მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, უნია, მთავარი გვედის ფოტო > ლიონის, ფერარა-ფლორენციისა და ბრესტის უნიები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ლიონის, ფერარა-ფლორენციისა და ბრესტის უნიები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


15-02-2026, 16:55

ლიონის, ფერარა-ფლორენციისა და ბრესტის უნიები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   უნია — კომპრომისული შეთანხმება, „მართლმადიდებლებისა" და ერეტიკოსების (პაპისტების, მონოფიზიტების და ა.შ.) ერთობლივი პოზიციებისა და მოქმედებების გამოვლინება გახლავთ. ჭეშმარიტი ღვთისმეტყველების ფარგლებში კი კომპრომისი დაუშვებელია! შესაბამისად, მოშურნე ქრისტიანებში ჩნდება ეჭვი, რომ დოგმატური საკითხების კომპრომისული გზით გადაჭრის მომხრენი გულგრილნი არიან ჭეშმარიტებისადმი და პოტენციურად მზად არიან მართლმადიდებლობის ღალატისათვის.

   საბოლოო გამიჯვნის (დიდი სქიზმის) შემდეგ პაპისტებს უნიატური გაერთიანების მცდელობა არაერთგზის ჰქონდათ. პირობითად ეს პროცესი შეგვიძლია სამ ეტაპად დავყოთ: 

   1) ლიონის, ფერარა-ფლორენციისა და ბრესტის უნიები.

   2) შამბეზის, ბალამანდის უნიები, „ანათემების მოხსნა" პაპისტებისთვის.

   3) XX-XXI ს.ს. ქრისტიანთაშორისი „საღვთისმეტყველო დიალოგებზე" ხელმოწერილი დოკუმენტები, სხვადასხვა დეკლარაციები, ერთობლივი ლოცვები, მიუღებელი კრება (2016 წ.) და ა.შ.

   მოგეხსენებათ, ერეტიკოსებთან უნია შლის ყოველგვარ ზღვარს მართლმადიდებლობასა და სხვა კონფესიას შორის, თითქოს ჩვენსა და მათ შორის არანაირი დოგმატური თუ სულიერი განსხვავება არ არსებობდეს. უნიატები ირწმუნებიან, რომ ეს არ გულისხმობს, არ ნიშნავს საკუთარი სარწმუნოების უარყოფას, რომ წეს-განგება და თავად სარწმუნოება რჩება უცვლელი. სინამდვილეში ეს ამაზრზენი ტყუილია. უნიათა წარმოების ფაქტები ადასტურებს, რომ ერეტიკული სწავლების აღიარება და ხელმოწერა საკუთარი აღმსარებლობის დათმობის ხარჯზე ხდება.

   1. საწყისი ეტაპის უნიათა ნუსხაში პირველი ადგილი ლიონის უნიას უკავია. დიდი სქიზმის (1054 წ.) შემდეგ პაპისტები ძალისხმევას არ იშურებდნენ, რამენაირად თავის მხარეს გადაებირებინათ მართლმადიდებლები. არც კომპრომისისკენ მიდრეკილი „მართლმადიდებლები" აკლებდნენ მონდომებას არა ჭეშმარიტებაში, არამედ მათთან ერესში გაერთიანებას. ერთ-ერთ პირველ ასეთ მცდელობად უთუოდ ლიონის (1274 წ.) კრება უნდა მოვიაზროთ.

   ამ კრებას ესწრებოდნენ კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის პატრიარქები, ეპისკოპოსები, თეოლოგები, ბიზანტიის იმპერატორი მიხეილ VIII პალეოლოგი, ბერძენი სასულიერო პირები... ხოლო პაპისტების მხრიდან კრების მეთაური რომის პაპი გრიგოლ X, თხუთმეტი კარდინალი, ხუთასი ეპისკოპოსი, სამოცი აბატი და ათასზე მეტი პრელატი, საფრანგეთისა და ინგლისის მეფეთა ელჩები. ერთი სიტყვით, კრებამ საკმაოდ პომპეზური იერი მიიღო. ბერძენი ეპისკოპოსების მიერ თავდაპირველად ხელმოწერილი იქნა სინოდალური დოკუმენტი, რომელშიც ისინი ეთანხმებოდნენ „ფილიოქვეს" ერეტიკულ სწავლებას. ამის საფუძველზე იქნა გაფორმებული ლიონის უნია. კრების დასრულების შემდეგ რომის პაპმა მიხეილ პალეოლოგის ელჩები „საჩუქრებით" ხელდამშვენებული დააბრუნა კონსტანტინოპოლში.

   ცხადია, პაპისტებთან უნია იმპერატორის (მ. პალეოლოგი) ინტერესებშიც შედიოდა — ბიზანტია რომაელთა მხარდაჭერით ფიქრობდა მტრებისაგან თავდაცვას; იმას კი ვერ გულისხმაჰყოფდნენ, რომ ყველაზე დიდი მტერი სწორედ პაპიზმი იყო. მოშურნე მართლმადიდებლების მხრიდან ამ ღალატს ძლიერი პროტესტი მოჰყვა, რამაც საბოლოო ჯამში გააბათილა კიდეც ლიონის უნია. თუმცა მ. პალეოლოგის მხრიდან ამას ძლიერი რეპრესიები მოჰყვა: დაატყვევეს და აწამეს უამრავი სასულიერო პირი თუ ერისკაცი.

   ისტორიული ცნობების მიხედვით მრავალმა აღმსარებელმა საქართველოში ჰპოვა თავშესაფარი (კერძოდ, დავით ნარინის სამფლობელოში).1

   ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველოს ეკლესიამ უარყო ლიონის უნია. ამას მოწმობს საკანონმდებლო აქტი „დაწერილი ნიკოლოზ ქართლის კათოლიკოსის არვანგებ საბასძისადმი", სადაც უარყოფილია უნია. ფაქტის უსიტყვო დადასტურებაა იმავე პერიოდში პაპისტების მიერ ათონის მთის ივერთა მონასტრის პაპისტების მხრიდან უსასტიკესი დარბევა და ბერების წამება.

   1278 წელს მოწვეულ იქნა ანტიუნიატური საეკლესიო კრება — შეჩვენებულ იქნა იმპერატორი მ. პალეოლოგი, კონსტანტინოპოლის უნიატი პატრიარქი იოანე XI ვეკი, რომის პაპი და მათთან ერთად ყველა უნიატი.2

   2. ფერარა-ფლორენციის უნიას წინ უძღოდა ბიზანტიის იმპერიის უკიდურესი დასუსტება. იმპერატორი (მ. პალეოლოგი) სრულიადაც არ ითვალისწინებდა ძველ, შეუმდგარ პრაქტიკას — ის კვლავ დასავლეთში, პაპისტებისაგან ელოდა დახმარებას. იმპერატორი და პაპი ევგენიოს IV შეთანხმდნენ, მოეწვიათ მართლმადიდებლებისა და ლათინთა წარმომადგენლების უნიატური კრება. ფერარაში დაწყებული კრება გაძლიერებული ზეწოლის გამო ფლორენციაში გადაიტანეს. იქ მთავარი საკითხი იყო Filioque (ლათინური სწავლება სულიწმინდის მამისა და ძისაგანაც გამომავლობის შესახებ.

   მრწამსის სიმბოლოში რაიმე ჩამატება-გამოკლება აკრძალული იყო III მსოფლიო კრების მიერ. თავიდან მართლმადიდებლური მხარე მტკიცედ იცავდა ამ პოზიციას, მაგრამ ზეწოლის, მუქარის გაძლიერების შედეგად, მართლმადიდებელთა პოზიციები ნელ-ნელა ირყეოდა. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ რამდენიმე მართლმადიდებელმა წარმომადგენელმა შეინარჩუნა — მათ ხელი არ მოაწერეს ფერარა-ფლორენციის უნიას. ეკლესიის ისტორია მხოლოდ წმ. მარკოზ ეფესელის პიროვნებაზე ამახვილებს ყურადღებას, საღვთისმეტყველო პაექრობა ერეტიკოსებთან სწორედ მან მიიყვანა ბოლომდე, მაგრამ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს წარმომადგენლების პოზიცია — ასევე ხელი არ მოაწერეს დამღუპველ უნიას.

   როგორც ცნობილია, კრების დაწყებამდე კონსტანტინოპოლიდან საქართველოსა და ტრაპიზონში გაიგზავნა გამოცდილი დიპლომატი ანდრონიკე იაგრინი, რომელმაც ჩვენი წარმომადგენლები კონსტანტინოპოლში ჩაიყვანა. საუბარია ორ ეპისკოპოსზე (მანგლელ-თბილელი გრიგოლი და იოანე) და ერთ საერო პირზე (საქართველოს მეფე ალექსანდრე I-ის ძლისწული გიორგი).

   ფერარა-ფლორენციის უნიატური კრების ისტორიკოსი სილვესტერ სიროპულოსი, კრების მხილველი და მონაწილე, აღნიშნავს, რომ ქართველთაგან მხოლოდ ორი წარმომადგენელი (ერთი ეპისკოპოსი გრიგოლი და ერთიც საერო პირი გიორგი) ესწრებოდა, როგორც ჩანს, ეპისკოპოსმა იოანემ კონსტანტინოპოლში ჩასვლისთანავე შეიტყო ბერძნების განწყობის შესახებ და უკან დაბრუნდა საქართველოში.

   სიროპულოსის ცნობით, 1439 წლის 5 ივლისს მართლმადიდებელთა წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა ვერ გაუძლო იმპერატორისა და პატრიარქის ზეწოლას და ხელი მოაწერა ფლორენციის უნიას. სხვადასხვა წყარო გვისახელებს სხვადასხვა პიროვნებებს, ვინც ხელი არ მოაწერეს უნიას. სიროპულოსის მიხედვით ესენი იყვნენ: მარკოზ ეფესელი, ქართველები და სტავროპოლის ეპისკოპოსი — უნიაზე ხელის მოწერის წინ ის ფლორენციიდან გაიპარა. სიმეონ სუზდალელის მიხედვით კი უნიას არ დაეთანხმნენ: მარკოზ ეფესელი, გრიგოლ იბერიელი, სოფრონი აგიელი და ისაია პერესტინელი.3

   ყურადსაღებია ქართველ წარმომადგენელთა დამოკიდებულება უნიატური კრების მიმართ, მათეული შეფასება. როგორც მოგახსენეთ, მართლმადიდებელი ქვეყნების დელეგატები სერიოზულ ზეწოლას განიცდიდნენ პაპისა და ბიზანტიის იმპერატორის მხრიდან, მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. ამიტომ ს. სიროპულოსის უნიაზე ხელის მოწერისათვის თავი რომ აერიდებინა, ქართველი ეპისკოპოსი შემდეგნაირად მოიქცა: „მან ის ფლორინები, რომლებიც ჰქონდა, საიდუმლოდ წინდად მისცა, თავისი ტანსაცმელი და პირადი საგნები გაჭირვებულებს დაურიგა, თავი მოისულელა (ე.ი. სალოსობდა) და გარკვეულ დრომდე, ვით გიჟი და მაწანწალა, ისე დაიარებოდა. შემდეგ საიდუმლოდ გაიპარა და ჩვენ ისიც კი არ ვიცოდით, სად იმყოფებოდა. ამიტომ ყველანი ვფიქრობდით, რომ უპატრონოდ გარდაიცვალა. სინამდვილეში ის იტალიის ოლქებსა და ქალაქებში დაიარებოდა. როცა ჩვენ ვენეციაში დავბრუნდით, შევიტყვეთ, რომ ის გამოჩნდა დიდ ქალაქ მოდენაში. ტირნოვის მიტროპოლიტი, რომელიც ქართველ ეპისკოპოსის მიმართ მეგობრობითა და თანაგრძნობით გამოირჩეოდა, წავიდა მოდენაში და ვენეციაში მოიყვანა. როცა ეპისკოპოსმა ისურვა გონს მოეგო, წინდი დაუბრუნა და ჩვენთან ერთად დაბრუნდა კონსტანტინოპოლში".4

   მეორე ქართველი, საერო პირი გიორგი, როგორც ჩანს, ერკვეოდა თეოლოგიურ საკითხებში. პაპმა იცოდა მისი შემართების შესახებ და შეეცადა მის გადაბირებას, მაგრამ ქართველის პასუხით იგი გაოგნებული დარჩა: „ჩვენ, ღვთის წყალობით, ქრისტიანები ვართ და გვიყვარს და მივდევთ ჩვენს ეკლესიას. ჩვენი ეკლესია კი კარგად ინახავს იმას, რაც მიიღო ჩვენი უფალი ქრისტეს მოძღვრებიდან და წმინდანებისაგან... ჩვენი ეკლესია არავითარი სახით არ დაშორდა მათ მოძღვრებებს და არც დაუმატა და არც დააკლო რაიმე. რომის ეკლესიამ კი მიუმატა და გადალახა წმინდა მამათა საზღვრები. ამიტომ იგი მოვიკვეთეთ ან დავშორდით, წმინდად შევინახეთ რაა წმ. მამების გადმოცემები. რომის ეკლესიას კი ამის გამო მრავალი კეთილი შვილი მოაკლდა და დაკარგა. ასე რომ, შენმა ნეტარებამ უნდა იზრუნოს და იშრომოს, რათა მოიწვიოს ისინი, ვინც დაკარგე, შეურიგდეს და გაერთიანდეს მათთან. ეს ადვილად მოხდება, თუ შენ წმ. სიმბოლოდან ამოაგდებ დამატებას. თუ მოინდომებ, შენ ადვილად შეძლებ ამის გაკეთებას, რადგან ლათინი ხალხები მოიწონებენ შენს გადაწყვეტილებასა და ბრძანებას, რადგან მიაჩნიხართ წმ. პეტრეს მონაცვლედ და ყველა წამოგვყვება გულწრფელი სიყვარულით. მაშინ იქნები ყველა ქრისტიანის ნამდვილი პაპი და მამა...".5

   ს. სიროპულოსის მოგონებებში ქართველ საერო პირზე ასეთ მოგონებასაც ვაწყდებით:

   „სხვა დროს იგივე ქართველი ესწრებოდა საკრებულო შეხვედრას, როდესაც მიმდინარეობდა საზეიმო ლიტურგია პაპის თანდასწრებით. ერთი კეთილშობილი კაცი, პრონოტორი იოანე ლათინურ ენაზე ქადაგებდა. იქვე მახლობლად ჩვენც ვისხედით. იოანე ხშირად იმოწმებდა არისტოტელეს იმის დასამტკიცებლად, რასაც ლაპარაკობდა და ქადაგებდა. ქართველმა, როდესაც ეს მოისმინა, ხელით მიბიძგა. როცა მისკენ შევბრუნდი და ჩემი ინტერესის შესახებ ვანიშნე, რა უნდოდა, მან თქვა: „რა არისტოტელე, რის არისტოტელე. არ არის კარგი არისტოტელე". მაშინ მე ჟესტებით და სიტყვებით ვკითხე: მაშ, რა არის კარგი? ქართველმა თქვა: „წმინდა პეტრე, წმინდა პავლე, წმინდა ბასილი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ოქროპირი. არა არისტოტელე, არისტოტელე". ჟესტებით, ხელით, მიმიკით ის აჯავრებდა მოლაპარაკეს, ხოლო ყველაზე უფრო ჩვენ ყველას, ვინც ასეთ მასწავლებლებთან გადავედით".6

   ცხადია, წმ. მარკოზ ეფესელს ლომის წვლილი მიუძღვის უნიასთან ბრძოლაში. როდესაც უნიის ხელმოწერებში პაპმა წმ. მარკოზის ხელმოწერა ვერ იხილა თქვა: „ამჯერადაც ვერაფერს გავხდით". ფლორენციიდან მართლმადიდებლურ ეკლესიებში დაგზავნა ეპისტოლეები, სადაც დაწვრილებით აღწერა უნიის მსვლელობა. ამას მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი პასუხი მოჰყვა. იერუსალიმში 1443 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უნიის უარყოფის შესახებ. მას ხელი მოაწერა აღმოსავლეთის სამმა პატრიარქმა:

   იოაკიმე იერუსალიმელმა, დოროთე II ანტიოქიელმა, ფილიპე I-მა ალექსანდრიელმა და კაბადოკიის კესარიის მიტროპოლიტმა არსენმა, რომელიც დოკუმენტში მოიხსენიება მთელი აღმოსავლეთის ეგზარქოსად.7

   ამრიგად, ვერც ფერარა-ფლორენციის უნიამ მოუტანა პაპისტებს გამარჯვება.

   3. ლიონისა და ფლორენციის შეუმდგარი უნიების შემდეგ, თავისი მასშტაბით ნუსხაში ბრესტის უნია (1596 წ.) გვევლინება.

   მოგეხსენებათ, ვატიკანი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა თავისი გავლენის გავრცელებას დასავლელ სლავურ ხალხებზე და აქტიურად უჭერდა მხარს პოლონეთის ფეოდალების პოლიტიკას უკრაინასა და ბელარუსიაში. ბრესტის უნიის მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი იეზუიტებმა შეასრულეს. პოლონურ-ლიტვური სახელმწიფოს გაერთიანების შემდეგ მართლმადიდებლები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ვატიკანი კიდევ უფრო აძლიერებდა თავის ზეწოლას. 1595 წელს კიევის მიტროპოლია ფორმალურად დაექვემდებარა რომის პაპის კლიმენტ VIII-ს მიერ გამოცემულ სამოციქულო კონსტიტუციას — Magnus Dominus. თავად უნიის აქტი 1596 წლის 9 ოქტომბერს იქნა მიღებული. ამავე დროს, შეიძლება ითქვას პარალელურად, იმართებოდა მართლმადიდებლური კრებაც. ამ კრების მთავარი შთამაგონებელი და სულისჩამდგმელი გახლდათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეგზარქი ნიკიფორე. ვითარება კრებაზე ერთობ რთული იყო. მართლმადიდებელი აღმსარებელი ეპისკოპოსები, სამღვდელოება და მრევლი მძიმე დაპირისპირებაში იყვნენ მოღალატე ეპისკოპოსებსა, კათოლიკე პრელატებსა, იეზუიტებსა, სამეფო ელჩებსა თუ მრავალ შიდა თუ გარე მტრებთან. ამ პერიოდისთვის უნიის საკითხი საბოლოოდ მომწიფდა. ეგზარქოსი ნიკიფორე ტოვებს კონსტანტინოპოლს და მოლდოვეთში, ქალაქ იასიში (В Яссах) სწრაფად აორგანიზებს კრებას. სწორედ ამ კრებამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია უნიის გავრცელებას — შეაჩვენა უნიატები და ხარისხი აყარა განდგომილ ეპისკოპოსთ. მაგრამ ამ ფაქტს მოჰყვა დიდი ზეწოლა, დევნა და შევიწროება მართლმადიდებლებისა. თავად ნიკიფორე დააპატიმრეს, მან მოახერხა ციხიდან გაქცევა (როგორც თავის დროზე პავლე მოციქულმა დამასკოდან) და გაემართა ბრესტის კრებაზე. ნიკიფორეს გამოჩენამ დიდი დარტყმა მიაყენა ბრესტის უნიას. მასზე უკეთ ვერავინ ერკვეოდა საეკლესიო სამართალსა და ღვთისმეტყველებაში. შედეგად, ბრესტის უნიას არ მოჰყვა მართლმადიდებლების მასშტაბური გადაბირება უკრაინასა და ბელარუსში, თუმცა მოახერხეს „ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის" ჩამოყალიბება უკრაინის ტერიტორიაზე. ესენი იყვნენ „აღმოსავლური წესის" კათოლიკები, ე.ი. წეს-განგება „მართლმადიდებლური" ჰქონდათ, ხოლო დოგმატები — პაპისტური, ლიტურგიაზეც, ცხადია, პაპს იხსენიებდნენ.

   მოგვიანებით ეგზარქოსი ნიკიფორე კვლავ დააპატიმრეს, მიუვალ ციხე-სიმაგრეში გამოკეტეს, სადაც ის შიმშილით იქნა მოკვდინებული.8

   ამრიგად: უნიის მცდელობების პირველმა ეპოქამ, მართალია, დიდი ზიანი მიაყენა მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ ღვთის განგებულებით ღმერთი გამოაჩენდა თავის ერთგულ აღმსარებლებს, შემდეგ კი კრებსითი ფორმით აბათილებდა, აქარწყლებდა უნიატურ გადაწყვეტილებას.








1 ლიონის უნია და საქართველო. გ. მაჭარაშვილი. თბ. 2007.

2 Римская история Никифора Григоры. Т. 1. СПБ. 1862.

3 Воспоминания о Фераро-Флорентийском соборе (1438-1439). С. Суздальский. Перевод с греческого. СПБ. 2010.

4 Воспоминания… ციტ. ე. მამისთვალიშვილი. ქართველები ფერარა-ფლორენციის კრებაზე (XIII-XV ს.ს.).

5 იქვე. ქართველები...

6 Воспоминания… с. 262. ციტ. ქართველები ფლორენციის კრებაზე.

7 Занемонец. А. В. В чем значение Иерусалимского собора 1443 г. М. 2009. Т. 68. С. 163. ციტ.

8 Ватикан: Натиск на Восток. М. 1998. С. 150.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება