მთავარი > საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > "ახლო არს ჟამი" - დავით ჯინჭარაძე

"ახლო არს ჟამი" - დავით ჯინჭარაძე


9-03-2026, 18:45

"ახლო არს ჟამი" - დავით ჯინჭარაძე

 

   წმინდა წერილი და განსაკუთრებით ბოლო სამი საუკუნის ეკლესიის მამები, მუდმივად გვახსენებენ ბოლო ჟამის ნიშნების და განდგომილების შესახებ.

   სახარებაში აღწერილი ბოლო ჟამის დამახასიათებელი გარეგნული კატაკლიზმები და ომები საკმაოდ თვალსაჩინო გახდა დაკვირვებული ადამიანისთვის. "რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაი მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად. ხოლო ეს ყოველი დასაბამი სალმობათაი არს.”

   თუმცა ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან საყოველთაო განდგომილება, მათ შორის ეკლესიის წიაღში, ბევრისთვის ნაკლებად შესამჩნევია. როდესაც გვესმის წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვები: „რელიგიური თვალსაზრისით ჩვენი დრო ერთობ მძიმეა. მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და სხვადასხვაგვარმა განდგომილებამ ფართო გასაქანი ჰპოვა არაჩვეულებრივი ენერგიითა და თავისუფლებით მოქმედება დაიწყო.” - თანამედროვე მორწმუნესთვის ეს არაფრის მთქმელი სიტყვებია. არ ჯერათ,რომ ეს სიტყვები ჩვენს ეპოქას გაცილებით უფრო მეტად ახასითებს, ვიდრე წმ. ეგნატეს მიერ წარმოთქმულს მე XIX საუკუნის ბოლოს.

   ამ სიბრმავის მიზეზს ისევ წმინდა ეგნატე გვიმარტავს, როდესაც ამბობს, რომ ყველა ადამიანი ხიბლშია, ანუ ადამიანი თავისი დაცემული ბუნების გამო მცდარი სულიერი აღქმებით ცხოვრობს. ის ამბობს: "სამყარო ხიბლშია და თანაუგრძნობს მათ, ვინც ხიბლშია. ჭეშმარიტების მსახურთ კი ვერ იტანს”.

   იგი თავის ძმას წერდა: „უმაღლესი წოდების იერარქებს შორის ქრისტიანობის სუსტი, ბნელი, მცდარი, არასწორი, სიტყვასიტყვიერი გაგება შემორჩა, რომელიც კლავს სულიერ ცხოვრებას ქრისტიანულ საზოგადოებაში და ანადგურებს მას."

   წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობდა: "მართალია ქრისტიანული სახელი ყველგან გაისმება და ყველგან იქნება საეკლესიო ტაძრები და განწესებები, მაგრამ ეს ყოველივე გარეგნული იქნება, ხოლო შიგნით – ჭეშმარიტი განდგომილება”

   აქვე წმინდა მამები ბოლო დროის შესაფერის მანუგეშებელ სიტყვებს გვთავაზობენ. საგულისხმოა, ნეტარი ნიფონტი კონსტანტინეპოლელის წინასწარმეტყველება: „უკანასკნელ ჟამს ისინი, ვინც ჭეშმარიტად ემსახურებიან ღმერთს, მშვიდობიანად დაჰფარავენ თავს ადამიანთაგან და არ მოახდენენ მათ შორის ნიშნებსა და სასწაულებს, როგორც ახლანდელ დროში, არამედ ივლიან იმ მოძღვრების გზით, რომელიც სიმდაბლითაა შეზავებული და ცათა სასუფეველში სასწაულებით სახელგანთქმულ მამებზე დიდნი აღმოჩნდებიან;”

   წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი კი პირველ რიგში ჩვენს სულიერ სისუსტეზე ამახვილებს ყურადღებას და გვაფრთხილებს: "განდგომილება ღმერთმა დაუშვა და ნუ შეეცდები შეაჩერო იგი შენი უძლური ხელით".

   შემდეგ გვანუგეშებს: "ნუ იფიქრებთ, თითქოს ჩვენი ღვაწლი მოკლებული იყოს მწუხარებებსა და გვირგვინებს - არა! იგი მოწამეობასთანაა შეერთებული. ეს მოწამობა ჰგავს ლოთის ტანჯვას სოდომში: მართალი ლოთის სული იტანჯებოდა გარშემო გამეფებული გაუთავებელი და დაუოკებელი მრუშობით.”

   "ბოლო ჟამს, ცხონების მსურველნი განერიდებიან საზოგადოებას და თავმდაბლური გზით ივლიან. ამავე დროს, განდგომილთა განკითხვასაც მოერიდებიან, ყოველივეს ღვთის ნებასა და სამსაჯავროს მიანდობენ ...ცხონების მსურველებმა უნდა გაიზიარონ ეს და გამოიყენონ ცხონებისათვის მოცემული დრო, რამეთუ ახლოა ყველა ჩვენგანის მარადიულობაში გადასავლის ჟამი."

   ამავე დროს მართლმადიდებლები გაურბიან მეორედ მოსვლის ზუსტი თარიღების დასახელებას. „ხოლო ჟამთათვის და წელთა, ძმანო, არა გვიხმს მიწერად თქვენდა, რამეთუ თქვენ თვით გამოწვლილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისა, ვითარცა მპარავი ღამისა, ეგრეთ მოიწევის" (1 თეს. 5.1.-2).

   მაგრამ ვითვალისწინებთ, რომ იმავე ღმერთმა, რომელმაც აუკრძალა მოციქულებს „წელთა და ჟამთა" გამოცნობა, უთხრა ერთხელ ფარისეველებს და სადუკეველებს: „ორგულნო, პირი სამე ცისაი იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთნი ვერ გიცნობიეს გულისხმისყოფად". (მათ. 16.3).

   ამრიგად, მოკლედ რომ შევაჯამოთ მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება ბოლო ჟამის ეპოქისადმი, შემდეგი რჩევებია გასათვალისწინებელი:

   - უნდა შეიცნო ჟამი, დაინახო განდგომილება, მათ შორის ეკლესიაში, მაგრამ არ ეძიებდე ზუსტ თარიღებს;

   - უნდა შეაფასო საკუთარი რეალური სულიერი მდგომარეობა და არ უნდა გქონდეს საყოველთაო გამოსწორების ზედმეტი მოლოდინი "ჩვენი უძლური ხელით", მოვერიდოთ ხიბლს!;

   - უნდა ვიაროთ თავმდაბლური გზით და მოვერიდოთ განდგომილთა განკითხვას;

   - განვმტკიცდეთ რწმენაში, ვადასტურებდეთ ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და დანარჩენი ღვთის განგებას მივანდოთ;


დავით ჯინჭარაძე  

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება