მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მერვე (880 წ.) და მეცხრე (1351 წ.) მსოფლიო კრებები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მერვე (880 წ.) და მეცხრე (1351 წ.) მსოფლიო კრებები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე31-12-2025, 00:06 |
|
პაპისტები და „მართლმადიდებელი პაპოფილები" ირწმუნებიან, რომ კათოლიციზმი მსოფლიო კრებებზე არ ყოფილა ერესში მხილებული, შესაბამისად, არც არის მწვალებლობა, არამედ გაუგებრობაა. მართალია, მართლმადიდებელი ეკლესია უპირობო (უცდომელ) ავტორიტეტად შვიდ მსოფლიო კრებას აღიარებს, მაგრამ მცდარია აზრი, თითქოს ამით დასრულდა მსოფლიო მნიშვნელობის კრებები. ასევე მცდარია აზრი, თითქოს წმ. იოანე დამასკელს (ვით წმ. მამათა სწავლების შემაჯამებელს) ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამებისეულ ერთიან სწავლებაში. დედაეკლესიაში სულიწმინდა განუწყვეტლივ მოქმედებს. ის (მადლი) მიგვითითებს იმ მამებზე, რომელთაც ეთქმით სიტყვა საჭიროების შემთხვევაში. ეპისკოპოსებიც საიმისოდ იკრიბებიან მსოფლიო კრებებზე, რომ სულიწმინდის მადლით გადაწყდეს არსებული პრობლემა. ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს იმ კრებებს, 1) რომელთა ავტორიტეტულობა თავად მსოფლიო კრებებმა დაადასტურა (მაგ. კართაგენის, ლაოდიკიის, ანტიოქიის და სხვა კრებები). 2) მსოფლიო კრებების შემდგომი ეპოქის კრებებს, რომლებმაც სულიწმინდის მადლით (ჭეშმარიტებით) განსაზღვრეს თავიანთი ეპოქების დოგმატური ცდომილებები (მაგ. 880 წ. და 1351 წ.წ. კონსტანტინოპოლის კრებები). ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი ცნობიერება არ დასრულებულა VIII საუკუნეში. მეშვიდე მსოფლიო კრებას მოჰყვა მერვე (880 წ. წმ. ფოტის ხელმძღვანელობით), ხოლო მერვეს მოჰყვა მეცხრე (1351 წ. წმ. გრიგოლ პალამას „საავტორო" ინიციატივით). მართლმადიდებელი ეკლესიის გარდამოცემაში აღნიშნული კრებების ავტორიტეტი ეჭვს არ იწვევს. მეტიც, სწორედ ამ მსოფლიო მნიშვნელობის კრების მიერ იქნა მხილებული კათოლიციზმის ორი ძირითადი ერესი: „Filioque" და „საღმრთო მადლის ქმნილ ბუნებად აღიარება". ამ ერესებს (ლოგიკური განვითარებისამებრ) მოჰყვა შემდეგი ერესები: „პრიმატი" — პაპის უფლებამოსილებით (და არა პატივით) პირველობა და „პაპის უცდომელობა" (როდესაც პაპი საუბრობს „ექს-კათედრიდან" (ex-kathedra)). პაპისტურ მწვალებლობაში გაცნობიერებული ადამიანები იოლად შეამჩნევენ აღნიშნულ ერეტიკულ სწავლებებში ლოგიკურ კავშირს: 1. კათოლიციზმის პირველი ერესის — Filioque-ს თანახმად, სულიწმინდა არა მხოლოდ მამისაგან, არამედ „ძისაგანაც გამოვალს". აღნიშნული თეზა პაპისტებს კონცეპტუალურად ესაჭიროებიდათ: თუკი პაპი „ქრისტენაცვალია" დედამიწაზე, შესაბამისად, სულიწმინდაც მისი (პაპის) „ნებართვით" უნდა მოქმედებდეს, ე.ი. პაპი წყვეტს როდის მოქმედებს საღმრთო მადლი და როდის — არა. (ღვთის გმობა!). 2. მეორე ერესის თანახმად, საღმრთო არსი (არსება) — ღმერთია, ხოლო საღმრთო ენერგიები — არა, მას ქმნილებად მიიჩნევენ. აქაც კონცეპტუალური ინტერესი იკვეთება: ხელთუქმნელი ღვთაება (საღმრთო არსება) უხილავი და ტრანსცენდენტურია (მიღმიურია), შესაბამისად, ამქვეყნიური სამყარო არა ღვთის მადლით (საღმრთო ენერგიებით), არამედ რომის პაპის უფლებამოსილებით იმართება. წმ. წერილი კი გვმოძღვრავს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათ. 5. 8). ჭეშმარიტად, მიუღებელია ისეთი ღმერთი, რომელიც არ ზრუნავს თავის შექმნილ სამყაროზე საღმრთო ენერგიების მეშვეობით. პაპისტებისთვის ეს ხელსაყრელია, ვინაიდან არათუ საღმრთო ენერგიების, არამედ თავად ქრისტეს ნაცვალად მოიაზრებენ პაპები თავს. პაპები განკარგავენ ყოველივეს ამქვეყნად, ღმერთი ამაში არ ერევა (ღვთის გმობა!). 3. აღნიშნულ ერესებს ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა დანარჩენიც: „პაპის პრიმატი", იგივე პაპის უფლებამოსილებით პირველობა დანარჩენ პატრიარქებსა და ზოგადად მთელ მსოფლიოზე. ამის საფუძვლები IX საუკუნით თარიღდება, XIII საუკუნეში დოქტრინული ხასიათი მიიღო: თუკი სულიწმინდის მოქმედების განმკარგველიც კი რომის პაპია და საღმრთო ენერგიებზე მაღლა დგას (ვინაიდან ის ქმნილებაა, ხოლო თავად პაპი — ქრისტეს ნაცვალი სამყაროში), ამას ლოგიკურად კიდევ ერთი ერესი უნდა მოჰყოლოდა. 4. „პაპის უცდომელობა" — ლოგიკური დაგვირგვინებაა იმ ამბიციებისა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ავითარებდა კათოლიციზმი: თუკი (მათი აზრით), პაპი „ქრისტეს ნაცვალია" დედამიწაზე, ის (პაპიც) ისეთივე „უცდომელი" უნდა იყოს. საამისოდ საჭირო იყო წმ. წერილისა და მსოფლიო კრებების სწავლებაში სათანადო არგუმენტაციის მოძიება (ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ). მანამდე დავუბრუნდეთ თემას. ორივე (მერვე და მეცხრე) მსოფლიო კრებას ერთობ დიდი მნიშვნელობა გააჩნია მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა და სულიერების თვალსაზრისით. ისინი ერთგვარად ავსებენ, აგრძელებენ ეკლესიის კრებსით ცნობიერებას. როგორც წინამორბედ კრებებზე, ასევე აქაც გამოიკვეთა ორი ტრადიციის დაპირისპირება: 1) მართლმადიდებლური (ორთოდოქსული). 2) ფრანკო-პაპისტური (იეზუიტური). აღნიშნული კრებები გახლავთ ერთგვარი გაგრძელებაა იმ ბრძოლისა, რომელსაც შვიდი მსოფლიო და ავტორიტეტული ადგილობრივი კრებები ეწოდა. ვგულისხმობთ იმას, რომ ძველ და ახალ ერესებს შორის გარკვეული კავშირი არსებობდა. მაგალითად: მეოთხე საუკუნეში არიოზელები ამბობდნენ, რომ სიტყვა-ღმერთი (ქრისტე) ქმნილებაა („ძე ღვთისაა, მაგრამ იყო დრო, როდესაც ის არ იყო" — არიოზი). ვარლამ კალაბრიელიც ირწმუნებოდა, რომ საღმრთო ენერგია ქმნილი ბუნების იყო. ისიც „სანახევრო" ვერსიაზე დათანხმდა. ამავე საუკუნისაა პელაგიური ერესი (ნახევრადპელაგიური ვარიანტებით). აქაც საღმრთო მადლი არა ხელთუქმნელ თვისებად (ზებუნებრივის ზემოქმედებად), არამედ ვით ადამიანის სამშვინველის უნარებად (გონებრივი, მგრძნობელობითი, ნებელობითი) მოიაზრებოდა. ნეტ. ავგუსტინეს დიდი დამსახურება სწორედ ისაა, რომ მან გამოავლინა და შემდეგ კრებსითად (კართაგენის 418 წლის კრებაზე) მხილებულ იქნა პელაგის მზაკვრული ერესი. მადლისა და ადამიანის ნების გაიგივება ნიშანდობლივია პელაგიანობისთვის. ეს ტენდენცია ამხილა წმ. გრიგოლ პალამამ საღმრთო ენერგიების ხელთუქმნელად აღიარებისას. კალაბრიელი კი მადლს გონებრივ ნიჭთან აიგივებდა. ასევე პირდაპირი საღვთისმეტყველო და სულიერი კავშირი იკვეთება VI მსოფლიო კრებასა და IX მსოფლიო კრებას შორის. მეექვსე მსოფლიო კრებამ მიიღო დოგმატი, რომ ქრისტეს ორი ნება (ღვთაებრივი და კაცობრივი) გააჩნდა. იგივე საკითხები განიხილებოდა 1351 წლის მსოფლიო კრებაზე წმ. გრიგოლ პალამას მიერ. ჭეშმარიტად, პაპიზმი გაცილებით უფრო მზაკვრული ერესი აღმოჩნდა, ვიდრე მონოთელიტობა. იქ ქრისტეს კაცობრივ ნებას საღმრთოდ მიიჩნევდნენ, აქ (პაპიზმში) მომაკვდავ ადამიანს (პაპს) ღმერთის თვისებებით ამკობენ. დასკვნის სახით ვიტყვით: კონსტანტინოპოლის 880 წლის და 1351 წლით კრებები ჭეშმარიტად მსოფლიო მნიშვნელობისაა და მათ თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მერვე და მეცხრე მსოფლიო კრება, ვინაიდან: 1) მათ დაამოწმეს წინამდებარე მსოფლიო კრებების დოგმატური განსაზღვრებები. 2) ეს კრებები ხელმოწერილ იქნა იმპერატორების, პატრიარქების, მღვდელმთავრების, ლეგატების მიერ. 3) ისინი შესულია „მართლმადიდებლურ სინოდიკში" — ე.ი. დიდი მარხვის პირველ კვირიაკეს საუკუნეთა მანძილზე ბრალდებული ერესების ნუსხაში შეტანილია მერვე და მეცხრე მსოფლიო კრებებზე მხილებული ერესები, ვით კათოლიკური ცრუსწავლების დადასტურება. 4) აღნიშნული კრებების „აპოდექტური" (და არა დიალექტიკური) ხასიათი, ე.ი. მათ საფუძვლად ჰქონდათ წმ. წერილი და წმ. გარდამოცემა, ვით მართლმადიდებლურ კრებსითობას შეესაბამება და არა ელინისტური ფილოსოფია, რომელიც საფუძვლად უდევს ერეტიკულ სწავლებებსაც და საღვთისმეტყველო მოდერნიზმსაც.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |