მთავარი > მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობა და მოდერნიზმი (ნაწლი II) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
მართლმადიდებლობა და მოდერნიზმი (ნაწლი II) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)დღეს, 08:40 |
|
არსებობს მოდერნიზმის კიდევ ერთი სახეობა - ცრუ მისტიციზმი, რომელიც თვით სულიერების „განახლებას" ცდილობს. ადამიანები საკუთარ თავს უცნობი ძალების მედიუმებად მიიჩნევენ, რომელსაც ის ანგელოზების გამოცხადებად ან სულიწმინდის „მოფენად" აღიქვამენ. ესეთი მოდერნიზმი იღებს არა თეატრალურობის სახეს, რომელიც ეფექტებს ეძებს, არც ბრტყელი რაციონალიზმის, რომელიც ღვთაებრივი ჭეშმარიტებების ადამიანური გონების ქვეშ დაყენებას ცდილობს, არამედ იგი ოკულტიზმის ფორმას იღებს. ესეთი მოდერნისტები ეკლესიის მისტიციზმის „გაღრმავებას" ცდილობენ, მაგრამ სინამდვილეში, ისინი მას დემონიზმით ცვლიან. ამის ნათელი ილუსტრირებაა ვრუბელისა და დალის მიერ დახატული „ხატები", საიდანაც მორწმუნე ადამიანის სულისთვის შესამჩნევი მეტაფიზიკური წყვდიადი გადმოედინება. მოდერნისტები ამბობენ, ადამიანებმა რომ გაგვიგონ, დროს უნდა მივყვეთ. მაგრამ საით მიემართება კაცობრიობა და საით მიემართება დრო? ეკლესიამ თავისი მარადიული ღირებულებები უნდა შეინარჩუნოს დროის ცვლილებებისაგან, ანუ მასზე მაღლა უნდა დადგეს. გულუბრყვილობის გამოვლინებაა ვიფიქროთ, რომ თუ საიდუმლოს აქსიომად და მისტიციზმს ფილოსოფიად გადავაქცევთ, თუნდაც ერთი ადამიანს გავხდით რელიგიურს. სულს ქრისტიანობისკენ ღვთის მადლი იზიდავს და სული განიცდის ქრისტიანობას არა როგორც ქცევის კოდექსს ან რაციონალიზებული თეოლოგიის შეჯამებას, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ ღმერთის არსებობა ისეთივე აშკარაა, როგორც ორს პლიუს ორი უდრის ოთხს, არამედ როგორც საიდუმლოს, რომელიც უნდა ვეძიოთ, ვუფრთხილდებოდეთ და შევინარჩუნოთ. არსებობს მოდერნისტები კიდევ ერთი ტიპი, რომელთა განხილვაც კი არ მსურს: პრაგმატისტი მოდერნისტები. მათ აინტერესებთ ეკლესიებში დამსწრე მორწმუნეთა რაოდენობა - არითმეტიკული რიცხვი, რომლის სანაცვლოდაც ისინი მზად არიან ეკლესია საკონცერტო დარბაზად, პოლიტიკურ პლატფორმად ან სპირიტუალისტურ წრედ გადააქციონ. ისინი ყველა გემოვნებას აკმაყოფილებენ, სანამ გემი მგზავრებით არის სავსე. ხოლო, სად მიემგზავრება ეს გემი - მათთვის სულერთია. ქრისტემ თქვა: „ვინც ჭეშმარიტებისაგანაა, ის ჩემს ხმას მოისმენს". ეკლესიაში ადამიანები მოყავს მათ გულებში აჟღერებულ ჭეშმარიტების ხმას. მოდერნიზმი, როგორც წესი, იღებს სეკულარული კულტურისა და ცივილიზაციის კონცეფციებსა და გაგებებს, ანუ ეკლესიას ამსგავსებს ამა სოფელს, რომელიც, მაცხოვრის სიტყვისამებრ, „ბოროტებასა ზედა ძევს". ბოლო დროს, აყვავებული „ბოროტების ფერებით", მოდერნიზმის კიდევ ერთი შტო - რელიგიური ეკლექციზმი განვითარდა. ამ მიმართულების მოდერნისტები პირდაპირ არ აცხადებენ თავს ეკლესიის მასწავლებლებად; პირიქით, ისინი საკუთარ თავს უბრალოდ მოწაფეებს უწოდებენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი არა მართლმადიდებლობის, არამედ ყველა რელიგიისა და ფილოსოფიური სისტემის მოწაფეები არიან. ისინი თვლიან, რომ შესაძლებელია და აუცილებელიც კი სხვა რელიგიებიდან საუკეთესოს აღება და ამით ეკლესიის გამდიდრება. ეს ადამიანები, რომლებიც უცხო სარწმუნოების და აღმსარებლობის თემებს სტუმრობენ, მოუთმენლად ცდილობენ მართლმადიდებლობაში დანერგონ ის, რაც მათ გრძნობებს იზიდავს და წარმოსახვას აღაფრთოვანებს. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ რიტუალებში და წეს-განგებულებაში კრისტალიზება განიცადა და ასევე შეიცავს საუკუნეების მანძილზე დაგროვილ სულიერ გამოცდილებას და ღრმა მნიშვნელობას. ისინი მართლმადიდებლურ ეკლესიას არ აღიქვამენ, როგორც ორგანიზმს, სადაც ძალით შემოტანილი უცხო სხეული ტრავმას გამოიწვევს და შემდეგ ცოცხალი სხეულის მიერ იქნება უარყოფილი, ან დარჩება მასში, რითაც მის ჩაგვრას და დაინფიცირებას გამოიწვევს. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს რიტუალები და წეს-განგებულებები შეიცავს საკუთარ ინფორმაციას და ასახავს ამ თემების გამოცდილებას. მაგრამ როგორია ეკლექტიკური თეოსოფიური ბუნების გამოცდილება? წინასწარმეტყველებმა გამოავლინეს, რომ „ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან", ხოლო მოციქულებმა მცნებად მოგვცეს, არ ვიხმიოთ დემონების სასმისისაგან. მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ იმიტომ ეწოდება მართლმადიდებლური, რომ მან შეინარჩუნა დოგმატური ინფორმაციის სიწმინდე და მადლომოსილი სულიერი გამოცდილება. მოდერნისტები, როგორც წესი, აპროტესტებენ მათ თეოსოფებთან შედარებას. ისინი აცხადებენ, რომ ერთიან ეკლესიას ჭეშმარიტების სისავსედ მიიჩნევენ, მაგრამ სხვა რელიგიებში ნაწილობრივ ჭეშმარიტებას აღიარებენ, და მათგან მიღწევების მიღებას დასაშვებად მიაჩნევენ, მცირედი ფორმით მაინც. ისინი აღფრთოვანებულნი არიან ორმოცდაათიანელთა ექსტაზით, მუსლიმური ნამაზით, ინდუისტების თეატრალური წარმოდგენებით, რომლებიც მისტერიულ პიესებს მოგვაგონებენ, კრიშნაიტების რიტუალური მელოდიებით, როზენკრეიცერების ოკულტური სიმბოლიკით, ხსნის არმიის ქუჩის მსვლელობებით და ა.შ. ისინი არაგონივრულად მიიჩნევენ გავლენის ასეთი მდიდარი არსენალის უგულებელყოფას. თუმცა, ასეთი შეთვისებები სულაც არ არის უვნებელი კოსმეტიკა; მათში დაფარულია საფრთხეები: ეს ემსგავსება არხების შექმნას, რომელთა მეშვეობითაც სულიერი ტყუილი შეაღწევს, თითქოს იჟონება ეკლესიაში. ბიბლიაში აღწერილია წინასწარმეტყველ ელისეს ცხოვრებიდან ერთი შემთხვევა. სამარია სირიის ჯარებით იყო გარშემორტყმული; შიმშილობა დაიწყო და მაცხოვრებლებმა საჭმლის მოსამზადებლად ბალახეულის შეგროვება დაიწყეს. ერთმა კაცმა ქალაქის კედლებთან დაინახა უცნობი, ეგზოტიკური მცენარე, რომელიც სუროს ჰგავდა. მას მოეწონა მისი გარეგნობა, მოწყვიტა და სხვა მწვანილებთან ერთად ქვაბში ჩააგდო. როდესაც მწვანილი ადუღდა და ხალხმა ქვაბიდან წყლის ამოღება და საჭმლის ჭამა დაიწყო, ტკივილი იგრძნეს - საკვები შხამად იქცა. „ღვთის კაცო, ქვაბში სიკვდილია", - შესძახეს მათ წინასწარმეტყველს და დახმარებას ევედრებოდნენ. ერთმა უცნობმა მცენარემ საკვები მოწამლა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ დოგმატები მარადიულია, ხოლო რიტუალები შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, ბიბლია სხვაგვარად გვასწავლის. მოსემ სინას მთაზე მიიღო არა მხოლოდ გამოცხადება კანონისა, დოგმატური დოქტრინის სახით: მას ასევე მიეცა კარვის - ძველი აღთქმის ეკლესიის გეგმა, ასევე მითითებები ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული მასალებისა და ყველა ნივთის შესახებ. ისევე როგორც ძველი აღთქმა გაცხადდა ახალ აღთქმაში, ასევე ძველი აღთქმის ტაძრის სიმბოლოებმა, მათი წინასწარმეტყველური მნიშვნელობით, მიიღეს მისტიკური გამოცხადება და უმაღლესი მნიშვნელობა ახალი აღთქმის ეკლესიაში. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სათავეში ასევე დგას განცხადება. გადმოცემის თანახმად, ლიტურგიის წეს-განგება თავად ქრისტემ დაუდგინა მოციქულ იაკობს, იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს; ლიტურგიის შემდგომი ფორმები კი ამ წეს-განგების შემოკლებული ვერსიებია, ასევე ღვთის გამოცხადების შესაბამისად. ადამიანის შემოქმედება ეფუძნება ემოციურ აღქმას და წარმოსახვის ძალას, ანუ გონიერების მოდელირების უნარს, ხოლო რელიგიური რეალობები სხვა სამყაროს მიეკუთვნება - სულიერ სამყაროს და სხვაგვარი მისტიკური ჭვრეტის მეშვეობით მიიღწევა. დავასრულოთ იმით, რითაც დავიწყეთ: მოდერნისტები, ემოციურ გრძნობებზე დაყრდნობით, ზოგჯერ პოეტურ და მგზნებარე, მაგრამ არა ვნებისა და აფექტისგან განწმენდილთ - სურთ სულიერი მოვლენების შეფასება. ეს იგივეა, რაც შეხებით აღიქვა ადამიანის აზროვნება. სულიერი სამყაროს ნაცვლად, ისინი ქმნიან საკუთარ, ფანტასტიკურ სამყაროს - ილუზიის ანუ ტყუილის სამყაროს. სულიერ სამყაროსთან შეხება მიიღწევა მხოლოდ სინანულით და ვნებებთან ბრძოლით, მართლმადიდებლური მისტიკის და ასკეტიზმის მეშვეობით. და ის, ვინც დაინახავს ამ სამყაროს თუნდაც ბუნდოვან მონახაზს - გაოცებული დარჩება მისი სილამაზის წინაშე.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) www.xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |