მთავარი > საცდურები, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ახალი ეპოქის საზოგადოება - დავით ჯინჭარაძე

ახალი ეპოქის საზოგადოება - დავით ჯინჭარაძე


3-01-2026, 09:19

ახალი ეპოქის საზოგადოება - დავით ჯინჭარაძე

 


   ახალ ეპოქაში კაცობრიობას გამოარჩევს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - ადამიანის სული ღმერთისთვის დახურული გახდა. იგი გაუცხოვდა ღვთის მიმართ. განდგომილებამ თითქმის სრულად მოიცვა ადამიანი. ეს ნამდვილად გახლავთ ახალი ეპოქის ძირითადი დამახასიათებელი ფენომენი.
   ჩვენ ვხედავთ, რომ კაცობრიობა თანდათან კარგავს რწმენას ყოვლისშემძლე და ყოვლისმყრობელი შემოქმედის მიმართ. უზანაესი კანონები აღარ ქმნიან წესრიგს ადამაინების სულსა და საზოგადოებაში.
   ურწმუნო ადამიანის სული განიცდის დემონურ ჩაკეტილობას ჭეშმარიტების მიმართ. ადამიანს ამის აღიარება უჭირს, თუმცა ეს ჩაკეტილობა კარგად ჩანს მორწმუნეთათვის. სამაგიეროდ, ახალი ეპოქის ადამიანი სიამოვნებით უღებს გულისკარს ნებისმიერ იდეოლოგიას და ცრუ სწავლებას ღმერთის შესახებ.
   ახალი ეპოქაში, განსაკუთრებით მე-XX და XXI-ე საუკენეებში გაჩნდა საზოგადოების ახალი ტიპი. ბოლო დროის მამებმა მას - ახალი ადამიანი უწოდეს. მისი გამორჩეული თვისება გახლავთ ის, რომ ის თავს გამიჯნულად მიიჩნევს ღვთაებრივი წესრიგისაგან, ის თვითკმარია და უწესრიგობა, მუდმივი ჯანყი და რევოლუციური განწყობა ბუდებს მის სულში.
   იმის გააზრების ნაცვლად, რომ საზოგადოება უფრო დიდი წესრიგის ნაწილია, რომელშიც მმართველი თავად ღმერთია, საზოგადოებაში გაჩნდა, მცირე წესრიგის იდეა იდეოლოგიების სახით, საკუთარი პერსონის მის ცენტრში მოთავსებით.
   უმაღლესი სიკეთის სულიერი განმარტება აღარ აერთიანებს ადამიანებს. შედეგად, ყალიბდება ინდივიდები და საზოგადოება არა უმაღლესი სიკეთის, არამედ უდიდესი ბოროტების გაზიარების მიხედვით.
   ადამიანებს ახლა აერთიანებს: იდეოლოგიური სიმახინჯე, შიში, ბოროტება, ინდივიდის სიკვდილი, ქვეყნის დაშლა, რევოლუციური სულისკვეთება და ეკლესიაში განხეთქილება.
   ადამიანის მიზანი გახდა სიცოცხლის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, ტრანსჰუმანისტური მოძრაობა მისთვის აბსოლუტურად მისაღებია. ოღონდ დიდხანს იცოცხლოს და ყველანაირ ექსპერიმენტს მოაწერს ხელს.
   რაც შეეხება ერთობას, აქ ჭეშმარიტებაში ერთობას თითქმის არსად ვხვდებით. იგი ერთობამ ერთობის გულისთვის ჩაანაცვლა.
   განდგომილების ამ ეტაპზე, ერეტიკული ნაირსახეობების გაცოცხლებასთან ერთად ვხედავთ ახალი "ღმერთების” თაყვანისცემას იდეოლოგიურ-პოლიტიკური ცრუ სწავლებების გამოხატვით, რომელიც "დახვეწის” სტადიაში იმყოფება.
   ახალი ეპოქის ადამიანის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება "ჭეშმარიტების” ლექსიკის გამოყენებით ჭეშმარიტების ღალატია. ჭეშმარიტება განცხადებულია, ჭეშმარიტი აზრის მყპრობელი საკუთარ ფიქრებს მაქსიმალურად გაურბის, რათა მასში ადამიანური არ შეიტანოს. ხოლო, ახალი ეპოქის ადამიანი საკუთარ აზრებს არგებს "ჭეშმარიტებას”, მისთვის მისი გონების ნააზრევი არის ჭეშმარიტება და არა უკვე არსებული, რომელშიც შესაცვლელი არაფერია. ის ამქვეყნიური ღირებულების მარადიული ღირებულებებით წარმოჩენის, ანუ გაყალბების დიდოსტატია.
   კიდევ ერთი მკვეთრად გამორჩეული ნიშანი ახალი ეპოქისა არის ის, რომ სათნოება მკვეთრად კარგავს თავის ღირებულებას, რადგან ის აღარ არის დაკავშირებული განღმრთობასთან. სათნოებების, როგორც სინდისის მეგზურის, ადგილს იკავებს სიკეთისა და ბოროტების შესახებ მოსაზრებები, რომლებსაც თავად საზოგადოება ადგენს საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე.
   კიდევ ერთი მახასიათებელი ახალი ეპოქის ადამიანისა ძალაუფლების სურვილი და ძალაუფლების გამომხატველი ლიდერების განდიდებაა, როგორც პირობითი მზადება ბოლო "ყოვლისშემძლე ლიდერის” კაცობრიობის მიერ მიღებისა.
   ჭეშმარიტებისაგან დახურულ საზოგადოებაში ძალაუფლება არ მოდის ღმერთისგან, არამედ ადამიანისგან და, შესაბამისად, ეს ძალაუფლებაც კი არ არის, არამედ სეკულარული, გარკვეულწილად სოციალური მაგიური ძალაა. მართლაც, რაგინდ მკაფიოდ, თუნდაც ფაქტების დონეზე, დაანახო ახალ ადამიანს ჭეშმარიტება, ის მაინც თითქოს მაგიური ძალით არის შეპყრობილი და არ თმობს მას. ის, ვინც ამ ხალხის მართვა შეძლო ახალი "ღმერთები” და "გმირები" ხდებიან.
   ამრიგად, ახალ ეპოქაში მივიღეთ ჭეშმარიტებისაგან, ანუ ღმერთისაგან დახურული საზოგადოება და სიცრუისადმი სრულიად გახსნილი პოლიტ-იდეოლოგიური საზოგადოება, რომლის "ღვთაება” ამსოფლიურ ინტერესებს არ ცდება და ჭეშმარიტების მიმართ მტრობაში გადაიზრდება.
 
 
 


     დავით ჯინჭარაძე 
          www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება