მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > სიძვის ბრძოლების შესახებ

სიძვის ბრძოლების შესახებ


13-02-2014, 00:03
სიძვის ბრძოლების შესახებ

   ამბა იოანე კოლოვმა თქვა: მან, ვინც ტკბება და ყრმასთან ლაპარაკობს, საკუთარი გულისსიტყვით უკვე იმრუშა მასთან.

 

 

* * *


ამბა პიმენმა თქვა: როგორც მეფის საჭურველთმტვირთველი მუდამ მეფის წინაშე დგას მზადმყოფი, ასევე სული მუდამ მზად უნდა იყოს სიძვის დემონთან საბრძოლველად.

 

 

* * *


ძმამ ამბა პიმენს სიძვის გულისთქმის შესახებ ჰკითხა. ბერმა უთხრა: დიდია ღვთის შემწეობა, რომელიც კაცს გარს არტყია, მაგრამ ჩვენ მას თვალით ვერ ვხედავთ.

 

 

* * *


კიდევ თქვა: ღვთისთვის ვერ იცხოვრებს, როცა გემოთმოყვარე და ვერცხლისმოყვარე ხარ.

 

 

* * *


დედა სარას შესახებ ამბობდნენ: ცამეტი წლის განმავლობაში ძლიერ ებრძოდა სიძვის დემონი და მას არასოდეს უთხოვია ამ ბრძოლისგან განთავისუფლება, მხოლოდ ამბობდა: ღმერთო ჩემო, შემეწიე!

 

 

* * *


ერთ ძმას სიძვის გულისთქმა აშფოთებდა: ეს ბრძოლა მის გულში დღედაღამ ჩაუქრობელი ცეცხლივით ენთო. იგი ითმენდა და საკუთარ გულისთქმას არ ნებდებოდა. კარგა ხნის სემდეგ, როცა მოთმინებით შეჭურვილი ძმა ვერაფრით დაძლია, ბრძოლა შეწყდა და მის გულში მყისვე სიმშვიდემ დაისადგურა.

 

 

* * *


სხვა ძმას სიძვის განსაცდელი ეწვია და თოთხმეტი წლის განმავლობაში ძალთა დაძაბვით იღვწოდა, ფხიზლობდა, რათა მისი გულისსიტყვა ვნებას არ დათანხმებოდა. ბოლოს ტაძარში მივიდა და მთელი ხალხის წინაშე გაამჟღავნა ეს ამბავი. მაშინ ბრძანება გასცეს, ერთი კვირის განმავლობაში ყველამ იტვირთა ღვაწლი მისთვის - ღმერთს ევედრებოდნენ და ბრძოლა შეწყდა.

 

 

* * *


ოდესღაც ერთი დიდი ბერის მოწაფე ხორციელ ვნებას ებრძოდა. ბერმა მისი შეჭირვება რომ შენიშნა, უთხრა: გსურს, ვილოცებ უფლის წინაშე და ბრძოლას შეგიმსუბუქებს? არა, - უპასუხა მოწაფემ, - მართალია ვიტანჯები, მაგრამ ამ ტანჯვით ნაყოფს ვიმკი. ამიტომ ჯობს, შენს ლოცვებში შესთხოვო უფალს, რათა განსაცდელის დასათმენად მოთმინება მომმადლოს. მაშინ ამბამ ასე უპასუხა: ახლა გავიგე, რომ წარმატებისთვის მიგიღწევია და მჯობიხარ კიდეც.

 

 

* * *


ბერმა თქვა: უზრუნველობა (გარეგანი), მდუმარება და ფარული ღვაწლი სიწმიდეს შობენ.

 

 

* * *


ძმამ ჰკითხა ბერს: რა ვქნა, მამაო? ბილწი გულისსიტყვა მკლავს. ბერმა უპასუხა: როდესაც დედას სურს, ჩვილი ძუძუს მოსწყვიტოს, მკერდზე ზღვის მწარე ხახვს ისვამს. ბავშვი ჩვევისამებრ მოსაწოვად მიეკვრის დედის მკერდს, მაგრამ სიმწარის გამო თავს ანებებს. შენც, თუ გსურს, სიმწარე დააყოლე შენს აზრებს. ძმამ ჰკითხა: რომელია ეს სიმწარე? ხსოვნა სიკვდილისა და მომავალი ცხოვრების სატანჯველებისა, - უპასუხა ბერმა.

 

 

* * *


ბერები ამბობდნენ: სიძვის გულისსიტყვა პაპირუსის ქაღალდივითაა: ის ჩნდება ჩვენში, მაგრამ თუ არ დავნებდებით და განვიშორებთ, ადვილად შეიმუსრება. თუ წარმოშობის შემდეგ დავნებდებით და დავტკბებით მისით, რკინად იქცევა და ძნელად შეიმუსრება. მაშასადამე, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გულისთქმას აყოლილს ცხონების იმედი არა აქვს, უარმყოფელს კი გვირგვინი ელის.

 

 

* * *


ერთი ძმა სიძვის დემონისგან ძლიერ განიცდებოდა. ოთხი დემონი, ლამაზი ქალის სახით მოვლენილი, ოცი დღის განმავლობაში ცდილობდა სამარცხვინო საქმეში ჩაეთრია იგი. მაგრამ რადგანაც ბერი მამაცურად იღვწოდა და უძლეველი დარჩა, უფალმა მისი გმირობა რომ იხილა, იმით დააჯილდოვა, რომ იმ დღიდან ხორციელი განხურვება აღარ უგრძვნია.

 

წიგნიდან  „ძველი პატერიკი"


უკან დაბრუნება