მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „აპელაციის“ უფლება მართლმადიდებელ ეკლესიაში — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„აპელაციის“ უფლება მართლმადიდებელ ეკლესიაში — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


გუშინ, 00:38

„აპელაციის“ უფლება მართლმადიდებელ ეკლესიაში — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ბოლო ათწლეულია უფლებამოსილების საკითხი სერიოზული დავის საგანი შეიქნა მართლმადიდებელ ეკლესიაში. მრავალჯერ და მრავალგზის მახვილდება ყუარდღება სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან შედარებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს (პატრიარქის) უფლებამოსილებით აღმატებულ სტატუსზე. სადავოა აპელაციის უფლება. ისმის კითხვა: რამდენად უაპელაციოა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები? თუ არის შესაძლებელი აპელაციისთვის მიმართო სხვა ადგილობრივ ეკლესიას? ეს საკითხები მეტად აქტუალური გახდა 2016 წ. კრეტაზე შეკრების შემდეგ — ამ დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თვითნებურად გაზარდა თავისი პრივილეგიები. ამას მოჰყვა სხვა ადგილობრივ ეკლესიაში (რუსეთის იურისდიქციაში მყოფ უკრაინაში) უხეში ჩარევა, „ახალი ეკლესიის" ჩამოყალიბება. მსგავს საფრთხეში შესაძლოა ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესია აღმოჩნდეს. გარდა ამისა, გახშირდა სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების მიერ მსახურებაშეჩერებულ ან საერთოდ განკვეთილ სასულიერო პირთა ხარისხში აღდგენა კონსტანტინოპოლის საყდრის მიერ. მაგალითად: რუსეთის ეკლესიაში მსახურებაშეჩერებულ დეკანოზ ა. უმინსკის, დიაკონ ა. კურაევს მსახურების უფლება კონსტანტინოპოლმა აღუდგინა. ეს პრობლემა უკვე ჩვენს ეკლესიასაც შეეხო. ვგულისხმობთ პეტრე კვარაცხელიასთვის „ახალ შექმნილ უკრაინის ამერიკული ფილიალის" მიერ (ცხადია, კონსტანტინოპოლის თანხმობით) მღვდელმსახურების აღდგენას. ამის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთიც საჯაროდ გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

   აღნიშნული საკითხის რეგულირებისთვის ეკლესიამ სარდიკიის კრებაზე იმსჯელა და მე-3, მე-4 და მე-5 კანონებით თავისი პოზიცია დააფიქსირა. „ამასთან ერთად ესეც დავადგინოთ, რომ თუ რომელიმე სამთავროში ერთ ეპისკოპოსს ჰქონდეს მეორესთან სადავო საქმე, ნურც ერთი მათგანი ნუ მოუხმობს სხვა სამთავროს ეპისკოპოსს ამ საქმის განსახილველად და მსჯავრის დასადებად" (მე-3 კანონიდან). მსგავსი შინაარსისაა სამივე მითითებული კანონი.

   სარდიკიის კრების ეს განსაზღვრებები რეცეფცირებულია მეორე მსოფლიო კრების (381 წ.) მე-2 კანონით, სადაც ნათქვამია: „ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინონ ეკლესიათა აღრევა"...

   იქნებ, რომის პაპებს (როგორც მაშინ პატივით პირველებს, დღეს კი კონსტანტინოპოლის პატრიარქს) ჰქონდათ ამის უფლებამოსილება? არა! მსოფლიო კრებები (კართაგენის, 134-ე კანონი) კრძალავდა ძალაუფლების სხვა ეკლესიებზე გავრცელებას. მეტიც, ავტოკეფალურ ეკლესიათა ეპისკოპოსებს, რომლებიც სიმართლის გასარკვევად პაპების (დღეს „აღმოსავლეთის პაპის") სასამართლოს მიმართავდნენ, სასჯელი ედებოდა.

   ისტორიული მაგალითი ცხადყოფს: რომის პაპმა ზოსიმემ ჩრდილოეთ აფრიკის ეპისკოპოსებზე თავისი უფლებამოსილების განვრცობა ინება. მან სიკიელი ეპისკოპოსი ურბანის მიერ განკვეთილი პრესვიტერის (აპიარისი) ხარისხში აღდგენა მოითხოვა 424 წელს. აფრიკელმა (კართაგენი) ეპისკოპოსებმა კატეგორიულად უარყვეს ძველი რომის ეპისკოპოსის (ზოსიმე, შემდეგ ბონიფატეს, ცელესტი I) აპელაციის პრეტენზიები.

   იმავე შინაარსისაა IV მსოფლიო კრების 1 კანონი; V-VI მსოფლიო კრების მე-2 კანონი, VII მს. კრების 1 კანონი. ამრიგად, ეკლესიის სისავსე ერთხმად იღებდა იმას, რაც სარდიკიის კრებაზე (მე-3, მე-4, მე-5 კანონებით) განისაზღვრა. როგორც დავინახეთ, აპელაციის პრივილეგია მაშინდელ მართმადიდებელ რომის პაპებსაც არ მიენიჭა, შესაბამისად, ის არ ეკუთვნის არც კონსტანტინოპოლის ეკლესიას.

   2018 წ. (1-3 სექტემბერი) კონსტანტინოპოლის საყდრის სინაქსისზე პატრიარქმა ბართლომემ გამოთქვა აზრი, რომ საეკლესიო-სამართლებრივ-სააპელაციო უფლებამოსილება ქრისტეს ეკლესიაში IV მსოფლიო კრების (მე-9; მე-17 კანონების) თანახმად კონსტანტინოპოლის წინამძღვრის პრეროგატივაა.

   გავარკვიოთ, რას ამბობს კრების კანონები და რა ინტერპრეტაციას გვთავაზობს კონსტანტინოპოლის მხარე.

   მე-9 კანონში ვკითხულობთ:

   „თუ კლირიკოსს თავის ან სხვა ეპარქიის ეპისკოპოსთან აქვს სამართლებრივი დავა, მაშინ სამთავროს კრებამ გადაწყვიტოს; ხოლო თუ მიტროპოლიტის უკმაყოფილო იქნება ეპისკოპოსი ან კლირიკოსი, მაშინ ან დიდი სამთავროს ეგზარქოსს მიმართოს, ან კონსტანტინოპოლის სამეფო საყდარს და მის წინაშე გასამართლდეს".

   მე-17 კანონი:

   „... ვინც თავისი მიტროპოლიტის მხრიდან დაიჩაგრება, შეუძლია მიმართოს დიდი სამთავროს ეგზარქოსს, ანდა კონსტანტინოპოლის საყდრის სამსჯავროს".

   აღნიშნული კანონები მრავალი ადგილობრივი ეკლესიის თეოლოგებისა და სასულიერო პირების აქტიური განხილვის საგანი გახდა. აქედან გამოტანილი საერთო აზრი ამგვარად ჩამოყალიბდა:

   ეს კანონები კონსტანტინოპოლის საყდრის მიერ იმგვარად განიმარტება, თითქოს კლირიკოსებსა და ეპისკოპოსებს უფლება ეძლევათ წარმართონ საეკლესიო სამსჯავრო საკუთარ ან კონსტანტინოპოლის პატრიარქთან. მსგავს მოსაზრებას განაპირობებს ის, რომ „დიდი სამთავროს ეგზარქოსში" თითქოს პატრიარქები მოიაზრებიან, ხოლო მსჯავრდებულს თითქოს უფლება აქვს აირჩიოს, თავის საპატრიარქოში ან კონსტანტინოპოლში იქნას განხილული მისი საკითხი. ავტორიტეტული კანონისტების უმრავლესობა (ბალსამონი. ზონარა, ნიკოდიმის მილაში) ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ „ეგზარქოსში" იგულისხმებიან დამსახურებული და დიდი კათედრების — დიოცეზების — კოსნტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მიტროპოლიტები, რომელთა კანონიკური ტერიტორიები სწორედ IV მსოფლიო კრების პერიოდში შეიქმნა (იხ. IV მს. კრ. 28-ე კანონი). ასე რომ, საუბარია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კანონიკურ საზღვრებში სამსჯავროსა და აპელაციის და არა სხვა საპატრიარქოების უფლებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში აბსურდული ვითარება იქმნება: თითქოს ამ კანონებმა რომის პაპებზე, იმ პერიოდში უთუოდ დიპტიხით პირველებზე, აღმატებული უფლებამოსილება კონსტანტინოპოლს მიანიჭა.

   ბალსამონი მე-9 კანონის განმარტებისას ამბობს: „...ეგზარქოსების ეს უპირატესობა ამჟამად არ მოქმედებს, ვინაიდან თუმც ზოგიერთი მიტროპოლიტი ეგზარქოსად იწოდება, მაგრამ არ ჰყავს სხვა დაქვემდებარებული მიტროპოლიტები სამთავროში. ამრიგად, შესაძლოა იმ დროს იყვნენ, ან თავადვე გახლდნენ სხვა სამთავროს ეგზარქოსები, ოღონდ ისინი კანონებით მინიჭებული უპირატესობებით უკვე ვეღარ მოქმედებენ".

   მე-17 კანონის ზეონარასეულ განმარტებაში წერია:

   „კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ დგინდება უკლებლივ ყველა მიტროპოლიტის მსაჯულად, არამედ მას მხოლოდ მასზე დაქვემდებარებული მიტროპოლიტები შეუძლია განსაჯოს. ასე მაგალითად: მას არა აქვს უფლება თავის მსჯავრს დაუქვემდებაროს სირიის ან პალესტინის, ფინიკიის ან ეგვიპტის მიტროპოლიტები მათი ნების გარეშე. რამეთუ სირიის მიტროპოლიტები უშუალოდ ემორჩილებიან ანტიოქიის პატრიარქის საყდარს და შესაბამისად, მის სამსჯავროს ექვემდებარებიან, ხოლო პალესტინელები — იერუსალიმს; ეგვიპტელები უნდა განსაჯოს ალექსანდრიის პატრიარქმა, რომლისგანაც ისინი ქიროტონიას იღებენ და რომელსაც უშუალოდ ემორჩილებიან".1

   წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი აღნიშნული კანონების განმარტებისას დასძენს:

   „ჭეშმარიტი არსი (მე-9, მე-17) კანონებისა შემდეგში მდგომარეობს: დიოცეზების ეგზარქოსი, ბალსამონის თანახმად, არ გახლავთ ეპარქიული მიტროპოლიტი (ვინაიდან დიოცეზი მოიცავს მრავალ ეპარქიასა და მიტროპოლიას), მაგრამ დიოცეზური მიტროპოლიტი არც პატრიარქია, რაც II მსოფლიო კრების მე-6 კანონიდან ჩანს...

   ამრიგად, დიოცეზის ეგზარქოსი იგივე დიოცეზური მიტროპოლიტია, რომელსაც დიოცეზის სხვა მიტროპოლიტებზე გარკვეული პრივილეგიები გააჩნია. მსგავსი პრივილეგიები ამჟამად არ არსებობს. თუმც იწოდება ზოგიერთი მიტროპოლიტი ეგზარქოსად, მაგრამ დაქვემდებარებაში არ ჰყავს დიოცეზის სხვა მიტროპოლიტები. იმავე ბალსამონის თანახმად ირკვევა, რომ იმ პერიოდში არსებული დიოცეზის ეგზარქოსებმა, როგორც პრივილეგირებულებმა, დაკარგეს მნიშვნელობა (ძალა) ან უშუალოდ იმ პერიოდში, ან IV მსოფლიო კრების შემდეგ...

   ამრიგად, კანონი (მე-9) ამბობს: თუკი ეპისკოპოსს ან კლირიკოსს დავა აქვს ეპარქიის მიტროპოლიტთან, დაე, მიმართოს დიოცეზის ეგზარქოსის სამსჯავროს, ეს იგივეა, რომ კონსტანტინოპოლის საყდარს დაქვემდებარებული კლირიკოსი და მიტროპოლიტი დაე, განისაჯოს ან საკუთარი დიოცეზის ეგზარქოსთან ან კონსტანტინოპოლელისაგან, ვით საკუთარი პატრიარქისაგან. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ თუ რომელიმე კლირიკოსს აქვს დავა სხვა დიოცეზის მიტროპოლიტთან, ან ეპარქიასთან, განისაჯოსო მაინცდამაინც კონსტანტინოპოლის პატრიარქისაგან. ასევე არ არის ნათქვამი, რომ მსჯავრდებულებმა პირველად უნდა მიმართონ დიოცეზის ეგზარქოსის სამსჯავროს, შემდეგ კი კონსტანტინოპოლის საყდარს... სინამდვილეში ლაპარაკია ბრალდებულის მიერ არჩევანზე. მას აქვს ნება მიმართოს ან დიოცეზის ეგზარქოსს ან კონსტანტინოპოლის (პატრიარქის) სამსჯავროს — ან ერთს ან მეორეს. გამორჩევით არც ერთს არ ენიჭება უპირატესობა.

   ამიტომ ზონარა აღნიშნული კრების (IV მს. კრ. მე-17 კანონი) განმარტებისას დასძენს: არა უკლებლივ ყველა მიტროპოლიტის მსჯავრდებლად დგინდება კონსტანტინოპოლელი, არამედ მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულის".2

   როგორც ვხედავთ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ბრალდებულსაც კი არჩევანის უფლება ჰქონდა: ან კონსტანტინოპოლს დაქვემდებარებულ დიოცეზის ეგზარქოსთან ეწარმოებინა აპელაცია, ან თავად კონსტანტინოპოლის პატრიარქთან; ე.ი. იურისდიქციული საზღვარი არც ერთ შემთხვევაში არ ირღვევა, ერთიც და მეორეც კონსტანტინოპოლის საზღვრებშია. მით უფრო დაუშვებელია სხვა საპატრიარქოს მსჯავრდებულის მიმართვა კონსტანტინოპოლისადმი. ეს მსოფლიო კრებების კანონთა უხეში დარღვევაა — იკვეთება სხვა ადგილობრივ ეკლესიებზე უფლებამოსილების მოპოვების მიზანი.

   დღეს კონსტანტინოპოლს აღარ ჰყავს დიოცეზის ეგზარქოსი (მიტროპოლიტებში უპირატესი მიტროპოლიტი), ვინაიდან ის ინსტიტუციურად აღარ არსებობს. ამიტომ მას (კონსტანტინოპოლის პატრიარქს) ექვემდებარებიან მხოლოდ მიტროპოლიტები და არა სხვა ადგილობრივი ეკლესიების პატრიარქები. მეტიც: ეს უკანონო „აპელაცია" სასჯელსაც ითვალისწინებს. ამიტომ პეტრე „კოლხი" კვარაცხელია და სხვები არა ხარისხაღდგენილი სასულიერო პირები, არამედ „სამაზვანცებია".




1 მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. ეპ. ნიკოდიმი (მილაში) IV მს. კრ. მე-17 კანონი. გვ. 344.

2 Прот. А. Новиков. Апофеоз Восточного Папизма. Православие.ру.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება