მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, შეიცანი ჟამი, ანტიქრისტე, მთავარი გვედის ფოტო > ანტიქრისტეს ბეჭედისა და სახელის შესახებ — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ანტიქრისტეს ბეჭედისა და სახელის შესახებ — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძეგუშინ, 08:44 |
|
წმ. იოანე ღვთისმეტყველის „გამოცხადებაში" (აპოკალიფსი) მნიშვნელოვანი ადგილი უკავია „ანტიქრისტეს ბეჭედის", იგივე „ანტიქრისტეს რიცხვის" საკითხს. თავად ეს ტერმინი „ანტიქრისტეს ბეჭედი" „გამოცხადების" რამდენიმე ეპიზოდში გვხვდება: „და ყვნეს ყოველნივე — მცირენი და დიდნი და მდიდარნი და გლახაკნი და აზნაურნი და მონანი, — რაითა მიიღონ ბეჭედი ხელსა მათსა მარჯვენასა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. და რაითა არავის ხელ-ეწიფებოდეს სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვ სახელისა მისისა. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რიცხვს იგი მხეცისა, რამეთუ რიცხვ კაცისა არს რიცხვ მისი ექუსას სამეოც და ექუს" (გამოცხ. 13. 16-18). იხილე ასევე (გამოცხ. 14. 9-11; 19. 20; 20.4). მაშასადამე, წმ. მამათა სწავლების საფუძველზე უნდა განისაზღვროს: 1) რას ნიშნავს მხეცის ნიშანი? 2) როგორ გავიგოთ მხეცის სახელი? 1. წმ. მამათა უმეტესობა „მხეცის ნიშანს" მიიჩნევდა ანტიქრისტეს ბეჭედად (sigillum). წმ. იპოლიტე რომაელი ამბობს, რომ მხეცის ნიშანი შესაძლოა შეიცავს მხეცის რიცხვსაც1. წმ. ანდრია კესარიელი მიიჩნევს, რომ შეიცავს, გულისხმობს მხეცის სახელსაც2. წმ. ეფრემი წერს: ვინაიდან მხეცის ნიშანს მიიღებენ მაცხოვნებელი ჯვრის სანაცვლოდ, ის (ნიშანი) ჯვრის საწინააღმდეგო მკრეხელური ნიშანი იქნება (მაგ. გადაბრუნებული ჯვარი).3 მხეცის ნიშნის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ის იქნება, რომ ვერავინ შეძლებს ყიდვა-გაყიდვას, თუკი არ მიიღებს მხეცის (ანტიქრისტეს) ბეჭედს „მარჯვენა ხელსა და შუბლზე". წმ. ეფრემ ასურელი მიიჩნევს, რომ „ადამიანი, ვისი მარჯვენა ხელიც ატარებს ანტიქრისტეს ბეჭედს, ვერ შეძლებს პირჯვრის გადაწერას. შუბლზე ბეჭედი ნიშნავს, რომ მისი გონება მთლიანად დაექვემდებარება ანტიქრისტეს ბოროტ ზრახვასა და ნებას".4 ე.ი. ადამიანი მთლიანად ეშმაკის მონობის ქვეშ ექცევა. ბოლო ჟამის შესახებ წმ. იპოლიტე რომაელის ქადაგებამ5 მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ესქატოლოგიურ წარმოდგენაზე. მათში ნათქვამია, რომ ბეჭედის მიმღები ადამიანი ვეღარ შეძლებს სინანულს, ის დაიღუპება — ე.ი. მთლიანად წაერთმევა მადლის ის ნაწილიც (საყოველთაო მადლი და არა მაცხოვნებელი), რაც მონიჭებული ჰქონდა, რათა შეეცნო ჭეშმარიტება. ეს იგივე „მოსამზადებელი მადლია", რითაც არსებობდა კაცობრიობის დიდი ნაწილი (იჩენდა მზრუნველობას, აკეთებდა სიკეთეს, ოჯახდებოდა და ა.შ.). ღირსი ეფრემი წერს, რომ შიმშილი ეწევა კაცობრიობას, ვინაიდან მიწა არ მოგვცემს ნაყოფს. ასე რომ, შიმშილი მოუწევს არა მხოლოდ მას, ვინც უარყოფს ანტიქრისტეს ნიშანს (ბეჭედს), არამედ მასაც, ვინც მიიღო ბეჭედი. მიწა რომ არ მოგვცემს ნაყოფს, შეიძლება აიხსნას ორი მიზეზით: 1) ღვთის დაშვება (სულიერი მიზეზი). 2) ბირთვული იარაღის გამოყენება (მატერიალური მიზეზი). ასე რომ, ბეჭედი ხელსა და შუბლზე შეიძლება განიმარტოს, როგორც ანტიქრისტეს დაღი მთლიანად ადამიანის ცხოვრებაზე, ე.ი. ყოველი მისი აზრი, ნება თუ მოქმედება დემონური სულით იქნება გამსჭვალული. რელიგიური თვალსაზრისით ეს უნდა ნიშნავდეს სინკრეტიზმს, ყველა რელიგიური კონფესიის ერთ რელიგიაში გაერთიანებას. ეს იქნება სატანური რიტუალების ერთგვარი გამოვლინება, იმ კერპების ნაირსახეობათა თაყვანისცემა, რომელსაც კაცობრიობა ანტიქრისტეს მიუძღვნის. რელიგიურ ჭრილშიც ბეჭედი ხელზე ნიშნავს აქტიურ ანტიქრისტიანულ მოღვაწეობას, ხოლო ბეჭედი შუბლზე — საღმრთო ჭეშმარიტების (მართლმადიდებლობის) ღალატს, უარყოფას — ე.ი. ბეჭედის მქონე ვერ (არ) აღასრულებს სახარების შეგონებას: „იმუშაკე ვიდრე მოვალ" (ლუკ. 18. 13), შესაბამისად, ხვედრი ასეთი ადამიანებისა სავალალო იქნება.6 2. რაც შეეხება მხეცის (ანტიქრისტეს) სახელს: ის არ არის მითითებული გამოცხადების წიგნში. წმ. ანდრია კესარიელი აღნიშნავს: „მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო მისი (ანტიქრისტეს) სახელის ცოდნა, ღმერთი უთუოდ განგვიცხადებდა მას. მაგრამ ღვთის მადლმა არ მიიჩნია საჭიროდ ჩაწერილიყო მისი წარწყმენდელი სახელი საღმრთო წიგნში".7 წმ. ირინეოს ლეონელი შენიშნავს: „ის ფაქტი, რომ ანტიქრისტეს სახელი რჩება უცნობი, ნიშნავს ჩვენს დაცვას სიცრუისაგან, ვინაიდან ის შეიძლება მოვიდეს სხვა სახელით, რომელსაც ჩვენ არ ველოდებოდით".8 ამრიგად, წმ. მამები მიგვანიშნებენ: მისი სახელი რიცხვების საფუძველზე უნდა იქნეს გაგებული, ე.ი. რიცხვთა სიმბოლური ნიშნების საფუძველზე. ცხადია, რიცხვი სიმბოლური ხდება განსაზღვრული სიმბოლური სისტემის ჩარჩოებში. სწორედ ამ შემთხვევაში ენიჭება რიცხვს კონტექსტით განსაზღვრული მნიშვნელობის (არსის) გადაცემის უნარი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რიცხვს სხვადასხვა კონტექსტში, შესაძლოა განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს. მაგალითად, რიცხვი შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც სტრუქტურული ერთეული (1 მეფ. 10. 16-20), ან მას ჰქონდეს მარტოოდენ რაოდენობრივი მნიშვნელობა (მაგ. ბიბლიის გვერდი 666). გამოცხადებაში მითითებულ რიცხვს — ექვსას სამოცდაექვსი, მისტიური მნიშვნელობა აქვს. წმ. ირინეოსის აზრით, რიცხვი „ექვსას სამოცდაექვსი" ნიშნავს მას, ვისშიც კონცენტრირებულია სრული განდგომილება, ურჯულოება, მტრობა, სიცრუე, ცრუ წინასწარმეტყველება. სწორედ ამის გამო მოვა დედამიწაზე ცეცხლოვანი წარღვნა.9 ამრიგად: წმ. ირინეოსის განმარტებით, ანტიქრისტეს სახელის ძიება უნდა მოხდეს ალფაბეტის ასოთა რიცხობრივი მნიშვნელობის მიხედვით. მოგეხსენებათ, ყველა არსებულ ალფაბეტს თავისი რიცხობრივი მანიშნებელი აქვს, ხოლო თავად იმ ასოებით ამოიკითხება ანტიქრისტეს სახელიც. წმ. ირინეოსმა გამოიყენა ბერძნული ალფაბეტი, რომლისგანაც გამოიყვანა შემდეგი სახელები: „ეუანტასი", „ლატეინოსი", „ტიტანი".10 წმ. იპოლიტე რომაელმა ლათინური ალფაბეტის მიხედვით მიიღო სახელები: „ანტემოსი", „დიკლუქსი". ამ ტიპის ახსნა-განმარტება უპრიანი იქნება ძველი ებრაული ალფაბეტის მიხევდითაც, სადაც ასევე სხვა სახელები გაჟღერდება. გამოცხადებაში ვკითხულობთ: „რაითა არავის ხელ-ეწიფების სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვ სახელისა მისისა" (გამოცხ. 13. 17). მოციქული ბრძანებს, რომ „აქ არის სიბრძნე; რომელსა აქუს გონება, აღიპრნ რიცხვი იგი მხეცისა, რამეთუ რიცხვი კაცისა არს რიცხვ მისი ექუსას სამეოც და ექუს" (13. 18). „სიბრძნე" იმაშია, როგორც წმ. მამები შეგვაგონებენ, რომ ანტიქრისტეს სახელი შეადგენს რიცხვს — ექუსასსამეოცდაექუსს, რომლის დათვლა გონიერმა ადამიანმა უნდა შეძლოს. დიდი ალბათობით, ანტიქრისტეს სახელის ასოების შეკრებით მიიღება სწორედ რიცხვი ექუსასსამეოცდაექუსი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოციქული ამბობს: როდესაც გამოჩნდება ანტიქრისტე, ცხადია, მას ერქმევა სახელიც, რომელიც აღნიშნავს ამ რიცხვს. როგორც ჩანს, სხვა ნიშან-თვისებებთან ერთად, რომლითაც უნდა მივხვდეთ ანტიქრისტეს გამოჩენას, გაცხადდება მისი სახელიც, რომლის ასოთა შეკრებით მიღებული რიცხვი იქნება ექუსასსამეოცდაექუსი. გავითვალისწინოთ, რომ წმინდა წერილში ეს რიცხვი არა ციფრებით, არამედ ასოებითაა წარმოჩენილი. ამრიგად, ტერმინი „ანტიქრისტეს ბეჭედი" თავის თავში მოიცავს მხეცის ნიშანსაც, მხეცის სახელსაც და მხეცის რიცხვსაც.
1 Св. Ипполит. Еп. Римский. О Христе и Антихристе. 2 Св. Андрей Кесарийский. Толкования на Апокалипсие. 3 წმ. ეფრემ ასური. სწავლანი. 2008. გვ. 9-10. 4 იქვე. წმ. ეფრემთან. 5 Св. Ипполит. Проповедь о конце света. 1. С. 412. 6 Св. Андрей Кесарийский. Толкования на Апокалипсие . 1. 372. 7 იქვე. 8 Св. Ириней Лионский. Т1. С. 198. 9 იქვე. 10 იქვე.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |