მთავარი > მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მოდერნიზმის იგნორირების ლოგიკა - დავით ჯინჭარაძე
მოდერნიზმის იგნორირების ლოგიკა - დავით ჯინჭარაძე15-02-2026, 09:01 |
|
მოდერნიზმის განვითარების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს მართებულად განმარტავს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), რომელიც ამბობს: "ქრისტიანების სულიერების დონე სულ უფრო და უფრო კლებულობს, რაც მოდერნიზმის მსგავს ფენომენის განვითარებას თითქმის გარდაუვალს ხდის". ეს გარდაუვალი მომენტი დიდი ხანია უკვე დადგა. მორწმუნეებმა გაიგონეს მოდერნიზმის როგორც ნეგატიური მოვლენის შესახებ, ბევრი შეშფოთდა, აღფრთოვანდა წაკითხულით, ზოგიც არ დაეთანხმა და მართლმადიდებლური სარწმუნოების განახლება, ცვლილება, რაც არსობრივად გახლავთ მოდერნიზმი, ეკლესიის განვითარების ნორმალურ მოვლენად წარმოგვიდგინა. რეალური სურათი კი შემდეგი გახლავთ: იშვიათი გამონაკლისის გარდა მოდერნიზმთან, როგორც ეკლესიის სწავლების დამრღვევ მოვლენასთან არავის სურს ბრძოლა. კარგად რომ დავაკვირდით, ინდეფერენტიზმის ამ გამოვლინებაში იკითხება შემდეგი ლოგიკა: "დიახ, მოდერნიზმი ნეგატიური მოვლენაა, თუმცა ის რეალურად ჩვენთან არ არსებობს, ამიტომ არანაირი ბრძოლა საჭირო არ არის!" თანაც თავის მართლების მიზნით ამატებენ: "გაცილებით უარესი პრობლემები არსებობს!" მართლაც, თუ მოდერნიზმი ცუდია, ის საზოგადოდ უნდა დაიგმოს როგორც ეკლესიის ტრადიციის დამრღვევი და გაფრთხილების საგანი უნდა გახდეს. ხოლო, რადგანაც გადაცდომად ითვლება მხოლოდ სასულიერო, ან საერო პირის პიროვნული შეურაცხყოფა და დოგმატური, ეკლესიის სწავლების დამახინჯება არაფრად ითვლება, მაშინ ყველაფერი კარგად ყოფილა და გამოსასწორებელიც არაფერია. მერე რა, რომ მართლმადიდებლური სწავლების დამახინჯებით ღმერთს შეურაცხვყოფთ?! თუმცა, არა მარტო ღმერთს, ამ დროს შეურაცხყოფილია ყველა ეკლესიის სწავლების ერთგული ადამიანი. თანაც "სიყვარულის" ეგიდით. თუმცა, ეს ხომ გარეგნულად არ ჩანს, ამის დანახვას ხომ რწმენა, აღმსარებლობა, მართლმადიდებლობის შესწავლა სჭირდება. ეს კი უკვე თავგანწირვას, ღვაწლს, დროს - არაამსოფლისაგანობას მოითხოვს. მოდერნიზმი კი ამის საპირისპირო მოვლენაა. იგი "თავისუფლებას" გთავაზობს, რომელიც ბევრს აწყობს. ახლა უკვე ძველი მიდრეკილებების და ვნებების გამომჟღავნებაც შეიძლება, ოღონდ "მართლმადიდებლობის ფარდის" ქვეშ. თუმცა ავიწდებათ, რომ ეს "თავისუფლება" სულიერად ანგრევს ადამიანებს. ზოგს ხიბლში, გაურკვევლობაში და შესაძლოა ნიჰილიზმშიც აგდებს. მიზანი მიღწეულია! "დაგმობილი მოდერნიზმი" სინამდვილეში მორწმუნე საზოგადოების დიდ ნაწილში მიღებულია. "მართლმადიდებლობა"- მართლმადიდებლობის გარეშე! საბედნიეროდ, მოდერნიზმს არ მოუცვია სრულად ეკლესია, თუმცა სარწმუნოების "თავისუფალი", ადოგმატური ინტერპრეტაციების შეჩერების ეფექტური ბარიერი - არ ჩანს!
დავით ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |