მთავარი > სხვადასხვა > თუ ჩვენ გვკითხავენ, რომელი პერიოდი იყო ყველაზე ბედნიერი ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ ალბათ ვუპასუხებთ - ბავშვობა

თუ ჩვენ გვკითხავენ, რომელი პერიოდი იყო ყველაზე ბედნიერი ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ ალბათ ვუპასუხებთ - ბავშვობა


22-07-2012, 19:53
  ბავშვობის მოგონებებში არის რაღაც განსაკუთრებით მიმზიდველი ძალა, თუმცა ბავშვობა ბევრს მძიმე ჰქონია. ბავშვობაში იყო რაღაც აუხსნელი, ამოუცნობი - ის, რაჩ ჩვენ შემდგომში დავკარგეთ.
  ბავშვის ემოციური სამყარო ბევრად უფრო ღრმა და მდიდარია, ვიდრე მოზრდილი ადამიანისა. ყოველივეს მის ირგვლივ იგი აღიქვავს უშუალოდ, თვით ბავშვური თამაშებისას იგი არ კარგავს ამ უშუალობას. თუმცა ადამიანის სიწმინდე პირობითია, ბავშვი, რომლის ვნებები ჯერ არ გაღვიძებულა, სამყაროს სხვა თვალებით უცქერს, სხვაგვარად აღიქვამს. ხატოვნად რომ ვთქვათ, ცაზე იმ ვარსკვლავებს ხედავს, რომლებიც ჩვენთვის უკვე მიუწვდომელი გამხდარან. ბავშვს შეუძლია განიცადოს უფრო ღრმად, უყვარდეს უფრო გულწრფელად, იმეგობროს უფრო ერთგულად. როდესაც ადამიანს ძალიან უჭირს, იგი იხსენებს საკუთარ ბავშვობას, რომლის შემდგომაც ზეცა შავი ღრუბლებით დაიფარა. თვით უბრალოება ბავშვისა, ჩვენთვის უკვე დაკარგული, არის მიზეზი მისი ბედნიერებისა, ხოლო უსუსურობა - მისი ყველაზე დიდი ძალა.
  ბავშვობა ადამიანის ცხოვრების მარგალიტია. ახლა კი სურთ ამ მარგალიტის წართმევა, ტალახში გასვრა და ფეხით გათელვა ისე, როგორც არც თუ ისე დიდი ხნის წინ რაღაც დემონური სიხარულით ბილწავდნენ სიწმინდეებს ტაძრების დამანგრევლები, როგორც შავი მაგიის რიტუალში ამტვრევენ ჯვარს, რათა მოიხმონ სატანა.
  დღეს კი ბავშვობა სურთ წაბილწონ როგორც სიწმინდე, ჩაითრიონ ბავშვები გარყვნილების ჭაობში, მომაკვდინებელი შხამი ძალით შეუშხაპუნონ ძარღვებში, სატანისტური რიტუალის კულმინაციურ მომენტში კლავდნენ ბავშვს, როგორც ლუციფერისადმი მიძღვნილ მსხვერპლს. დღეს კი სურთ მოკლან ბავშვის სული, მოკლან არა დანით, არამედ სულიერი შხამით. უნდათ დაახრჩონ ბავშვი გახრწნილების ჭაობში, რომ ამ სიბინძურემ მის ძვალ - რბილში გაატანოს.
  ნაწილობრივ, ბავშვების გახრწნას თავად მშობლები უწყობენ ხელს, როდესაც შეაქვთ სახლებში პორნოგრაფიული ჟურნალ - გაზეთები და შვილებს იმ ტელეგადაცემების ყურების ნებას რთავენ, რომლებშიც გაშიშვლებულია ცხოვრების მთელი სიბინძურე. ამასთან ჩვენ გვარწმუნებენ, რომ შესაძლებელია იარო ჭაობში და ტანსაცმელი არ დაგესვაროს.
  ცნობისმოყვარეობა ბავშვისთვის ერთ - ერთი მეტად დამახასიათებელი თვისებაა. გარე სამყაროს შთაბეჭდილებებს იგი ძლიერ ღრმად და ემოციურად აღიქვამს, მის სულში ისინი ძნელადწასაშლელ კვალს ტოვებენ. მშობლები, რომლებიც არ ზრუნავენ შვილების სიწმინდის შენარჩუნებისათვის, იმათზე უარესნი არიან, ვინც საკუთარ შვილებს შიშველსა და მშიერს ტოვებს. მაგრამ სატანურ ძალებს ესეც ეცოტავებათ. მათ სურთ გარყვნან ბავშვები სკოლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით. ისინი გარეგნულად შეიძლება ქველმოქმედებითი ხასიათისა იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში მათი მიზანია ცხოვრებაში ყოვლის დაშვებულობის პროგრამის ჩანერგვა; მათი მიზანია საუკუნოვანი ეროვნული ტრადიციების დანგრევა, მართლმადიდებელი მშობლების ზეგავლენის შემცირება საკუთარ შვილებზე თითქოსდა „ბავშვის უფლებების დაცვის" მიზნით და იმ შეხედულების დამკვიდრება, რომ ერის ზნეობრივი ფასეულობები - ეს მხოლოდ ბნელი გადმონაშთებია ასეთივე ბნელი წარსულისა, ხოლო ქორწინებამდე ქალწულობის შენარჩუნება - ის, რაც ადრე ღირსებად ითვლებოდა, წარმოადგინონ თვით ინკვიზიციად, ან მშობლების მიერ შვილების უფლებების ხელყოფად და ძალადობად.
  ბავშვობის გარყვნით ეს ძალა ანგრევს ქრისტიანულ ქორწინებას. ადამიანს შეუძლია სიცოცხლე შესწიროს იდეას. გარყვნილ გულს შეუძლებელია ჰქონდეს იდეალი, მაშასადამე ყოველგვარი იდეაც. ერთერთი მიზანი მისთვის ცხოვრებიდან ნებისმიერი მეთოდით და საშუალებით ტკბობის მაქსიმუმის გამოწურვაა. ხატოვნად რომ ითქვას, მაღალი ზნეობრივი იდეალებით მცხოვრები ერი ეკლესიად იქცევა, ხოლო ამ იდეალების დამკარგველი ხალხი უსახო ბრბოდ, რომელსაც არც წარსული აქვს, აღარც მომავალი.
  ექსპლუატირებას ახდენენ რა სიტყვების - „კულტურა", „ცივილიზაცია", - დღეს სურთ სკოლებში დანერგონ სექსოლოგიის საგანი, სადაც „მასწავლებელი" ეროტიკული თამაშების რეჟისორად ქცეულა. ამ „გაკვეთილებზე" გოგონებმა და ბიჭებმა პასუხი უნდა გასცენ შეკითხვებს მეუღლეების ინტიმური ცხოვრების შესახებ და ლამის იმიტაცია მოახდინონ ცოლ - ქმრული ცხოვრებისა. მათ უხსნიან არა მარტო პრაქტიკულ სექსს, არამედ პათოსექსოლოგიას, ეძლევათ რეკომენდაციები ორსულობისაგან თავის დასაცავად და ა. შ.
  გასული საუკუნის 20-იან წლებში, რევოლუციის შემდგომ, რევოლუციონერისა და ტერორისტის კალანტაის ხელმძღვანელობით დაარსდა საზოგადოება „შორს სირცხვილი!" რომლის პროგრამა გულისხმობდა სირცხვილის გრძნობისა და საერთოდ მისი გაგებისაგან, როგორც ბურჟუაზიული საზოგადოების გადმონაშთებისაგან, ადამიანთა გადაჩვევას. ადამიანებს სთავაზობდნენ ქუჩაში დედიშობელად ევლოთ, აერჩიათ ეროტიკული პარტნიორები ყველაზე ახლო ნათესაურ დონეზე, მოეწყოთ კოლექტიური შერწყმის ადგილები ცხოველთა მსგავსად და ა. შ. კალანტაი თავად უჩვენებდა მაგალითს, - არ ერიდებოდა საკუთარი ასაკის, მაგრამ ამაზე საუბარი მეტად ამაზრზენია. დღეს ზემოთხსენებული საზოგადოების პროგრამა, რომლის დანერგვა თავის დროზე ვერ მოხერხდა, ხორციელდება სხვა მეთოდებით, - არა ბურჟუაზიულ იდეოლოგიასთან ბრძოლის ბაირაღით (როგორც კალანტაის დროს), არამედ დემოკრატიისა და პროგრესის სახელით.
  საქართველოში ოდითგან დიდად ფასობდა ქალწულებრივი ღირსება და კდემამოსილება. ურყევი რწმენა და მაღალი ზნეობა აძლევდნენ ქართველებს ძალებს გადარჩენისას. დღეს საქართველო დგას უფრო საშიში ალტერნატივის წინაშე, ვიდრე წარსული ისტორიული ქარტეხილებისას: იარსებებს თუ არა ის საერთოდ; ანუ შეინარჩუნებს თუ დაკარგავს საკუთარ სახეს, საკუთარ ტრადიციებს, საკუთარ სულს, საკუთარ იდეალებს, ვთქვათ პირდაპირ - ქრისტიანობას.
  მშობლებმა უნდა მოითხოვონ პორნოგრაფიული პროდუქციის გაყიდვის აკრძალვა და ტელეგადაცემებზე კონტროლის დაწესება. უნდა აიკრძალოს სექსოლოგიის გაკვეთილები, რომლებიც სკოლას საროსკიპოსკენ მიმავალ კიბედ აქცევენ. მშობლები, რომლებიც მშვიდად უცქერენ საკუთარი შვლების გარყვნას, ემსგავსებიან მოლოქის იმ თაყვანისმცემლებს, რომლებსაც საკუთარ ხელებზე დასვენებული მიჰყავდათ უმწეო ჩვილები, რათა ჩაეყარათ იმ საზარელი კერპის გავარვარებულ მუცელში.
 
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

უკან დაბრუნება