მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტეს მეორედ მოსვლის თაობაზე — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ქრისტეს მეორედ მოსვლის თაობაზე — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


დღეს, 09:46

 

   გულგრილობითა და სენტიმენტალურობით გამსჭვალული ქრისტიანები სწავლებას ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ ამასოფლისათვის მიუღებელ პესიმიზმად მიიჩნევენ. მათი მოკავშირე, რა თქმა უნდა,  ამასოფლიური სულია (და არა ჭეშმარიტება). სინამდვილეში დემონური სულისკვეთებით არიან გამსჭვალულნი და ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ ადრე თუ გვიან დადგება ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული. ამიტომ მათ არა ქრისტიანული სწავლებისამებრ სვლა გადაწყვიტეს, არამედ თავად ქრისტიანობის (მართლმადიდებლობის) მრუდე ინტერპრეტაციებს მიჰყვეს ხელი. ისინი მიიჩნევენ, რომ ქრისტიანობა მთლიანად ამასოფლისაგანია. ამ კონცეფციას მხარდამჭერი მოდერნისტი თეოლოგებიც გამოუჩნდნენ (შმემანი, სუროჟელი, მენი და ა.შ.); სწორედ ისინი აგულიანებენ მათ, მხოლოდ ამქვეყნიური დაინახონ ქრისტიანობაში. მოდერნისტ-ჰუმანისტ-სენტიმენტალისტებს ისე ძლიერ უყვართ ამასოფლის სული, მისი მოჩვენებითი პროგრესი და „ნათელი მომავალი", რომ არასოდეს გვაპატიებენ თუკი ვაჩვენებთ, როგორ ძლიერ ცდებოდნენ საკუთარ შეხედულებებში. მათ ავიწყდებათ სახარების სწავლება და „მოწოდება არაამსოფლისაგანობისკენ"; ავიწყდებათ „სიყვარული ამასოფლისა მტრობაა უფლისა" და ა.შ. მათი ოცნება — კეთილი ადამიანებით შემკული იდეალური სამყარო — მარტივად ინგრევა სახარებისეული სწავლებით, ე.ი. მათი მითები და ოცნებები თავად უფლის მიერ არის მხილებული წმ. წერილში. ერთ-ერთი ასეთი ნიმუში გახლავთ ოცდამეოთხე თავი მათეს სახარებაში (მათ. 24. 1-42). სწორედ აქ არის მოცემული მაცხოვრის წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის, მისი ნიშნებისა და მოვლენების შესახებ.

   1) მოწაფეები ეკითხებიან უფალს: „ოდეს იყოს ესე და რაი არს სასწაული იგი შენისა მის მოსვლისა და აღსასრული ამის სოფლისა?" მაცხოვარმა მიუგო: „ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ".

   როგორც ვხედავთ, ქრისტიანების პირველი საფრთხე იქნება სიცრუე, რომელიც შემაშფოთებელ და შემზარავ მასშტაბებს მიიღებს ბოლო ჟამს. „მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან: მე ვარ ქრისტე და მრავალთა აცთუნებდნენ"; ე.ი. ბოლო ჟამს გამოჩნდება მრავალი „მასწავლებელი" — თავს ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანად წარმოაჩენს, სინამდვილეში კი არ იქნება ასეთი. მათეული ცრუ ქადაგებანი იპოვიან გარკვეულ დასაყრდენ მავანთა გულებში და აცდუნებენ მრავალთ.

   საუბარია არა გაცხადებულ, აშკარა მტრებზე (მატერიალისტებზე, ათეისტებზე, კომუნისტებზე...), არამედ მათზე, ვინც ქრისტეს მეგობრად წარმოაჩენს თავის თავს. ვგულისხმობთ ათასგვარ ერეტიკულ და შიდა ეკლესიურ (მოდერნისტულ) სწავლებებს, მასწავლებლებს. სწორედ ისენი არიან ქრისტეს მთავარი მტრები — ცბიერი, მლიქვნელი, პირფერი მოდგმა, დაოსტატებული ადამიანთა გაბითურებაში.

   2) მაცხოვარი ჩამოთვლის ბოლო ჟამის მოახლოების ნიშნებს:

   „ბრძოლანი, სიყმილი, სრვანი, ძვრანი..." მაგრამ ყოველივე ეს „დასაბამი სალმობათაი არს" ე.ი. ეს დასაწყისია. შემდეგ კიდევ უფრო მძიმდება ქრისტიანის ცხოვრება: „მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყვიდნენ თქუენ და იყვნეთ თქუენ მოძულებულ სახელისა ჩემისათვის". აქ ცხადად ჩანს აშკარა სიძულვილი ქრისტესა და მის ერთგულ მორწმუნეთა მიმართ. ამას გააკეთებს მადლისაგან მთლიანად განძარცული საზოგადოება და ასეთი ადამიანები ეკლესიის სახელითაც იმოქმედებენ. შეუდგებიან ერთურთის გამცემლობას, დასმენას, ღალატს, ურთიერთმტრობას. მაშინ გამოჩნდება „მრავალი ცრუწინასწარმეტყველი და აცდუნებენ მრავალთ". უსჯულოება გამრავლდება და შედეგად „განხმეს სიყვარული მრავალთა". სიყვარულის არქონა ნიშნავს მადლის არქონასაც. აქ არა მხოლოდ მაცხოვნებელი მადლი იგულისხმება, არამედ ის საყოველთაოც (მოსამზადებელი), რომელიც გააჩნდა დანარჩენ კაცობრიობასაც განურჩევლად აღმსარებლობისა. 

   ამ მძიმე ვითარებაში გადარჩება (ცხონდება) მხოლოდ ის, ვისაც ქრისტე თავის „მცირე სამწყსოში" მოიაზრებს. სწორედ მათ ექნებათ ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მათ მისცემს ღმერთი მოთმინებისა და სიმტკიცის უნარს იმ მძიმე ჟამს.

   3) განდგომილებისა და სულიერი ქაოსის პირობებში მრავალმა არ მიიღო ქრისტეს მოწოდება — მაცხოვრის სიტყვისამებრ: „მრავალ არიან ჩინებულ, ხოლო მცირედნი რჩეულ", ე.ი. ადამიანებმა მოისმინეს სახარების სიტყვა, მაგრამ არ მიიღეს ის; მათ იცნეს ის (ქრისტე), მაგრამ არ იცხოვრეს ბოძებულ მადლში. ეს არ შეიძლება აიხსნას უცოდინრობით, არამედ საღმრთო მადლის (ნათლის) მიუღებლობით. სწორედ მადლისაგან სრულიად განძარცვულ საზოგადოებაში გამეფდება ანტიქრისტე და ამას მოჰყვება ქრისტეს მეორედ მოსვლა.

   4) შემდეგ მაცხოვარი საუბრობს იერუსალიმის ბედზე. ერთი შეხედვით, ის მოვლენა არ ეხება სამყაროს აღსასრულს, ის ხომ ქრისტეს ჯვარცმიდან ორმოცი წლის შემდეგ ხდება. ეგზეგეტები (განმმარტებლები) ამბობენ, რომ ის (რომის იმპერიის მიერ დანგრევა იერუსალიმისა) იყო ერთგვარი წინასახე ბოლო ჟამის მოვლენათა — ისრაელი განუდგა ღმერთს, ე.ი. იხილეს ქრისტე, მაგრამ არმიიღეს და ჯვარს გააკრეს იგი, დევნეს მისი მოწაფეები, მაშინ დადგა აღსასრული იერუსალიმისა. იგივე ეწევა ახალ ისრაელსაც (ქრისტიანებსაც) და მთელ კაცობრიობას ბოლო ჟამს; ე.ი. ვით ძველი ისრაელი იყო მოწოდებული ღვთის შვილობისკენ, მაგრამ მოიძულა თავისი შემოქმედი; ასევე ახალი ისრაელიც — რაკი ღვთის სასოფეველის ძიების ნაცვლად შეუდგა კაცობრივი, „ამსოფლიური სასუფეველის" შექმნას, შედეგის სახით ეწევა აღსასრული სამყაროსი და ქრისტეს მეორედ მოსვლა.

   ამრიგად, როდესაც განდგომილება სამყაროში მიაღწევს პიკს, რჩეულთა ხვედრი კი სულ უფრო გაუსაძლისი იქნება, მაშინ მოვა ანტიქრისტე და დაჯდება ღვთის ტაძარში „ვითარცა ღმერთი".

   5) როდესაც დავინახავთ ამ უსჯულოების საიდუმლოს ამოქმედებას, უნდა „ვილტვოდეთ მთად". ჩვენი აზრით, ეს არ უნდა იქნას გაგებული პირდაპირ, ვინაიდან თანამედროვე ტექნოლოგიების (დრონების და ა.შ.) პირობებში ვერსად დაიმალები. მთაში იოლად გიპოვიან და ტყეშიც, საერთოდაც გადაწვავენ მას. ამიტომ უნდა გავიგოთ სულიერ ჭრილში, ე.ი. ჩვენი გული, გონება, ნება სულიერი ცხოვრების სიმაღლეებისკენ („სულიერ მთისკენ") უნდა წარვმართოთ და არ ავითქვიფოთ ამასოფლის შფოთსა და საზრუნავებში. ქრისტეს მცირე სამწყსოში (ე.ი. ქრისტეს ჭეშმარიტებასა და მადლში) მცხოვრები (მყოფი) უნდა გაურბოდეს საცთურს, რათა არ დაგვეუფლოს სარწმუნოებრივი გულგრილობა და არ გავხდეთ ცოდვის მონები.

   მაშინ იქნება ისეთი დიდი მწუხარება, როგორიც არასოდეს ყოფილა დედამიწაზე. ხოლო რომ არ შემცირებულიყო ის ჟამი, რჩეულებიც კი ვერ გადარჩებოდნენ.

   ანუ: ღვთის მადლი რომ არ იცავდეს „მცირე სამწყსოს", იმ ჟამის სივერაგე იმდენად ძლიერი იქნებოდა, რომ ვერავინ გადარჩებოდა.

   6) ამის შემდეგ ბუნებრივი სტიქიებიც, ღვთის დაშვებით, შეწყვეტენ  თავიანთი ფუნქციების შესრულებას, გაბრწყინდება ჯვარი ზეცად და ქრისტე მთელი თავისი დიდებით დაასრულებს ცოდვის მორევში ჩაფლული კაცობრიობის არსებობას.

   ჩვენი ამოცანაა, ვიქონიოთ სულიერი სიფხიზლე, რათა არ მოვიდეს ის დღე „ვითარცა მპარავი", ე.ი. არ იყოს ის ჩვენთვის მოულოდნელი. არ დავემსგავსოთ ნოეს პერიოდის საზოგადოებას, რომელმაც მრავალი შეგონების მიუხედავად, ვერ გულისხმაჰო ნოეს მოწოდება და წარიწყმდა. ასევე იქნება ბოლო ჟამსაც, გვაუწყებს წმ. წერილი.

   უფალო, შეგვიწყალე!

 

 


დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება