მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > განსჯის შესახებ

განსჯის შესახებ


14-02-2014, 00:03
განსჯის შესახებ

   ძმამ უთხრა ამბა ანტონის: ილოცე ჩემთვის. მაგრამ ბერმა მიუგო: ვერც მე, ვერც უფალი ვერ შეგიწყალებს, თუ თავად არ შეიწყალებ თავს და ღვთისთვის სათნოდ არ იცხოვრებ.

 

 

* * *


ნეტარი ამბა არსენი ამბობდა: მონაზონი უცხოა უცხო ქვეყანაში; არაფერში არ უნდა ჩაერიოს და მაშინ იქნება მშვიდად.

 

 

* * *


ამბა აღათონმა თქვა: მრისხანე ადამიანმა მკვდარიც რომ აღადგინოს, ვერ სათნოეყოფა ღმერთს.

 

 

* * *


ამბა ათანასეს ჰკითხეს: როგორაა ძე მამის თანასწორი? მან უპასუხა: როგორც ორი თვალით ერთი ხედვა.

 

 

* * *


ამბა დანიელი ამბობდა: იმისდა კვალად, თუ როგორ ყვავილობს სხეული, სული იფიტება, სხეულის გამოფიტვის კვალად კი სული ყვავილობს.

 

 

* * *


ამბა ისაიმ თქვა: უბრალოება და საკუთარ თავზე ოცნების განგდება ბოროტი გულისსიტყვებისგან განწმედენ.

 

 

* * *


კიდევ თქვა: თუ ვინმე ძმას მზაკვრულად ექცევა, გულის ნაღველს ვერ გაექცევა.

 

 

* * *


კიდევ თქვა: ანგარება, პატივი და უზრუნველობა სიკვდილამდე ებრძვიან კაცს. მაგრამ არ უნდა დავნებდეთ მათ.

 

 

* * *


ამბა ისიდორე ამბობდა: თუ ცხონება გსურს, ყველაფერი გააკეთე, რასაც მისკენ მივყავართ.

 

 

* * *


ამბა ისააკ თებაიდელი ძმებს ეუბნებოდა: ნუ მოიყვანთ ბავშვებს; რადგანაც ბავშვების გამო სკიტში ხუთი ეკლესია დაცარიელდა.

 

 

* * *


ამბა პიმენმა თქვა: რა სარგებელია ააშენო სხვისი სახლი, საკუთარი კი დაანგრიო?

 

 

* * *


კიდევ თქვა: რა სარგებელია ხელოვნების სკოლაში იარო და არ დაეუფლო ამ მეცნიერებას?

 

 

* * *


ამბა პიმენმა კიდევ თქვა: ნუ იცხოვრებ იმ ადგილას, სადაც ხედავ, რომ შენი შურთ; სხვაგვარად ვერ წარემატები.

 

 

* * *


აგრეთვე თქვა: კეთილი გამოცდილება სიტყვებზე უპირატესია: ის ადამიანს უფრო დახელოვნებულს ხდის.

 

 

* * *


კიდევ თქვა: ვნებებს დამონებულ ადამიანში ღვთის ძალა ვერ დაივანებს.

 

 

* * *


კიდევ თქვა: თუ ჩვენ სიწყნარეს მიველტვით, ის გაგვირბის; ხოლო თუ გავურბივართ მას, მაშინ მოგვდევს.

 

 

* * *


ამბა იპერექიმ თქვა: ჭეშმარიტად ბრძენია ის, ვინც სიტყვით კი არ გასწავლის, არამედ საქმით მოძღვრავს.

 

 

* * *


ბერმა თქვა: რამდენადაც ავხორცობს სხეული, იმდენად სული არ ცნობს ღმერთს.

 

 

* * *


კიდევ თქვა: სულის სიჯანსაღისთვის საკმარისია ღვთის შემეცნება.

 

 

* * *


ბერმა თქვა: სიცრუე - ძველი კაცია, ხოლო ჭეშმარიტება - ახალი.

 

 

* * *


კვლავ თქვა: ჭეშმარიტება კეთილ საქმეთა ფესვია, ხოლო სიცრუე - სიკვდილი.

 

 

* * *


ბერმა თქვა: მონაზონმა არ უნდა ისმინოს ყოველგვარი საუბარი, არ უნდა იყოს მრავლისმეტყველი და მალე არ უნდა ცდუნდეს.

 

 

* * *


ერთ - ერთმა მამამ თქვა: უხეში სიტყვა კარგსაც აფუჭებს, თვინიერ სიტყვას კი ყველასთვის სარგებელი მოაქვს.

 

 

* * *


ბერმა თქვა: მონაზონი არა მხოლოდ უნდა ისმენდეს მცნებებს, უნდა აღასრულებდეს კიდეც.

 

წიგნიდან  „ძველი პატერიკი"


უკან დაბრუნება