მთავარი > მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობა და მოდერნიზმი (ნაწლი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მართლმადიდებლობა და მოდერნიზმი (ნაწლი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


გუშინ, 09:58

მართლმადიდებლობა და მოდერნიზმი (ნაწლი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   რა არის მოდერნიზმი? შეიძლება თუ არა მართლმადიდებლობა იყოს თავსებადი მოდერნიზმთან? „მოდერნიზმი" ნიშნავს „განახლებას". იგი, როგორც ეკლესიის სულიერი ღირებულებების მუდმივი (პერმანენტული) რევიზია, ემყარება ცრუ ფსიქოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ დადგენილებებს. თავად სიტყვა „თანამედროვე" ან „განახლება" უკვე გულისხმობს გარკვეულ კონცეფციას, კერძოდ კი იმას, რომ ეკლესია არის განვითარებადი და ევოლუციური ორგანიზმი, რომელშიც ძველი და ჩამორჩენილი უნდა გაქრეს და ჩანაცვლდეს რაღაც ახლით და სიცოცხლისუნარიანით.

   ევოლუციური ეკლესიის ეს თეორია იწვევს ეკლესიის, როგორც განცხადებული სისავსის ცნების განადგურებას, რომელიც ისტორიის ნებისმიერ დროში საკუთარი თავის იდენტურია. ევოლუციის თეორია ამახინჯებს მართლმადიდებლურ ანთროპოლოგიას; ის წარმოგვიდგენს ადამიანს, როგორც ისტორიულად განვითარებად არსებას, რომელიც აღემატება წარსულში მქონე რელიგიურ ცოდნასა და წარმოდგენებს და საჭიროებს ახალ, უფრო სიღრმისეულ, თავისი დროის შესაფერის გაგებებს.

   მოდერნიზმში თავად გამოცხადება ევოლუციონირებს და მომავალი წარმოდგენილია, როგორც ახალი რელიგიური აღმოჩენების შესაძლებლობა. რელიგია იძენს უცნაურ მსგავსებას და ანალოგიას სამეცნიერო ჰიპოთეზებთან, რომლებიც, ცოდნის დაგროვებისას, იხვეწება და იცვლება. ანუ, მოდერნისტებისთვის ჭეშმარიტება ხდება ფარდობითი, რელატივისტური ცნება. მაშინ ბუნდოვანი ხდება შემდეგ კითხვა: რომელ ეკლესიის გვწამს ჩვენ - აწმყოს თუ მომავლის ეკლესიის? და რას წარმოადგენენ დოგმები - ეკლესიის ცნობიერებას თუ ადამიანის განვითარების ეტაპს?

   ჩვენ გვესახება, რომ მოდერნიზმი ადამიანური ცოდნის ორი გეგმის ან სფეროს - სულიერისა და მშვინვიერის - შერწყმისა და გადაადგილების ერთ-ერთი შედეგია. მასში ცხოვრებასთან და სულიერ ხედვასთან დაკავშირებული საკითხები მშვინვიერ დონეზე წყდება.

   საღმრთო გამოცხადება მშვინვიერი ცნებების პრიზმით აღიქმება; სულიერი ისახება არა როგორც ამქვეყნიურზე მშვენიერი, არამედ მიწიერი სილამაზე; არა ამაღლებული, არამედ როგორც აღფრთოვანების გამომწვევი; არა სიღრმისეული, არამედ გაფერადებული. სულის განწმენდა წარმოდგენილია არა როგორც გამარჯვება გონებისა და ნებელობის ვნებებზე მადლის მეშვეობით, არამედ როგორც დრამის კათარზისი, ანუ როგორც ღრმა, კონტრასტული გამოცდილება.

   მოდერნიზმში საჭიროა ეფექტი, რომელიც გულისხმობს არა სულის სიმშვიდესა და სიწყნარეს, არამედ ფსიქიურ აღგზნებასა და აფექტურობას. ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება სიღრმისეულია, მაგრამ ამავდროულად მარტივია. მოდერნიზმი უცხოა ამ სიმარტივისთვის (თუმცა შესაძლოა ხელოვნური გამარტივება გამოიყენოს, როგორც ერთ-ერთი ტექნიკა). სულიერი ცხოვრება არ არის გრძნობების რთული და ხატოვანი მოზაიკა, არც ემოციების ტალღები, თუმც ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით ადამიანის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტების დროს, სინანულმა შეიძლება ემოციური ხასიათი მიიღოს.

   სულიერი ცხოვრება არსებითად მშვიდი და მკაფიოა, თუმცა მოდერნისტები ამ სიმშვიდეს აღიქვამენ, როგორც რაღაც უსიცოცხლოს. მათ შორის გავრცელებულია გამოთქმა „მძინარე აღმოსავლეთი"; მათთვის სულიერი ცხოვრება გარეგანი დინამიკაა, რის გამოც მოდერნისტები, როგორც წესი, მონაზვნობას სულიერ ეგოცენტრიზმად მიიჩნევენ.

   მოდერნისტები წმინდა წერილის სიტყვებს ციტირებენ: „მე მუდამ ვიქმ სიახლეს" - იმის გასამართლებლად, რომ ეკლესია ახალი გაუმჯობესებების, აღმოჩენებისა და შემოქმედებითი იდეების გამოცდის პოლიგონად აქციონ, რაც მორწმუნისთვის ან უმეცარ თავხედობად ან ბავშვურ ახირებად გვეჩვენება. „მუდამ ახალი" - არა ამქვეყნად, არამედ სულიწმინდაში, ადამიანის სულის მადლისმიერ გამოცდილებაში, განახლებულ სულიერ ხედვებში. აქ, დედამიწაზე, ყველაფერი ძველია: ძველი ჭეშმარიტება და ძველი შეცდომები.

   მოდერნიზმისთვის უცხოა კრებსითობის იდეა. ეკლესიის სიმბოლოები ქრისტიანებს აერთიანებს ერთიან სულიერ ხედვაში, ეკლესიის ერთიან ენაში. მოდერნისტები კი ცდილობენ ეკლესიის წეს-განგებულებანი ჩაანაცვლონ ხატოვანი სისტემით, ფიგურალურად რომ ვთქვათ, საკუთარი "აბრაკადაბრა” შემოიტანონ ეკლესიის ენაში.

   ამ გაგებით, მოდერნიზმი არის მორწმუნეებს შორის ეკლესიის ლოცვაში უთანხმოების შემოტანა - ანუ, ცენტრიდანული მოვლენა. მოდერნისტები ვერ აცნობიერებენ, ან ვერ ხვდებიან, რომ სიმბოლოები, ადამიანის ენის სხვა გამოსახვითი საშუალებებისგან განსხვავებით, არ არის შედგენილი, არამედ არსებობს, როგორც მოცემულობა ადამიანის აზროვნებაში (მაკროკოსმოსში). სიმბოლო არის მტკიცებულება იმისა, რომ ხილული სამყარო, უხილავ სამყაროსთან მიმართებაში, წარმოადგენს გარკვეულ მსგავსებას, ერთიანი პრინციპის შესაქმნელად.

   მოდერნისტები სიმბოლოებს, რომელნიც საკუთარი გამოგონებებით ან ფშვინვიერი სფეროდან იღებენ - ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფილოსოფიიდან, მეცნიერებიდან - მეტაფორებით, ემბლემებით, პოეტური ალეგორიებით და მსგავით ცვლიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ძველი ეკლესიის ენა თანამედროვე ადამიანებისთვის გაუგებარია და რომ გამოხატვის სხვა, უფრო ხელმისაწვდომი საშუალებები უნდა მოიძებნოს. ეს პროფანაციაა: საიდუმლო ყოველთვის გაუგებარი რჩება, რა ვერბალურ ინტერპრეტაციასაც არ უნდა დავექვემდებაროთ იგი. საიდუმლო ლექსიკონის სემანტიკის დონეზე არ ვლინდება; ის ადამიანის სულიერი მზაობის მიხედვით ვლინდება. ფორმა შინაარსთან არის დაკავშირებული; თავად გამოცხადება შობს ფორმას. ფორმის ცვლილებასთან ერთად, შინაარსიც იცვლება.

   რაციონალიზმი რელიგიაში გახლავთ სურვილი, გაუქმდეს რწმენის ფენომენი, როგორც ღმერთთან ზიარების შინაგანი სულიერი შესაძლებლობა, ჩაანაცვლოს გონება (ноус) გონიერებით (рацио), რომელიც ცდილობს სულის ადგილის უზურპირებას(მითვისებას): შეზღუდული ცდილობს განსაზღვროს შეუზღუდავი. აქ რელიგია, როგორც სულის ღვთაებრივთან იდუმალი ზიარება, როგორც წესი, ფილოსოფიითა და ზედაპირული მორალიზმით არის ჩანაცვლებული. საეკლესიო რიტუალები და წეს-განგებულებები გაჟღენთილია სიმბოლური და სულიერი შინაარსით, რომელშიც სამშვინველი უნდა ჩაერთოს, მიიღოს მისტიკური ინფორმაცია - არა რაციონალური ცოდნა, არამედ განწმენდა და სულიერი ძალა.

   თავისი სიღრმისეული შინაარსის გამო, რიტუალისა და წეს-განგებულების გაგება ან მათი ამოწურვა სიტყვებით შეუძლებელია. მაშინაც კი, თუ რიტუალის ანალიზი და აღწერა შესაძლებელი იქნებოდა ისტორიული, ენობრივი და ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან, მისი არსი მაინც საიდუმლოდ დარჩებოდა, შიშველი გონებისთვის გაუგებარი. რიტუალი შეიძლება შევადაროთ მდინარის კალაპოტს და მისი ნაკადი მადლს, რომელიც სულთან თანაზიარებით ადამიანს ახალ ქმნილებად აქცევს.

 

 



არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი

www.xareba.net - ის რედაქცია

 



უკან დაბრუნება