მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, თავშეკავება, მთავარი გვედის ფოტო > თავშეკავების შესახებ

თავშეკავების შესახებ


20-09-2022, 11:23
თავშეკავების  შესახებ

 

   ამბა არსენი ამბობდა, რომ მონაზვნისთვის, რომელიც ღვაწლშია, ერთი საათის ძილი საკმარისია.


* * *


ამბა აგაფონის შესახებ ამბობდნენ, რომ სამი წლის განმავლობაში ქვას იდებდა პირში, ვიდრე მდუმარება არ ისწავლა.

 

 

* * *


ბერმა თქვა: სიამოვნებას იმიტომ უარვყოფ, რათა ხორციელი გულისთქმები აღვკვეთო. ვიცი, ისინი ყოველთვის მებრძვიან, სიამეს ეძიებენ, გონებას მიშფოთებენ და გონიერებას განმაშორებენ.

 

 

* * *


ამბა ელადის შეხასებ ამბობდნენ: იგი ოცი წელი ცხოვრობდა ისე, რომ ზევით არ აუწევია თვალები, რათა თუნდაც ეკლესიის სახურავისთვის შეეხედა.

 

* * *


ამბა ისაიამ თქვა: დუმილი მეტად გიყვარდეს, ვიდრე ლაპარაკი, რადგან დუმილი საგანძურს შემოიკრებს, მეტყველება კი განაბნევს.

 

 

* * *


ერთხელ ამბა ლონგინოზი ავად გახდა და საკუთარ თავს უთხრა: იტანჯე და მოკვდი; თუ უდროო დროს მოითხოვ საჭმელს, ყოველდღიურ საკვებსაც არ მოგცემ.

 

 

* * *


მაკარი დიდმა თქვა: თუ შენ, როდესაც ვინმეს საყვედურობ, განრისხდები, საკუთარ ვნებებს დაიკმაყოოფილებ. ასე რომ ,სხვისი გადარჩენისას თავი არ დაიღუპო.

 

 

* * *


ამბა პიმენზე ამბობდნენ: როდესაც სატრაპეზოდ უხმობდნენ, ის ცრემლებით მიდიოდა, რათა არ შეურჩებოდა ძმებს და არ დაემწუხრებინა ისინი.

 

 

* * *


ამბა პიმენს ერთი მონაზვნის შესახებ უთხრეს, რომ ღვინოს არ სვამდა. ღვინო სულაც არაა მონაზვნური სასმელი, - უპასუხა მან.

 

 

* * *


ამბა პიმენმა თქვა: კაცის სული ისე არაფრით მდაბლდება, როგორც საზრდოს მიღებისას თავშეკავებით.

ბერი კიდევ ამბობდა: ძმამ ჰკითხა ამბა პამბოს: კარგია მოყვასის ქება? პამბომ უპასუხა: კარგია, მაგრამ დუმილი სჯობს.

 

 

* * *


ამბა პავლეს შესახებ ამბობდნენ, რომ მან მთელი ორმოცი დღე მცირეოდენ ოსპსა და ერთ ჭიქა წყალზე გაატარა.

 

 

* * *


ამბა ტიფომ თქვა: ჩვენი მსხემობა ისაა, რომ კაცმა მოთოკოს საკუთარი ენა.

 

 

* * *


ამბა იპერექიმ თქვა: როგორც ლომია საშიში ველური სახედრებისთვის, ასევე გამოცდილი მონაზონი - ბილწი გულისსიტყვებისთვის.

 

 

* * *


კიდევ თქვა: მარხვა მონაზვნისთვის ცოდვის ლაგამია. ვინც ამ ლაგამს მოიშორებს, გამძვინვარებულ ცხენს ემსგავსება.

 

 

* * *


კიდევ თქვა: უბიწო მონაზონი მიწაზეც პატივდებული იქნება და ზეცაში, უფლის წინაშეც გვირგვინოსანი აღმოჩნდება.

 

 

* * *


კიდევ თქვა: მონაზონი, რომელიც განრისხებისას ენას ვერ მოთოკავს, ვერასოდეს შეაკავებს საკუთარ ვნებებს.

 

 

* * *


კიდევ თქვა: ბოროტ სიტყვას ნუ წარმოთქვამს შენი ბაგენი, ვაზი ეკალბარდს არ ისხამს.

 

 

* * *


კიდევ თქვა: კარგია ხორცის ჭამა და ღვინის სმა, და არა ცილისწამებით ძმის ხორცის ჭამა.

 

 

* * *


ბერმა თქვა: ლომი ძლიერია, მაგრამ როდესაც მუცელი მახეში შეიტყუებს, მთელი მისი ძლიერება მდაბლდება.

 

 

* * *


ბერმა თქვა: გემოთმოყვარეობა სიძვის დედაა.

 

 

* * *


კიდევ თქვა: ვინც მუცელს შეაკავებს, სიძვის ვნებასა და ენას მოთოკავს.

 

 

წიგნიდან   „ძველი პატერიკი"


უკან დაბრუნება