მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > წმ. ფოტი — „ფილიოქვეს ერესის“ მამხილებელი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

წმ. ფოტი — „ფილიოქვეს ერესის“ მამხილებელი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


გუშინ, 21:18

წმ. ფოტი — „ფილიოქვეს ერესის“ მამხილებელი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   Filioque-ს (სულიწმინდის „და ძისაგან" გამომავლობა) პრობლემამ მეექვსე საუკუნიდან იჩინა თავი (547 წ. ტოლედოს კრება). გარკვეული პერიოდი მას არ ჰქონდა დოქტრინული მნიშვნელობა — ზოგი პაპი აღიარებდა, ზოგიც ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსს ემხრობოდა. ფილიოქვეს ოფიციალურად აღიარა რომის ეკლესიამ 1014 წელს, პაპ ბენედიქტ VIII-ს დროს. ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვა აღმოსავლეთის ეკლესიებიდან. დიდი საღვთისმეტყველო ბრძოლა ამ ერესის წინააღმდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა წმ. ფოტიმ გასწია. მისი აზრით, ღვთისმეტყველებასა და აღმსარებლობას შორის განსხვავება არ უნდა არსებობდეს. მრწამსში „ფილიოქვეს" ჩამატება კი უთუოდ სარწმუნოების დოგმატური შინაარსის ცვლილებას გულისხმობს. მავანისთვის ეს შესაძლოა „უმნიშვნელო ჩამატება" იყოს, სინამდვილეში კი სულიწმინდისა და წმ. სამების მგმობელი საშინელი ერესია. ცრუდოგმატურ არსს ააშკარავებს ის აზრი, რომ თითქოს სულიწმინდას ორი საწყისი გააჩნია, ე.ი. არა მხოლოდ „მამისაგან" (როგორც ეს წმ. წერილსა და მართლმადიდებლურ მრწამსშია), არამედ „და ძისაგან" გამოვალს.

   წმ. ფოტიმ საკითხს ორი საღვთისმეტყველო ნაშრომი ("Мистология”, "Послание Патр. Фотия архиепископу Аквалейскому") მიუძღვნა. პირველი ნაშრომი („მისტოლოგია") პოლემიკური შინაარსისაა. წმ. მამა ეკამათება დასავლელ თეოლოგ რატრომნომ როტერდამელს, რომელმაც ფილიოქვეს დაუჭირა მხარი თავის ნაშრომში. მეორე წიგნი (Послание Архиеп. Аквлийскому) ეპისტოლური ხასიათისაა (Epistole 291).

   წმ. ფოტიმ წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის საფუძველზე გააკრიტიკა ლათინი ავტორის ნაშრომი. წმ. წერილი ხომ მკაფიოდ ამბობს: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის" (იონ. 15. 26). ნიკეა-კონსტანტინოპოლის (I-II) მსოფლიო კრებებზე დადგენილი მრწამსის სიმბოლოც იმავეს ადასტურებს: „და სულიწმინდა უფალი, რომელი მამისაგან გამოვალს" (და არა ძისაგანაც).

   წმ. ფოტი „მისტოლოგიაში" წერს: „მათ წმინდა და სარწმუნოებრივი სიმბოლოს ცრუშეხედულებებით დამახინჯება განიზრახეს, შემოიღეს რა საიხლე, თითქოს სულიწმინდა არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც გამოვალს. შედეგად, წმ. სამების ერთსაწყისიანობა (едининачалие) იცვლება ორსაწყისიანობით. ამით წმ. სამების დოგმატში „ერთარსება" ქრება".1

   წმ. ფოტი დასავლურ შეხედულებას ნახევრადსაველიანობაში ადანაშაულებდა. „ნახევრად" იმიტომ რომ წმ. სამების მხოლოდ ორი პირი (მამა და ძე) შეადგენდნენ ერთ რეალობას სულიწმინდის გამომავლობის პროცესში. წმინდანი „ორღმერთიანობის" შემოღებაზე საუბრობს: „რადგან მამისაგან გამომავლობა განხორციელდა, რა საჭიროა მეორე გამომავლობა, სულიწმინდის სრულყოფილი თვისება ხომ უკვე მოიაზრება მამისაგან გამომავლობაში? თუკი მამისაგან გამომავლობა არ იყო საკმარისი, ეს ნიშნავს ზესრულყოფილ წმ. სამებას მიაწერო არასრულყოფილება".2

   წმ. ფოტის (იგივე მართლმადიდებლობის) მოწინააღმდეგენი წმ. წერილის მითითებულ ამონარიდში ყურადღებას ამახვილებენ სიტყვებზე „მე მოვავლინო თქვენდა მამისა ჩემისა მიერ" (იონ. 15. 26). თითქოს სიტყვები „მე მოვავლინო" და „მამისაგან გამოვალს" ერთი და იგივე აზრს გამოხატავდეს.

   ასე რომ, პაპისტები (კათოლიკები) ვერ ანსხვავებენ ერთმანეთისაგან სულიწმინდის „გამომავლობას" „მოვლინებისაგან", ვინაიდან მხოლოდ მამისაგან გამომავლობა ადასტურებს სულიწმინდის თვისებას, ე.ი. მის მარადიულ არსებობას; „ძისაგან გამომავლობა" კი მხოლოდ დროებითი მისიის აღმნიშვნელია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „გამომავლობა" დროის მიღმიური, მარადიულია და სულიწმინდის ჰიპოსტასური თვისება გახლავთ. ქრისტეს მიერ „მოვლინება" კი არის ამჟამიერი შეწევნა და საჩუქარი გარკვეული პირებისადმი. როგორც ვხედავთ, პაპისტები მიზანმიმართულად ამახინჯებენ წმ. წერილის შინაარსს თავიანთი ცრუსწავლების გასამართლებლად.

   იმავე განიზრახეს პაპისტებმა წმ. პავლე მოციქულის სწავლების დამახინჯებისას: „და რამეთუ ხართ შვილნი გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თვისისა გულთა შინა ჩუენთა" (გალ. 4. 6). წმ. ფოტი აკვილიელი მთავარეპისკოპოსისადმი მიწერილ ეპისტოლეში წერს: „ისინი ურცხვად აბრალებენ პავლე მოციქულს იმას, რაც არ უთქვამს. იქ მოციქული საუბრობს მამისაგან გამოვლენილ „ძის სულზე". მათაც იგივე თქვან და არავინ დასდებს ბრალს ერესში. პავლე მოციქულს არ უთქვამს „სულიწმინდა ძისაგან გამოვალს", არამედ „ძის სულზე" ამახვილებს ყურადღებას. ამით ადასტურებენ ერეტიკულ შეხედულებაში ყოფნას.

   თუკი სულიწმინდა ძისაგანაც გამოდის, მაშინ თავად გამომავალი განიყოფა გამომავალი ჰიპოსტასებით, შედეგად ერთის ნაცვლად ორი სულიწმინდა იქმნება — ერთი მამაისაგან გამომავალი, მეორე — ძისაგან, რაც მკრეხელობა გახლავთ".3

   ამრიგად, Filioque-ს ერესი ამახინჯებს წმ. წწრილის სწავლებას, წმ. სამების დოგმატს, შემოაქვს ღვთაების ორსაწყისიანობა, არსებითად ორღმერთიანობა. მათი მხრიდან ადგილი აქვს სულიწმინდის თვისებათა დაკნინებას. სევერიანელების კვალდაკვალ კათოლიკები აღიარებენ ორმაგ გამომავლობას, ამით განეშორნენ ისინი ეკლესიის გარდამოცემას, წმ. მსოფლიო კრებების მრწამსის განჩინებას, დააკნინეს სულიწმინდის მამასა და ძესთან ერთარსებობა.

   ზემოთქმულის მიუხედავად, პაპისტები ჯიუტად მიჰყვებიან „ფილიოქვეს" ერეტიკულ სწავლებას. პაპის პრიმატსა — „უცდომელობას", საღმრთო ენერგიების ქმნილებად აღიარებას და მრავალ სხვა მიუღებელ სწავლებას. მართალია, მანიპულირების მიზნით ისინი ხან არ უმატებენ მრწამსში ფილიოქვეს (და ძისაგან), მაგრამ მათ არასდროს უთქვამთ უარი ფილიოქვეზე. მათი კონცეფციის თანახმად, სულიწმინდა ვერ მოეფინება ადამიანებს პაპის ნებართვის გარეშე, ვინაიდან ისაა „ქრისტეს ნაცვალი" დედამიწაზე. აქედანაა პაპის „უცდომელობაც".

   დასავლეთის ეკლესიას ჰყავდა მართლმადიდებლობის მედგარი დამცველი — რომის პაპი ლეონ III. 795-816 წ.წ. ნიკეა-კონსტანტინოპოლის მსოფლიო კრებათა დადგენილებებისადმი ერთგულების მიუხედავად, ფრანკულ-იეზუიტური კლანის აქტიურობამ მაინც გაუკაფა გზა მცდარ ჩამატებას. ამით დაირღვა III მსოფლიო კრების მიერ დადგენილი — აიკრძალოს სარწმუნოების სიმბოლოში ცვლილებების შეტანა.

   მრწამსის უცვალებლობა IV საეკლესიო კრების მამებმაც დაადგინეს და განაცხადეს: „არავის მიეცეს ნება სხვა სარწმუნოების შემოტანისა. ვინც გაკადნიერდება დაწეროს და შეადგინოს სხვა სარწმუნოება (ე.ი. შეცვალოს მრწამსი — კ. ჯ.), თუ იგი ეპისკოპოსია ან ან მღვდელმსახური, განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი, შეჩვენებულ იქნას".

   ამავე სულისკვეთებით ხელმძღვანელობდნენ 880 წ. კონსტანტინოპოლის კრების მამები წმ. ფოტი პატრიარქის მეთაურობით. ამიტომაც მიეცა აღნიშნულ კრებას მსოფლიო მნიშვნელობა.






1 Св. Патр. Фотий. Мистология.

2 Послание к архиепископу Аквилийскому.

3 Послание к архиепископу Аквилийскому.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება