მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > სიყვარულის შესახებ

სიყვარულის შესახებ


9-01-2014, 00:04
სიყვარულის შესახებ

   ამბა ანტონიმ თქვა: მე უკვე აღარ მეშინია ღვთისა, არამედ მიყვარს იგი, რადგან სიყვარულმან გარე განდევნის შიში (1 იოან. 4, 18).

 

 

* * *


ამბა ისაიამ თქვა: სიყვარული არის ფიქრი ღმერთზე, მუდმივი მადლიერების თანხლებით; მადლიერება კი ახარებს უფალს, ის სიმშვიდის ნიშანია.

 

 

* * *


ამბა პიმენმა თქვა: ისე მოიქეცი, რომ შენმა ძალამ არავის არაფერი ავნოს, და შენი გული ყოველთვის კაცისთვის განწმიდე.

 

 

* * *


ბერმა თქვა: არასოდეს მსურდა საკუთარი თავისთვის მომგებიანო საქმე, ხოლო ძმისთვის წამგებიანი, რადგან ვიმედოვნებდი, რომ ჩემი ძმის საქმე ჩემთვისაც ნაყოფიერი იქნებოდა.

 

 

* * *


ძმამ ჰკითხა ბერს: როგორ შეუძლია კაცს ღვთის სიყვარულის ნიჭი მიიღოს? მან ასე უპასუხა: თუ ვინმე შემცოდე ძმას ნახავს და მისთვის ღმერთს შეღაღადებს, მაშინ გულისხმაჰყოფს, თუ როგორ უნდა უყვარდეს ღმერთი.

 

 

* * *


ბერმა თქვა: მოვიხვეჭოთ სათნოებათაგან უმთავრესი - სიყვარული. არაფერია მარხვა, არაფერია მღვიძარება, არაფერია ღვაწლი სიყვარულის გარეშე, რადგან დაწერილია: ღმერთი სიყვარული არს (1 იოან. 4, 8).

 

 

* * *


კიდევ თქვა: მამები ამბობდნენ, რომ სატანას შეუძლია ყველაფერს მიბაძოს; მარხვას - ის არასოდეს ჭამს, მღვიძარებას - მას არასოდეს სძინავს; მაგრამ არ ძალუძს, მიბაძოს სიყვარულსა და სიმდაბლეს. ასე რომ, უდიდესი გმირობა იყოს ჩვენთვის სიყვარული და სიძულვილი სიამაყისა, რისთვისაც სატანა ზეციდან გადმოვარდა.

 

 

* * *


როდესაც ერთმა ძმამ დაყუდებული ცხოვრება მიატოვა და ერში დაბრუნდა, მეორემ თავი მოაჩვენა, თითქოს თავადაც იგივეს აპირებდა. ღვთის მოწყალებით სინანულს მიეცნენ და კვლავ უწინდელ მოსაგრე ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

 

 

* * *


ბერმა თქვა: ძმათა მიმართ სიყვარული იმიტომ ნელდება, რომ ეჭვის გულისსიტყვებს იწყნარებ, უჯერებ მათ და საკუთარი ნებით დათმენა არ გსურს. ღვთის შეწევნით უპირატესად ის ითხოვე, რათა არ ერწმუნო საკუთარ ეჭვებს, ძმათა წინაშე მოშურნეობითა და მთელი ძალისხმევით დამდაბლდე და მათი გულისთვის საკუთარი სურვილები მოიკვეთო.

 

 

* * *


ამბა ანტონიმ თქვა: მოყვასზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლეც და სიკვდილიც. თუ ძმას შევიძენთ, ღმერთს შევიძენთ, ხოლო თუ ვაცდუნებთ მას, ქრისტეს წინაშე ვცოდავთ.

 

 

* * *


ამბა აგაფონმა თქვა: ჩემი ნებით არასოდეს დავწოლილვარ დასაძინებლად, როდესაც გულში ვინმეზე განრისხებული ვყოფილვარ და, შეძლებისდაგვარად, სხვასაც არ გავუშვებდი დასაძინებლად, თუ ჩემი საწინააღმდეგო რამ ჰქონდა.

 

 

* * *


ამბა ამონ ნიტრიელი ამბა ანტონისთან მივიდა და უთხრა: ვხედავ, შენზე მეტი ღვაწლი მაქვს და რატომაა, რომ შენს სახელს ხალხი ჩემსაზე მეტად განადიდებს? ამბა ანტონიმ უპასუხა: იმიტომ რომ, მე შენზე მეტად მიყვარს უფალი.

 

 

* * *


პალესტინიდან ანტონისთან მისულ ამბა ილარიონს ანტონიმ უთხრა: კარგია რომ მოხვედი, შენ - ცისკარო, აღმომავალო. ამბა ილარიონმა კი მიუგო: მშვიდობა შენდა, სინათლის სვეტო, სამყაროს განმანათლებელო.

 

 

 

წიგნიდან  „ძველი პატერიკი"


უკან დაბრუნება