მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „შემაკავებელის“ („კატეხონი“) მნიშვნელობა პავლე მოციქულის სწავლებაში — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
„შემაკავებელის“ („კატეხონი“) მნიშვნელობა პავლე მოციქულის სწავლებაში — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძედღეს, 16:45 |
|
წმ. წერილის ერთ-ერთ ყველაზე რთულად განსამარტებელ მუხლად მიჩნეულია წმ. პავლე მოციქულის თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეს მონაკვეთი: „რადგან ურჯულოების საიდუმლო უკუე მოქმედებს, ოღონდ მას შემკავებელი აკავებს, სანამ არ იქნება ის გაყვანილი" (2 თეს. 6.7). პატრისტიკაში „შემკავებელი", (ბერძნ.ό кατεχόν - კატეხონი*) ძალის არაერთგვაროვანი განმარტება აპოკალიფსური ტექსტების გარკვეულწილად შეფარული ხასიათის გამო არც უნდა გაგვიკვირდეს: „ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან" (მათ. 24. 36). ამ ნიშნით არსებული განსხვავებებიც შეგვიძლია არ მივიჩნიოთ საბედისწერო შეცდომად. „კატეხონს" — „შემკავებენ ძალას" ქრისტიანულ სივრცეში სხვადასხვაგვარად განმარტავენ: ზოგისთვის ეს სულიწმინდაა, ზოგისთვის რომის იმპერიაა, ზოგისთვის რუსეთის იმპერია და ა.შ. მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ამ საკრალური ტექსტის „გაურკვევლობა" ისტორიოგრაფიული, მისტიფიკაციური თუ იდეოლოგიური ფალსიფიკაციის საგანი ხდება; კერძოდ: მამებისეულ ტექსტებში ანტიქრისტეს მოსვლისაგან (მის დრომდე) შემკავებელი ძალის განმარტება, ვით რომის იმპერიისა, სხვადასხვაგვარად იქნა ახსნილ-გაგებული: ერთნი იმპერიას (იმპერატორს, მეფეს) ღვთაებრივი თვისებებით ამკობენ; მეორენი იმპერიის მნიშვნელობას ნაციონალურ-მისტიკური ნიშნით განმარტავენ და ა.შ. თავიდანვე აღვნიშნავთ: ვემხრობით სწავლებას, რომ „შემკავებელი" არის სულიწმინდა — ღმერთი, რომელიც აყოვნებს ანტიქრისტეს გამოჩენას მანამ, სანამ არ მოხდება ამის დაშვება ზეგარდამო (2 თეს. 2. 3-6). პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებას: თავად პავლე მოციქული სულაც არ მიიჩნევს ამ ძალას რაიმე რთულად განსამარტებელ, ეზოთერულ (ფარულ) ან მხოლოდ განდობილთათვის გასაგებ სწავლებად. პირიქით, ეპისტოლედან ვიგებთ, რომ ეს ცნობილი უნდა ყოფილიყო ადრესატებისათვის (ე.ი. თესალონიკელებისათვის), ვინაიდან მანამდეც უსაუბრია ამ თემაზე მათთან: „არა გახსოვსა, ვიდრე ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტყოდე თქუენ" (2 თეს. 2. 5). ასე რომ, თესალონიკელთა მეორე ეპისტოლეში ანტიქრისტეზე საუბარი პირველი ეპისტოლეს კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მივმართავთ რა მას, ვრწმუნდებით და იოლად ვპოულობთ პასუხს კითხვაზე: რა (ან ვინ) არის ეს „შემკავებელი"? კერძოდ: „ჭეშმარიტად სიტყვა ღმრთისა, რომელიცა-იგი შეწევნასა აჩუენებს თქუენ შორის მორწმუნეთა მაგათ" (1 თეს. 2. 13); „ხოლო თავადმან ღმერთმან წარმართნენ გზაი ჩუენი თქუენდა მიმართ" (1 თეს. 3. 11); „აწ უკუე რომელმან შეურაცხყოს, არა კაცსა შეურაცხყოფს, არამედ ღმერთსა, რომელმანცა მოგცა სული წმიდაი მისი თქუენ ზედა" (1 თეს. 4. 8); „ხოლო თავადმან ღმერთმან მშვიდობისამან წმიდა გყვნენ თქუენ ყოვლითა სრულებითა და ყოვლითა სიცოცხლითა..." (1 თეს. 5. 23). როგორც ვხედავთ, კატეხონის (შემაკავებლის) საკითხის მართებული განმარტებისთვის ცხადად ითქვა პირველ ეპისტოლეში; ყოველივეს გამგებელი ადამიანის ცხოვრებაში არის ღმერთი — სულიწმინდა. მეორე ეპისტოლეში ამავე საკითხზე საუბრისას მოციქული უკვე განმარტების გარეშე აგრძელებს სათქმელს, რადგან მიიჩნევს: უკვე განუმარტა ეს თესალონიკელებს. შემდეგ განაგრძობს საუბარს ანტიქრისტეს გამოჩენის მიზეზზე: „და მაშინ გამოჩნდეს უშჯულო იგი, რომელი-იგი უფალმან აღხოცოს სულითა პირისა მისისათა" (2 თეს. 2. 8). განგვიმარტავს მიზეზსაც, რის გამოც იქნება მისი მოსვლა დაშვებული „წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაითგან სიყვარული იგი ჭეშმარიტებისა არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხონდენ..., არამედ სათნო ეყვნენ სიცრუესა შინა..." (2 თეს. 28-14).
* * *
მეორე ფაქტორი, რაზეც გაამახვილა პავლე მოციქულმა ყურადღება, არის „უსჯულოების საიდუმლო". ის უკვე მოქმედებს სამყაროში, შთააგონებს ადამიანებს, რომ დაექვემდებარონ ეშმაკის ბოროტ ბუნებას. როდესაც მისტიკური ზღვარი ამ უსჯულოებისა გადაილახება ღვთივგანზრახულ დროს, მაშინ მოვა სამყაროში ანტიქრისტე. მისი მოსვლა განპირობებულია სამყაროს სულიერი დეგრადირებით, დაცემით. კაცობრიობა ერთგვარად უნდა „მომწიფდეს" საამისოდ — ე.ი. უნდა დაეშვას გარკვეულ ზნეობრივ და სულიერ გახრწნამდე. მარტივი ლოგიკაა: თუკი „ყოვლისაგან ბოროტისა საქმისა განვეშორებით", მაშინ „თავადმან ღმერთმა მშვიდობისამან წმინდა გყვნენ თქუენ ყოვლითა სრულებითა" (1 თეს. 2. 5) ან პირიქით: თუკი ადამიანი „არ განეშორება ბოროტ საქმეებს", „ამისთვის მოუვლინოს მათ ღმერთმა შემწე საცთურებისა, რაითა ჰრწმენეს მათ ტყუილისა, რაითა ისაჯნეს ყოველნი" (2 თეს. 2. 11-12). მაგრამ „რამეთუ არა შემქმნა ჩუენ ღმერთმან რისხვისათვის, არამედ შესაწევნელად ცხოვრებისა..." (1 თეს. 5. 9); შესაბამისად, ადამიანის განშორება ყოვლისაგან ბოროტისა ღვთის შემწეობით, ე.ი. ღვთის მადლით ხორციელდება. ამრიგად, „შემაკავებელის" სამყაროდან ამოღება ნიშნავს იმას, რომ ბოროტების შემაკავებელი ღვთაებრივი ძალა (მადლი) აღარ იმოქმედებს, ხოლო განდგომილთა პროცესი ამოქმედდება სრული მასშტაბით. სხვაგვარად რომ ვთქვათ: სამყაროში არსებული „საყოველთაო" (იგივე მოსამზადებელი და არა მაცხოვნებელი) მადლი-ც კი წაერთმევა კაცობრიობას (მცირე სამწყსოს გარდა); სრულ ბოროტებაში ჩაფლულნი კი შექმნიან ნიადაგს ანტიქრისტეს გამეფებისთვის. მეტიც: მადლისაგან განძარცვული საზოგადოება სიხარულით მიიღებს მას. ადამიანი აირჩევს ცოდვას, ვით არსებობის ერთადერთ საშუალებას. ე.ი. ბოროტება მოიცავს ყველა სუბიექტს (მცირე სამწყსოს გარდა). გამორჩეულნი ღვთის შეწევნით ცხონებისთვის შეინარჩუნებენ საღმრთო მადლს, ხოლო „წყვდიადის შვილები" სრულად დაკარგავენ მას. ამიტომ ცოდვა სამყაროში განაგრძობს პროგრესირებას, ბოლოს კი მოკლე დროში ჩაეფლობა აბსოლუტურ ბოროტებაში, რაც შექმნის სათანადო პირობას ანტიქრისტეს გამოჩენისა და გამეფებისათვის. ქრისტეს მცირე სამწყსო კი ყოველთვის და ყოვლისათვის უნდა მადლობდეს ღმერთს: „ხოლო ჩუენ თანა-გუაც მადლობაი ღმრთისა მარადის" (2 თეს. 2. 13). ამინ.
