მთავარი > საცდურები > რად უნდა მგელს ცხვრის ტყავი?! ანუ ბავშვთა სექსუალური განათლების შესახებ

რად უნდა მგელს ცხვრის ტყავი?! ანუ ბავშვთა სექსუალური განათლების შესახებ


22-07-2012, 19:56
  წამოისხეს უკვე ცხვრის ტყავები მგლებმა და დაიწყეს შლიგინი ერსა თუ ბერში. რად უნდა მგელს ცხვრის ტყავი?! თავი რომ მოგაჩვენოს, თავისი მგლური ბუნება რომ დამალოს, მოძალადე, მტაცებელი და სულის წარმწყმედი რომ არის, ვერავინ შეუტყოს; თვალში მხეცის კვესი და ეშვი თუ შენიშნე, ხომ იცანი და ატეხე განგაში... ვერ უნდა იცნო, მოყვარე უნდა გეგონოს მოსისხლე მტრის მტრობით უნდა გიმტროს.
  ქვეყნის ფიზიკურ თუ სულიერ სხეულს დღეს სწორედ ამგვარი ცხვრის ტყავში გახვეული მგლები წეწენ. ტოლს არ უდებენ ერთმანეთს მამალი თუ დედალი მგლები.
  ვის აღარ ნახავთ მის ხროვაში: საზოგადოებებს თუ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს თუ ასოციაციებს... მიჯრით მოდიან, გარედან მოსულებს შინაურებიც უერთდებიან და იქცა ეს ქვეყანა მათ სანადიმოდ და საჯიჯგნად.
  რა უნდა საქართველოში ოჯახის დაგეგმარების ასოციაციას? რას „იცრემლება" ცხვრის ტყავში გახვეული მგელი? – „ცოდოა ოჯახის ქალი, არ გებრალებათ? განადგურდა ამდენი აბორტებით, მას ხომ აქვს უფლება, რამდენი შვილიც უნდა იმდენი იყოლიოს! დაე, დაგეგმოს თავისი ოჯახი, როგორც სურს, ისარგებლოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით, გაჩენილი შვილები მაინც აღზარდოს ხეირიანად".
  კიდევ რას მოთქვამს ეს ჩვენი „მოყვარე"? – „გაირყვნა ჩვენი ახალგაზრდობა, რყვნის მას ტელევიზია და პრესა, დავასწროთ, ჩვენ განვანათლოთ, სულ პატარაობიდანვე ავუხსნათ ბავშვებს ყველაფერი, ჩვენ მათ უფლებებსაც დავიცავთ; ბავშვი რომ კითხვას დასვამს, შეიძლება მოვატყუოთ?! სიმართლე დავუმალოთ?! ამიტომ მათი სექსუალური განათლება გადაუდებელი საქმეა. სანამ ვინმე ყურში „ბინძურად" ჩაუჩურჩულებდეს, ჩვენ უნდა - გავაგებინოთ „სუფთად" და „სტერილურად".
  კიდევ რას ცრის კბილებსშუა ეს ქვეყნის „ჭკუის დასაკითხი?" „თქვენს შვილებს სექსუალურადაც აღვზრდით და იქვე უსაფრთხო სექსსაც ვასწავლით. პარტნიორებსაც იმთავითვე შევურჩევთ - გოგოს - ბიჭს და ბიჭს - გოგოს, დროა, მოიშოროს ქართველმა „ორთოდოქსალური მენტალიტეტიო" - ეს ორი სიტყვა ისე აიტაცეს ამ საქმის მესვეურემბა, თითქოს დამცინავ კონტექსტში მათი მოხსენიება ყველა „დახურულ" კარებს აღებდეს.
  მოკლედ, ოჯახის დაგეგმარების ასოციაცია საქართველოში დიდძალ საქმეებს კისრულობს... ერთი კი ნათელია - ყველაფერს გვიწუნებენ ქართველებს, - გამრავლების მამა - პაპურ წესსაც.
  ხსენებულმა ასოციაციამ, დღეს რომ საქართველოში აპირებს გაფურჩქვნას, თავის დროზე ევროპა და ამერიკა გამოიარა... და რა დარჩა კვალში? მოზარდი თაობის არნახული გარყვნა, კონტრაცეპტივებით დამახინჯებული და დანგრეული ქალთა ჯანმრთელობა (რომ აღარაფერი ვთქვათ სოდომ-გომორული ცოდვების აყვავებაზე) და ბოლოს - შეშფოთებული საზოგადოება და გონსგვიანმოსული მშობლები... მაინც, რა მოხდა? რატომ ვერ იცნო ამ საზოგადოებამ შეფარული მტერი?! მტერი, რომელმაც მთელი თავისი საქმიანობა ქალის, როგორც დედის, როგორც მეუღლის და როგორც შვილის განადგურებისაკენ მიმართა?! რატომ მოტყუვდა ასე მწარედ?! იმიტომ, რომ დიდი ხანია, ღმერთსაა მოწყვეტილი და სიფხიზლე დაკარგული აქვს; ყველა ამ „მეურვისა" და „აპეკუნის" უკან ვერ იცნო კაცთა მოდგმის მტერი.
  დაიღალა ქალი აბორტების კეთებითო, რომ მოთქვამს (მართლაც, დამღლელია საკუთარი შვილების ხოცვა), იმავე ქალს ერთი დანაშაულიდან მეორე, ახალი დანაშაულისაკენ უბიძგებს, სინანულის ნაცვლად ახალ ურჩობას ასწავლის; ოჯახის დაგეგმარების მიზნით ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას რომ ურჩევს, ღვთის ნებას უმხედრებს (თითქოს შეიძლებოდეს მისი ნების გარდასვლა) და ღვთის ნებას ამხედრებული ქალიც თავის თავს მტრობს. სწორედ ამიტომ დაენგრათ ჯანმრთელობა ამგვარ ქალებს. ეს იყო საბოლოო მიზანი, თორემ, როდის იყო, ბოროტს ადამიანის დარდი კლავდა?! ვითომ მოზარდებზე მზრუნველს, „უსაფრთხო სექსის" მასწავლებელს სინამდვილეში მათი ძირფესვიანი გარყვნა აქვს გადაწყვეტილი. პატარაობიდანვე სიძვა-მრუშობის მასწავლებელი მშობლებსა და შვილებს შორის ჩადგა. შვილებს ყველაფრის უფლება მისცა და მშობლებს ყველაფრის უფლება წაართვა. საბოლოოდ შვილები მშობლებს აუმხედრა.
  სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ ერთ შემთხვევაშია უსაფრთხო - როდესაც იგი ცოლ-ქმრული კავშირია, ღვთისგან ნაკურთხი და ჯვრისწერით განმტკიცებული. ყველა სხვა შემთხვევაში სწორედაც საშიში და საზიანოა, რადგან უმძიმესი ცოდვაა და ადამიანს ცხონების გზას უხშობს. აი, ამ საზიანოსკენ უბიძგებს ბოროტი ჯერ კიდევ დაუოჯახებელ გოგონებსა და ბიჭებს: „ისიძვეთ, იმრუშეთ, საზოგადოებრივი აზრი რა საკითხავია, ჩვენ ჩვენი „რეკლამებით" ამ აზრს დავასამარებთ და თქვენ იქნებით ის, ვინც გინდათ იყოთ, გააკეთებთ იმას, რაც გინდათ რომ გააკეთოთ, რაც მთავარია, განთავისუფლდებით მშობლების ტირანიისაგანო. მიზანი ერთია: გარყვნას, დაასნეულოს, მოსპოს, წაბილწოს, დაღუპოს - მშობელს ამხედრებული ღმერთს აუმხედროს...
  ტელევიზია გირყვნით ბავშვებს და ჩვენ ფაქიზად აღგიზრდითო. სინამდვილეში კი რა აქვთ გათვლილი ამ ცხვრისტყავწამოცმულ მგლებს: ის ბავშვები, რომლებიც უპატრონობის გამო ტელეეკრანებთან დიდხანს სხედან, უკვე მონადირებული ჰყავთ. მათ აღარ სჭირდებათ სექსუალური აღზრდა. ისინი, ქუჩის სიბილწესთან შეთვისებული იქით რყვნიან გარემოს. მაშ, ვისთვის არის ეს ყოველივე საჭირო?! ვისთვის არის დაგებული ეს მახე?! - იმ ბავშვებისათვის, ვისაც მშობლები ტელეეკრანისკენ გზას უღობავენ და ქუჩის სიბინძურესაც არიდებენ; აი, იმათ უსაფრდებიან სკოლებში, იმათ მეურვეობენ ურცხვად და უტიფრად, მშობლებისაგან მალულად, რყვნიან და ასახიჩრებენ.
  ამ საქმის მესვეურთ თავიანთი საქმიანობა ბილწი გარემოს წინააღმდეგ ბრძოლით რომ დაეწყოთ, გამრყვნელი ტელეარხების წინააღმდეგ კომპანიები რომ გაეჩაღებინათ, კიდევ „იფიქრებდა" რაღაცას კაცი, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა, პირიქით - თავად მათი პუბლიკაციებიდან იღვრება ათასი სიბილწე და უხამსობა (აღარაფერს ვამბობთ იმ ბროშურებზე, რომლებსაც ისინი გულდაგულ ავრცელებენ სკოლებში - ეს არის ჩვეულებრივი პორნოგრაფიული ლიტერატურა, დიდსაც რომ გააწითლებს და გონებას აუმღვრევს).
  ამ პუბლიკაციებით წაქეზებულმა ერთ-ერთმა პედაგოგმა ქალმა ბავშვებს გაკვეთილზე თავისი პირველი ღამის ამბავი მოუყვა. (საინტერესოა, რა მეთოდოლოგიით სარგებლობდა იგი ამ დროს!) ფაქტი ერთია - ისე ჩაუსისინა ყურში ბავშვებს, რომ ერთ-ერთი მოსწავლე გოგონა ლოგინად ჩავარდა და დიდხანს არ უმხელდა დედას ცუდად ყოფნის მიზეზს. როდესაც შეწუხებულმა მშობელმა დირექტორს მიაკითხა, მან მოახსენა, ეს ამიერიდან ასე იქნება, შეგუება მოგიწევთო. აი კიდევ ერთი ცხვრის ტყავში გახვეული მგელი.
  როდესაც აღვნიშნეთ, ქართულ პერიოდულ პრესაში სისტემატიურად იბეჭდება ბავშვთა სექსუალური აღზრდისადმი მიძღვნილი პუბლიკაციები; უმეტეს შემთხვევაში ამ პუბლიკაციების ავტორები ქალები არიან; ეტყობა, ბინძურ საქმეშიც ქალის სითამამეა საჭირო და გამოჩნდნენ ასეთებიც... ვერ დაიჭირა ისინი ვერც კდემამ, ვერც მოსილებამ, ვერც გვარიშვილობამ, ვერც ოჯახიშვილობამ... მაგრამ ერთი უცნაურობა სდევს მათ სტატიებს, ვითომ ბავშვთა სექსუალური განათლების საკითხები გვაინტერესებსო და სინამდვილეში აშკარად საკუთარ პრობლემებზე საუბრობენ. ყოველ შემთხვევაში - „უი, საწყალიო," ლეიტმოტივად გასდევს მათ შენათხზავს მკითხველის შეძახილი.
  ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი თავის რიგით მერამდენიღაც პუბლიკაციებში რუსეთში ბავშვთა სექსუალური განათლების შესახებ ამგვარად მოთქვამს:
  „მასმედია გაუხედნავი კვიცივით ყალყზე შემდგარა, ისტერიკაში ჩაცვივდნენ მშობლები, პედაგოგები, ყურები დაცქვიტეს სამართალდამცავებმა, რეფორმატორები ბავშვების გარყვნაში დაადანაშაულეს, ხოლო ჩერვიაკოვი (ამ საქმის ინიციატორი რუსეთში, აბა სხვა ვინ იკისრებადა ამ საქმეს ხ.ჩ.) ლამის შეეწირა ამ კამპანიას. მოკლედ, ზნეობამ იზეიმა - რუსეთის მოზარდთა სქესობრივი განათლება გაურკვეველი ვადით გადაიდო... სამაგიეროდ ღვივის სექსუალური რევოლუცია, პროსტიტუცია და ბიზნესი(?)".
  რა თქმა უნდა, სტატიის ავტორს არც რუსეთის სექსუალური რევოლუცია ადარდებს და არც პროსტიტუცია. ეს ისე, მკითხველის სატყუარად ისროლა, სწარაფად რომ დაითანხმოს, ოღონდაც კი რუსეთზე ცუდი ვინმემ რამე ცუდი თქვას... სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩვენის მხრივ... ბარაქალა რუსეთის მასმედიას, ბარაქალა რუსეთის მშობლებს, ბარაქალა რუსეთის სამართალდამცავებს, ბარაქალა რუსეთის დუმის ზოგიერთ დეპუტატს და სირცხვილი საქართველოში ყველას - მასმედიასაც, მშობლებსაც, სამართალდამცავებსაც, დეპუტატებსაც, ყველას, ერსაც და ბერსაც, ვისაც შეუძლია ამ უხამსობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს და დადუმებულა!

უკან დაბრუნება