მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > შერჩევითი სათნოებების პრინციპი - დავით ჯინჭარაძე

შერჩევითი სათნოებების პრინციპი - დავით ჯინჭარაძე


დღეს, 09:13

შერჩევითი სათნოებების პრინციპი - დავით ჯინჭარაძე

 

   ქრისტეს სწავლება სრულყოფილია. ის ყოვლისმომცველი და არა შერჩევითია. ქრისტიანობაში სათნოებების მოხვეჭა და ბოროტებასთან ბრძოლა ამასოფლის კრიტერიუმებთან თანხვედრაში არასდროს ყოფილა. ამასოფელს არც ქრისტიანული სათნოებები უყვარს, და მით უფრო, არც მის მიერ ჩადენილი ბოროტების გამო იყოს მხილებული.

   ამ სულისკვეთებამ შემოაღწია ეკლესიაში. ეკლესიის წიაღში მოვიდნენ ადამიანები, რომელთა წარმოდგენა ცოდვებსა და სათნოებებზე ამასოფლიურია. ასეთ "მრევლს” ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლებით ცხოვრება არ შეუძლია. დიდი ნაწილი ამისთვის არც მოსულა ეკლესიაში. მათ უკვე აქვს თავისი რელიგიური "მრწამსი” და ეკლესიიდან, თავისი მომხმარებლური დამოკიდებულებით, მხოლოდ "მადლის" წაღება სურთ, რათა ამქვეყნად კარგად იყონ.
   სწორედ ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ახდენს მოდერნიზმი. აქედან იწყება შერჩევითობის პრინციპის ამუშავებაც, რომლის გამჟღერებელი სასულიერო პირების არცთუ მცირე ნაწილია. მათი პრინციპი ასე ჟღერს: ”უნდა გავითვალისწინოთ დროის მოთხოვნები, თორე ხალხი გაგვექცევა ეკლესიიდან”. იწყება "სათნოებების რეგულირება” – ‘აქ უნდა მოვითმინოთ’, ‘აქ კი მადლიერი ვიყოთ’, ‘აქ კი ხმა ავიმაღლოთ’.
   ადამიანცენტრულ, უფრო ზუსტად, პირფერობაცენტრულ სულისკვეთებას არაფერი საერთო არა აქვს ქრისტიანობასთან. სწორედ ამას ვხედავთ დღეს ეკლესიებში, თუმცა მრევლი ამას ვერ ამჩნევს, ან არ სურს ამის შემჩნევა.
   მაგალითად, დაინახა მოძღვარმა, რომ ესათუ ის ადამიანი, კანდიდატი, პარტიული მიმართულება თუ სხვა გარემოება მრევლის უმეტესობისთვის მისაღებია და მისთვისაც "სახეიროა", იწყებს ამ ნარატივის განდიდებას, თანაც ივიწყებს მრევლის სხვა წევრებს, რომელთაც ასეთი შეხედულება არ გააჩნიათ. მაგრამ თუ იგივე პიროვნების ან სიტუაციის არამართლმადიდებლური დამოკიდებულების გამო ამხელ, ან უბრალოდ მიუღებლად მიიჩნევ, შეგეწინააღმდეგება და თავის მართლებას და საპირისპირო ბრალდებას დაიწყებს.
   სინამდვილეში მოხდა ის, რომ მისი შერჩევითობის პრინციპი გააშკარავდა, სიცრუე გამჟღავნდა და სწორედ ეს არის ამ პრინციპით მცხოვრები მრევლის და სასულიერო პირთა შეშფოთების საგანი. აქ ერთგვარ უნიასთან გვაქ საქმე - ერთობას სიცრუეში!
   მართლმადიდებელი ქრისტიანი მხოლოდ ღვთის ნებას და მის აღსრულებას ეძიებს. მაშინაც კი, როდესაც ეს ადამიანი, პარტია თუ გარემოება მას არ აწყობს და სარგებელს ვერ ღებულობს მისგან. ქრისტიანი მადლიერია ღვთის ყველანაირი დაშვების წინაშე, მათ შორის განდგომილების. ის კრძალულებით ეპყრობა ღვთის განგებას, მაქსიმალურად გამორიცხავს თავის დაცემულ ნებას და სურვილებს.
   მოკლედ, შერჩევითობის პრინციპი მარტივია - რაც მაწყობს იმ სიტუაციის სათნოებებს ვიქადაგებ და შერჩევით ბოროტებას ვამხელ. 
   ღვთის " ნებაც" აღსრულდა!

დავით ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია

უკან დაბრუნება