მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, უნია, მთავარი გვედის ფოტო > უნიის განმაპირობებელი ფაქტორები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

უნიის განმაპირობებელი ფაქტორები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


დღეს, 08:06

უნიის განმაპირობებელი ფაქტორები — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   პირველ საუკუნეებში გამოვლილი საშინელი დევნა-შევიწროების შემდეგ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ეკლესიას ახალი შესაძლებლობები გადაეშალა, მაგრამ სახელმწიფოსთან მის ჰარმონიულ ურთიერთობას წინ აღუდგნენ ბოროტი ძალები. სწორედ მათი მხრიდან იჩინა სხვაგვარმა წინააღმდეგობებმა თავი. დაიწყო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ერესებთან ბრძოლის ეპოქა: ეს კი მთლიანად იმპერიის ცხოვრების ნირზეც აისახებოდა. ამიტომ იმპერატორები რთული სიტუაციების განმუხტვას მშვიდობის დამყარების მიზნით ხან კრებების მოწვევით, ხან სხვადასხვაგვარი „უნიების" (შეთანხმების) მიღწევით ცდილობდნენ.

   მართლმადიდებლურად მოაზროვნე იმპერატორების პირობებში (მაგ. კონსტანტინე, იუსტინიანე, თეოდოსი) კრებებზე მართლმადიდებლური დოგმატური ცნობიერება ზეიმობდა, ერეტიკოსი იმპერატორების შემთხვევაში — ერეტიკული. თუმც იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც იმპერატორებს საერთოდ არ აინტერესებდათ ჭეშმარიტება, მათთვის წინა პლანზე იდგა სახელწმიფო ინტერესები, შესაბამისად მთავარი იყო, რაიმე ფორმით დაემშვიდებინათ ვითარება, ხშირად რეპრესიის, მუქარის ძალით აიძულებდნენ დაპირისპირებულ მხარეებს მიეღწიათ რაიმე სახის შეთანხმებისთვის („უნია").

   ამგვარ რელიგიურ კომპრომისს, ერესების რადიკალურ გამოვლინებებს მისი „ზომიერ" ფაზაში გადასვლა მოჰყვებოდა (მაგ. ნახევრადარიოზელობა, ნახევრადპელაგიანობა, ნახევრადორიგენიზმი, ნახევრადმონოფიზიტობა და ა.შ.), ხოლო მართლმადიდებლების მხრიდან კომპრომისის პრინციპი მოითხოვდა „შეერბილებინათ" აღმსარებლური პოზიცია, კრებსითი გადაწყვეტილებების მხოლოდ მკაფიო ერეტიკულ სწავლებაზე ჰქონოდათ რეაგირება, ხოლო „ზომიერი" სახით შემოთავაზებულ ერეტიკულ შეხედულებებზე არ გაემახვილებინათ ყურადღება, ან სულაც გაეთავისებინათ ის, ვით ჭეშმარიტი სწავლება.

   ამრიგად, უნიის შექმნის მექანიზმი შემდეგში მდგომარეობდა: იმპერიაში ჩნდებოდა მრავალრიცხოვანი და გავლენიანი ერესი (მწვალებლობა), რის გამოც მართლმადიდებლებთან დაპირისპირებას სერიოზული შფოთი და კონფლიქტები მოჰყვებოდა ხოლმე. იმპერატორები, როგორც წესი, „უნიატური" შეთანხმებისკენ მოუწოდებდნენ მხარეებს, ვინაიდან დოგმატების უკომპრომისო განხილვა მათთვის სასურველ შედეგს არ იძლეოდა. ამიტომ მათი მხრიდან მუდმივად ხდებოდა ზეწოლა ეკლესიაზე — ნებისმიერი გზით ხელი მოეწერათ რაიმე სახის კომპრომისულ შეთანხმებაზე (უნიაზე).

   ასე მაგალითად: 433 წ. ალექსანდრიისა და ანტიოქიის კათედრებს შორის სერიოზული საღვთისმეტყველო პრობლემა გაჩნდა. ალექსანდრიის მხარეს წმ. კირილე ხელმძღვანელობდა, ხოლო ანტიოქიელებისას — იოანე ანტიოქიელი, პავლე ემისელი. 433 წელს მათ შორის შეთანხმება ე.წ. „ანტიოქიის უნია" შედგა. მაგრამ ვით სხვა, ნებისმიერი კომპრომისული შეთანხმება, ამ უნიამაც ორივე მხარის ინიციატორთა გარდაცვალებამდე „იმუშავა", შემდეგ მან, როგორც იმპერატორების სხვა უნიატურმა დეკრეტებმა და შეთანხმებებმა, მყისიერად დაკარგა მნიშვნელობა, ასეა, რადგან კომპრომისი უმნიშვნელოვანესი დოგმატური სწავლების განსაზღვრების დროს დაუშვებელია.

   მსგავსი შეთანხმებები სხვადასხვა იმპერატორთა ეპოქებში მოქმედებდა. მათგან ზოგიერთს დიდი ზიანი არ მიუყენებია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ზოგმაც კი სერიოზული ზეგავლენა იქონია ისტორიული პროცესების განვითარებაზე.

   აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორისაც მრავალი უთანხმოება არსებობდა, რომლებიც კრებსითი პრინციპით (მსოფლიო და ავტორიტეტული კრებების განსაზღვრებებისამებრ) გვარდებოდა — ერესს თავისი სახელი ერქმეოდა და არავის ჰქონდა მისი შეცვლის, სხვაგვარი ინტერპრეტაციის უფლება. მაგალითად, კართაგენის 418 წ. მსოფლიო კრებამ ანათემას გადასცა პელაგიანობა, დასავლეთის ეკლესიაში გავრცელებული ერესი. აღმოსავლეთის ეკლესიაში კი ორიგენიზმი გადასცეს ანათემას (V მს. კრება). მაგრამ ორივე ერეტიკული სწავლების მიმდევრებმა ნაცად ხერხს მიმართეს: მკაფიო ერეტიკულ სწავლებაზე გარეგნულად განაცხადეს უარი, ხოლო მათი „ზომიერი" გამოვლინებანი აგრძელებდა ეკლესიის წიაღში არსებობას. დასავლეთში ის ნახევრადპელაგიანობის, ხოლო აღმოსავლეთში — „მართლმადიდებლური ორიგენიზმის" სახით ჩამოყალიბდა. ე.ი. კომპრომისული ფორმით ეს ერეტიკული სწავლებანი განაგრძობენ ადამიანების ცდუნებას. „აკადემიურ" წრეებში ორიგენე დღესაც ეკლესიის მასწავლებლად, ხოლო ნახევრადპელაგიური (სინერგიული) სწავლება — მართლმადიდებლობად მოიაზრება. „სინერგიული" კონცეფცია საღმრთო მადლისა და კაცობრივი ნების მნიშვნელობას ადამიანის ცხონების საქმეში იმგვარადა წარმოაჩენს, თითქოს არა მარტო ორი ქმედება (საღმრთო მადლი და კაცობრივი ნება), არამედ სწორედ რომ ორი სოტერეოლოგიური ანუ ორი მაცხოვნებელი, ერთმანეთის თანასწორი ქმედება — ღვთაებრივი და კაცობრივი არსებობდეს. ამ კონცეფციის თანახმად, კაცობრივი ბუნებაც (ნება) ანხორციელებს ცხონებას, მინიმუმ თანამონაწილეა ღვთაებრივი, ზებუნებრივი მოქმედებისა. სწავლება მადლისა და კაცობრივი ნების „თანამშრომლობის" შესახებ ორიგენიზმის კონცეფციაშიც ანალოგიურია. მეტიც: ამის ინიციატორი არა პელაგი, არამედ ორიგენე იყო. მთლიანობაში ორივენი მადლისა და ნების სწავლებას ნეოპლატონური ნიშნით განმარტავდნენ, ე.ი. ორივე კონცეფციას ერთიანი საწყისები აქვს. სწორედ ეს ელინისტური საწყისები გახლავთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებში ერეტიკული სულისკვეთების, ამავდროულად საერთო საღვთისმეტყველო ხედვის ჩამომყალიბებელი, რამაც ისტორიულად „უნიების" მრავალი „პერსპექტივა" გააჩინა. ეკლესიის წიაღში ელინისტური სინდრომისთვის „ფასეული" ფუნქციის მინიჭებამ ნეოორიგენისტულ და ნეოპელაგიურ მოსაზრებებს მწვანე შუქი აუნთო. მომდევნო „უნიების" განხორციელებაში ამ ფაქტორმა (ელინურმა საფუძვლებმა) გადამწყვეტი როლი შეასრულა. „რომაელობა", დღესაც რომ ამაყობს როგორც დასავლეთი, ისე აღმოსავლეთი, ის მგრძნობიარე იმპულსია, რომელიც „გულს უჩუყებს" ბერძნებსაც (ელინებს) და პაპისტებსაც. ორიგენიზმი კი, ისევე როგორც პელაგიანობა, საერთო საღვთისმეტყველო საფუძვლების მომნიჭებელი კონცეფციებია. აქედანაა უნიაც, ეკუმენიზმიც და სხვა რელიგიებთან გაერთიანების საფუძვლებიც. მართლაც: თუკი პირველქმნილ ცოდვამ კაცობრივ ნებაზე გავლენა არ მოუხდენია (პელაგიანობა), თუკი მადლი ყველასა და ყველაფერზე ერთნაირდ მოქმედებს, თუკი ადამიანის ნებაზე (და არა მხოლოდ ღვთის მადლის მოქმედებაზე) დამოკიდებულია მათი ცხონება (ორიგენიზმი), მაშინ რა უშლის ხელს ან უნიას, ან ეკუმენიზმს, ან პანეკუმენიზმს?!








დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება