მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ერთიანობა ჭეშმარიტებაში VS ერთიანობა სიცრუეში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ერთიანობა ჭეშმარიტებაში VS ერთიანობა სიცრუეში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძედღეს, 07:32 |
|
მართლმადიდებელი ეკლესია, ვით ქრისტეს სხეულია ერთადერთი ნავსაყუდელი ცხონებისა და ჭეშმარიტებისა, არასდროს გაყოფილა და არსად გამქარალა. ის ქრისტიანული ისტორიის მანძილზე სულიწმინდის მადლით ზუსტად გადმოსცემდა წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის სწავლებას. თანამედროვე პროექტები, როგორიცაა, მაგალითად, „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო - ე.მ.ს." და სხვა მსგავსი ეკუმენისტური ორგანიზაციები, გახლავთ რელიგიური სინკრეტიზმის ნაყოფი და გამოვლინება. ახალი საღვთისმეტყველო ცნობიერება ეწინააღმდეგება იმის აღიარებას, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი მაცხოვნებელი სარწმუნოება. მათი ძირითადი თეზაა — „მთავარია ერთიანობა და სიყვარული", თითქოს ან ერთს, ან მეორეს რაიმე ფასი ჰქონდეს ჭეშმარიტების გარეშე. ეკუმენისტებისეული „ერთიანობის" თეზა გლობალური მნიშვნელობისაა — არა მხოლოდ ქრისტიანული კონფესიების, არამედ ყველა რელიგიის გაერთიანებას ისახავს მიზნად. საყოველთაო ერთიანობის კულტი მსხვერპლს ითხოვს და ეს „მსხვერპლი" არის... ჭეშმარიტება! ეკუმენისტების ამოცანაა — „გადაილახოს ქრისტიანული დაყოფა", ხოლო დაყოფის მიზეზად „ძველად" არსებული საღვთისმეტყველო პრობლემები ე.ი. მსოფლიო კრებების დოგმატური განსაზღვრებები, ანათემები სახელდება. თუმცა ისიც მართალია, რომ ძველად ყველაფერი სხვაგვარად იყო — ერესებს თავისი სახელები ერქვა. ასე რომ, „ძველად ჩამოყალიბებული პრობლემები", რომლისგანაც გათავისუფლება ესოდენ სწყურიათ ეკუმენისტ-მოდერნისტებს, სინამდვილეში წმ. გარდამოცემაა, წმ. მამათა ერთსულოვანი სწავლება. სწორედ მას დაშორდნენ ეკუმენისტებიც, მოდერნისტებიც, ვინაიდან სულისკვეთებითა და პრიორიტეტებით სულ სხვა განზომილებაში არიან. წმ. გარდამოცემის ერთგული ქრისტიანისთვის მთავარია ფლობდეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას; ჭეშმარიტებაში ერთიანობა კი მისგან მომდინარე სათნოებაა. ეკლესია ერთიანია იმიტომ, რომ ის ერთიანია ჭეშმარიტებაში: „მე ვარ გზა ფა ჭეშმარიტება" — ამბობს მაცხოვარი. მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთიანობა განპირობებულია ჭეშმარიტებით, ხოლო ყოველივე, რაც ამ ერთიანობის მიღმაა, სიცრუეა. ახალ ღვთისმეტყველებაში დოგმატების მნიშვნელობა უგულებელყოფილია. მას დრომოჭმულის სტატუსი მიანიჭეს. სამაგიეროდ „ერთიანობა ერთიანობისთვის" ჭეშმარიტების მთავარ საზომად წარმოგვისახეს. ეს გახლავთ სწორედ ის მექანიზმი, რომლის თანახმადაც „ერთიანობა" (ერეტიკოსებთან, იუდეველებთან, მუსლიმებთან, ბუდისტებთან... წარმართებთან) ნებისმიერ ფასად უნდა მოვიპოვოთ. ცნებათა აღრევის უკეთ წარმოჩენის მიზნით მოვიხმოთ შედარება: ჭეშმარიტებისაგან განცალკევებული ერთიანობის (გნებავთ სიყვარულის) ცნება შევადაროთ დაცემულ ადამში სულისაგან განცალკევებული სამშვინველისა და სხეულის არსებობას. პირველქმნილი ადამი სულიერი (მადლმოსილი) ადამიანი იყო, სამშვინველი და ხორცი სულს ემორჩილებოდა. დაცემის შემდეგ ადამი (ადამიანები) „ავხორცულები" გახდნენ, ე.ი. „ხორცი" გაბატონდა სულზე. ასევეა ამ შემთხვევაშიც: გარეგნული ერთობა (უნია, ეკუმენისტური საბჭო და მსგავსი კონფესიათაშორისი ორგანიზაციები) „ავხორცულად" განსაზღვრავენ ჭეშმარიტებას (კანონს, დოგმატს); ამ დროს კი ჭეშმარიტების განმსაზღვრელი გახლავთ სულიწმინდის მიერ შთაგონებული მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური და ზნეობრივი ცხოვრება. შედეგად, ჭეშმარიტი ეკლესიის მიღმა ერთიანობა, არსებითად სიცრუეში, ბოროტებაში გაერთიანება, რომლის „ავტორიც" ეშმაკია. თავიანთი ეკუმენისტური კონცეფციის გამართლების მიზნით, თანამედროვე „ღვთისმეტყველები" გვეუბნებიან: კათოლიკების წინააღმდეგ არ ყოფილა მსოფლიო კრებების განჩინება (წინა თავებში წარმოვადგინეთ არა ერთი ავტორიტეტული კრების მიერ პაპიზმის მხილების ფაქტები, რომლებიც ერთხმად მიიღო ეკლესიის სისავსემ). მაგრამ ერთი წამით (გონებაში) დავუშვათ, რომ მსოფლიო კრებათა კანონები ფორმალურად არ მიესადაგებოდა პაპიზმს რაკი ის მაშინ არ არსებობდა (თუმცა პირველ და მეორე მსოფლიო კრებებზე მიღებული მრწამსის სიმბოლოში „ფილიოქვეს" ჩამატებამ ამხილა პაპიზმი). მაშინ კიდევ უფრო მკაფიო მაგალითებს მივმართოთ: როგორ გავიგოთ მონოფიზიტებისა და ნესტორიანელების განმეორებითი ანათემები, გაჟღერებული მეხუთე-მეექვსე და მეშვიდე მსოფლიო კრებებზე? მსოფლიო კრებებზე ხომ დადასტურდა მოციქულთა კანონები, რომლებიც კრძალავენ ყოველგვარ ლოცვით კავშირს ერეტიკოსებთან? საქმე ისაა, რომ სერიოზულ არგუმენტებს, დამაჯერებელ ლოგიკას ახალი მოდერნისტული ღვთისმეტყველება არ ექვემდებარება. მისთვის პრიორიტეტულია არა ჭეშმარიტება, არამედ ნებისმიერი ფორმის ერთიანობა. მაცხოვარი ნებისმიერ ფასად ერთიანობის შენარჩუნებას როდი ქადაგებდა, არამედ ამბობდა: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული — დედისაგან თვისისა და სძალი — დედამთილისაგან თვისისა" (მათ. 10. 34-35). ეკუმენისტები კი გაიძახიან: „ნუ მივაქცევთ ყურადღებას იმას, რაც გვყოფს, არამედ იმას, რაც გვაერთიანებს". მაგრამ რა გვაერთიანებს მართლმადიდებლებს ერეტიკოსებთან? — მხოლოდ დაცემული სამშვინველითა და ხორცით განპირობებული „კეთილდღეობა", „სიყვარული", „ერთობა" და „ძმობა". ხოლო ჭეშმარიტი ერთიანობა, ერთობა ქრისტეში სულიწმინდის ნიჭია, ე.ი. ჭეშმარიტება ადამიანის სულის (მადლის) კუთვნილებაა. ნუ გავცვლით მას დაცემულ ხორციელ მდგომარეობაზე!
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |