მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > კრებსითობის იმიტაცია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
კრებსითობის იმიტაცია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძეგუშინ, 07:45 |
|
პაპის პრიმატში (ლათ. Primatus papae) რომაული კათოლიციზმი მთელ საქრისტიანოზე უპირატესობასა და უფლებამოსილებით მეთაურობას მოიაზრებს. მას ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან სწორედ ის გახლავთ წყარო ყველა სიახლისა. რომის პაპს პირველობა-პრიმატის დოგმატი მსოფლიო კრებებზე მაღლა აყენებს, იგი დღესაც პაპიზმის ძირითად ნიშად გვევლინება. ეს ყველაფერი პეტრე მოციქულს, ვით რომის პირველ ეპისკოპოსს და იქვე, რომშივე მოწამეობრივად აღსრულებულს უკავშირდება. აქედანაა რომის საყდრის მემკვიდრეობითი ავტორიტეტიც, ხოლო პატივით პირველობა რომს, ვით იმპერიის დედაქალაქს, ეკუთვნოდა. პრიმატის (პირველობის) თეორიული და პრაქტიკული ჩამოყალიბება ასწლეულების მანძილზე მიმდინარეობდა. მისი პირველი ნიშნები ადრეულ საუკუნეებში გამოვლინდა, თუმცა მაშინ მას არ ენიჭებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა — რომის პაპები (მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ესწრებოდნენ მსოფლიო კრებებს) პირველი ათასწლეულის მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებს (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ეთანხმებოდნენ. სწორედ უფლებამოსილებით პირველობის ამბიცია, „ფილიოქვეს"-თან ერთად, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის განხეთქილების მიზეზად იქცა, ხოლო დოგმატური ხასიათი მოგვიანებით XII-XIII ს.ს. ლათერანის კრებებზე (1123, 1139, 1179 და 1215 წლებში) მიიღო. პრიმატის ერესს პაპისტები დღესაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ, ვინაიდან მათთან კრებსითობის ყოველგვარი ნიშანწყალი ანულირებულია და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. არსებითად, კრებები, სინოდები უბრალო სათათბირო ორგანომდეა დაყვანილი — გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, პაპის საბოლოო სიტყვის გარეშე ის არაფერს წარმოადგენს. პაპისტების მიერ წმინდად შერაცხილი დონ ბოსკო ამბობს: „ქრისტემ პაპი წინასწარმეტყველებზე, იოანე ნათლისმცემელზე, ანგელოზებზე მეტად აღამაღლა. იესომ პაპი ღვთის სიმაღლემდე აიყვანა".1 კათოლიციზმისაგან განსხვავებით მართლმადიდებელ ეკლესიაში კრებსითობა უზენაესი ინსტიტუციაა. აქ ყველა მღვდელმთავარი თანაბარი უფლებით სარგებლობს. ეკლესიის მმართველობაში ისინი ერთობლივად — სულიწმინდის შეგონებით იღებენ გადაწყვეტილებას, ე.ი. არც ერთი სასულიერო პირი, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ჩათვლით. არ მოიაზრება სხვა ადგილობრივი ეკლესიების პატრიარქებზე უფლებამოსილებით აღმატებულად. მსოფლიო კრებებზე ყველა მღვდელმთავარის ხმას თანაბარი ძალა გააჩნია. ამრიგად, შეუძლებელია ორი ურთიერთსაპირისპირო ცნების (კრებსითობა და პირველობა) ჰარმონიული შეხმატკბილება. დასავლეთსა (პირველობა) და აღმოსავლეთს (კრებსითობა) შორის ურთიერთობის „ჰარმონიულობა" მხოლოდ კომპრომისითაა შესაძლებელი. ყველაზე დიდი ილუზია ე.წ. კონფესიათაშორისი დიალოგის პროცესში არის მისწრაფება, გადაიხედოს „პირველობა-პრიმატის საკითხი პირველ ათასწლეულში", თითქოს ლათინების დედაეკლესიიდან გამოყოფამდე პაპები ფლობდნენ არა პატივით პირველის, არამედ მთელ ეკლესიაზე უფლებამოსილებით პირველის სტატუსს. ამ საკითხის დეკლარირებულად „დადასტურების" შემდეგ შეუდგებიან (უკვე შეუდგნენ) მეორე ათასწლეულში მისი (რომის პაპის) მთელ აღმოსავლეთზე უფლებამოსილების „დამტკიცებას". ამ ნიშნით, პირველობა-პრიმატის საკითხი აღმოჩნდა ის მახე, რომელზეც იოლად წამოეგნენ „მართლმადიდებელი" ეკუმენისტები (და არა მხოლოდ ისინი). საქმე ისაა, რომ რომაული კათოლიციზმი თავის კატეხიზმოში დღესაც უცვლელად აღიარებს: „რომის ეპისკოპოსი თავისი ღირსებით, ვით ქრისტეს წარმომადგენელი და ვით ეკლესიის მოძღვარი, ფლობს სრულ, უზენაეს და მსოფლიო ძალაუფლებას ეკლესიაში... კრება ან ეპისკოპოსთა კორპუსი არ ფლობს უფლებამოსილებას, თუკი არ იმყოფებიან თანხმობაში რომის ეპისკოპოსთან, ვით თავიანთ ხელმძღვანელთან".2 ე.ი. პაპის კონცეფციის თანახმად, მისი „ძალაუფლების" ქვეშ მოიაზრება მართლმადიდებელი ეკლესიაც, რომელმაც თავისი კრებსითობა რომის პაპს — ქრისტენაცვალს ეკლესიაში უნდა დაუქვემდებაროს. საამისოდ ვატიკანი ცდილობს რაიმენაირად შენიღბოს, შეფუთოს თავის „პირველობა" ფასადური კრებსითობით, თითქოს პაპიზმმა გადახედა თავის სწავლებას, აღმოაჩინა „პირველობის შეუმდგარობა" და დაუბრუნდა კრებსით ცნობიერებას, ხალხისთვისაც ხელმისაწვდომი გახადა ის. ახალი ტაქტიკის თანახმად, პაპისტების „სინოდებზე" არა თუ ეპისკოპოსებს (რომლებსაც არავინ უგდებს ყურს), არამედ ერისკაცებსაც აქვთ ხმის უფლება.3 საბოლოო სიტყვა კი „პაპს" და მხოლოდ მას ეკუთვნის. ე.ი. თქვენ ითათბირეთ რამდენიც გსურთ, ბოლო სიტყვა კი „ჩემიაო". ვატიკანის ამ ტაქტიკურ სვლას ხელოვნურ რეკლამირებენ, აქაოდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა პაპისტურ სამყაროში. სინამდვილეში ხელუხლებელი რჩება პაპის „პრიმატი-პირველობა", რაც აბათილებს „კრების" (კრებების) ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუკი ის არ იქნა მოწონებული პონტიფიკის მიერ. საინტერესოა, რაში გამოიხატება ეპისკოპოსებისა, მით უფრო ერისკაცების „აქტიური როლი", თუკი პაპისაა ბოლო სიტყვა?! აშკარაა პაპისტების მზაკვრული და ცბიერი ტაქტიკა — მართლმადიდებლების გასაბითურებლად ქმნიან იმიტაციას, თითქოს გააძლიერეს კრებსითი ინსტიტუტები. ეს მორიგი მახეა, რათა შეძლონ და მოშალონ საკვანძო მნიშვნელობის წინაღობა (კრებსითობა) პაპისტებთან გაერთიანებისთვის. აქცენტი კვლავ ელინებზე (ანუ ბერძნული წარმომავლობის ადგილობრივ ეკლესიებზე) კეთდება, ვინაიდან ვატიკანმა ისტორიული გამოცდილებით იცის: ბერძნული ეკლესიების (განსაკუთრებით კონსტანტინოპოლის ეკლესია) მნიშვნელოვანი ნაწილი დაემორჩილება უნიას. ასე რომ, პაპისტების „კრებსითი კონცეფციის" მიუხედავად, პაპის ავტორიტეტი (უფლებამოსილების პრეტენზია მთელ საქრისტიანოზე) არაფრით მცირდება, ვინაიდან „კრებას", „სინოდს" მარტოოდენ „სათათბირო სტატუსი" გააჩნია, მისი გადაწყვეტილება, პაპის დასტურის გარეშე, ფარატინა ქაღალდია. მეტიც, ამგვარი „სინოდალიზმით" რომის პაპის ძალაუფლება კიდევ უფრო იზრდება. სინამდვილეში, საშუალო რგოლი — ეპისკოპოსების ხმა (რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს პაპის პოზიციას) თავიანთივე ერისკაცების „ხმების", მათი „საეკლესიო" სტრუქტურებში შეყვანით სუსტდება. არსებითად, პაპმა შექმნა ზეწოლის კიდევ ერთი ინსტრუმენტი ურჩი ეპისკოპოსების წინააღმდეგ. შესაძლოა ესაა მათი „კრებსითობისა" და „სინოდალურობის" მთავარი მიზანი. როგორც ჩანს, პაპი ერთდროულად „ორი კურდღლის" დაჭერას ცდილობს, პირველი: შიგნით — ურჩი ეპისკოპოსების დამორჩილება, მეორე: გარეთ — „დამყოლი მართლმადიდებლების" დაქვემდებარება. ეს საკენკი თავად კენკონ. ვატიკანისთვის კონსტანტინოპოლის დაყოლიება ამ საკითხზე გახლავთ დამატებითი ინსტრუმენტი პაპის პირველობის და „აღმოსავლეთის პაპის" ლეგიტიმაციისთვის. ამაში კი სულაც არ მოიაზრება პატივით პირველობა, მით უფრო კრებსითი პრინციპის გათვალისწინება. „მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" მკაფიოდაა ჩამოყალიბებული მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება: „მხოლოდ ქრისტეა თავი ეკლესიისა, როგორც გვასწავლის მოციქული: „ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისა" (ეფ. 5. 23); სწავლებაში ასევე ნათქვამია: „და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისა, რომელი არს დასაბამი, პირმშოი მკუდრეთით, რაითა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ" (კოლ. 1. 18); როდესაც მღვდელმთავარი მიიჩნევა ეკლესიის ხელმძღვანელად, ეს შემდეგნაირად უნდა იქნას გაგებული: ყოველი ეპისკოპოსი თავის ოლქშია მეთაური და არა მთელ ეკლესიაში. წმ. წერილი ამბობს: „ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიისა უფლისა ღვთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა" (საქმე. 20. 28). ხოლო მწყემსი თავად იესო ქრისტეა, როგორც მოწმობს პეტრე მოციქული: „და გამოჩინებასა მწყემსთ მთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გვირგვინი" (1 პეტრ. 5. 4). უნდა დავემორჩილოთ ქრისტეს ეკლესიის სწავლებას: „ხოლო უკუეთუ კრებულისაცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზვერე და წარმართი" (მათ. 18. 17). ამასთან, ეკლესიის ძალაუფლებისამებრ წმ. წერილზე დაყრდნობით შესაძლებელია პატრიარქების, პაპების, ეპისკოპოსების ბრალდება, ბრალის სიმძიმის მიხედვით მიეცეთ სასჯელი და ეპიტიმია, კანონებით ბოძებული, ვინაიდან ის (ეკლესია) არის სვეტი ჭეშმარიტებისა, მოციქულის სიტყვისამებრ: „ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სვლაი, რომელი არს ეკლესია ღმრთისა ცხოველისა, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3. 15).4 ამრიგად, მიგვაჩნია, რომ არც წმ. წერილში, არც მამებისეულ გარდამოცემაში, არც ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებაში საფუძვლები პაპისტების პირველობა-პრიმატისა, არ არსებობდა, არასდროს, გნებავთ, პირველ ათასწლეულში ჰქონიათ პაპებს ეს უფლებამოსილება. დედაეკლესია ყოველთვის იყო კრებსითი ცნობიერების ერთგული და მისი თავი ყოველთვის იყო და იქნება უფალი ჩვენი იესო ქრისტე!
1 Папская соборность: еше одно хорошо расставленная ватиканская ловушка в православной Церкви. Пирея. 29.12.2024. 2 Выгоду от богословских диалогов имеет только Римский Папа. Прот. Г. Металинос. Апологет SPБ.ru. 3 Соборность и первеиство в первом тысячилетии: как путь к общему пониманию служению единству церкви. Кети. 2016. 4 Православное исповедание кафолической апостольской церкви восточной. I. 85-86. დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |