მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > არსებული რეალობის მიღება არ ნიშნავს მასზე თანხმობას - დავით ჯინჭარაძე

არსებული რეალობის მიღება არ ნიშნავს მასზე თანხმობას - დავით ჯინჭარაძე


4-06-2026, 20:20

არსებული რეალობის მიღება არ ნიშნავს მასზე თანხმობას - დავით ჯინჭარაძე

 

   დღეს საზოგადოებაში ხშირად გვესმის სიყვარულის ცნების ირგვლივ გარკვეული სახის სპეკულაცია. გაისმის ამგავრი რიტორიკა: „რას იზამ?; ასეთია რეალობა და ის უნდა მიიღო ისეთი,როგორიც არის; მთავარია სიყვარული...;"

   ჩვენ ნამდვილად უნდა მივიღოთ რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით, როგორც ღვთის კურთხევა თუ დაშვება ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში. მაგრამ აქ უნდა განვასხვავოთ მნიშვნელოვანი ფაქტორი - ჩვენ ვღებულობთ რეალობას, მაგრამ არა ცოდვას, რომელიც ამ რეალობას შესაძლოა ახლავდეს.

   მაგალითად, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ის რეალობა, რომ ჩვენი ახლობელი მემთვრალეობის სენით არის შეპყრობილი, თუმცა უფლება არ გვაქვს ამ ცოდვაზე განვაცხადოთ თანხმობა და მიმღებლობა. რადგან ამ შემთხვევაში ცოდვის მიმღები და თანაზიარი ხდები.

   ეკლესია გვასწავლის, გავმიჯნოთ ადამიანი - ცოდვისაგან. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ყველა ადამიანი, ეს არის მცნება, მაგრამ არ უნდა გვიყვარდეს ცოდვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვღებულობთ ახლობლის მემთვრალეობას, როგორც ღვთის დაშვებას, მაგრამ არასდროს ვთახმდებით მასზე, როგორც დადებით მოვლენაზე. შენ გიყვარს შენი სიგარეტის მწეველი შვილი, მაგრამ არ ეთანხმები იმ ფაქტს, რომ სიგარეტი კლავს მას და ეხმარები ამ ვნების დაძლევაში, თანაც მთელი ცხოვრების მანძილზე.

   ეს უკვე ნამდვილი სიყვარულის გამოვლინებაა, განსხვავებით დღეს საზოგადოებაში დამკვიდრებული  სტერეოტიპებისა, რომ თურმე ‘ეს ნორმალურია!’. ამგვარად ხდება ქრისტიანებში ერთის მხრივ ცოდვის ‘ლეგალიზება’ და მეორეს მხრივ ყალბი სიყვარულის გაგების დამკვიდრება.

   ეს იგივეა, მომაკვდავს, რომელსაც სერიოზული მკურნალობა სჭირდება, ეუბნებოდე: „ეს შენი სხეულია, როგორც გინდა ისე მიქეცი, მე მაინც მიყვარხარ". სად არის აქ სიყვარული?! ეს ხომ მხოლოდ თვალთმაქცობაა! შენ ხომ მკვლელობის თანაზიარი ხდები.

   შენ შეიძლება მოგიძულოს ადამიანმა ამგვარი გამიჯვნის გამო, რადგან ის, რაც შენთვის ადამიანის და ცოდვის გამიჯვნის და სიყვარულის საგანია, მისთვის ეს ცოდვა  "განუყრელი მეგობარია".

   ასეთია არსებული რეალობა, მაგრამ ჭეშმარიტი სიყვარულის პასუხისმგებლობა გვავალებს არ დავთანხმდეთ მის დამღუპველობას.

 

 

 

დავით ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება