მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ეკუმენისტური მოძრაობის მიზნები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ეკუმენისტური მოძრაობის მიზნები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


გუშინ, 13:34

ეკუმენისტური მოძრაობის მიზნები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   საღვთისმეტყველო პოლემიკის პირობებში ხშირად თქმულა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა ეკუმენისტურ მოძრაობაში შესაძლოა შეიცავდეს ტრადიციის დარღვევის ელემენტებს, მაგრამ ეს დარღვევები მხოლოდ კანონიკური (და არა დოგმატური) ხასიათისაა. ამიტომ ეკუმენიზმს არ შეიძლება ეწოდოს ერესი. მსგავს მოსაზრებას გამოთქვამენ არა მხოლოდ რადიკალი მოდერნისტები, უბრალო მართლმადიდებლებიც, რომლებიც ზედმეტად ჰუმანისტურად უდგებიან საკითხს — ყურადღებას ამახვილდებენ იმაზე, რომ ეკუმენიზმი არ ყოფილა ბრალდებული ერესში მსოფლიო კრებების მიერ (სრული იგნორი ამჯერად რუსეთის ემიგრაციულ ეკლესიას ერგო, რომელმაც 1983 წ. ანათემას გადასცა ეკუმენიზმი).

   ჭეშმარიტებისაგან განდგომიდ ახლანდელ დროებაში გასაკვირი ისიც არ იქნება, კრებსითი გადაწყვეტილება ვერ განხორციელდეს. მაგრამ ნუთუ ერეტიკოსებთან ერთობლივ ლოცვას, „ეკუმენისტური საბჭოს" დოგმატური მინიმალიზმის პრინციპს (ე.ი. თანხმობა მხოლოდ იმ საკითხებში, რაც „გვაერთიანებს"), არ უნდა დაერქვას თავისი სახელი? წმ. იოანე დამასკელის ნაშრომში („О сма ересях вкратце") მოხსენიებული ერესებიდან ყველა როდი იქნა განხილული მსოფლიო კრებებზე, მაგრამ ამ ფაქტმა დამასკელს ხელი არ შეუშალა დანარჩენებისთვისაც ეწოდებინა ერესი.

   ცხადია, ისეთი მასშტაბური ცრუსწავლება, როგორიც ეკუმენიზმია, სათანადო კრებსით გადაწყვეტილებას საჭიროებს. ამიტომ ამოცანად რჩება შემზადდეს საფუძვლები მომავალი კრებისათვის (ცხადია, არა ისეთისთვის, როგორიც კრეტაზე 2016 წელს შედგა). მართლმადიდებელი ქრისტიანი ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია დაიცვას ჭეშმარიტი სწავლება და მართლმადიდებლურ ჭრილში გააანალიზოს ეკუმენიზმის დოგმატური (სწავლებითი) თუ ზნეობრივი (ლოცვითი) გამოვლინებანი.

   პირველი მცდარი წარმოდგენის მიხედვით თურმე პრინციპული კანონიკური დარღვევა და დოგმატურ სწავლების სიწმინდე შეიძლება თანაარსებობდეს, თითქოს შესაძლებელი იყოს კანონის დარღვევა და ამავდროულად არ შესცოდო ჭეშმარიტი სარწმუნოების წინააღმდეგ. მაგალითად გამოგვადგება ელინისტური წარმომავლობის ერესები (ორიგენიზმი, პელაგიანობა, გნოსტიციზმი). ეკუმენისტები აღნიშნული ერესების კონცეფციებს თამამად იყენებენ თავიანთ საღვთისმეტყველო შეხედულებებში. ამასთან, ისინი „რელიგიური ფილოსოფიის" კონტექსტში განიხილება (თითქოს ამაში არაფერი იყოს საკამათო). მაგრამ მავანი „რელიგიურ ფილოსოფიას" ცრუსწავლებას დაარქმევს, თუ სხვა რაიმე სახელს, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს — ის ყველა შემთხვევაში ერესად კვალიფიცირდება, ე.ი. ის ერესია! ეს ასეა იმის გამოც, რომ ერეტიკული შეხედულებები ეკლესიის ოფიციალური (დოგმატური) სწავლების (ეკლესიოლოგიის) ალტერნატიულ ვარიანტად მოიაზრება. იგულისხმება იმის პროპაგანდა, რომ მართლმადიდებლობა (სხვა ერეტიკული დენომინაციების მსგავსად) არ ფლობს სისავსით ჭეშმარიტ სწავლებას, ისიც „ნაკლულოვანია" თურმე. ამიტომ საჭიროა „უნივერსალური ეკლესიის" შექმნა, სადაც ყველა „ნაკულოვანება" იქნება აღმოფხვრილი.

   ეკუმენისტები მანიპულირებენ ტერმინებით, რათა ერეტიკული სწავლებანი „მისაღები" გახადონ მორწმუნე ხალხისათვის. მაგრამ ბოლო ჟამის წმ. მამებმა (იუსტინე პოპოვიჩი, სერაფიმე სობოლევი, ათონელი მამები და მრავალი სხვა) ამ ცრუსწავლებას თავისი „ღირსეული" სახელი (ერესი, მწვალებლობა) უწოდეს, მეტიც, ერესთა-ერესის კვალიფიკაციაც კი მიანიჭეს მას.1

   ეკუმენიზმი — ეკლესიოლოგიური შინაარსის ცრუსწავლებაა. შესაბამისად, ეს დოგმატური სიმახინჯე ავტომატურად მოახდენს ზემოქმედებას დოგმატიკის სხვა სფეროებზეც (სოტერეოლოგიაზე, ქრისტოლოგიაზე, საკრამენტალოგიაზე, პნევმატოლოგიაზე, ანთროპოლოგიასა და ესქატოლოგიაზე). პრაქტიკულად, ყველა საღვთისმეტყველო მეცნიერება დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ეკლესიოლოგიის დამახინჯების შემთხვევაში.

   ეკუმენიზმი გვთავაზობს „ახალ" (მოდერნისტულ) წარმოდგენას ეკლესიის საზღვრების, მაცხოვნებელი მადლის ეკლესიის მიღმა მოქმედების (დეკანოზი გ. ფლოროვსკი. „О Границах Церкви") შესახებ. ეს კი არსებითად ამახინჯებს ეკლესიის დოგმატურ ცნობიერებას. ვინაიდან „იურიდიული საზღვრები" მათ კონცეფციაში არ ემთხვევა „ქარიზმატულ საზღვრებს" (ერესია!).

   ასე რომ, ეკუმენიზმი არის ეკლესიოლოგიური ცრუსწავლება. მას გააჩნია თავისი ფარული ლოგიკა, რომლის მიხედვითაც თანმიმდევრულად მახინჯდება დოგმატიკის ყველა ასპექტი. ის ლამობს დედაეკლესიის ჭეშმარიტი სწავლება და ცხოვრება ათქვიფოს ფსევდოქრისტიანულ (ერეტიკულ) სწავლებებში და ამგვარად შემოგვთავაზოს „უნივერსალური ეკლესიის", „და-ეკლესიების", „უხილავი ეკლესიის" და ა.შ. კონცეფციები.

   ეკუმენისტური მოძრაობის მიზანია „ქრისტიანთა ერთიანობის აღდგენა". სრულიად აშკარაა ტერმინებით (ერთობა, სიყვარული...) სპეკულაცია, ვინაიდან ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ ერეტიკოსების გულწრფელი სინანულით, ერესების უარყოფით და დედაეკლესიაში (მართლმადიდებლობაში) დაბრუნებითაა შესაძლებელი! ეს კი „ეკლესიის მსოფლიო საბჭოს" — „ე.მ.ს.-ს კონცეფციით დეკლარირებულად შეუძლებელია.

   ამიტომ ვამბობთ, რომ ეკუმენიზმი შინარსობრივად, უნიების გაგრძელებაა, ოღონდ არა მხოლოდ პაპისტებთან, არამედ სხვა ქრისტიანულ კონცეფციებთან, მეტიც, სხვა რელიგიებთანაც პანეკუმენისტურ ფორმატში.

   უნიატური შეთანხმებები კრებსითად ამხილა მრავალმა ადგილობრივმა ეკლესიამ (მოსკოვი 1441 წ, იერუსალიმი 1443 წ, კონსტანტინოპოლი 1450 ე. და სხვ.). იქ, სადაც მსოფლიო კრებების მნიშვნელობაა დაკნინებული, გასაგებია, ადგილობრივი კრებების ბედიც ეკუმენისტური თვალსაწიერით.

   აქვე ვიტყვით: არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული არგუმენტები (რაოდენ სარწმუნოც და მრავალრიცხოვანიც იყოს) ცხადი უეჭველად გახდება ეკუმენისტებისთვის, რომ ისინი მყისიერად შეეშვებიან თავიანთ ცრუსწავლებას. არანაირ მტკიცებულებას ისინი არ იღებენ. მათი იდეოლოგიის დოგმატური ცდომილებები დიდი ხანია სააშკარაოზეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ პრეტენზია მთლიანად შეცვალონ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია. საამისო საფუძვლები ე.წ. „პარიზის სკოლის" წარმომადგენლებმა შექმნეს.

   ეკუმენისტები ცდილობენ ორმაგ თამაშს: ერთი მხრივ, მართლმადიდებლობის მქადაგებლებად მოგვაჩვენონ თავი, მეორე მხრივ (თავისიანებში), აქტიურად იქადაგონ ეკუმენიზმი. ეს „ბალანსის" პოლიტიკაა ორთოდოქსულ პოზიციასა და აშკარა (მკაფიო) ერესს შორის. მიზანი ერთია: არ მოხდეს ეკუმენიზმის კვალიფიცირება ერესად.

   ორთოდოქსულის საპირისპირო ეკუმენისტური ეკლესიოლოგიის მკაფიო გამოვლინებად თავად მაცხოვრის სიტყვები უნდა მივიჩნიოთ: „შევედით იწროისაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზა, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას (მათ. 7. 13-14).

   ამრიგად, ეკლესიის საზღვრების უკიდეგანო გაშლა „ფართო გზით სვლა" სულაც არ ესადაგება სახარებისეულ სწავლებას — ის „იწრო გზას" ანიჭებს ცხონებას.

   თუკი მსოფლიო კრებების პრინციპი იყო — ეძიებდეთ მხოლოდ ჭეშმარიტებას და ერთობას ქრისტეში, ეკუმენისტური დოკუმენტების მიხედვით (კრეტის კრება, გავანისა და ლესბოსის დეკლარაციები და სხვა) ეძებენ „ერთობას" ანტიქრისტეში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მცდელობაა განხორციელდეს მსოფლიონ და ადგილობრივი კრებების „რევიზია" და ახლებური ფორმატი შემოგვთავაზონ მართლმადიდებლებს.

   შეგახსენებთ: მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებათა არმიღება, მეტიც — უარის თქმა ამ კრებებზე ანათემირებული ერეტიკოსების განჩინებაზე, რომ არაფერი არ ვთქვათ მათთან ერთობლივ ლოცვებზე, კვალიფიცირდება, ვით თანაგრძნობა არ ერესებისა; ეს კი რჯულის კანონით სასჯელს ექვემდებარება (V მსოფლიო კრება. მე-8 კანონი; ტრულის კრება. 1 კანონი).

   პავლე მოციქული გვასწავლის: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლასა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დაშჯილ" (ტიტ. 3. 10-11). ეკუმენისტები „ორი და სამი" შეგონება კი არა, საერთოდ ვერაფერს ხედავენ შესაგონებელს და უარსაყოფელს ერეტიკულ დენომინაციებში.

   უნდა აღინიშნოს ეკუმენისტური მოძრაობის საერთო მანიშნებელი, ესაა არამართლმადიდებლურ საკრებულოებში ქარიზმის აღიარება, გაუმართლებელი იდეალიზება, რომანტიკული აღქმა ყოველივესი, რაც სინამდვილეში მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებსა და სულიერ ტრადიციებს სცდება.

   სინამდვილეში კანონიკურ საზღვრებს მიღმა „ქარიზმატულის აღიარება" ანგრევს იმ სწავლების „ჯებირებს" (დოგმატებს, კანონებს), რომელ სწავლებაზეც ვით კლდეზე, დგას დედაეკლესია.

   ამრიგად, ეკუმენიზმის ერეტიკული ნიშანთვისებანია:

   1) ეკლესიის სწავლების რელატივიზაცია, ე.ი. დოგმატური სწავლების დამახინჯება „საზღვრების გაფართოების" მიზნით, რათა ეკლესიის წიაღში „შემოიყვანონ" (ან ჩვენ „შეგვიყვანონ") ერეტიკული და სქიზმატური საკრებულოები.

   2) უნიების გზის პირდაპირი გაგრძელება. ამიტომაც ეკუმენისტები უნიატების მსგავსად უნდა იქნენ ბრალდებულნი ცრუსწავლებაში, ადგილობრივი ეკლესიების დონეზე მაინც.

   3) ერესში ბრალდებული ცრუსწავლების (ეკუმენიზმის) ერეტიკულობის აღიარება, როცა საქმე ეხება ერთობლივ ლოცვას და მწვალებლური სწავლების პროპაგანდას.

   4) სარწმუნოებრივი სწავლების (დოგმატების), არა მხოლოდ კანონებთან მიმართებაში „იკონომიის" (დროებითი დაშვების) გამოყენება.

   5) მართლმადიდებლობის საღვთისმეტყველო დოქტრინის მთლიანი სახეცვლილება, დესტრუქციული ჩანაცვლება ერეტიკული სწავლებებითა და ერეტიკული სულით.

   ეს გახლავთ მცირე ჩამონათვალი იმისა, თუ რა მიზანს ემსახურება ეკუმენისტური მოძრაობა. თუ მისი გარეგნული ჰუმანიზმი ხიბლავს მავანს, ის უთუოდ უფრო ღრმა ცდომილების თანაზიარი გახდება მომავალში. ვინც დღეს უკვე თქვა „ა", ხვალ უთუოდ იტყვის „ბ"-ს, ე.ი. აუცილებლად უღალატებს ჭეშმარიტებას.





1 Прп. Иустин Попович. Записи об экуменизме.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება