მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, უნია, მთავარი გვედის ფოტო > ბალამანდისა და შამბეზის უნია — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ბალამანდისა და შამბეზის უნია — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


დღეს, 00:05

ბალამანდისა და შამბეზის უნია — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   1. ბალამანდი

   შუასაუკუნეთა უნიატური კრებების შემდეგ აღმოსავლეთისაკენ სწრაფვა და მისი პაპიზმში „აღმოსავლური წესით" გადმობირება პაპისტების მთავარ ამოცანად რჩება. მომდევნო ეპოქის ერთ-ერთი მწვალებლურ-უნიატური შეთანხმება „მართლმადიდებლებსა" და კათოლიკებს შორის ე.წ. „ბალამანდის უნიაზე" განხორციელდა. ეს შეთანხმება ეკუმენისტური დიალოგის განახლების მიზნით 1993 წ. ქ. ბალამანდში (ლიბანი) შედგა. ეკუმენისტური დიალოგის ამ მკაფიოდ უნიატურ დოკუმენტს კათოლიკებთან ერთად ცხრა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ცამეტმა სასულიერო პირმა ოფიციალურად მოაწერა ხელი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1997 წელს უარყო და ოფიციალურად დაგმო იგი.

   ბალამანდის უნიის ზოგიერთი დებულების მიხედვით:

   1) კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები განიხილება, როგორც „ეკლესია — დები" (პ.პ. 12. 14. 27).

   2) მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი თანაბრად მიგვიძღვიან ხსნისაკენ; მათი ღვაწლი თანაბრად მხსნელია და ორივეს წმინდა საიდუმლოებები ჭეშმარიტია (პ.პ. 10. 13. 28. 30).

   3) უნიატური ეკლესიები „აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიებია", რომლებმაც ვატიკანის II კრების დებულებით (5. 16) უნდა იხელმძღვანელონ და ეკუმენისტური დიალოგის წარმართვის საქმეში თანასწორუფლებიანნი იყვნენ.

   4) წინადადება გვეძლევა დავიწყებულ იქნეს „მართლმადიდებელი ეკლესიისა და აღმოსავლეთის კათოლიკურ ეკლესიებს შორის ურთიერთობათა" ისტორია (პ. 23). დაგმობილია მართლმადიდებელთა მცდელობა დააბრუნონ კათოლიკები მამათა ეკლესიის წიაღში და სხვა.

   როგორც ვხედავთ, დოგმატური განსხვავება, მათი აზრით, ხელს არ უშლით, რომ იყვნენ „და — ეკლესიები". თურმე, ორივე კონფესია თანაბრადმაცხოვნებელია, მათი საიდუმლოებებიც (კათოლიკების ერესის გამო საღმრთო მადლს მოკლებულიც) თურმე თანაბრადმაცხოვნებელია. ძველი უთანხმოებები მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის (ე.ი. უნიატური ზეწოლები, დევნა-წამება მართლმადიდებლებისა) უნდა დავივიწყოთ, თითქოს არც ყოფილა და ა.შ.

   ზემოთ მითითებულ ყველა პოსტულატს მრავალი წერილი მივუძღვენით (იხ. ჩვენი ნაშრომები www.xareba.net - ზე). მოკლედ ვიტყვით: ყოველივე, რისთვისაც პირველი საუკუნეებიდანვე იბრძოდა დედაეკლესია, მისი დოგმატური ცნობიერება, სულიერება, საიდუმლოებები, გაღებული მსხვერპლი, აღმსარებლები, მოწამეები... ყოველივე ერთი ხელის მოსმით გააბათილეს, გააიგივეს ერესებთან, უნიატურ საკრებულოებთან ისე, თითქოს ჩვენსა და მათ შორის არანაირი განსხვავება არ არსებობდეს. მეტიც: ბალამანდის დოკუმენტი ქვეცნობიერად შეიცავს სწავლებას, რომ არსებობს რაღაც იდუმალი, უხილავი „ეკლესია", რომელშიც ყველანი უნდა გავერთიანდეთ; ამასთან, დაუშვებელია ერთი მეორეში გადაბირება (პროზელეტიზმი) იმიტომ, რომ ყველა ერთნაირად მადლმოსილია და ყველა ერთნაირად ნაკლულოვანი. ეს მხოლოდ დეკლარირებულად. სინამდვილეში, ცხადია, უპირატესობით კათოლიციზმი სარგებლობს.

   ბალამანდის მოლაპარაკების (უნიის) საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია შევიქმნათ წარმოდგენა, თუ რას გვიმზადებს ვატიკანი და კონსტანტინოპოლი (ფანარა) მოკლევადიან პერსპექტივაში. ფაქტობრივად, ყველა პირობაა შექმნილი საბოლოო გადაწყვეტილებისა და გაერთიანებისათვის. ერთიღა აკლია — ლიტურგიკული ერთობა, რომლისთვისაც ასე გულმოდგინედ ემზადებიან „დები — უნიატები".

   2. შამბეზი.

   იმავე წლებში (1990 — 1993 წ.წ.) „მართლმადიდებლურ-კათოლიკური" უნიას კვალდაკვალ „მართლმადიდებლურ-მონოფიზიტური" უნიაც მოჰყვა. თავად მონოფიზიტობა თავისი უკიდურესი (ევტიქი) თუ „ზომიერი" (დიოსკორე, სევეროსი) ფორმით ასწავლიდა, რომ ქრისტეში, როგორც სრულყოფილ ღმერთში, ღვთაებრიობამ დაჩრდილა და თავის თავში შთანთქა ქრისტეს კაცება (ადამიანური ბუნება). ადამიანური ბუნება შეერწყა ღვთაებრივს (არსებითი მნიშვნელობა არა აქვს უკიდურესი თუ ზომიერი სახით). „მართლმადიდებლებსა" და მონოფიზიტებს შორის ურთიერთკომპრომისის საფუძველზე უნიის მცდელობა მაშინაც არსებობდა, რამაც მოგვიანებით წარმოშვა მონოთელიტური ერესი (ქრისტეში ორი ნების ნაცვლად ერთის აღიარება). ერთი სიტყვით, მონოფიზიტობის შიგნით მრავალი ცრუხედვა არსებობდა და დროთა განმავლობაში ახალ-ახალ მიმდინარეობებად ყალიბდებოდა, მეტიც: დღესაც აღმოვაჩენთ „მონო-მიმართულებების" სხვადასხვაგვარ გამოვლინებას. 1985 წელს განახლებულმა დიალოგმა „მონო-მიდრეკილ" მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტების ნაირსახეობებეს შორის უნიატური კავშირები გააძლიერა. შედეგად მივიღეთ ოფიციალური დოკუმენტის სახით ჩამოყალიბებული ერეტიკული სწავლება. ეკუმენისტების აზრით, მონოფიზიტები ყველაზე ახლოს არიან მართლმადიდებლებთან, რადგან საერთო დოგმატური მემკვიდრეობა გაგვაჩნია (თურმე).

   „სიყვარულის დიალოგების" შედეგად 1990 წელს შამბეზში მართლმადიდებლობის წარმომადგენლებმა სამარცხვინო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. განცხადებაში წერია: მართლმადიდებლები თანახმა არიან აღმოსავლეთის „მართლმადიდებლებს" (მონოფიზიტებს) მართლმადიდებლები უწოდონ. დაე, ჰქონდეთ თავიანთი ტრადიციული, კირილესეული ტერმინოლოგია — „ერთსა ბუნებასა აღვიარებთ სიტყვისა ღმრთისასა განხორციელებულსა, ვინაიდან მასში იგულისხმება სრული ერთობა სიტყვასთან (ქრისტესთან), რასაც უარყოფდა ევტიქი. ასევე თანახმა ვართ, მოვუხსნათ მათ ანათემები და ბრალდებები, მსოფლიო კრებებისა და წმინდა მამების მიერ მიღებული".1

   თავის მხრივ, გათავხედებული მონოფიზიტები მოითხოვდნენ მართლმადიდებლობის წარმომადგენლებისაგან, რომ:

   * ეფესოს 448 წლის ავაზაკთა კრება არ მიგვეჩნია ასეთად.

   * დიოსკორე და სევეროსი არ მიგვეჩნია ერეტიკოსებად.

   * გაგვებათილებინა IV, V, VI მსოფლიო კრებების განსაზღვრებები და 536 წლის კონსტანტინოპოლის კრების გადაწყვეტილება, რომელზეც სიცოცხლეშივე ანათემას გადაეცა „ზომიერი" მონოფიზიტი სევეროსი.

   რა შეიძლება ითქვას? მართლმადიდებლები იმთავითვე ვხელმძღვანელობთ პრინციპით „ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და ჩვენცა" (საქმე 15. 28). შამბეზის უნიატების მიხედვით კი: „არ არის საჭირო სულიწმინდის ნება, ჩვენიც საკმარისია". ე.ი. გამოდის, რომ მსოფლიო კრებებზე სულიწმინდის მიერ განსაზღვრული დოგმატები ვერ გამოხატავდა სიმართლეს (ნუ იყოფინ!), წმ. მამები ვერ ჩაწვდნენ მონოფიზიტების „საზრისს", ხოლო შამბეზში შეკრებილმა „პარიზის სკოლის" ეკუმენისტებმა შეძლეს მონოფიზიტების „სიმართლის" გაგება და გათვალისწინება. შედეგად ითქვა:

   „ჩვენ ამჟამად მკაფიოდ გავიაზრეთ, რომ ორივე ოჯახი ვიცავდით ერთი და იგივე ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ ქრისტოლოგიასა და მემკვიდრეობას, თუმცა სხვადასხვაგვარად ვიყენებდით ქრისტოლოგიურ ტერმინებს" (მე-9 მუხლი. შამბეზი. 1993 წ.).

   ასეთია კომპრომისების გზა, ჯოჯოხეთისაკენ დაღმასვლის მორიგი ნაბიჯები გადაიდგა. წინ „დეკლარაციები" გველოდება.




1 ციტ. Погубное Единомыслие. Современная уния с монофизитами. 1991. 1993 г. С. 89-90. СПБ. 2009.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება