მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მერვე მსოფლიო კრება — კონსტანტინოპოლი (879 – 880 წ.წ.) — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მერვე მსოფლიო კრება — კონსტანტინოპოლი (879 – 880 წ.წ.) — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


დღეს, 00:01

მერვე მსოფლიო კრება — კონსტანტინოპოლი (879 – 880 წ.წ.) — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მცდარია მოდერნისტულ-ეკუმენისტური აზრი, თითქოს მართლმადიდებლებს არ მოუწვევიათ (ან არ შეეძლოთ მოეწვიათ) შვიდ მსოფლიო კრებაზე მეტი კრება. ამით მათი მხრიდან ეკლესიის კრებსითი ცნობიერების უგულებელყოფა (ან ნაწილობრივი აღიარება ხდება) და პაპისტური სულისკვეთებისა და სწავლების ეტაპობრივი დანერგვა ხორციელდება. აქედან გამომდინარეა 1054 წ. ფილიოქვეს ერესის შედეგად გამოწვეული განხეთქილების (სქიზმის) დაიგნორირება, თითქოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კათოლიციზმის ამ (და სხვა მწვალებლურ სწავლებებს) განაჩენი მსოფლიო კრების დონეზე არ გამოუტანია. თავად მართლმადიდებლური კრებების ისტორიული გზა, კრებების დოკუმენტები ცხადად ადასტურებენ, რომ შვიდი მსოფლიო კრების შემდეგ შედგა რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის კრება. მათ შორის მერვე კრებად (879–880 წ.წ.) კონსტანტინოპოლში წმ. პატრიარქ ფოტის დროს შემდგარი კრება სახელდება. ამას ადასტურებს მრავალი ფაქტი:

   1) კრებას საყოველთაო (დასავლეთი, აღმოსავლეთი) ხასიათი ჰქონდა. მას ესწრებოდა იმპერატორი, პატრიარქი, პაპის ლეგატები, იყო პაპის თანხმობა მრწამსის შეუცვლელობის შესახებ. მღვდელმთავრები სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან.

   2) კრებამ აღიარა მეშვიდე მსოფლიო კრების მნიშვნელობა და ავტორიტეტი, რომელიც თავის მხრივ წინამორბედ მსოფლიო კრებებს აღიარებდა, ე.ი. დაცულია მსოფლიო კრებების აღიარების პრინციპი.

   3) კრებამ გაბათილებულად სცნო პატრ. ეგნატეს (869–870 წ.წ.) დროს შემდგარი კრება.

   4) კრებაზე ხელი მოეწერა კანონიკურ და საღვთისმეტყველო დადგენილებებს, რომლებიც განაპირობებდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა ერთიანობას.

   5) კრების მსოფლიო ავტორიტეტი დადასტურებულია 1705 წ. იერუსალიმის პარტიარქ დოსითეს „ხარას ტომოსში". ასევე აღიარებულია კონსტანტინოპოლისა და სხვა ადგილობრივი ეკლესიების მომდევნო კრებებზე.

   6) კრების ავტორიტეტი დასტურდება მრავალი წმ. მამის, ღვთისმეტყველისა თუ მკვლევარის* მიერ.

   განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა საუბარი აღნიშნული კრების საღვთისმეტყველო ბაზისთან დაკავშირებით. კერძოდ, გამოუტანა თუ არა კრებამ განაჩენი Filioque-ს ერესს.

   თავიდანვე უნდა ითქვას, კრება მიზნად ისახავდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის მშვიდობის დამყარებას. ამიტომ ფილიოქვესთან დაკავშირებული საღვთისმეტყველო პრობლემა ტრინიტარული (წმ. სამების) დოგმატის (და არა სახელდობრ ფილიოქვეს) ჭრილში განიხილებოდა. ხოლო თავად წმ. ფოტიმ (ერესებთან მამაცმა მებრძოლმა) ცნობილ საღვთისმეტყველო ნაშრომებში („ეპისტოლე პატრიარქ აკვილელისადმი" და „მისტაგონია სულიწმინდის შესახებ") „ფილიოქვეს" ერესის კვალიფიკაცია მიანიჭა. ორივე ნაშრომი კრებსითი განსაზღვრებად აღიქმებოდა აღმოსავლეთში, როგორც ფრანკების ცრუდოგმატის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული დოგმატური განსაზღვრება.

   ისმის კითხვა: თუკი 879-880 წ.წ. კრებას არ განუხილავს Filioque, მაშინ წმ. პატრიარქი ფოტი რატომ იმოწმებს მას თავის ეპისტოლეებში?

   ფაქტია, ფილიოქვეს (არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგან გამომავლობა) სწავლება არის სრულიად შეუმდგარი სახარებისეული და საღვთისმეტყველო თვალსაზრისით:

   1) იოანე მახარებელის მიერ მკაფიოდ ითქვა, რომ „სულიწმინდა მამისაგან გამოვალს".

   2) Filioque-ს შემოაქვს ორი მიზეზი და ორი საწყისი წმ. სამებაში, რითაც ამახინჯებს წმ. სამების დოგმატს.

   1974 წ. მართლმადიდებელმა ამერიკელმა მკვლევარმა რიჩარდ ჰაუგმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა:

   „879-880 წ.წ. კრების მეექვსე სხდომაზე ადგილი ჰქონდა ტრიოდოლოგიურ კამათებს".1 სწორედ ტრინიტარული ხასიათის ერესია ფილიოქვე, ვინაიდან „და ძისაგან" გამომავლობა წმ. სამების ერთსაწყისიანობას ამახინჯებს.

   პროფესორი კონსტანტინე სიამაკისი (1975 წ.) პატრიარქ დოსითეს ტომოსის გამოცემებში ამბობს: „აღნიშნულ მსოფლიო კრებაზე ბრალეულ იქნა ფილიოქვეს სწავლება მრწამსში ჩამატების გამო... მეექვსე სხდომაზე იმპერატორმა მოითხოვა პირველი და მეორე მსოფლიო კრებების სარწმუნოებრივი განჩინება (მრწამსი) ყოველგვარი ჩამატების გარეშე. როგორიც არ უნდა იყოს ჩამატება, ის საეკლესიო ანათემის ქვეშ ექცევა".2

   აი თავად იმპერატორის სიტყვა:

   „მე, ვასილი, იმპერატორი ქრისტეში, ერთგული მერე რომაელებისა, ყოველმხრივ ვეთანხმები მეშვიდე მსოფლიო კრების წმინდა და მსოფლიო კრებად დადასტურებას. ასევე წმ. პატრიარქ ფოტის, ჩემი სულიერი მამის განჩინებას. მის წინააღმდეგ დაწერილ, ან გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მივიჩნევ და ვადასტურებ ხელმოწერით".3

   როგორც ვხედავთ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის უთანხმოების (მოგვიანებით სქიზმის) მიზეზად სწორედ ფილიოქვეს ერესი სახელდება.

   გადავიდეთ თავად მერვე მსოფლიო კრების (879-880 წ.წ.) ოროსის მიმოხილვაზე.

   ოროსი (დოგმატური განსაზღვრება) საზეიმოდ წარმოთქვეს იმპერატორისა და პატრიარქის თანდასწრებით მეექვსე სხდომაზე. კრების შემადგენლობამ ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოებრივი სიმბოლო (მრწამსი) იმჟამინდელი კრების სარწმუნოებრივ სწავლებად აღიარა. დოგმატური განსაზღვრების შემდეგ მრწამსი პრონოტარმა პეტრემ წაიკითხა, ხოლო შემდეგ მკაცრად აკრძალა ნებისმიერი ჩამატება ან გამოკლება სარწმუნოებრივ სიმბოლოში:

   „თუკი ვინმე გაკადნიერდება და საუკუნეების წინ ჩვენი წმინდა მამების ბოძებული წმინდა სარწმუნოებრივი სიმბოლოს სანაცვლოდ შეადგენს ახალ სარწმუნოებრივ სწავლებას და მას „სარწმუნოებრივ დადგენილებად" აღიარებს, მიიტაცებს ამ ღვთივსულიერი მამების აღმსარებლურ ღირსებას და სხვა, საკუთარი გამონაგონით შეფუთავს მას, რათა ახალი წარმოაჩინონ მართალთა ან რომელიმე ერესისაგან მოქცეულთათვის საერთო სწავლებად, თუკი ვინმე თავხედურად ამ წმინდა და პატივის ღირსი სიძველის ყალბი სიტყვებით, ჩამატებებით ან გამოკლებებით განსაზღვრების დამახინჯებას შეეცდება. ჩვენამდე განსაზღვრული და გამოუთქმელი წმ. მსოფლიო კრებების კვალდაკვალ ვადგენთ: ასეთი, თუკი სამღვდელოთაგანია განიკვეთოს, ხოლო თუკი ერისკაცია — ანათემას გადაეცეს".4

   ფ. დვორკინი ოროსის მიღების გარემოებასაც აღწერს:

   „კრების დადგენილებები მეხუთე სხდომაზე იქნა განხილული და მოწონებული კენჭისყრით. ყველა კრებას უნდა ჰქონდეს თავისი ოროსი და სარწმუნოებრივი სიმბოლო წინამორბედ მსოფლიო კრებებზე დადგენილი და აღიარებული. მერვე კრებად წოდებული კრებაც უცვლელად აღიარებს ამ სიმბოლოს. ამ წესით ხელმძღვანელობდა წმ. ფოტიც ჯერ 861 წლის, ხოლო შემდეგ 879-880 წ.წ. კრებაზე.

   ოროსის გაჟღერების შემდეგ შეკრებილმა მამებმა მკაცრად აკრძალეს სიმბოლოში (მრწამსში) ნებისმიერი ჩამატება თუ გამოკლება.

   „ამგვარად გვწამს, ამ აღმსარებლობით მოვინათლეთ და გავხდით სასულიერო პირები. ამრიგად, ღვთის ჭეშმარიტების მტრებად მივიჩნევთ მათ, ვინც ფიქრობს სხვაგვარად. თუკი ვინმე გაკადნიერდება და შეადგენს ამ სარწმუნოებრივი სიმბოლოსაგან განსხვავებულს, ჩაამატებს ან გამოაკლებს რაიმეს, ან „კანონად" გამოაცხადებს, დაე, ბრალეულ იყოს და განიკვეთოს ქრისტიანობიდან, ვინაიდან ამით მიამატა ან გამოაკლო თავად წმინდა ერთარსს და განუყოფელ სამებას. ამით აცხადებს, რომ აღმსარებლობა, რომელიც აქამდე გვეპყრა — იყო არასრულყოფილი. შედეგად უგულებელყოფს მოციქულებრივ გადმოცემასა და წმ. მამების სწავლებას.

   ამრიგად, ვინც არ უნდა იყოს ის, გაკადნიერდება და ნიკეის მსოფლიო კრების სიმბოლოს ჩაუმატებს ან გამოაკლებს რაიმეს და მას გამოაცხადებს „კანონად" — დაე, ანათემა მას".5

   როგორც ვხედავთ, კრებამ „ყველა გაკადნიერებული" და „მრწამსში ჩამმატებელი თუ გამომკლებელი" გადასცა ანათემას.

   მეშვიდე სხდომაზე საზეიმოდ შეაჯამეს კრების გადაწყვეტილებები. განადიდეს იმპერატორი და წმ. ფოტი პატრიარქი და დასრულდა კრება.

   ამრიგად, პაპისტების მიერ კადნიერად და ჯიუტად შემოღებული ფილიოქვეს ერესი (მრწამსში „და ძისაგან" ჩამატება) მერვე მსოფლიო კრებად სახელდებულ კონსტანტინოპოლის 880 წ. კრებაზე იქნა ანათემირებული. ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემაზე არის დაუშვებელი! ასეთია მართლმადიდებელი ეკლესიის განაჩენი Filioque-ს მწვალებლობისადმი!






* საკითხი განიხილეს: კერამევსმა, მინსმა, სიამაკინსმა, ჰაუგმა, მაიერმა, დვორნიკმა და სხვა მკვლევარებმა.

1 R. Hug. Saint Fhotios and the Filioque Controversy. ციტ. Св. Фотий и проблема Филиокве.

2 ციტ. Восьмой Вселенский Собор. 879-880 г.г. О. Гиоргий Дион. Драга.

3 იმპერატორის აღნიშნული ტექსტი მოყვანილია А. П. Лебедев. История разделения Церквей в венах. СПБ. 1999. С. 217.

4 Dvorkin. F. The Photian schism. Comb. 1948. გვ. 195. ციტ. Восьмой Вселенский Собор. О. Гиоргий Дион. Драга.

5 Εlaμáκης op. cit. p.p. 379. ციტ. Восьмой Вселенский Собор. Константинополь. 879-880 г.г. О. Гиоргий Дион. Драга.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის დერაქცია 

უკან დაბრუნება