მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, უნია, მთავარი გვედის ფოტო > ახალი „დეკლარაციების“ უნიატური ხასიათი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ახალი „დეკლარაციების“ უნიატური ხასიათი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


გუშინ, 13:40

ახალი „დეკლარაციების“ უნიატური ხასიათი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში უნიატური მიდგომები უფრო „დახვეწილ", მზაკვრულ ფორმებს იძენს. ამას ცხადყოფს ეკლესიის დიდი ნაწილის გადასვლა ახალ სტილზე, ეკუმენისტური მოძრაობის გაძლიერება, კონფესიათაშორისი დიალოგის ფარგლებში ახალ-ახალ უნიატურ ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა და ა.შ. ამ ნიშნით გამორჩეულია კონსტანტინოპოლის პატრიარქს ათინაგორასა და პაპ პავლე VI-ს 1965 წლის ერთობლივი დეკლარაცია, სადაც მხარეები „ანათემების მოხსნაზე" შეთანხმდნენ. იბადება კითხვა: რა იყო ამ „დეკლარაციის" მთავარი მიზანი და არსი? — ახალი ტიპის უნიის დამკვიდრება და სხვა არაფერი, ერთგვარი კავშირის გამყარება ვატიკანსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. უფრო რომ დავაზუსტოთ და დოკუმენტის ტერმინოლოგიას დავუჯეროთ, „ეკლესიების ერთიანობის აღდგენა".

   ნიშანდობლივია, რასაც 1965 წლის დეკლარაციის მეოთხე პუნქტში ვკითხულობთ:

   ა) „...ისინი წუხილს და სურვილს გამოთქვამენ, რათა აღმოფხვრან მეხსიერებიდან და საეკლესიო სივრციდან განყენების (ანათემების) აქტები, რომლებიც დღემდე გახლავთ წინაღობა სიყვარულის სულისკვეთებით დაახლოებაში. დაე, მიეცეს დავიწყებას".

   ბ) „...ისინი წუხილს გამოთქვამენ მასზედ, რომ უგუნური პრეცედენტები და მომდევნო მოვლენები სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით, პირველყოვლისა, ურთიერთგაუგებრობამ და უნდობლობამ, საბოლოოდ გამოიწვია საეკლესიო ურთიერთობის რეალური გახლეჩა".1

   როგორც ვხედავთ, პატრიარქმა ათინაგორამ და პაპმა პავლე VI-მ გაბათილებულად გამოაცხადეს არა მხოლოდ დადებული ანათემები, არამედ „საეკლესიო გახლეჩაც". წმ. მამებისა და ავტორიტეტული კრებების მიერ მიღებული განაჩენის „მოხსნა" ნიშნავს იმას, რომ ისინი 1054 წლის განხეთქილების მოხსნაზეც შეთანხმდნენ, ე.ი. „ეკლესიების გაერთიანებას" მოაწერეს ხელი.

   პაპმა და პატრიარქმა ასევე განაცხადეს: „არ ვივიწყებთ დანაპირებს, ერთმანეთთან ურთიერთობის განახლებისაკენ ნაბიჯების გადადგმას. რომსა და მართლმადიდებელ ეკლესიებს, ასევე ყველა ქრისტიანს შორის შთაგონებული სიყვარულით გადავლახოთ განსხვავება ჩვენ შორის და კვლავ გავხდეთ ყველანი ერთნი, როგორც უფალი იესო ქრისტე ევედრებოდა თავის მამას".2

   საინტერესოა, როგორი „სიყვარულით გაერთიანებას" მოაწერა ხელი კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კრებსითი შეთანხმების გარეშე? მით უფრო იმ ვითარებაში, როცა საპირისპირო მხარე სულაც არ ნანობს თავიანთ ერეტიკულ სწავლებებს?

   მეექვსე მსოფლიო კრების პირველი მუხლის განჩინებაში ვკითხულობთ:

   „ღვთის ეკლესიაში... სარწმუნოების მტკიცედ პყრობას და სოფლის აღსასრულამდე შეურყევლად და შეუცვლელად დატოვებას ვადგენთ და მათ მიერ ღვთივმოცემულ დაწერილსა და სჯულს მივიღებთ და შევიწყნარებთ, ხოლო მათ წინააღმდგომს ყველას უკუვაგდებთ და შევაჩვენებთ, როგორც ჭეშმარიტების მტრებს, ღმერთზე ამაოდ გათავხედებულებს და სიცრუის ხმამაღლა მეტყველებს.

   ხოლო ვინც კი პირველთქმულ კეთილმსახურების სჯულს არ შეიტკბობს და არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეჩვენებულ იყოს ზემოთ მოხსენებული წმინდა და ღმერთშემოსილ მამათა და ქრისტიანთა კრებულისაგან და ისინი როგორც უცხოები გაძევებულ და გაგდებულ უნდა იქნენ, რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის დაკლებას ვიღებთ თავზე. ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას".3

   იმავე შინაარსისაა VI მსოფლიო კრების მე-2 მუხლი, VII მსოფლიო კრების 1 მუხლი.

   „ანათემების მოხსნა" პაპისტებისთვის, მათი მხრიდან ერესებზე უარის თქმის გარეშე, ნიშნავს ცდომილად გამოაცხადო მე-11 – 14 საუკუნეების მსოფლიო კრებები, უარი თქვა თანაბრად ავტორიტეტულ კრებებზე. ამას ნიშნავს უნიატ-ეკუმენისტების მხრიდან „წარსულ შეცდომებზე" აპელირება. ამავე დროს, წმ. კრებებისა და წმ. მამების მიერ გაჟღერებული ანათემების „მოხსნა" ნიშნავს თავად ანათემების უგულებელყოფას — მართლმადიდებლური პოზიციიდან ერეტიკულში, ამკრებების მიერ ანათემირებულების კატეგორიაში გადასვლას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნია რომსა და კონსტანტინოპოლს შორის შემდგარი ფაქტი გახლავთ.

   ამასთან, კატასტროფის მასშტაბები დიდი ხანია გასცდა ცალკეულ სასულიერო პირთა მიერ სარწმუნოების ღალატს.

   აღნიშნული „დეკლარაციით", „ანათემების მოხსნით" (1965 წ.) გათამამებული ეკუმენისტები მომდევნო თაობის ეკუმენისტებისთვისაც გახდნენ სამაგალითონი. 2016 წელს ერთი მეორის მიყოლებით ხელი მოეწერა პატრიარქ კირილესა და პაპ ფრანცისკის (ჰავანა, კუბა), პატრიარქ ბართლომესა და პაპ ფრანცისკის დეკლარაციებს (ლესბოსი).

   უნიატურ ხელშეკრულებათა ინიციატორი და მაგალითის მიმცემი, ცხადია, კონსტანტინოპოლი იყო, მაგრამ არც რუსული ეკლესია „ჩამორჩა" ამ ეკუმენისტურ სრბოლაში ელინებს. მართალია, თითქმის ნახევარი საუკუნის მერე ჩაერთნენ ამ სრბოლაში, მაგრამ პრინციპით — „დავეწიოთ და გავასწროთ ბერძნებს", შედგა ჰავანის დეკლარაცია. „ჰავანისა" და „ლესბოსის" 2016 წლის დეკლარაციები ერთიანი პრაქტიკისა და სულისკვეთების შთაბეჭდილებას ტოვებს. ორივე შეხვედრაზე თავდაპირველად ყურადღება გამახვილდა ქრისტიანთა დევნასა და მათ თანაგრძნობაზე ახლო აღმოსავლეთში. ამის შემდეგ შეუდგნენ საუბარს „ეკლესიათა გაერთიანებაზე", „სიყვარულის" გზით „შუასაუკუნოვანი ჩამორჩენილობის" გადალახვაზე, ყოველგვარი დოგმატური განსხვავებულობის გაუთვალისწინებლად. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მათი შეხვედრები, დეკლარაციები, კონცეპტუალური საფუძვლები, მიზნები, მეთოდები უცვლელია — ე.ი. ნაკარნახევია ვატიკანის II კრების საღვთისმეტყველო კონცეფციის მიერ.

   თავად ის ფაქტი, რომ ორივე შეხვედრის ადგილად შერჩეული იქნა კუნძულები (კუბა, ლესბოსი), ლოგიკურად ჯდება ეკუმენისტების გეოგრაფიულ ტრადიციაში (გავიხსენოთ კრეტა, როდოსი...). ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მათი „შეხვედრები", „დეკლარაციები" ძნელად მისადგომ კუნძულებსა და შორეულ ალპებში (შამბეზის ხელშეკრულება), ავლენს მათ „კარჩაკეტილობასა" და „ფარულ", „გასაიდუმლოებულ" გეგმებს, შიშს, მართლმადიდებელი ხალხებისაგან მოსალოდნელი პროტესტის გამო.

   როგორც პაპი პავლე VI-სა და პატრიარქ ათიმაგორას დეკლარაციაში გამახვილდა ყურადღება წმ. მამათა „უსიყვარულობაზე", (პაპისტების „შეუბრალებელი" ანათემის გამო), ასევე ჰავანასა და ლესბოსზე პატრიარქების პაპთან შეხვედრებზე გამოითქვა „წუხილი" „ადამიანურ უძლურებისა და ცოდვილობის" გამო და ასევე გამახვილდა ყურადღება „სიყვარულით" ძველი „წყენინებების" (ანათემების) აღმოფხვრაზე.4

   „ჰავანის" დეკლარაციაში ვკითხულობთ:

   „ვიმედოვნებთ, ჩვენი შეხვედრა შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს შერიგებაში. რომელი უთანხმოებაც არსებობს ბერძენ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის, იმის დაძლევაში დღეს ცხადია, რომ გასული საუკუნეების „უნიატური" მეთოდი — ერთი საკრებულოს მეორეში გაერთიანება საკუთარი ეკლესიისაგან მოწყვეტის გზით, არ გახლავთ ერთიანობის აღდგენის გზა. ამავე დროს, ისტორიული ვითარების შედეგად გაჩენილ საეკლესიო საკრებულოებს აქვთ არსებობის უფლება რათა იზრუნონ სულიერი მოთხოვნების მინიჭებაზე. მართლმადიდებლები და ბერძენი კათოლიკენი საჭიროებენ შერიგებას, თანაცხოვრების ფორმების მოძიებას".5

   აღნიშნული ტექსტიდან იმ აზრის გამოტანა, თითქოს პაპისტების მიერ „უნია იქნა უარყოფილი", ნიშნავს ტექსტის ადეკვატურად აღქმის უუნარობას. სინამდვილეში ტექსტის სათქმელი არის:

   1) ორივე მხარისთვის პრიორიტეტულია და მთავარი მიზანია „ეკლესიათა ერთიანობის აღდგენა";

   2) ადრინდელი უნიის მეთოდი (იგულისხმება ლიონის, ფერარო-ფლორენციის, ბრესტის უნიები), ძალადობრივი გადაყვანა ერთისა მეორეში, „აღარ მიიჩნევა გზად" ერთიანობისკენ. ე.ი. არაეფექტური აღმოჩნდა, ვინაიდან არ მოიტანა სასურველი შედეგი.

   3) აქედან მესამეც, რეაბილიტირება და ლეგალიზება, ოფიციალური ურთიერთაღიარება უკვე არსებული „საეკლესიო საკრებულოებისა", მათი წევრებისა, ვით „ერთიანი ეკლესიის ერთგული შვილებისა".

   ეს მოიაზრებს პროზელიტიზმის (გადაბირება-გადმობირების) აკრძალვას. სხვაგვარად რომ ვთქვათ: მართლმადიდებელ ეკლესიას ეკრძალება პაპისტების შეგონება, მხილება, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე გადმოყვანა, ვინაიდან ყველგან (იქაც და აქაც) „ეკლესიაა", შესაბამისად, არავინ არსაით არ უნდა გადავიდეს, არამედ დოგმატური უთანხმოებების (ვით დრომოჭმული მოვლენის) გვერდზე გაწევაა საჭირო, რათა ყველა ქრისტიანული კონფესია „ერთიანი ეკლესია" გახდეს, ცხადია, რომის პაპის მეთაურობით (ვატიკანის II კრების კონცეფცია).

   ამრიგად: მართლმადიდებლების რაიმე სახით (უნიით) გადაბირება პაპისტების უცვლელ სურვილად რჩება. ძველი უნიების შემდეგ ახალმა უნიებმა სცადეს ბედი, თუმცა საბოლოო მიზანი ჯერ მიუწვდომელია. საჭიროა „ბოლო აკორდი", რომლის განხორციელება უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი, თუმცა, უნიატური მასშტაბების, ღალატის მიუხედავად, მავანს ავიწყდება, რომ „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან ეკლესიას".







1 Совместная декларация Римско-католической церкви и Константинопольской Православной церковью по случаю сиятия анафем. 1965.

2 იქვე. Совместное заявление.

3 დიდი სჯულისკანონი. VI მსოფლიო კრება 1. მუხლი. გვ. 150.

4 Декларация патриарха Кирилла и Папы Франциска. (Гавана 2016).

5 იქვე. Гавана. 2016.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება