მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთდამოკიდებულების თაობაზე — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთდამოკიდებულების თაობაზე — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძეგუშინ, 21:06 |
|
მართლმადიდებელი ეკლესია არის სხეული ქრისტესი — სძალი მისი. ეკლესიას გააჩნია საკრამენტული და არა ადმინისტრაციული საფუძვლები, ე.ი. ის ცოცხალი ორგანიზმია და არა ოდენ იურიდიული ორგანიზაცია. ქრისტეს ამ ცოცხალ, ღვთაებრივ ორგანიზმს წარმოადგენენ სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები. ყოველი მათგანი სისავსით ფლობს საღმრთო მადლსა და ჭეშმარიტებას. ადგილობრივი ეკლესიების ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა არსებობს და ნარჩუნდება მხოლოდ მანამდე, სანამ ისინი იმყოფებიან ქრისტეს ამ ერთიან ორგანიზმში (სხეულში), ე.ი. მანამ, სანამ მათში მკვიდრობს მადლი სულიწმინდისა და ჭეშმარიტი სწავლება. როგორც კი რომელიმე ადგილობრივი ეკლესია არღვევს ამ ღვთივდადგენილ ჭეშმარიტებას და ვარდება რომელიმე ერესში, ეკლესიის სისავსის კრებსითი გადაწყვეტილების შედეგად მასთან ევქარისტიული ურთიერთობა წყდება. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ (მიისწრაფვიან კიდეც) პირველ ათასწლეულში არსებული პენტარქიის (ხუთი ადგილობრივი ეკლესიის პატივით პირველების) აღდგენისაკენ. შემაშფოთებელი აქ ისაა, რომ ერესში მყოფი რომის საყდარიცაა მოაზრებული „შესანიშნავ ხუთეულში". არანაკლებ გამაოგნებელია ადგილობრივ ეკლესიათა მომრავლების პირობებში აქცენტი პენტარქიის უპირატესობაზე. ეს, ერთი მხრივ, ეკლესიის არსის დამახინჯებაა, რადგან პატივით პირველი ეკლესიები უფლებამოსილებით პირველობასაც იჩემებენ; მეორე მხრივ, ერეტიკულ რომთან სრული ურთიერთობის აღდგენა (შენანების გარეშე), მით უფრო მისი მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში მოქცევა მხოლოდ ერეტიკულ გადაწყვეტილებად შეიძლება შეფასდეს. მათ (ეკუმენისტების) კონცეფციაში ეკლესია წესებითა და კანონებით დატვირთული ინსტიტუციაა, სადაც, საერო სახელმწიფო სამსახურის მსგავსად, ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურები (პატრიარქები, მთავარეპისკოპოსები) უპირატესი ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს უნდა ექვემდებარებოდნენ, ვით რიგითი ქვეშევრდომი. ასე ყალიბდება პაპიზმი ეკლესიის წიაღში. პირველ ეტაპზე ესაა ე.წ. „აღმოსავლური პაპიზმი", როდესაც კონსტანტინოპოლის ეკლესია აცხადებს უფლებამოსილებით პირველობას და „დამხმარე რგოლად" პირველ ხუთეულში მყოფ ეკლესიებს მოიაზრებს. მეორე ეტაპზე საქმე გვაქვს რეალურ პაპიზმთან, ე.ი. ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე ღიად აცხადებენ, რომ მიისწრაფვიან „ახლო მომავალში რომთან ერთად პენტარქიის აღდგენაზე" (ბუდაპეშტი. აღმოსავლურ ეკლესიების სამართლის 27-ე კონგრესი, 4 სექტემბერი, 2026). ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეკლესია იქაა, სადაც ჭეშმარიტება და საღმრთო მადლი მკვიდრობს. ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ისაა, ვინც ცხოვრობს ამ ჭეშმარიტებით, მართლმადიდებლური ტრადიციით. მხოლოდ აქ მოქმედებს მაცხოვნებელი მადლი სულიწმინდისა, აქაა ჭეშმარიტი ერთობა ქრისტეში, ჭეშმარიტი მღვდელმსახურება და საეკლესიო საიდუმლოებები. „კათოლიკე" ეკლესია იმას კი არ ნიშნავს, რომ ის მოიცავს ყველა ქრისტიანს დედამიწაზე (განურჩევლად კონფესიისა), არამედ იმას, რომ ყოველი მართლმორწმუნე ღვთის განგებით საზრდოობს ამ საღმრთო მადლით. ამდენად, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები გაერთიანებულნი არიან ქრისტეს ბუნებით ღმერთკაცობრივ ორგანიზმში და არა პაპის (გნებავთ აღმოსავლური პაპის) ძალაუფლების ქვეშ. ე.ი. ერთმანეთთან ქრისტეს სხეული გვაერთიანებს, ისაა სძალი ქრისტესი და არ გვშვენის, არ გვმართებს „საყვარლების" გაჩენა აღმოსავლური თუ დასავლური პაპების სახით. თუკი ამ საღმრთო განგებულებას არღვევს რომელიმე ადგილობრივი ეკლესია (როგორც ეს მოხდა კათოლიკების შემთხვევაში), ის მყისიერად, ავტომატურად წყდება ერთიან სხეულს — მოიკვეთება მისგან, ამასთან: რომელიმეს გამოკლებით ეკლესიის სისავსის მადლმოსილება არ ირღვევა, ეკლესიას არაფერი აკლდება — მას უწევს მხოლოდ წუხილი წარწყმენდილთა გამო. შესაბამისად, არა მხოლოდ პენტარქიის (ხუთეულის) წევრნი ფლობენ ამ სისავსეს მართლმადიდებელ ეკლესიაში, არამედ ნებისმიერი, თუგინდ მცირერიცხოვანი ადგილობრივი ეკლესიაც. ყველა მათგანში თანაბრად მოქმედებს ღვთის მადლი. ერთი ადგილობრივი ეკლესიის დამოკიდებულება მეორისადმი არ შემოიფარგლება მხოლოდ იურიდიული და იურისდიქციული ნიშნებით, როგორც ეს საერო ინსტიტუციებშია, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტებაში, მის მადლსა და სიყვარულშია ის არეკლილი, გამოხატული. სწორედ ესაა ადგილობრივ ეკლესიათა უმთავრესი გამაერთიანებელი. ეკლესიის დოგმატები და კანონები მშრალი სამართლის ნორმები კი არ არის, ადამიანთა (ჩვენს შემთხვევაში ადგილობრივ ეკლესიათა) დასამორჩილებლად რომ გამოიყენება, არამედ ჭეშმარიტი ორიენტირებია, ისინი გვიკვლევენ გზას ჭეშმარიტებისაკენ. ეკლესიას არ სჭირდება გარეგნული კავშირები, რათა იყოს ერთიანი — ის საღმრთო მადლითა და ჭეშმარიტებითაა მთლიანი და გაერთიანებული. ადგილობრივი ეკლესიები კი მორჩილებით ეკიდებიან ამ საღმრთო განგებულებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ: ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელლი ეკლესია მთლიანი სისავსის მატარებელია და არა ნაწილი რაიმე „დიდისა" (პაპისა ან ეკუმენიზმისა). მეტიც: ეკლესიათაშორისი ურთიერთობები არ შემოიფარგლება მარტოოდენ ეპისკოპოსთა მცირე ჯგუფით, რომელსაც შესაძლოა სისავსისაგან განსხვავებული შეხედულებები და ინტერესები ჰქონდეს. ეპისკოპოსი (პატრიარქი) არ მოიაზრება სამწყსოს გარეშე ქრისტეს ერთიან ღმერთკაცობრივ სხეულში, ამიტომ ვერ მიიღებს დადგენილი ჭეშმარიტებისაგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას, ხოლო თუკი მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მაშინ ის არ ჩაითვლება ადგილობრივი ეკლესიის სისავსის პოზიციად. პატივი და პატივისცემა ეკუთვნის მთლიანად ეკლესიას და ვრცელდება ეპისკოპოსიდან ეპარქიაზე (მთელ სამწყსოზე). ერთი ადგილობრივი ეკლესია იმდენადაა მნიშვნელოვანი მეორესთვის, რამდენადაც იმყოფება ჭეშმარიტების სიყვარულში. ეს კავშირები შესაძლოა არც აღმოჩნდეს მარადიული, თუკი რომელიმე მათგანი არღვევს აღნიშნულ პრინციპს (როგორც ეს რომს დაემართა). იგივე შეიძლება დაემართოს ნებისმიერ სხვასაც (მეორე და მესამე „რომსაც"), თუკი არ გაითვალისწინებს ისტორიულ ფაქტებსა და სახარების პრინციპს: „წინანი უკანა და უკანანი წინა". ასე რომ, მნიშვნელოვანია არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების შემუშავება სხვადასხვა ეკლესიათაშორის დიალოგებზე, კონგრესებსა და სიმპოზიუმებზე, არამედ მარტივად — ჭეშმარიტების დაცვა, სულიერი გააზრება იმისა, რომ ეკლესიაში ყველაფერი იმართება ღვთისსათნო სიყვარულითა და მადლით. ეს არ არის დაცემული ბუნების სათნოებები, როდესაც სიყვარული ნიღბით ღალატობენ ჭეშმარიტებას, არამედ საღმრთო მადლის მოქმედებაა. მისით საზრდოობს ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანი. ამრიგად, პაპიზმი არა მხოლოდ რომის ეკლესიის ჭირია, ის საყოველთაო საფრთხეცაა. მისი ანტიკრებსითი გამოვლინებანი შემოიჭრა დედაეკლესიის წიაღში და სწორედ ის არღვევს საეკლესიო ერთიანობას. ამიტომ ვამბობთ: ეკლესიის სისავსის გააზრება დღეს ადგილობრივი ეკლესიებისათვის განსაკუთრებით დიდმნიშვნელოვანია, რათა დაიცვას თავი „პაპიზმისა" და „პენტარქიზმის" მავნე სენისაგან.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |