მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ფილიოქვეთი“ მანიპულირების მიზეზები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ფილიოქვეთი“ მანიპულირების მიზეზები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


დღეს, 15:55

„ფილიოქვეთი“ მანიპულირების მიზეზები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   2025 წ. 28 ნოემბერს, ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, გაიმართა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესა და რომის პაპ ლევ XIV-ს შეხვედრა. კონფესათაშორისი დიალოგები, ეკუმენისტური ლოცვები არახალია. აღნიშნულმა შეხვედრამ ყურადღება მიიპყრო, ერთი შეხედვით ახალი მიდგომის გამო პაპისტების მხრიდან. კერძოდ, „დოქსოლოგიის" დროს წაკითხული სარწმუნოებრივი სიმბოლო (მრწამსი) Filioque-ს ჩამატების გარეშე ერთობლივად იქნა წარმოთქმული.

   ვიზიტის წინ პაპმა „მოციქულებრივი ენციკლი" (in iuitate fide. 23. 11. 25) გამოაქვეყნა, რომელშიც ქრისტიანებს განახლებული დიალოგისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ „ენციკლაში" პონტიფიკი „ფილიოქვეს" საკითხსაც შეეხო. ტექსტში ნათქვამია: „სულიწმინდის მამისაგან და ძისაგან გამომავლობა არ გვხვდება კონსტანტინოპოლის კრების ტექსტში, ის ლათინურ სიმბოლოში პაპ ბენედიქტე VIII-ს მიერ 1014 წ. იქნა ჩამატებული და მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის საგანს წარმოადგენს".1

   როგორც ვხედავთ, პაპი ერთი მხრივ აღიარებს მეორე მსოფლიო კრებაზე მიღებული მრწამსის განსაზღვრებას, ბენედიქტეს მიერ Filioque-ს ჩამატებას, მეორე მხრივ — არ უარყოფს მას, არამედ დასძენს, რომ ის (ფილიოქვე) თურმე „დიალოგის, (მსჯელობის) საგანი" ყოფილა.

   ერთი სიტყვით, ორივე მხარე გარკვეულ კომპრომისზე, „დათმობაზე" წავიდა: „რომი დათანხმდა არ წარმოეთქვა Filioque მართლმადიდებლებთან ურთიერთობის დროს, კონსტანტინოპოლმა კი გამოხატა მზაობა პაპის პირველობა ეტაპობრივად ეღიარებინა. თავდაპირველად პირველ ათასწლეულზე გაამახვილეს ყურადღება. მაშინ რომის ეკლესიას პატივით (და არა უფლებამოსილებით) ნამდვილად ეკუთვნოდა პირველობა. დასავლეთი და აღმოსავლეთი კი ევქარისტიულ ერთობაში იმყოფებოდნენ. შემდეგ ეტაპზე (მეორე ათასწლეულში) პაპისტებსა და „მართლმადიდებლებს" შორის შემდგარი უნიატური კრებების მნიშვნელობაა წინა პლანზე წამოწეული. მესამე ათასწლეულის დასაწყისი კი საბოლოო გაერთიანებით უნდა დაგვირგვინდეს. საამისოდ პატრიარქმა და პაპმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, სადაც პასქალიის ერთობლივი აღნიშვნა და ერთობაა წარმოჩენილი, ხაზგასმით: „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, მთავარი ქრისტიანული დღესასწაულის ერთობლივად აღნიშვნისათვის ახალი და მამაცური ნაბიჯები გადაიდგმება".2

   ერთობლივ დეკლარაციაში ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეკლესიებს შორის არსებობს გადაუწყვეტელი ისტორიული საკითხები. ამიტომ ეკლესიები შეეცდებიან შეთანხმდნენ იმაზე, რაც აერთიანებს. თითქოს დღესაც მართლმადიდებლებსა და პაპისტებს ერთი და იგივე მრწამსი გვქონდეს, თითქოს ვეთანხმებოდეს იმას, რომ პირველ ათასწლეულში უფლებამოსილებით ეკლესია პაპის პირველობას აღიარებდა.

   ცხადია, პაპის მხრიდან მართლმადიდებლური მრწამსის წარმოთქმა მორიგი მზაკვრული ხერხია, ერთგვარი „ინსტრუმენტი" მართლმადიდებლების ანკესზე წამოსაგებად. ეს ცნობილი „იეზუიტური კაზუისტიკაა", როდესაც მთავარი მიზნის მისაღწევად ტაქტიკური „დათმობაც მოსულა" („მიზანი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას"). ამიტომ გვიჩნდება სერიოზული ეჭვი: რა გეგმა იმალება პირველი მსოფლიო კრების ეკუმენისტური ინტერპრეტაციის მიღმა?

   გადავხედოთ ისტორიულ პროცესებს. მოგეხსენებათ, Filioque პირველად ესპანეთში ტოლედოს III კრებაზე (589 წ.) გაჟღერდა. ამის შემდეგ ის დროდადრო იჩენდა ხოლმე თავს, ვით „ადგილობრივი წეს-ჩვეულება" (და არა დოგმატი). IX საუკუნიდან ფრანკებმა გააძლიერეს მისი (ფილიოქვეს) ინტენსიური დამკვიდრების მცდელობა, მაგრამ რომის პაპები (ლევ III (809), იოანე VIII) მას კატეგორიულად უარყოფდნენ, არაკანონიერ სწავლებად მიიჩნევდნენ, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა მესამე და მეოთხე მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებას მრწამსის შეუცვლელობის შესახებ.

   სამწუხაროდ, ფრანკების ბატონობამ რომში მოშალა პატრისტიკული ტრადიცია და 1014 წ. პაპმა ბენედიქტ VIII-მ მრწამსში ოფიციალურად ჩაამატა „ფილიოქვე" (და ძისაგან სულიწმინდის გამომავლობა). ნიშანდობლივია, რომ პაპ ლევ XIV-მ თავის ენციკლიაში აღიარა ეს ფაქტი.

   ამას მოჰყვა პაპი ბენედიქტის მართლმადიდებლური დიპტიხიდან ამოღება. დოგმატის დონეზე Filioque-ს აღიარებამ 1054 წ. რომსა და მართლმადიდებლურ აღმოსავლეთს შორის საბოლოო გახლეჩა გამოიწვია.

   1215 წელს ეკლესიიდან მოკვეთის შემდეგ, ლათერანის მეოთხე კრებაზე Filioque სარწმუნობერივ დოგმატად დადგინდა. მეორე ათასწლეულის უნიატურ კრებებზე — ლიონის (1271 წ.), ფერარო-ფლორენციის (1436-1439 წ.წ.), ბრესტის და ა.შ. — პაპისტებმა მართლმადიდებლების გადაბირება სცადეს. ყველა უნიატური კრება უშედეგოდ დასრულდა.

   ამრიგად, მეთერთმეტე საუკუნიდან დღემდე Filioque რომის „ეკლესიის" სავალდებულო სწავლება გახლავთ.

   ვატიკანის მეორე კრების (1962 – 1965 წ.წ.) შემდეგ, ეკუმენისტური ინტეგრაციის პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით, რომმა „გაითვალისწინა" აღმოსავლეთის ეკლესიათა შეუვალი პოზიცია Filioque-სთან დაკავშირებით. სწორედ ამას მოჰყვა პაპისტების ჟესტი — მოჩვენებითი დათმობა. სინამდვილეში მათ არც ერთი ნაბიჯით არ დაუხევიათ უკან. ამას ადასტურებს ვატიკანის მეორე კრების შემდეგ (1996 წ.) გამოცემული კატახიზისიც.3

   ღავდაპირველად „ფილიოქვეს" გამოტოვების უფლება უნიატებს — „აღმოსავლელ პაპისტებს" (გარეგნული მსახურებით მართლმადიდებლებს, პაპის მოხსენებით) მიეცათ. შემდეგ მართლმადიდებლურ ქვეყნებში არსებულ კათოლიკურ „ეკლესიებს", თითქოს ისინი უარყოფდნენ თავიანთ დოქტრინულ სწავლებას, ამ დროს შეუცვლელი რჩება პაპისტებისთვის:

   „სარწმუნოებრივი სიმბოლოს ბერძნულ ენაზე წაკითხვის (ან ეკუმენისტურ სხდომების) დროს კათოლიკური ეკლესია თავს იკავებს Filioque-ს ბერძნულ ფორმულირებაში ჩამატებისაგან... ეს არ გახლავთ ლათინური დოგმატური ტრადიციის უარყოფა, რომელიც მოიაზრებს Filioque-საც... Filioque-ს გამოყენება-გამოუყენებლობა ეკუმენისტური ლოცვის დროს არ ცვლის კათოლიკური ეკლესიის დოგმატურ პოზიციას... კათოლიკებისა და მართლმადიდებლების ერთობლივ ღვთისმსახურებაზე მრწამსის წაკითხვის დროს Filioque-ს გარეშე გაჟღერება დასაშვები და კანონიკურია.4

   იგივე პათოსი შეინიშნება 2019 წლის პაპისტურ დეკლარაციაში „Domininus Jesus" (6. 08. 2019). იქაც წერია: „აღმოსავლელი ქრისტიანების „გრძნობების" გათვალისწინებით სარწმუნოებრივი სიმბოლო Filioque-ს გარეშე წაიკითხება".5

   ასევე გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ 2025. 29. 11-ს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესა და რომის პაპ ლევ XIV შეხვედრაზე „ფილიოქვეს" ჩაუმატებლობა მეორე დღესვე გაბათილდა — პაპმა „ფოლცვაგენ არენაზე" კათოლიკური მესა (ღვთისმსახურება) ჩაატარა და გუნდმა მრწამსში Filioque-ს ჩამატებით იგალობა ლათინურ ენაზე.6

   ზემოთქმულიდან ცხადი ხდება, რომ „მართლმადიდებლებთან" ურთიერთობის დროს Filioque-ს გამოტოვება სულაც არ ნიშნავს პაპისტების მხრიდან მასზე უარის თქმას — არიქადა „კათოლიკებმა შეინანეს თავიანთი მწვალებლობა და აწი შეგვიძლია მათთან გაერთიანება" (ნუ იყოფინ!). ამას მათ ენაზე „იეზუიტური კაზუისტიკა" ეწოდება — ე.ი. პაპისტს შეუძლია „არ გააჟღეროს ის, რაც სწამს, მაშინ, როდესაც ამას სიტუაცია მოითხოვს". „გულუბრყვილო მართლმადიდებელი" კი იოლად იხიბლება მსგავსი მანიპულირებით, ვინაიდან პაპიზმი უფრო „პროგრესულ" რელიგიად მიაჩნია. პრინციპული მართლმადიდებლისთვის ყველაფერი ცხადი და გასაგებია: ერესი, გინდ „შაატრიალე", გინდ „გადაატრიალე", მაინც ერესად რჩება.








1 „Апостольская енцикла” (in iuitate fide. 23. 11. 25) папы Льва XIV.

2 Обшая декларация папы Льва XIV и патриарха Ворфломея. 28.11.2025.

3 Катахизис Католической церкви. Ватиканское издание "Кактус” 1986. N 246. სტატია.

4 Присутствие святого духа в греческой и латинской традиции. (13. 09. 1995). L. Osservatore Romano. ციტ. Филиокве в Никее-Константинополе 2025. დეკანოზი ა. გოცოპულოსი.

5 დეკლარაცია „Domininus Jesus”-ი იოზეფ რატცენგერის (მოგვიანებით პაპ ბენედიქტე XVI-ს) მიერ იქნა შედგენილი. გამოქვეყნებულია იმდროინდელი პაპის იოანე-პავლე II-ს მიერ. გახლავთ რატიფიცირებული სარწმუნოებრივი დოქტრინა.

6 Et in Spiritum Sanctum, Dominum et vivficantem, que ex Patne Filioque procedit.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება