მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვა - პასუხი
კითხვა - პასუხი23-01-2013, 18:39 |
შეკითხვა გიორგისგან: მამაო, მაინტერესებს კონკრეტული საკითხი. დედა ეკლესიის პოზიცია როგორია ე.წ. „ქურდულ მენტალიტეტთან" დაკავშირებით. ეს თემა მაინც აქტუალური რჩება ახალგაზრდებს შორის და ხშირად ახალგაზრდები სამეგობროდ ირჩევენ კრიმინალურად მცხოვრებ პიროვნებას. სწორედ ასეთი ტიპაჟები ეამაყებათ და დღემდე „კაცურ - კაცადო" რომ იტყვიან, მიაჩნიათ „ქურდული მენტალიტეტის" მქონე ადამიანები. მაინტერესებდა დედა ეკლესიის პოზიცია გამოკვეთილად და ასევე თქვენი, როგორც მოძღვრის მოსაზრება. მადლობთ წინასწარ.
პასუხი: „ქურდულმა იდეოლოგიამ" გასული საუკუნის პირველ ნახევარში ჩვენს ქვეყანასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ფართოდ მოიკიდა ფეხი. მე-20 საუკუნის შუალედში იგი უკვე მკაცრად ორგანიზებულ და საკმაოდ „ავტორიტეტულ" სტრუქტურად, შეიძლება ითქვას, სექტად გვევლინება. თავისი იერარქიით და მკაცრად განსაზღვრული პრინციპებით. ჩვენს დროში, რა თქმა უნდა, ქურდულ მენტალიტეტს ყოფილი ავტორიტეტი არ გააჩნია, თუმცა საკითხი აქტუალურობას ჯერ არ კარგავს. ქურდობა ოდითგანვე კაცობრიობის სენი იყო, თუმცა იდეოლოგიურ და ავტორიტეტულ სახეს არ ატარებდა.ქურდული იდეოლოგიის ჩამოყალიბების ისტორია დაკავშირებული იყო სახელმწიფოს მხრიდან კრიმინალის კონტროლთან. მსჯავრდებულები სათანადო ზედამხედველობის გარეშე რომ არ დარჩენილიყვნენ, საჭიროება დაინახეს ციხე შიგნიდანაც მართვადი გამხდარიყო. წმ. მამები ამბობენ: „ეშმაკი ღვთის მაიმუნიაო". წმიდა ეკლესიის წეს - განგებისა და კანონების უხეშ პაროდიას ვხედავთ ჩვენ ქურდულ სამყაროშიც. მიგითითებთ ერთ მაგალითს, თუმცა პაროდია ძალიან ბევრია. ეკლესიის წესით, ეკლესიაში შემოწირული თანხა, ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით სხვადასხვა დანიშნულებას ხმარდებოდა: მოწყალებას, მშენებლობას და ა. შ. რუსული სიტყვა „Обшее" - საერთო, კარგად გამოხატავს „ქურდული ობშიაკის" პაროდიულობას. ქურდულ სამყაროშიც შეიქმნა „საერთო ყულაბა", ფულადი სახსრები, რომლებსაც ძირითადად „ქურდები" და „ზონის მაყურებლები" განაგებენ. ქურდულის თანახმად ეს თანხები პატიმრებს უნდა მოხმარდეს. ქურდულ სამყაროში ფართოდ იყენებენ ეკლესიურ ტერმინოლოგიებს. „ნათლობა", „ნათლიმამა", „გვირგვინი", „ეპარქია", ძველი ქურდები გაქცევისას იყენებდნენ ტერმინს „კატაკომბა" (კატაკომბებს აფარებდნენ თავს დევნისას ძველი ქრისტიანები). ასეთია მოკლედ ეკლესიის პოზიცია ქურდული იდეოლოგიისადმი. როგორი უნდა იყოს ჩემი მოსაზრება?!
უკან დაბრუნება |