში, თუმცა არსად ჩანს სისტემისადმი ბრძოლის მოწოდება, არამედ ფოკუსირება სწორედ ჭეშმარიტების შეცნობაზე ხდება. თუმც შემდგომ მმართველობით წყობილებებში ტერმინი „მონა" არ დომინირებს, მაგრამ „პატრიცების" და „პლებეების" გარკვეული მახასიათებლები ნამდვილად შენარჩუნებულია.

   ამრიგად, როდესაც ჩვენს დროში ამ ტერმინების და მსგავსების გაჟღერება ხდება, ბუნებრივია, პასუხები ისევ ქრისტეს სწავლებაში უნდა ვეძიოთ.

   თანამედროვე ადამიანი როდესაც „მონურ" მდგომარეობაზე საუბრობს, იქ აუცილებლად იკვეთება: პირველი - ცოდვის ფაქტორი, და მეორე - ცოდვის ზეგავლენის შედეგად ადამიანის დამონების სურვილი. რაოდენ ხშირია მდგომარეობა, როდესაც ზემდგომის ან სისტემის მიმართ ადამიანი თავად გამოხატავს ერთგვარ „მონურ" დამოკიდებულებას, ამის მიზეზი კი შესაძლო ცოდვებია: მლიქვნელობა, პირფერობა, მექრთამეობა, უსაფუძვლო შიში თუ სექსუალური ლტოლვა და სხვა. ხშირად სწორედ ცოდვის შედეგად ხდება ადამიანი „მონა კაცთა". ანუ - თავად აყენებს თავს „მონურ" მდგომარეობაში.

   როგორ იქცევა ქრისტიანი ამ შემთხვევაში? პირველ რიგში: იმისათვის, რომ არ იყო „მონა" კაცთა თუ სისტემისა - ადამიანი უნდა გახდეს „მონა ღვთისა", ანუ ეზიაროს ჭეშმარიტებას, რომელიც მას გაანთავისუფლებს. „მონა ღვთისა" ყველაფერს უფლის სადიდებლად აკეთებს და რასაც აკეთებს, არაფრად აფასებს, რადგან ახსოვს ღვთის შეგონება: „ეგრეთცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ყოველივე ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი უხმარნი ვართ, რამეთუ რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ." (ლუკ. 17:10) ანუ, ჩათვალეთ, რომ გააკეთეთ მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც გევალებოდათ ღვთის წინაშე და ადამიანთმონობა გამოირიცხება, რადგან იგი შეძენილი სულისკვეთებაა და არა აუცილებელი გარემოება.

   თუ ვინმე ზედმეტ და უსამართლო ძალაუფლებას გამოხატავს თქვენს მიმართ, თუნდაც ტყვეობაში იყოთ, უნდა გავიხსენოთ პილატეს მიმართ წარმოთქმული მაცხოვრის სიტყვები: „არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო" (იოანე 19:11). როდესაც უსამართლოდ გვექცევიან, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ღვთის დაშვებით მოხდა და თქვენს შეურაცხმყოფელს არ მიეცემოდა ეს უფლება, თუ არა ზეგარდამო დაშვებული ღვთის განგება.

   ამიტომ თვლიდნენ ქრისტიანები ყოველთვის თავისუფლად თავს. ამიტომ არიან ქრისტიანები მუდამ მადლიერნი. მათ კარგად იცოდნენ ეს მთავარი პრინციპები: ებრძოლე ცოდვას, არ დაემონო ადამიანს და იყავი "მონა ღვთისა” ანუ, - ღვთის მცნების შემსრულებელი.

   ცოდვის მონა - კაცთა მონა ხდება!

   ღვთის მონა კი - ვერ გახდება მონა კაცთა!

   "სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.”!


დავით ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია

 



უკან დაბრუნება