მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მოდერნისტისთვის მთავარია ქადაგების მეთოდი - დავით ჯინჭარაძე

მოდერნისტისთვის მთავარია ქადაგების მეთოდი - დავით ჯინჭარაძე


დღეს, 09:33

მოდერნისტისთვის მთავარია ქადაგების მეთოდი - დავით ჯინჭარაძე

 


   მოდერნისტები მხოლოდ იმით არიან დაინტერესებულნი, თუ როგორ, ვის წინაშე და როდის იქადაგონ. მათთვის მთავარია "ხალხთან მისვლა", მერე რა თუ ეს სტადიონზე ფეხბურთის მატჩის დროს თუ მუზეუმში ხდება.

   ისინი ფუნდამენტურად ცვლიან ან მალავენ ძირითად აზრს საგნების არსის შესახებ, ანუ სიმართლისა და სიცრუის შესახებ. მათთვის ქადაგება მეთოდია, ხოლო მეთოდი - ყველაფერი. 

   უყვარს ახალგაზრდას როკ-კონცერტი? - დაიჭირე ხელში გიტარა და დაუკარი. თეატრი და სცენა უყვარს? - მიდი თეატრში, გადი სცენაზე, წაიკითხე ლექსი. ფსიქოლოგია მოწონს? - გახდი ფსიქოლოგი. 

   მოდერნისტს მიაჩნია, რომ მათ მიერ შერჩეულ მეთოდს მოყავს ადამიანი ეკლესიაში. მათ გონიათ, რომ "ამოწურეს" ეკლესიაში ქადაგების ყველანაირი რესურსი, ამიტომ დროა მივიდნენ იქ, სადაც ხალხია. მერე რა თუ ეს ბოქსის არენაა!

   იმართება გაუთავებელი დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ იქადაგონ ამათუიმ საზოგადოების წრეში. დაგეგმონ სოციალური პროგრამები - სინამდვილეში ეს დისკუსია არის მეთოდი, გზა თუ როგორ აიცილონ თავიდან პასუხი მთავარ კითხვაზე - ჭეშმარიტებისა და სიცრუის გარკვევის შესახებ, რაც ქრისტიანის ქადაგების უმთავრესი საკითხია და ღმერთთან მიახლების აუცილებელი პირობა.

   ამ "მეთოდიკის" ბურუსში იმალება დაფარული ვნებების გაცოცხლების სურვილი. ამიტომ მოდერნისტის მეთოდი, ხშირად წარსულში მისი გატაცების სფეროა. უყვარდა როკი? - მიდის როკ-კონცერტზე. უყვარდა თეატრი? - მიდის თეატრში. უყვარდა ორთაბრძოლები? - მიდის საბრძოლო არენაზე.

   სინამდვილეში მას-კულტურაში ჩართვა მათთვის გართობაა ოღონდ "ამაღლებული" და "გენიალური" იდეის საბაბით. 

   მოდერნისტს ავიწყდება მთავარი, რომ ეკლესიაში ადამიანი მოყავს არა მეთოდიკას, არამედ ღმერთს!


დავით ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია


უკან დაბრუნება