მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა მამათა შეგონებანი სრულყოფილებაში წარსამატებლად

წმიდა მამათა შეგონებანი სრულყოფილებაში წარსამატებლად


10-02-2014, 00:09
წმიდა მამათა შეგონებანი სრულყოფილებაში წარსამატებლად

 

   ნეტარი გრიგოლი ამბობდა, რომ ყოველი ადამიანისაგან, რომელმაც ნათელ - იღო, ღმერთი ითხოვს სამ პირობას: სულისგან - მართალ სარწმუნოებას, ენისგან - ჭეშმარიტებას და სხეულისაგან - უბიწოებას.


 

 

* * *


ამბა ევაგრე ამბობდა: ერთ - ერთმა მამამ თქვა, რომ სიყვარულთან შეერთებულ მმარხველობით სწორ ცხოვრებას სწრაფად შეჰყავს მონაზონი უვნებობის ნავსაყუდელში.

 

 

* * *


ამბა თეოდორე თერმელზე ამბობდნენ, რომ იგი ბევრს აღემატებოდა ამ სამი უმთავრესი სათნოებით: სიგლახაკით, მოსაგრეობითა და კაცთაგან განშორებით.

 

 

* * *


ამბა პიმენი ამბა ნესტორი დიდის შესახებ ამბობდა: როგორც უდაბნოში სპილენძის გველი ჰკურნავდა ყველას, ვინც მას შეხედავდა, ასეთივე იყო ეს ბერიც, ყოველგვარი სათნოებით შემკული, უჩუმრად კურნავდა ყველას.

 

 

* * *


კვლავ თქვა ამბა პიმენმა: თუ მონაზონს სძულს ორი რამ, მაშინ შეუძლია ამა სოფლისგან განთავისუფლება. ძმამ ჰკითხა, რა არის ეს ორი რამ? სხეულის მაამებლობა და ცუდმედიდობა, - უპასუხა ბერმა.

 

 

* * *


ბერმა თქვა: შიში, სიმდაბლე, საჭმლისგან თავშეკავება და მწუხარება - დაე, მუდამ იყოს თქვენთან.

 

 

* * *


ბერმა თქვა: ის, ვინც ყველას ძმასავით არ მიიღებს და ერთს მეორისგან განასხვავებს, არასრულყოფილია.

 

 

* * *


ბერმა თქვა: ვიზრუნოთ თვინიერებაზე, ბოროტების დათმენაზე, მოთმინებასა და სიყვარულზე. ესაა მონაზვნობა.

 

 

* * *


კვლავ თქვა: ქრისტიანის დანიშნულება ქრისტეს მიბაძვაა.

 

 

* * *


ძმამ ჰკითხა ბერს: როგორ იშვება სულში ღვთის შიში? ბერმა უპასუხა: თუ კაცი მდაბალია, არ არის მომხვეჭელი და არავის განიკითხავს, მაშინ ჩნდება მასში ღვთის შიში.

 

 

* * *


ამბა სისო ამბობდა: იყავი მდაბალი, მოიკვეთე საკუთარი ნება, ნუ გექნება მიწიერი საზრუნავი და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი (მათ. 11, 29).

 

 

* * *


ამბა თომამ სიკვდილის მოახლოებისას თავის შვილებს უთხრა: ნუ იცხოვრებთ მწვალებლებთან; ნუ გაიცნობთ სახელგანთქმულ ადამიანებს; ნუ გაიწვდით ხელს, რათა შეიკრიბოთ, არამედ ხალისით გაიწოდეთ ხელი, რათა გასცეთ.

 

 

* * *


ერთმა ძმამ ჰკითხა ამბა ისაიას სახარებისეული ლოცვის სიტყვების შესახებ: რას ნიშნავს „წმიდა იყავნ სახელი შენი" (მათ. 6, 9). ამბამ უპასუხა: ეს სრულყოფილთ ეხება, რამეთუ უფლის სახელი ვერ განათლდება ჩვენში, ვისშიც ვნებები ჭარბობს.

 

წიგნიდან   ”ძველი პატერიკი"


უკან დაბრუნება