მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ბოროტების დათმენის შესახებ
ბოროტების დათმენის შესახებ1-01-2014, 00:04 |
ამბა ისიდორეს, სკიტის პრესვიტერის შესახებ ამბობდნენ, რომ თუ ვინმეს მოჩხუბარი ძმა ჰყავდა და მისი გაგდება სურდა, ბერი ამბობდა: ჩემთან მოიყვანეთ. საკუთარ სენაკში იღებდა ძმას და თავისი მოთმინებით იხსნიდა ხოლმე.
* * * ერთხელ ამბა იოანე კოლოვი ეკლესიის პირდაპირ იჯდა. ძმებს გარს შემორტყმოდნენ და საკუთარ გულისსიტყვათა შესახებ ეკითხებოდნენ. ერთმა ბერმა ეს რომ დაინახა, შურით აღივსო და უთხრა: იოანე, შენი ჭურჭელი შხამითაა აღსავსე. ამბა იოანემ უპასუხა: ასეა, მამაო! და შენ ამას ამბობ, რადგან მხოლოდ გარეგანს ხედავ, მაშინ რაღას იტყოდი, შინაგანი რომ გეხილა?
* * * ამბა პიმენმა თქვა: ნებისმიერ მოწეულ სიძნელეზე გამარჯვება მდუმარებაა.
* * * მავანმა დაინახა შრომისმოყვარე კაცი, რომელსაც სარეცელზე დასვენებული მკვდარი მიჰქონდა და უთხრა: შენ მკვდრებს ატარებ; წადი, ცოცხლები იტვირთე (ანუ ცოცხალთაგან დაითმინე შეურაცხება).
* * * ერთმა მამამ თქვა: თუ ვინმე გაწყენინებს, აკურთხე იგი; თუ შეგიწყნარებს, ორივენი კარგად იქნებით, ხოლო თუ არ მიგიღებს, მაშინ ის ღვთისგან შეურაცხებას დაიმსახურებს, შენ კი - კურთხევას (მარკ. 6, 11).
* * * ერთმა ბერმა თქვა: ჩემს უარმყოფელთ არ ვადანაშაულებ, არამედ კეთილისმყოფელთ ვუწოდებ; და არ განვაგდებ სულიერ მკურნალს, რომელსაც ცუდმედიდი სულისთვის უპატიობის წამალი მოაქვს.
* * * კიდევ თქვა: ჩვენ ვუმზერთ ქრისტეს ჯვარს და ვკითხულობთ მისი ვნებების შესახებ, თავად კი ერთ წყენის დათმენაც არ ძალგვიძს.
* * * საკუთარი მონისგან ნაღალატევმა და საწამებლად მიცემულმა სიკვდილის წინ გამცემი დაინახა. აიღო ოქროს ბეჭედი და აჩუქა მას სიტყვებით: გმადლობ, რომ ამდენი და ასეთი სიკეთე მომაგე.
* * * ერთი ბერი სკიტში ყაჩაღებს გადააწყდა, მის სენაკს რომ ძარცვავდნენ და უთხრა: იჩქარეთ, ვიდრე ძმები მოვიდოდნენ და ხელს შემიშლიდნენ ქრისტეს მცნების აღსრულებაში, რომელიც გვეუბნება: რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰხდი (ლუკ. 6, 30).
* * * ეგვიპტეში მყოფი ამბა მაკარი თავზე წაადგა კაცს, რომელიც საქონელთან ერთად მისულიყო და მის სენაკს ძარცვავდა. მაკარი უცხოსავით დადგა კარში, მასთან ერთად დატვირთა პირუტყვი და მდუმარედ გააცილა იგი: რამეთუ არარაი შემოვიღეთ სოფლად (1 ტიმ. 6, 7); უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი (იობ. 1, 2). კურთხეულ არს უფალი სამარადისოდ!
* * * ამბა ამოს მოწაფის იოანე თებაიდელის შესახებ ამბობდნენ, რომ ის თორმეტ წელიწადს ემსახურებოდა სნეულ ბერს და მასთან ერთად ჭილოფზე იჯდა. მაგრამ ბერი ყურადღებას არ აქცევდა. და თუმცა იოანე ბევრს შრომობდა მისთვის, ბერს არასოდეს უთქვამს: ცხონდი! როდესაც ბერი სიკვდილს მიუახლოვდა და მასთან მამებმა მოიყარეს თავი, მან ხელი ჩასჭიდა იოანეს და უთხრა: ცხონდი, ცხონდი! მერე ბერებს ჩააბარა მისი თავი ამ სიტყვებით: ეს ანგელოზია და არა კაცი!
* * * ამბა ლონგინოზის შესახებ ამბობდნენ, რომ მის ერთ მოწაფეს ბრალი დასდეს, რათა მას გაეგდო იგი. მასთან მისულმა ამბა თეოდორეს მოწაფეებმა უთხრეს: ამბა! ჩვენ გვსმენია შენი ძმის შესახებ და თუ გვიბრძანებ, წავიყვანთ შენგან და უკეთეს ძმას მოგიყვანთ. ბერმა უპასუხა: მე არ ვაგდებ მას, რადგან იგი მამშვიდებს. როდესაც ბერმა მიზეზი შეიტყო თქვა: ვაი მე! ჩვენ აქ იმისთვის მოვდივართ, რათა ანგელოზთა მსგავსნი შევიქნეთ, და თავადვე ვხდებით უწმინდურნი და პირუტყვნი.
წიგნიდან „ძველი პატერიკი" უკან დაბრუნება |