მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მთავარი გვედის ფოტო > წმ. წერილი აღმსარებლობის თაობაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

წმ. წერილი აღმსარებლობის თაობაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


დღეს, 20:51

წმ. წერილი აღმსარებლობის თაობაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მრავალი შეგნებული ქრისტიანი მსჯელობს ქრისტეში ცხოვრების შესახებ - ახსენებენ აღმატებულ ღვაწლს, ლოცვას, სიყვარულს, სხვადასხვა სათნოებებს, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად ვპოულობთ ისეთებს, აღმსარებულ ღვაწლზე რომ ამახვილებენ ყურადღებას. ამასთან, მრავალი მართლმადიდებელი გულგრილად ეკიდება უმნიშვნელოვანეს და სავალდებულო სარწმუნოებრივ სწავლებებს, კანონებს, დოგმატებს - ზოგადად აღმსარებლურ ღვაწლს. ისე იმიტომ ხდება, რომ მავანს მიაჩნია: ეს ყოველივე თავისთავად იგულისხმება, მას არ სჭირდება შესწავლა, დაცვა და თავგანწირული აღმსარებლობა.

   ჩვენს დროში თითქოს დავიწყებულია რწმენის აღმსარებლობა, ადოგმატიზმი და რელატივიზმმა მოიცვა ყოველივე. შესაბამისად, აღმსარებულ ღვაწლსაც რაღაც განყენებული ადგილი მიუჩინეს ქრისტიანულ ცხოვრებაში; უპირატესობა კი სასწაულებს, ქველისმოქმედებასა და სენტიმენტალურ სიყვარულს მიენიჭა. ამდენად, არაა საკმარისი ვამბობდეთ: "მე მართლმადიდებელი ვარ”, არამედ გვმართებს საქმით დავადასტუროთ ის, რაც უპირველესია ცხონებისათვის. სწორედ ასეთი სულისკვეთების შედეგად მოიპოვება სიმამაცე - მზაობა, მამაცურად შეხვდე იმ სირთულეებს (დევნას, ცილისწამებას, შეურაცხყოფას და ა.შ.), მსგავს სათნოებად რომ მოჰყვება. ესაა მზაობა საზოგადოების იმ ნაწილის რეაქციაზე, ვისთვისაც მსგავსი სულისკვეთების გაღვივება ქრისტიანებში კატეგორიულად მიუღებელია. მაგრამ თუკი არ ვმუშაობთ ამ კუთხით, არ ვეძებთ სათანადო გამოცდილებას წმ. წერილსა და წმ. გარდამოცემაში, მაშინ არანაირ აღმსარებლობას არ ექნება ადგილი ჩვენს ცხოვრებაში. დღეს კეთილსინდისიერი ქრისტიანიც (მოძღვრები, ერისკაცები) კი ეძებს "ჰარმონიულ” თანაარსებობას ამა სოფელთან - ე.ი. ქრისტიანი დუმს მაშინ, როდესაც დუმილი დაუშვებელია. 

   შეგონებისთვის წმინდა წერილის სწავლებით ვიხელმძღვანელოთ.

   მაცხოვარი ბრძანებს:

   "ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა”, ხოლო "რომელმან უარმყოს - უარყოფილ იყოს” (მათ. 10. 32-33).

   "რომელსა-იგი სირცხვილეულ უჩნდეს ჩემი და სიტყვათა ჩემთა, ნათესავსა ამას მემრუშესა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს რაჟამს მოვიდეს დიდებით” (მარკ. 8. 38).

   მოციქულები კერპთაყვანისცემის ეპოქაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ასე ამბობდნენ: "ჩვენ ვერ ხელგუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარცა არა ვიტყოდით” (საქმ. 4. 20).

   მავლე მოციქული ბრძანებს:

   "თუკი აღიარო პირითა შენითა უფალი იესო ქრისტე და გრწმენეს გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმა აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხონდე, რამეთუ გულსა გრწამდეს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხორებელად” (რომ. 10. 9-10).

   "მოიღვაწე ღვაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისა, შეიტკბე საუკუნო იგი ცხოვრება, რომელსაცა იჩინე და აღიარე კეთილი იგი აღსარებაი წინაშე მრავალთა მოწამეთა” (1 ტიმ. 6. 12).

   "ნუ უკუე გრცხვენინ წამებაი იგი უფლისა ჩუენისა, არამედ თანაიჭირვიდე სახარებასა მას ძალისათა ღმრთისათა” (2 ტიმ. 1. 8).

   როგორც ვხედავთ, ვინც ამასოფლის სულით ხელმძღვანელობს სარწმუნოებრივ საკითხებში, არ გაიღებს მსხვერპლს, იწროებას, ცილისწამებას და ა.შ., არ შეუდგება ქრისტეს აღმსარებლობით, "სირცხვილეული” აღმოჩნდება მაცხოვრის მეორედ მოსვლის ჟამს.




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება