მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ხიბლის სათავეებთან - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ხიბლის სათავეებთან - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


დღეს, 09:47

 

   თანამედროვე ქრისტიანთა ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი პრობლემა ცრუმისტიციზმია. ეს იგივე ხიბლისმიერი სულია, ფსევდოსულიერება, ე.წ. ფსევდოსტარცობის გამოვლენა, როცა ამსოფლიური, ცოდვისმიერი ადამიანის მშვინვიერი მდგომარეობა რელიგიურ ან ზებუნებრივ მოვლენად მოიაზრება. კიდევ: ამა სოფლის მიერ ნაკარნახევი ფსევდოსულიერი (ხიბლისმიერი) მდგომარეობა სწორედ და უფრო იმავე სულით შეპყრობილ ადამიანებზე ახდენს ზეგავლენას. ჩვენ მას (მათ) თეოსოფიური ტერმინი „ასტრალი" მივუსადაგეთ. ქრისტიანულ ტერმინოლოგიაში ასე იწოდება უმძიმესი სულიერი სნეულება — „ხიბლი", ე.ი. ის გახლავთ ცოდვისმიერ ვნებათა მოძალების უკიდურესი ფორმა.

   საკრალურის ამგვარი სიმულაცია დღეს ტოტალურ ხასიათს იძენს, ვინაიდან ის გაიგივებულია ქრისტიანულ სულისკვეთებასათან. სინამდვილეში კი ყალბი განცდების სამყაროა, დაცემული სულის მიერ ნაკარნახევი. სამწუხაროდ, ხშირად ასეთი პიროვნებები ხდებიან საზოგადოებაში პოპულარულნი, „სასწაულთმოქმედი მქადაგებლები", „საკრალური მოძღვრები". არადა მათი დაჯერება კი არა, მძიმე სულიერი მდგომარეობიდან ხსნა, გამოყვანაა საჭირო.

   სწორედ ამ მოვლენაზე ვისაუბრებთ მოცემულ ქვეთავში. ე.წ. მოხიბლულთა მუშაობის ძირითადი პრინციპი ანუ მათეული „ასტრალური სათნოების", „ასკეზის", „ისიხიის" ძირითადი პრინციპი გახლავთ მოჩვენებითი კეთილკრძალულება. ცრუსასწაულებისკენ მიდრეკილი ადამიანი ეძებს სწორედ ასეთ „სულიერ მოძღვრებს", ეძებს სასწაულებს იქ, სადაც ის (სასწაული) სულაც არ არის. შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი: ქრისტიანობაში ყველაზე აღმატებული სათნოება სასწაულებია (მჭვრეტელობა, წინასწარმეტყველება, კურნება). ამ მიზნით იწყება „ისიხასტ" მოძღვართა ძიება. არადა მათი სულიერი ღვაწლი ერთობ საეჭვოა და კომპეტენტურ რეცეფციას (დადასტურებას) საჭიროებს. ამ დროს, ჩვეულებრივი მონანული ქრისტიანი ან მოძღვარი, ვისაც იმ „მაღალი სულიერი სიმაღლისთვის" ჯერ კიდევ მიუღწევია, „ჩამორჩენილი", „მადლმოკლებული" ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

   წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: „არანაირი თანხვედრა არ არსებობს სახარებისეულ სათნოებებსა და დაცემული ბუნების ადამიანთა სათნოებას შორის. ჩვენი ბუნების სათნოებანი აღრეულია ბოროტებასთან; შესაბამისად, თავად ეს სათნოება გახდა ბოროტება ისევე, როგორც შხამად გადაიქცევა ხოლმე შხამით გაზავებული ჯანსაღი საკვები. დაიცავი თავი დაცემული ბუნებისმიერი სათნოებებისაგან! ვინც აღასრულებს ამ სათნოებებს, ააშკარავებს და ავითარებს კიდეც საკუთარ დაცემულობას, საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას და ამპარტავნებას, მიეახლება და მიემსგავსება დემონებს".1

   წმ. მამის ამ სიტყვების გააზრება-გათავისება ქრისტიანისთვის აუცილებელია. აქ არ არსებობს გამონაკლისები, ე.ი. „გამორჩეული" მოძღვრები და მასწავლებლები. აქაოდა, თქვენთვის, „უბრალო მოკვდავებისთვის" ეს მიუწვდომელია, მაგრამ „ასტრალური ისიხიის" მქონე „ასკეტებისთვის" მსგავსი „სულიერება ხელმისაწვდომიაო". სწორედ ამას უწოდებენ წმინდა მამები ეშმაკისეულ ხიბლს.

   პრინციპულად განსხვავდება ქრისტიანული სათნოება ყალბისაგან. პირველი შემთხვევისას ღვთაებრივი მადლი მოქმედებს ადამიანში, ე.ი. მოღვაწე განარჩევს ერთმანეთისაგან ხელთუქმნელს (მადლს) ქმნილისაგან, დაცემული ბუნების ნაკარნახევისაგან. მეორე, ყალბ სათნოებას ამოქმედებს, ამოძრავებს ეშმაკისეული ხიბლი (მეტად შენიღბული კეთილკრძალულებით). დიდებულად ბრძანებს პავლე მოციქული: „ხოლო ჩვენ სული არა ამის სოფლისაი მოგვიღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან, რაითა ვიცოდეთ ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩვენდა; რომელსა ესე ვიტყვით არა სასწაულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყვათათა, არამედ სწავლითა სულისა წმინდისათა სულიერთა სულიერად შევიტყვებთ". (1 კორ. 2. 12-13).

   ამრიგად: ადამიანს თავისი ღვაწლით მარტოოდენ საკუთარი ძალისხმევით არ ძალუძს სათნოების მოპოვება; მაგრამ ხიბლისმიერ კონცეფციებში (მაგ. „ელინისტურ ქრისტიანობაში") ადამიანი ფლობს ამ უნარს, (პირველქმნილი ცოდვის შედეგად მას თურმე არ დაუკარგავს თვითკმარი სათნოებები).

   თვალნათელი მაგალითი ამგვარი „ელინისტური სათნოყოფისა" წარმოჩენილია სახარებაში. ვგულისხმობთ მდიდარი ჭაბუკის ეპიზოდს (ლუკ. 18. 18). ეს ფარისეველთა სექტის წარმომადგენელი ჭაბუკი ელინისტური ღვაწლის მქონე პერსონად გვევლინება. ის მოდის მასწავლებელთან (ქრისტესთან) იმ აზრითა და მოლოდინით, რომ შეაქებენ თავისი სათნო ცხოვრების გამო („ყოველივე სიყრმიდან დამიცავს"), წარმოაჩენს თავის ზედაპირულ დამსახურებას — რჯულის აღსრულებას. ე.ი. ქრისტეში ხედავს ისეთივე ფარისეველს, როგორიც თავადაა, ოღონდ უფრო „მაღალ სიმაღლეებს მიღწეულს". შეიძლება ითქვას ჭაბუკი აიგივებს საკუთარ „ღვაწლს" საღმრთო მადლთან, რაზეც მიიღო ღვთისაგან პასუხი: „გაყიდე ყოველივე და შემომიდექი მე".

   სწორედ თავმდაბალი, მონანული, უბრალო ქრისტიანი მიიჩნევს საფრთხედ „ასტრალში მყოფ მოღვაწეთა სათნოებებს". არსებითად, ეს იგივე ორიგენიზმისა (ევაგრიზმი) და პელაგიანობის სულია, რომლის მიხედვითაც თურმე ადამიანს ღვთის გარეშეც (ღვთისაგან მხოლოდ დასტურს მოითხოვენ) შეუძლია სათნოებების კეთება და ცხონებაც.

   მათეული თეზა „სიყვარულისა" გაიგივებულია ღვთის სიყვარულთან (ან მხოლოდ ერთი საფეხურით ჩამორჩება). სინამდვილეში კი, კაცობრივ (ამა სოფლის) სიყვარულს საერთო არაფერი აქვს ღვთის სიყვარულთან. ეს დაღმასვლის გაგრძელებაა, რომლისაგანაც წარმოიშვება ცოდვა, ხიბლი — ადამიანი თავად ხდება (რაკი ასე ფიქრობს ის), რომ არის წყარო თავისი „სათნოებებისა". საეკლესიო სწავლებით ეს წარმწყმენდელი ერეტიკული სულისკვეთებაა, სრულიად გაუმართლებელი!

   ჩვენი აზრით, საწყისი თუ საფუძველი ხიბლისა ადამიანის არსის მცდარ გააზრებაში უნდა ვეძებოთ. პელაგიური და ორიგენისტულ-ევაგრესეული გაგებით ადამიანის სამშვინველი ღვთაებრივი წარმომავლობისაა. ამგვარი ემანაციის (შერწყმის) შედეგად ხდება ანტიკურისა და მოციქულებრივი სარწმუნოების აღრევა. ამიტომ „ელინისტური ქრისტიანობა" ძნელად გამოსააშკარავებელი იყო იმ პერიოდშიც. სამწუხაროდ, ეგვიპტის მონაზვნურ წრეებში, შემდეგ პალესტინასა და სირიაში ორიგენისტულ-ევაგრესეული ასკეზა მამებისეულ სწავლებაზე უფრო „ამაღლებულად" იქნა წარმოჩენილი. ამიტომაც ვუწოდებთ ევაგრესეულ მისტიციზმს „ასტრალში" ყოფნას. იგულისხმება ევაგრეს „არსებითი მჭვრეტელობის" („Сущностное созерцание") კონცეფცია, რომელიც საფუძველშივე განსხვავდებოდა მამებისეულისაგან; წმ. მამებთან ლოცვის საფუძველი იყო სინანული, თავმდაბლობა, ცოდვილობის ხედვა, განცდა და ა.შ.

   ევაგრიზმში „სამშვინველის გონივრული ნაწილი" სულაც არ მოიაზრება ცოდვის შემცველად. ამიტომ დიდად შესანანსაც ევაგრისტი მოღვაწეები ნაკლებად ხედავდნენ. აქედან მომდინარეობს ხიბლის ურიცხვი გამოვლინებანი და მაგალითები პატერიკებში, სადაც საცოდავი მოხიბლული მონაზვნები ხან მთიდან რომ ხტებოდნენ „ანგელოზებთან აფრენის" მიზნით, ხან „ღმერთს" ესაუბრობოდნენ, ხან „ანგელოზებსა" თუ „წმინდანებს". საბოლოოდ კი ირკვეოდა, რომ ეშმაკის საცდურს იყვნენ წამოგებულნი და მრავალი მათგანი (მოღვაწე) წარწყმდა ამის გამო.

   „ღმერთთან სამშვინველის ბუნებრივი მსგავსების" კონცეფციაზე საუბრობდა ორიგენე „საწყისებში" (О началах). სინამდვილეში მან ხელთუქმნელ და ქმნილ ბუნებათა შორის ტოლობის ნიშანი დასვა. სწორედ ამან გამოიწვია ასკეტურ ცხოვრებაში ტრაგიკული შედეგები. ეს იყო ფუნდამენტური დარღვევა ორთოდოქსული ღვთისმეტყველებისა და ასკეზისა, მისი ჩანაცვლება „ასტრალში აფრენით", რაკი სუბსტაბციურად ღვთაებრივისა და კაცობრივის ერთიან ორბიტაზე ყოფნას მოიაზრებდა. ორიგენეს ამ სწავლებას პრაქტიკული ხასიათი ევაგრემ მიანიჭა, მისმა მისტიკურმა სისტემამ უდიდესი ზიანი მიაყენა მოღვაწეებს. ეს (ერეტიკული სწავლება და პრაქტიკა) გახლდათ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ალექსანდრიის პატრიარქმა თეოფილემ ეგვიპტის უდაბნოს მასშტაბური წმენდა განახორციელა. მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი დღესაც ვერ ხვდება ბერების გამოძევების მიზეზს. ამიტომ ორიგენისტ-ევაგრისტ მოღვაწეთა „ღვაწლი" ურჩევნიათ პატრიარქ თეოფილეში ორთოდოქსული საქციელის აღიარებას. მიზეზი კვლავ თავსმოხვეულ „ელინისტურ ქრისტიანობაში" უნდა ვეძებოთ.

   ევაგრისტების ანთროპოლოგიური მაქსიმალიზმი, იგივე ანთროპოცენტრიზმი (და არა ქრისტოცენტრიზმი) გახლავთ ის დამაბრკოლებელი ლოდი, რის გამოც ვითარდებოდა ყალბი სულიერი (ხიბლისმიერი) ასკეზა. ევაგრისტებს მიაჩნდათ, რომ თავად, თვითუფლებრივად შეეძლოთ ცოდვებთან და ვნებებთან გამკლავება. თავიანთ ბუნებრივ ძალისხმევას ისინი აიგივებდნენ საღმრთო მადლთან, ე.ი. ადამიანის სამშვინველის ბუნებაში ღვთის მადლი თურმე ავტომატურად „გადაპორტირდებოდა"; შედეგად მოღვაწე თურმე „აღწევს ღვთისმშვილობას", „თანამუშაკობს" ღმერთთან ერთად და მისთ.

   დავასკვნით: მოიაზრა რა თავი „სამყაროს ცენტრად", თავისი გული მიიჩნია რა ღვთის მიღების ბუნებრივ საშუალებად თუ სამყოფელად (მაშინ როდესაც ის არც კი მიიჩნევა ცოდვილად, დაცემულად), ცხადია, ღმერთში ძებნის ნაცვლად ადამიანში იწყებდა „ღირსებების", „დამსახურებების" ძიებას.

   „სამშვინველის გონივრული ნაწილის სიწმინდე" შინაარსობრივად ევაგრესეული „უვნებელობის" კონცეფციაა. ხოლო თუკი გონება, გული ავტომატურად ვნებისაგან თავისუფალია (მათი აზრით), მაშინ რა გასაკვირია ასეთ ამპარტავნულ ტიპაჟებში ხიბლის მძაფრი ფორმების წარმოქმნა. „ასტრალში" (ეშმაკთან) ყოფნას ღმერთთან ყოფნად მიიჩნევდნენ. ამიტომ ვამბობთ, რომ ხიბლის საწყისები „ელინისტურ ქრისტიანობაში" უნდა ვეძებოთ, ხოლო ორთოდოქსული მათთან, ვინც მეტწილად დააღწია თავი ელინიზმის (პლატონიზმი, ორიგენიზმი, ევაგრიზმი) ზეგავლენას. 






1 Св. Игнатий Брианчанинов. О прелести. Творения. Т. 1.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება