მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > აღმოსავლურ-დასავლური მისტიციზმის საერთო საფუძვლები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

აღმოსავლურ-დასავლური მისტიციზმის საერთო საფუძვლები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


გუშინ, 08:45

აღმოსავლურ-დასავლური მისტიციზმის საერთო საფუძვლები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ცრუმისტიციზმი არასწორად გაგებული და ასევე არასწორად წარმართული რელიგიურობის ავადმყოფური წარმონაქმნია. ამ ნიშნით ტოლობის ნიშანი შეგვიძლია დავსვათ აღმოსავლურ და დასავლურ ცრუმისტიციზმს შორის. მისი გამოჩენა და განვითარება შესაძლებელი იყო იქ, სადაც საფუძველს არა აღმოსავლეთის წმ. მამათა სულიერი ასკეზა, არამედ წარმართულ-ელინისტური მისტიციზმი აყალიბებდა. თეოლოგიური ნიშნით „ქრისტიანულ ელინიზმსა" და დასავლურ ერესებს აქვთ საერთო ნიადაგი. პრაქტიკულ ცხოვრებაშიც „მართლმადიდებლურ ორიგენიზმსა" და „დასავლურ აღმსარებლობათა მისტიკას" შორის საერთო საფუძვლები იკვეთება. ორივე შემთხვევაში აქცენტი „სულიერი სიმაღლეებისაკენ" საკუთარი ძალისხმევით ლტოლვაზეა გაკეთებული.

   1. ორიგენიზმში და ეკლესიის წიაღში შემოჭრილ „ზომიერ ორიგენიზმში" „სამშვინველის გონივრული ნაწილი" ღვთაებრივ ხარისხში იყო აყვანილი — ე.ი. ადამიანის გონებას „ღვთაებრივ ცეცხლთან ემანაცია" (როგორც ღვთაებრივის შემადგენელ ნაწილთან) შერწყმა თვითუფლებრივად, ავტონომიურად შეუძლია. ამ თეორიამ სერიოზული გავლენა მოახდინა ეგვიპტის მონაზვნებზე — ისინი ევაგრეს (იგივე ორიგენეს) სწავლებით იყვნენ მოხიბლულნი. ცხადია, ეს გარემოება გარკვეულწილად მართლმადიდებლურ მისტიციზმსა და ასკეტიზმზეც იმოქმედებდა, ე.ი. ის ნაწილობრივ ეკლესიურ ცხოვრებაშიც შემოიჭრა. ორიგენიზმსა და ევაგრიზმში ქრისტიანულ-ელინისტური კონცეფციები ისეა ერთმანეთში აღრეული, რომ ადამიანს თვითუფლებრივად, საკუთარი ღვაწლით შეუძლია თურმე სამშვინველიდან სულიერ მდგომარეობაში გადასვლა-აღორძინება. ამ ფონზე, მართლმადიდებლურ — მამებისეული სწავლება, სულიერი ღვაწლი, ლოცვა, საკუთარ ცოდვილობის განცდა, დაცემის შეცნობა და ა.შ. „დაბალ", საფეხურად, არმოსაწონ მდგომარეობად აღიქმებოდა.

   ორიგენისტმა ბერებმა მართლმადიდებლებს „ანთროპომორფისტები" უწოდეს — ე.ი. მართლმადიდებელ მოღვაწეებს არწმუნებდნენ უარი ეთქვათ ხორცში მყოფი ქრისტეს ხატების გონებით წარმოდგენაზე. ასე რომ, ორიგენისტული მისტიციზმის მიხედვით სხეულში მყოფი ქრისტე უკვე აღარ იყო საჭირო, „აღარ ვიცით". რატომ? რადგან ის „ჭვრეტით ვიცით", „ახალმა სულიერმა ჭვრეტამ" უნდა გადალახოს ეს „ხატება", რათა ქრისტეს განკაცებამ არ დაჩრდილოს მისი ღვთაებრივი დიდება". ასე რომ, ორიგენისტებისთვის (როგორც „მართლმადიდებელი ორიგენისტებისთვის") ქრისტეს (ვით კაცის) მისტიკა) მხოლოდ დაბალი საფეხურია „ღვთის მჭვრეტელობით მისტიკამდე" — ამაშია მთავარი საფრთხე ამ ცრუმისტიციზმისა. მსგავსი „სულიერი პრაქტიკა" განსაკუთრებით სახიფათოა ლოცვის შემთხვევაში, ვინაიდან ამ სულისკვეთების ბერები იოლად ვარდებოდნენ ეშმაკისეულ ხიბლში.

   ორიგენეს მიხედვით, გონება უნდა განთავისუფლებულიყო სხეულისაგან, რაც გულისხმობდა გონების შეერთებას ღმერთთან. ამის შემდეგ გონებამ უკვე აღარ იცის არაფერი, გარდა ღვთისა (Ориген. Гом. Н. П. 1.7). ე.ი. ორიგენე საუბრობდა ღვთაებრივ ლოგოსში ადამიანის სამშვინველის ემანაციაზე (შერწყმაზე); ადამიანის, ვით ღვთაებრივის ნაწილზე, „ჭვრეტის მდგომარეობაში ამაღლებამდე". ცხადია, ასეთი „მაღალი", „მჭვრეტელობითი" მისწრაფებანი არ მისცემდა მოღვაწეს თავის ცოდვებსა და სინანულზე ფიქრის საშუალებას (ის ხომ ღვთაებრივის ნაწილად მიიჩნევს თავს). აქედანაა ხიბლის ის მრავალრიცხოვანი გამოვლინებანი, რომლებიც უხვადაა წარმოჩენილი პატერიკებში.

   2. იგივე სურათია „დასავლურ აღმსარებლობათა მისტიკაშიც". აქაც ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობას ეძებდნენ, მაგრამ არასწორი გზით მიდიოდნენ. რაც მთავარია, ისინიც იმედოვნებდნენ, რომ საკუთარი ძალისხმევით, სრულიად ბუნებრივად დაეუფლებოდნენ ღვთაებრივ სიმაღლეებს „მჭვრეტელობითი უნარებით", აღგზნებითი წარმოსახვებით.

   ქრისტეში ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება, როგორც პავლე მოციქული ამბობს არის: „ცხოვრებაი, დაფარული ქრისტეთურთ ღვთისა თანა" (კოლ. 3. 3); პეტრე მოციქულის მიხედვით — „დაფარული იგი გულის კაცი" (1 პეტ. 3. 4), რომლის გამოვლენა მეტად უბრალოდ ხდება, ე.ი. არავინ უწყის, როგორ მოდის სულიწმინდა და როგორ აღძრავს ადამიანს სინანულისთვის, ზუსტად იმგვარად როგორც ეს სახარებასა და მოციქულთა ეპისტოლეებშია განსაზღვრული. დასავლურ მისტიციზმში კი (როგორც ორიგენიზმში) მაინცდამაინც ამ სრულყოფილების უმაღლეს წერტილს ჯიქურ ჩააფრინდებიან და ამ ეგზალტირებულ მდგომარეობაში ხატოვნად, მაგრამ ყოველთვის ყალბ ფერებში წარმოსახავენ „სულიერ სიმაღლეებს". ამით კი სინამდვილეში ეშმაკისეულ ხიბლში იგდებენ თავს. წარმოსახვითი მედიტაციების დროს ლოცვად მდგარნი ზეცად აღაპყრობენ თვალსა და გონებას, წარმოსახავენ საღმრთო ნათელს და წარმოსახვის ძალით ათვალიერებენ „სულიერ სამყაროს".

   „ზეციურ სავანეებში" გონების ასეთი ფარფატისა თუ ფრენის შედეგად უმალ ხდება გრძნობათა გახელება. ვინც ამ მეთოდს მიმართავს, მაშინვე იწყებს ოცნებას თავის სრულყოფილებასა და ღვაწლის წარმატებაზე. შემდეგ ამპარტავნება უფრო მეტად აღაგზნებს წარმოსახვას და ისიც სწრაფად ხატავს ახალ სურათებს. მეოცნებე მოღვაწე მიიჩნევს, რომ ღმერთთან, ანგელოზებთან და წმინდანებთან დაამყარა კავშირი. შედეგად, საბოლოოდ რწმუნდება, რომ უკვე ზეციური არსებაა. ეს იგივე ორიგენისტული აქტია — ადამიანის სამშვინველის (გონების) ემანაციური შეერთებაა ღვთაებასთან — ის თავს ღვთაებად მიიჩნევს. მაგალითად, იგნატიო ლოილა წარმოსახვებში იმდენად გავარჯიშებული იყო, რომ მარტოოდენ მონდომებითა და ოდნავი დაძაბვით მის თვალწინ, მისივე სურვილით იშლებოდა ჯოჯოხეთი და სამოთხე.

   პაპისტურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა გახლდათ პაპი ფრანცისკი ასიზელი. ერთხელ ასეთი „ხილვის" დროს მას მოესმა ხმა, რომელმაც მოუწოდა აეღორძინებინა კათოლიკური ეკლესია. მაშინ მიხვდა იგი, რომ ამქვეყნადვე მოიხვეჭდა დიდებას, ვით ღმერთი. ფრანცისკი შეიპყრო იდეამ, რომ მიემსგავსოს ქრისტეს. მან განაცხადა, რომ „სხვებისთვის უნდა ევნოს და სხვისი ცოდვების გამოსყიდვას უნდა მიუძღვნას ცხოვრება". ამის გამო მრავალი მისი მოწაფე მიიჩნევდა, რომ „ის იყო ახალი ქრისტე მოსული სოფლად, კაცთა სახსნელად".

   პაპი ფრანცისკის „ხილვები", „სასწაულები" სწორედ ცრუმისტიკური პრაქტიკის შედეგი გახლდათ. ერთ-ერთი ასეთი ლოცვის დროს მას დიდი ხნის ნატვრა აუსრულდა — ეჩვენა ორი დიდი ნათელი, ერთში ღმერთი შეიცნო, ხოლო მეორეში — საკუთარი თავი. ქრისტეს მიმსგავსება, რომლისკენაც ფრანცისკი მთელი ცხოვრება მიილტვოდა, როგორც იქნა, ასრულდა. მან თავისი თავი ღვთის სწორად დაინახა, სწორედ ამ ხილვის შემდეგ, მოწაფეები მას „ახლად განკაცებულ ქრისტედ" მიიჩნევდნენ.

   ნუ დაგვავიწყდება: ყოველივე ეს ემართება ისეთი „ლოცვით" გატაცებულ ადამიანებს, სინანული, ცოდვათა განცდა, ხედვა რომ არ გააჩნიათ. ამის გამო მათი გონება მიილტვის „მაღალი", „მჭვრეტელობითი" მდგომარეობისაგენ, რასაც მართლმადიდებლური სწავლებით ეშმაკისეული ხიბლი ეწოდება.

   როგორც ვხედავთ, აღმოსავლური (ორიგენისტული) და დასავლური (პაპისტური) მისტიციზმი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. ორივე (სინანულის უგულებელყოფით) „მაღალი სულიერი მწვერვალებისკენ", ვით ბუნებრივად კუთვნილი მდგომარეობისკენ მიილტვის. ამ საერთო საფუძვლებზე მოგვიანებით ეკუმენისტურ და პანეკუმენისტურ ლოცვებს ჩაეყრება საფუძველი, რომლის მთავარი მიზანი და ამოცანაც უმაღლესი, უზენაესი, სრულყოფილი, უნივერსალური რელიგიის შექმაა —  გეზი აქეთკენაა აღებული.

   3. თუკი აღმოსავლური (ორიგენიზმისა) და დასავლური (პაპიზმის) მისტიციზმი მეტწილად უგულებელყვეს (ცალკეული გამონაკლისების გარდა), მათი „ზომიერი დოზით" დაშვება როგორც მართლმადიდებლურ სწავლებაში, ისე პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში პრაქტიკულად საყოველთაოდ იქნა აღიარებული და მიღებული.

   თანამედროვეობის გამოჩენილი ღვთისმეტყველი მიტრ. იეროთეოსი (ვლახოსი) წერს:

   „ორიგენე, მესამე საუკუნის უდიდესი ღვთისმეტყველია. მან თავის თხზულებებში საყოველთაო აპოკატასტატისის სწავლება განავითარა. მრავალ საკითხში ორიგენე ფილოსოფიის ზეგავლენას განიცდიდა და ე.წ. ელინიზმისეულ ქრისტიანობას ავრცელებდა, მაშინ როდესაც წმინდა მამები ქრისტიანიზირებული ელინიზმის (Христианизированный элинизм) მქადაგებლები იყვნენ".1

   დღემდე ასე ვიცოდით, რომ წმ. მამები მოციქულებრივი ქრისტიანობის მქადაგებლები იყვნენ ყოველგვარი წარმართული ფილოსოფიის ნაზავის გარეშე (ჭეშმარიტად!). თუკი წმ. მამები აღიარებდნენ „ქრისტიანიზებულ ელინიზმს", ეს ნიშნავს, რომ ისინი ორიგენესაგან ელინიზმის მხოლოდ ნაკლები დოზირებით გამოირჩეოდნენ. (ნუ იყოფინ!). იოლი წარმოსადგენია, რა სულიერი და ზნეობრივი ზემოქმედების ქვეშ მოექცა მართლმადიდებელი ეკლესიის გარკვეული ნაწილი, რომელიც „ზომიერი დოზით" იწყნარებს პლატონისა, არისტოტელესა და პლოტინის „სულიერ გამოცდილებას". ამ ფილოსოფოსთა კონცეფციით ადამიანის სამშვინველი (душа), თურმე მონდომების შემთხვევაში ერწყმის ღვთაებას (მისი ნაწილი ხდება)... და ამ ერესში, საკვირველია, გამოჩენილი ღვთისმეტყველი და „ლოცვის (ისიხიის) მასწავლებელი" ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.

   არც დასავლური (პაპისტური) მისტიციზმის „ზომიერ" გამოყენებაზე ამბობს მავანი უარს. ამის შესახებ ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში წერდა წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი (О прелести). ჯერ კიდევ მაშინ მრავალი სულიერი მოღვაწე კითხულობდა დასავლელ ავტორთა (ეგნატე ლოილას, ფრანცისკ ასიზელის, თომა კემფელის) ხიბლით გაჯერებულ წიგნებს.

   კიდევ უფრო საგანგაშო ვითარება ჩვენს ეპოქაში შეიქმნა. ბუნდოვანი სულიერების მქონე „სტარცების" სულიერ ხელმძღვანელებად და მასწავლებლებად გამოჩენილი მოდერნისტები და ეკუმენისტები გვევლინებიან (როგორც რუსეთში, ისე საბერძნეთში და ა.შ.). ზოგიერთი მათგანის კელიას პაპის, ზოგისას ჰიტლერის სურათები „ამშვენებდა". მათი ლოცვითი პრაქტიკა მთლიანად ნასაზრდოები იყო ორიგენისტულ-პაპისტური მისტიციზმით, „სწრაფი მჭვრეტელობითი გარღვევებით ასტრალში". გარეგნულად თავმდაბალი მოღვაწეები ჩანდნენ, მაგრამ როგორც კი ეკუმენიზმისა და პაპიზმის მხილებას მოისმენდნენ, იქვე მთავრდებოდა მათი სულიერება და მრისხანების ტალღა ატყდებოდა „გაკადნიერებულ" მრევლს.

   ყოველივე ეს (და მრავალი სხვა, რაზეც ჯერ მინიშნებით ვსაუბრობთ) იმაზე მეტყველებს, რომ „ხიბლისმიერ ქარიზმას" დღეს გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს, ვიდრე ჭეშმარიტ, სინანულით, მართლმადიდებლური ასკეზის მამებისეულ სწავლებასა და ცხოვრებას. ეს მეტად საგანგაშო ნიშანია — საყოველთაო ძიება „სასწაულთმოქმედი", „მჭვრეტელი", „წინასწარმეტყველი" მამებისა. საკითხავი მხოლოდ ისაა, შეძლებენ კი ბოლო ჟამის ქრისტიანები ამ გამოწვევის დაძლევას?!




1 Иорофей (Влахос). Митр. Навпакта и Св. Власия. Жизнь после смерти. М. 2013. С. 219.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება