მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლური ცნობიერების შენარჩუნება - დავით ჯინჭარაძე

მართლმადიდებლური ცნობიერების შენარჩუნება - დავით ჯინჭარაძე


დღეს, 12:04

მართლმადიდებლური ცნობიერების შენარჩუნება - დავით ჯინჭარაძე

 

   ჩვენ მოწოდებულნი ვართ ქრისტეში ერთობისკენ, მაგრამ ეს არ გამოგვდის. ჩვენ მოწოდებულნი ვართ ურთიერთ სიყვარულისკენ, თუმცა არც ეს არ შეგვიძლია. ჩვენ არც მცნებების და სათნოებების მიხედვით ცხოვრება გამოგვდის. ჩვენი ბუნება დაზიანებულია და მიდრეკილია ცოდვისკენ - ეს მყარად უნდა ვიცოდეთ. თანამედროვე ქრისტიანმა იცის რომ ცოდვილია და ნანობს ცოდვებს, თუმცა „მართლობის" სული აშკარად ჯობნის ცოდვილობის განცდას, ამიტომ მუდამ ვართ ურთიერთ წინაარმდეგობის რეალობაში.

   ათასგვარი წიანააღმდეგობების მიუხედავად მართლმადიდებელი ადამიანის მთავარი მიზანია არ დაკარგოს ქრისტიანობის ძირითადი არსი - აბსოლუტური ჭეშმარიტების თაყვანისცემა, ანუ ღმერთში ცხოვრება. ეს არის ჩვენზე დაკისრებული უმთავრესი პასუხისმგებლობა და ეს აუცილებლად მოგვეკითხება.

   რეალობა რთულია. ადამიანები მუდმივად ცდილობენ საკუთარ გონებაში შექმნან მისთვის „მორგებული" ღმერთი და იცხოვრონ საკუთარი ფანტაზიით შექმნილი ცხოვრების წესით, რომელიც გამართლებულია საკუთარ ეგოზე "მორგებული მართლმადიდებლობით”.

   ჩვენ ვხედავთ განსხვავებულ შეხედულებებს და დამოკიდებულებებს რწმენის საკითხებში: ერთს მხოლოდ სამართლიანი ღმერთი სურს. მეორეს კი მხოლოდ მოსიყვარულე ღმერთი სწამს, სამსჯავროსა და სამართლიანი განკითხვის გარეშე. მესამეს სურს ღმერთი, რომელიც მკაცრად არ მოითხოვს ადამიანისგან ჭეშმარიტების დაცვას და საშუალებას აძლევს მას იცხოვროს თავისი ვნებების შესაბამისად. მეოთხეს სურს ქონდეს ღმერთზე და ეკლსესიის სწავლებაზე ის წარმოდგენა, რომელიც მრავალი წლის წინ წაიკითხა ან გაიგო და ახლა ინდეფერენტულად არის განწყობილი ყველაფრის მიმართ. მეხუთე კი ერესებს ეკლესიაში პრობლემად არ აღიქვავს. მოკლედ ახალმა ქრისტიანებმა შექმნეს საკუთარ თავზე მორგებული "ახალი რელიგია”.

   მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი და ღვთაებრივი სწავლება არ არის შექმნილი ადამიანის ფანტაზიის ან სურვილების მიხედვით - ის განცხადდა ეკლესიის, წმინდა წერილის და წმინდანთა მადლმოსილი, ცხოვრებისეული გამოცდილების მეშვეობით. ეკლესიაში დადგინდა დოგმატური ცნობიერება, რომელიც არსობრივად სულის შინაგანი თანხმობაა იცხოვროს ზუსტად ისე, როგორც ღმერთი თავისი ეკლესიის მეშვეობით ამას გვამცნობს. რწმენისადმი ამგვარი დამოკიდებულება არის თავმდაბალი აღიარება იმისა, რომ ჭეშმარიტება აღემატება ადამიანის მოსაზრებებს და პირად გემოვნებებს.

   თანამედროვე ქრისტიანები მიეჩვივნენ ყველაფრის არჩევას, ვიტყოდი, ლიბერალურ-მოდერნისტულ თავისუფლებას ეკლესიის წიაღში: საკუთარ შეხედულებებს, მორალს, ცხოვრების წესს, თუნდაც საკუთარ თავზე "მორგებულ” ღმერთს. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანობა იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი წყვეტს საკუთარი თავის გაკერპებას და ჭეშმარიტების წინაშე იხრის ქედს, როგორც ცოდვილი და უვიცი. სწორედ ეს წარმოადგენს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ ცნობიერებას.

   ყოველივე ზემოთ თქმულს შესაძლოა დაეთანხმოს მრავალი ადამიანი, ჩათვალოს, რომ სწორედ ასე ცხივრობს, თუმცა "გემო” მართლმადიდებლობისა, რომილშიც უკვე გაეწაფა, გამოცდილება რომელიც შეითვისა წლების განმავლობაში, არსობრივად სხვაგვარია. ის არ არის თანხმობაში აბსოლუტირ ჭეშმარიტებასთან, მართლმადიდებლურ უცდომელ სწავლებასთან. მას არ სურს მიიღოს სხვისგან დარიგება, მაშინაც კი, როდესაც ამ საკითხის შესახებ არაფერი იცის, არ წაუკითხავს და შესაბამისი განათლება არ გააჩნია. რჩება მხოლოდ "სულიერების” ამბიცია, რაც უთანხმოებას ამძაფრებს.

   მაშ რა ვიღონოთ, რომ არ დავკარგოთ ძირითადი არსი ქრისტიანობისა და სწორი მართლმადიდებლური ცნობიერება? რას გვასწავლის ეკლესია?

   ჩვენ უნდა გვიყვარდეს მოყვასი ჭეშმარიტებაში! - ეს არის სახარებისეული სწავლება. ჩვენ არ ვართ უფლის ღირსნი თუ ადამიანს ღვთის წინაშე უპირატესობას ვანიჭებთ: "რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს” (მათ.10:37). ქრისტიანული სიყვარული არ გულისხმობს ადამიანთა ახირებების სიყვარულს - ეს პირფერობაა. ჩვენ გვეკრძალება მსგავსი სიყვარულის ჭეშმარიტებაზე მაღლა დაყენება, მით უფრო ჭეშმარიტების გაწირვა ამ ცრუ სიყვარულის გამო.

   ჩვენ მყარად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს განყოფა, რომელიც არსობრივად განდგომილების სულია, მუდმივად იქნება, როგორც ღვთის დაშვება.

   ამრიგად, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რჩება ერთგული წმინდა მართლმადიდებლური სწავლებისა და თუ ამის გამო ამასოფლის სული ბრალდებულად მიიჩნევს და დევნის მას, ის მოთმინებით, სიყვარულით და მადლიერებით უნდა იღებდეს ამ გარდაუალ რეალობას. მტკიცე რწმენით, რომ ამჯობინა ჭეშმარიტებაში ღმერთთან ერთობა, ცრუ, თუნდაც მრავალრიცხოვან ერთობას, სადაც ერთობა მოჩვენებითია.


დავით ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია

 



უკან დაბრუნება