* * *
მორიგი ფაქტორი, რაზეც „კატეხონის" (შემკავებელის) განმარტებისას უნდა გამახვილდეს ყურადღება, არის შემდეგი: ადამის ცოდვით დაცემულ ადამიანურ ბუნებაში არ არსებობს არანაირი წინაპირობა საიმისოდ, რომ ავტომატურად, თვითუფლებრივად იმსახურებდეს სულიწმინდის ნიჭს. რატომ? იმიტომ, რომ დაუშვებელია ქმნილისა და ხელთუქმნელის ერთმანეთთან გაიგივება, მით უფრო იმიტომ, რომ პავლე მოციქულმა ადამიანს „ხორციელი" (რომ. 8. 4-6), ე.ი. დაცემული, ცოდვისმიერი უწოდა. შესაბამისად ის თავად, თავისი „დამსახურებებით" არ შეიძლება ღირსი იყოს სულიწმინდის ფლობისა, თუ თვით ღმერთმა თავისი კაცთმოყვარებით არ ინება ეს. (იხ. ეფ. 1. 4-5; რომ. 9. 16; ფილ. 2. 13; 1 კორ. 4. 7; 1 კორ. 7. 25). ე.ი. მხოლოდ საღმრთო მადლის და არა ადამიანის „ღირსებების" (გნებავთ იმპერატორის, მეფის) საფუძველზე ეძლევა მადლი ღვთივრჩეულ ადამიანებს. შეუძლებელია მადლის ღირსი იყოს ადამიანი იმიტომაც, რომ მასსა და ღმერთს შორის უსასრულობაა. მაცხოვარი ბრძანებს: „არა თქვენ გამომირჩიეთ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქუენ". ე.ი. არა დამსახურებისამებრ ეძლევა მადლი, როგორც მიიჩნევს მავანი, არამედ მადლი ეძლევა, რათა დაიმსახუროს სასუფეველი. შესაბამისად: მადლი რომ არ აკავებდეს რჩეულთ, ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩებოდა. „კატეხონის" (შემაკავებელის) მორიგი მცდარი განმარტება განპირობებულია სინერგიზმის (მადლისა და ადამიანის ბუნებრივი ნების თანამუშაკობა) კონცეფციით. ე.ი. სამეფო-საიმპერატორო უფლებამოსილებას, ვით ქმნილის ხელთუქმნელთან თანამუშაკს, ღვთის მადლთან არსებითად თანაბარი ძალმოსილების მქონეს, შეუძლია შეაკავოს ანტიქრისტეს მოსვლა. პავლე მოციქული ბრძანებს: „სიტყვაი ჩემი და ქადაგებაი ჩემი არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბვრძნისა სიტყუათათა, არამედ გამოცხადებითა სულისაითა და ძალითა" (1 კორ 2. 4). კვლავ პავლე მოციქული იტყვის: „რამეთუ ესე არს ნებაი ღმრთისა, სიწმინდე ეგე თქუენი, განშორებად თქუენდა სიძვისაგან" (1 თეს. 4. 3), რაც ნიშნავს, რომ: ღვთის სიწმინდე (მადლი) არის მთავარი ცოდვისაგან თავის შეკავების საქმეში. სინერგიზმში კი ბოროტებისაგან (ცოდვისაგან) თავშეკავება ადამიანს საკუთარი ძალისხმევით შეუძლია. სინამდვილეში, თავად ეს „ძალისხმევაც" ღვთის მადლის გამოვლინებაა: „... საქმეთათვის კეთილთა, რომელთათვის წინასწარ განმზადა ღმერთმან, რათა მათ შინა ვიდოდეთ" (ეფ. 2. 8). და კვლავ: „რომლისაგანცა მოუხედით სარწმუნოებითა მადლსა ამას, რომლითაცა ვდგათ" (რომ. 5. 8). ამრიგად, „კატეხონის" განმარტება ვით ადამიანისა (გნებავთ მეფისა), არა მოციქულებრივ (ე.ი. ორთოდოქსულ), არამედ სინერგიულ საფუძვლებს ემყარება. ეს სწავლება პატრისტიკაში სტოიციზმიდან ორიგენესა და ევაგრეს გავლით შემოიჭრა აღმოსავლურ პატრისტიკაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ელინურ ქრისტიანობაში" ელინებისა და ორიგენისტების „დამსახურებით" შემოჭრილ ცრუსწავლებათა შედეგად განვითარდა აზრი — ადამიანს შეუძლია თვითცხონება საკუთარ დამსახურებათა და ღირსებათა მეოხებით. ეს „ღირსებები" მეტადრე იმპერატორთან მოიაზრებოდა. ამიტომ განმარტება კატეხონისა, ვით ბოროტების შემაკავებელი რომის იმპერიისა, სრულიადაც შეესაბამება მოციქულებრივ სწავლებას.
* * *
შემაკავებლის, ვით იმპერიისა და იმპერატორის კონცეფციამ, კიდევ ერთი დამახინჯებული ფორმა მიიღო: რუსეთშიც სწორედ ამ ნიადაგზე განვითარდა ბოლო მეფის და ზოგადად რუსეთის სახელმწიფოს, ერის გამომხსნელი მეფის იდეა. აქ მნიშვნელოვანია განვასხვავოთ წმ. მოწამე მეფე ნიკოლოზ II-ს თავდადება თავსმოხვეული გამომხსნელი მეფის წოდებისაგან. არსებითად, აქაც საუბარია კაცობრივი ბუნების სასწაულთმოქმედების უნარზე, ვით ღვთაებრივ და ზებუნებრივ მოქმედებაზე, საუბარია „ღმერთკაცობრივი ბუნების" მქონე მეფეზე; ე.ი. რიტუალური მკვლელობის შემდეგ ჩაირთო აპოკალიფსური მექანიზმი. სინამდვილეში აშკარაა ტიპიური ნეოგნოზტიციზმი. მეფე-ღმერთი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მაგალითია ადამიანის გაკერპებისა, ადამიანღმერთობისა. ეს მოვლენაც მოდერნისტული ანთროპოთეიზმის გამოხატულებაა — ხდება ქმნილ და ხელთუქმნელ ბუნებათა აღრევა, კაცობრივი ბუნების ღვთაებრივი უნარებით შემკობა. აქ მეფე ადამიანი კი არ არის, არამედ ერთგვარი თეურგია „ღვთაებრივი" მოქმედებებით „მოწოდებულია" აღასრულოს თავისი „ღმერთკაცობრივი" საქმე. ამ მითოლოგიის თანახმად რუსეთის მეფე (შემდეგ განვითარებული აზრით თავად რუსეთის სახელწმიფო) „კატეხონის", „შემაკავებელის" ფუნქციას აღასრულებს: „ღვთივბოძებული" უნარით ცდილობს შეაკავოს ეშმაკი ბოროტების ჩადენისაგან. რა თქმა უნდა, ეს მორიგ ცრუსწავლებად უნდა მივიჩნიოთ. ამრიგად, ღვთაებრივი პავლე მოციქული „შემკავებელში" მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს — სულიწმინდას გულისხმობს. აღნიშნულ ეპისტოლეში ნახსენებიც კი არსადაა რომის იმპერია. რომც ყოფილიყო, რა საერთო აქვს ქმნილს (მეფეს) ხელთუქმნელთან (ღმერთთან, ღვთის მადლთან)??? გამოდის, რომ მეფე გნოსტიკური კერპია, ნახევრადწარმართული სუპერმენი, რომელსაც თავისი მოგონილი ძლევამოსილებით შეუძლია ცოდვებისაგან ერის გამოსყიდვა. ნუ იყოფინ!
* კატეხონი (ბერძნ.ό кατεχόν - შემკავებელი) თეოლოგიური და პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც აღნიშნავს ძალას ან ინსტიტუტს, რომელიც აკავებს ბოროტებას, ანტიქრისტეს მოსვლას და ქვეყნის დასასრულს.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |