მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სინანულის სულის - "ღირსების" სულით ჩანაცვლება - დავით ჯინჭარაძე

სინანულის სულის - "ღირსების" სულით ჩანაცვლება - დავით ჯინჭარაძე


გუშინ, 09:03

სინანულის სულის - "ღირსების" სულით ჩანაცვლება - დავით ჯინჭარაძე

 

   მართლმადიდებელთა ერთობას ხშირად რაღაც აკლია - ეს არის ერთსულოვნება. ანუ, სულიერ დამოკიდებულებაში განსხვავება, ჭეშმარიტების - განსხვავებული და განახლებული ინტერპრეტაცია.

   კომუნისტური რეჟიმის შემდეგ მრავალი ადამიანი შეუდგა ქრისტიანულ ცხოვრებას. მაშინ სრულიად გულწრფელი და კეთილმოსურნე განწყობა სუფევდა: მრევლი ერთგულად იცავდა ეკლესიის სწავლებას, დავიწყეთ ლოცვა, მოღვაწეობა,ამა სოფლის სხვადასხვაგვარი საცდურების უარყოფა და ა.შ. მაგრამ აქ რაღაც შეცდომა დავუშვით. არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) მართებულად შენიშნავს: „ამ დროს ისინი ერთადერთ, მაგრამ დამღუპველ შეცდომას დაუშვებენ – მთელი ამ გარეგნული ღმრთისმოშიშების საფარველში ვერ შენიშნავენ შინაგან ამპარტავნებას, თავდაჯერებასა და თვითკმაყოფილებას."

   ამ თავდაჯერებულმა და ამპარტავნულმა დამოკიდებულებამ აშკარად გააჩინა გაუგებარი მოლოდინები, ადამიანებმა თავი ყველანაირი მადლის ღირსად და მფლობელად მიიჩნია თავი: ზოგს წმინდა ადამიანების მყისიერი გარჩევის უნარი აქვთ, ზოგნი ყველაფერში ღვთის სასწაულს ეძებს და სასწაულის ღირსად მიიჩნევს თავს, ზოგნიც „საყოველთაო გაბრწყინებას" ქადაგებენ....

   გვახსენდება წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის შეგონება: „თუ შენში მადლის მოლოდინი იმალება, ფხიზლად იყავი - საფრთხეში ხარ! ასეთი მოლოდინი მოწმობს შეფარულ თავდაჯერებულობას, რაშიც ამპარტავნებაა დაბუდებული.... თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის ღირსეულად მიჩნევა, მადლის მოლოდინი უკვე ხიბლია."

   მრავალი წელი ეკლესიაში ყოფნის შემდეგ ადამიანებს აღარ აკმაყოფილებთ სულიერი კიბის საწყის საფეხურზე ყოფნა, იგი არ თვლის თავს „დაბალი სულიერების" ღირსად, ამიტომ თავად ანიჭებს „მაღალ სულიერ საფეხურზე" ყოფნის სტატუსს. ავიწყდება რა უდავო ჭეშმარიტება: „სულიერ კიბეზე ადამიანი ღვთის მადლს აჰყავს: მაშინ კი არ აჰყავს მომდევნო საფეხურზე, როცა ადამიანი თავს ამის ღირსად თვლის, არამედ მაშინ, როცა მას ღირსეულად ღვთის მადლი მიიჩნევს." (წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი).

   ამრიგად, ჩვენს ირგვლივ, ეკლესიაში გაჩნდნენ უამრავი მოხიბლული მსახიობები, რომლებიც თამაშობენ სულიერებას. მამები გვასწავლიან, რომ ჩვენ არ ავყვეთ მათ თამაშს, მოვერიდოთ მათ სწავლებას და ამავე დროს განვერიდოთ განკითხვის სულს.

   გამოცდილი ადამიანი ხედავს, რომ ადამიანებს ეკლესიაში ჩამოუყალიბდა უგრძნობელობა საკუთარ სნეულებათა მიმართ, მან დაკარგა სინანულის სული „ურომლისოდაც სწორი გეზი არ ექნება მთელ მის შინაგან ცხოვრებას - იგი გადაუხვევს და დაადგება დამღუპველი ხიბლის მცდარ გზას." - გვასწავლის არქიმანდრიტი ლაზარე. ნამდვილად სრულდება ეს სიტყვები. სინანულის სულიერი გზის დაკარგვით შევიძინეთ: მოდერნიზმის, ფარდობითობის, ინდეფერენტიზმის, რაციონალიზმის და ლიბერალიზმის სული და ყოველივე ამას მარტლმადიდებლობა დაარქვეს.

   სინანულის სულში ყოფნა - არასდროს არ იყო ეკლესიის მამებში დავის საგანი. სინანულის სული ყოველთვის ითვლებოდა მართლმადიდებლურ სულად. ვინც საკუთარ თავს არ მიიჩნევდა რაიმე სახის სიწმინდის ღირსად, ის იყო ღირსეულად მიჩნეული ეკლესიაში. ამ საკითხში ყოველთვის სუფევდა ერთსულოვნება და ჭეშმარიტი ერთობა.

   ხოლო ამ სულის დაკარგვით ადამიანებმა მიიღო ხიბლის, ყალბი ღირსების სული და ავრცელებენ მას. გვახსენდება წმინდა ეგნატეს სიტყვები: „ხიბლში მყოფი თანაუგრძნობს მხოლოდ მათ, ვინც ხიბლშია. ჭეშმარიტების მსახურთ კი ვერ იტანს". აი, სად არის ერთსულოვნების წყალგამყოფი!

   ხიბლის სული - არის განდგომილების სული. სიფრთხილის და სინანულის განწყობის დაკარგვით ადამიანს შორდება მადლი და შესაბამისად მის გონებას აღარ ძალუძს ჭეშმარიტებაში დგომა: "ქრისტიანობა - საიდუმლო სულიერი ნიჭი - შეუმჩნევლად ტოვებს საზოგადოებას, რომელიც ამ ნიჭს არ უფრთხილდება." - გვახსენებს წმ. ეგნატე.

   სადაც არ არის სინანულის სული - იქ არ არის მართლმადიდებლობა!

   სადაც არ არის მართლმადიდებლობა - იქ არ არის ცხონება!


დავით ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია


უკან დაბრუნება