მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > კონსტანტინოპოლის 1341, 1351 წ.წ. კრებების მსოფლიო მნიშვნელობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

კონსტანტინოპოლის 1341, 1351 წ.წ. კრებების მსოფლიო მნიშვნელობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


გუშინ, 14:42

კონსტანტინოპოლის 1341, 1351 წ.წ. კრებების მსოფლიო მნიშვნელობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   1351 წ. კონსტანტინოპოლის ვლაქერნას დარბაზში შემდგარი კრება ორთოდოქსულ წრეებში ავტორიტეტული მსოფლიო კრებების ნუსხაში მოიხსენიება. მას წინ უძღოდა 1341 წ. კრება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სწავლებას, ათი წლის შემდეგ შეჯამებული სახით რომ განისაზღვრა. მათი დადგენილებები მიიღო და აღიარა ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ. ამ კრებების დოგმატური დადგენილებები მოიხსენიება დიდი მარხვის პირველ კვირიაკეს აღმსარებლობის ზეიმის აღსანიშნავად. ეს დადგენილებები იმთავითვე ხელმოწერილი იქნა წმინდა მთის კინოტისა და ყველა მონასტრის იღუმენის მიერ. შესაბამისად, სწავლება საღმრთო ენერგიების შესახებ არ შეიძლება განიხილებოდეს, ვით ცალკეული, ადგილობრივი ეკლესიის განსაზღვრება, არამედ მხოლოდ როგორც განუწყვეტელი ჯაჭვი მსოფლიო კრებების ფერხულში მდგარი ავტორიტეტული კრება. ის, რომ ეს დადასტურებული ჭეშმარიტებაა წმინდა მთის ტომოსის („Святогорский Томос") შესავლიდან, სადაც წმ. გრიგოლ პალამას მონაზონ არსენისადმი მიწერილი  (1340 წ.) გახდა მნიშვნელოვანი შემადგენელი 1341 წლის დოგმატური დოკუმენტისა.

   1. წმიდა მთის ტომოსის შინაარსი.

   თავად ტომოსი (დადგენილება) რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. ტომოსის შესავალში წმ. გრიგოლ პალამა ჭეშმარიტი ღვთისმეტყველების მახასიათებლებზე საუბრობს. აქ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის კალაპოტში მყოფ ორი კატეგორიის ადამიანებზეა საუბარი: 

   1) ვისაც გააჩნია საღმრთო ნათელის მიღების პირადი გამოცდილება;

   2) ვინც ავლენს ნდობას მათ მიმართ, ვისაც ეს გამოცდილება გააჩნია.

   მდუმარების მასწავლებელი ძირითადად ვარლამ კალაბრიელის შეხედულებათა მხილებაზე ამახვილებს ყურადღებას.

   1. პირველი ნაწილის ძირითადი არსი: ვინც ეწინააღმდეგება წმინდა მამებს, ის თავად წმინდა ეკლესიის სწავლებისა და ღვთივგანცხადებული გამოცდილების წინააღმდეგია:

   „ამდენად, ამ ხელთუქმნელი, უშობელი საღმრთო მადლის მქონე ადამიანებს ორღმერთიანობაში დებს ბრალს, დაე უწყოდეს, რომ ის ეწინააღმდეგება ღვთის წმინდანებს. ხოლო თუ არ შეინანებს, განკვეთს თავს ცხონებულთა რიცხვიდან".1

   2. მეორე ნაწილში წმ. გრიგოლი ამხელს მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ღმერთთან შეერთება მხოლოდ მარტივი მიბაძვით, ღვთაებრივი მადლის გარეშე ხორციელდება:

   „ღვთაებრივი მადლი ვერ შეიზღუდება ქმნილი ბუნების მიერ. ის ქმნილ ბუნებაზე, ნებისმიერ სათნოებასა და ცოდნაზე ამაღლებულია. ღმერთთან შეერთება საღმრთო მადლით ხორციელდება, ხოლო ყოველი სათნოება და ლტოლვა ღვთისკენ, ღმერთთან ერთობის საწინდარია".

   3. მესამე ნაწილში წმ. გრიგოლ პალამა ღირს მამებს — მაქსიმე აღმსარებელსა და მაკარი დიდს იშველიებს იმის განსამარტავად, სად არის გონების ადგილი — გულში თუ მის მიღმა? მოგეხსენებათ, ვარლამი საყვედურობდა ბერებს გონების გულში მოქცევის აუცილებლობის გამო, ვინაიდან ელინისტური ფილოსოფიის თანახმად, გონება თავად თვითკმარი სუბსტანციაა, შესაბამისად გულის მიღმა უნდა იმყოფებოდეს:

   „ეკლესიის გარდამოცემაში არსებობს საკმაოდ მკაფიო განსხვავება გონებასა და ცნობიერებას შორის.*

   ბუნების შესატყვისად მოქმედების შემთხვევაში გონება გულში ანხორციელებს მოქმედებას და იქ მართებს მას ყოფნა. ადამიანის დაცემის შედეგად, გონება აღარ იმყოფება გულში, ის ქმნილებას დაექვემდებარა, ამაშია ადამიანის დაცემის არსი, სინამდვილეში ესაა ცოდვა. ისიხაზმი, მართლმადიდებლური ასკეზა კი გახლავთ ის საღვთისმეტყველო მიმართულება და მისწრაფება, რომლის მეშვეობითაც გონება, გარეგნული მოქმედებისა და ცნობიერებასთან შერევის სანაცვლოდ, კვლავ გულში ბრუნდება. ამით ადამიანს უბრუნდება უნარი, იმსახუროს თავისი ბუნების შესატყვისად".2

   ამრიგად, მართლმადიდებელი მოღვაწეობა აბრუნებს ადამიანს დაცემამდელ მდგომარეობაში, ის ცოცხლდება ღმერთში, აღარ არის ცოდვისა და სიკვდილის მსხვერპლი.

   4. თაბორის მთაზე მაცხოვარი ეჩვენა თავის მოწაფეებს ნათლით შემოსილი. ეს არ არის სიმბოლური და არც მოჩვენება ან მეტაფორა: „ეს არის ხელთუქმნელი, მარადიული, დროის მიღმიური, უსასრულო, ადამიანებისთვის უხილავი პირველხატოვანი და შეუცვლელი სილამაზე — ღვთის დიდება, ქრისტეს დიდება, სულიწმინდის დიდება. ხოლო აღნიშნული ნათელი, არის რა ღვთაებრივი და საღმრთო ენერგია, ხელთუქმნელი და განუყოფელია ღვთაებრივი ბუნებისა და არსისაგან".3

   5. წმ. გრიგოლ პალამა უარყოფდა ვარლამ კალაბრიელის შეხედულებებს, თითქოს ხელთუქმნელი მხოლოდ ღვთის არსია და არა მისი ენერგიაც. წმ. მაქსიმე აღმსარებელის სწავლებაზე დაყრდნობით პალამა ამტკიცებდა, რომ „ღმერთში უნდა განვავსხვავოთ არსი ენერგიისაგან. მაცხოვარი ფლობს სხვადასხვა საღმრთო ენერგიებს. სათნოებები, სიწმინდე და უკვდავება, ცხადია, მარადიული და ხელთუქმნელი საღმრთო ენერგიებია. არსებობს განსხვავება ღვთის ხელთუქმნელ ენერგიებსა და ქმნილებებს შორის. სათნოება ხელთუქმნელია, მაგრამ მოღვაწე — ქმნილი. ცხოვრება — ხელთუქმნელი ენერგიების ნაყოფია, მაგრამ მცხოვრებლები ქმნილებები არიან".4

   წმ. გრიგოლი ირწმუნება, რომ „ჩვენი სხეულიც ხდება საღმრთო ენერგიის თანაზიარი და მონაწილეობს ადამიანის განღმრთობაში. ამდენად, განღმრთობა ცხონებისკენ მიმართული მდგომარეობაა, რა დროსაც ადამიანის ვნებისმიერი ნაწილი მთლიანად განეშორება ბოროტ საქმეებს და მიიდრიკება სიკეთისკენ — განიშორა ცუდი თვისებები და გამდიდრდა მადლით".5

   1341 წლის კონსტანტინოპოლის კრებას ესწრებოდა იმპერატორი ანდრონიკე III. ეპისკოპოსთა ურიცხვი დასი კრებამ განსაზღვრა:

   * სწავლება თაბორის ნათელის შესახებ, რომელსაც ვარლაამი ქმნილებად მიიჩნევდა.

   * იესოს ლოცვის (ისიხაზმის) კრიტიკის დაუშვებლობა, რასაც კალაბრიელი „ბოგომილების" („Богомилы") ერესად მიიჩვენდა. წმ. გრიგოლ პალამას სწავლება ლოცვის პრაქტიკის შესახებ კრებამ მართლმადიდებლურად აღიარა.

   * თაბორის ნათელის ღვთაებრივ და ხელთუქმნელ სწავლებას არ მივყავართ ორღმერთიანობამდე.

   * წმინდანები საღმრთო ენერგიის და არა თავად საღმრთო არსის თანაზიარნი არიან.

   * საღმრთო არსება სრულიად მიუწვდომელია.

   * წმ. სამების ჰიპოსტასის ერთიანი ენერგიები არ არის ქმნილი, ვინაიდან ვისაც ქმნილი ენერგიები აქვს, ის ვერ იქნება ხელთუქმნელი.

   1351 წლის კონსტანტინოპოლის კრება გახლდათ ერთგვარი შემაჯამებელი აქტი წმ. გრიგოლ პალამას სწავლებისა საღმრთო ენერგიების შესახებ. კრების მოწვევის მიზეზი კვლავ ანტიპალამისტი ეპისკოპოსებისა და პოლიტიკოსების ჭეშმარიტებასთან შეურიგებლობა იყო. ყველაზე გამორჩეული მათ შორის ბერძენი მეცნიერი ნიკიფორე გრიგორა გახლდათ. კრებას ესწრებოდა იმპერატორი იოანე კანტაკუზელი. კრებამ შეადგინა კრებსითი ტომოსი, რომელშიც განისაზღვრა წმ. გრიგოლის სწავლება საღმრთო არსისა და ენერგიების თაობაზე. აღნიშნული ფორმულირებები გახლავთ მართლმადიდებლელი ეკლესიის სავალდებულო, აღმსარებლობითი, დოგმატური დოკუმენტი.

   1351 წ. კონსტანტინოპოლის კრების გადაწყვეტილებების მნიშვნელობა ამგვარად განისაზღვრა:

   „შედგენილი კრებსითი აქტი დადასტურებულია უშუალოდ მეფის, პატრიარქის, ეპისკოპოსების და ყველა იქ მყოფი მამების ხელმოწერით, რომელთა ბაგით ღაღადებდა სულიწმინდა. ჩვენი ეკლესიის ეს კრებსითი აქტი არის სვეტი და სიმტკიცე მართლმადიდებლობისა, ნიშანი უწმინდურებაზე ღვთისმოშიშების გამარჯვებისა, შეურყეველი სიმტკიცე ღვთისმეტყველებისა, რომელიც წმ. წერილისა და წმ. მამათა შემოქმედების ზედმიწევნითი მტკიცებულებებით გაჯერებული, წინამორბედ მსოფლიო კრებათა დადგენილებების გამგრძელებელი".6

   წმ. გრიგოლ პალამას ღვთისმეტყველებისა და ნაშრომების შესახებ კრებამ ერთობ მნიშვნელოვანი დადგენილება გამოიტანა:

   „ვინც არ უნდა იყოს ის, თუკი ოდესმე შემჩნეული იქნება, ან როგორც მორწმუნე, ან როგორც მესაუბრე, დამწერი თესალონიკელი მღვდელმთავრის (პალამა) წინააღმდეგ, უფრო სწორად წმინდა ღვთივგანბრძნობილი მამებისა და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, ასეთების გასაგონად ვადგენთ და იმავე ბრალდებებს ვუქვემდებარებთ, იქნება ის მღვდელმსახური თუ ერისკაცი. თესალონიკელ მიტროპოლიტებს შორის წმინდად სახელდებულის სწავლებაში არაფერია წმ. წერილთან შეუთანხმებელი, პირიქით, ღვთაებრივი სწავლებაა და ჩვენი საერთო გადმოცემა და კეთილკრძალულება. როგორც უკომპრომისო მებრძოლმა არა მხოლოდ გაიმარჯვა მეტოქეებზე, იბრძოდა რა ქრისტეს ეკლესიის მგმობელების წინააღმდეგ, არამედ უსანდოესი მებრძოლი და დამცველია ეკლესიისა და თანაშემწე ასეთივე მებრძოლებისა".7

   ამრიგად, წმ. გრიგოლ პალამას სწავლებით, მსოფლიო მნიშვნელობის კრებების (1341, 1351 წ.წ.) განჩინებებით ბრალდებული ვარლამ კალაბრიელი და მისი თანამოაზრეები ერეტიკულ სწავლებაში ამხილეს. კალაბრიელი კრების დადგენილების შემდეგ დასავლეთში გაიქცა და ის პაპისტებმა შეიწყნარეს თავისი ღვთისმსგმობი სწავლებითურთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კათოლიციზმმა თავის ერეტიკულ სწავლებათა ნუსხას კიდევ ერთი ერესი შეჰმატა.

   როდესაც მავანი ამბობს, რომ მსოფლიო კრებებს კათოლიციზმის წინააღმდეგ განაჩენი არ გამოუტანიაო, უპრიანია გაიხსენოს ამ კრებების ანათემები. ასევე „ფილიოქვეს" ერესთან დაკავშირებული კრებები, რომლებზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.







1 Святогорский Томос. Ч. 1.

* სხვათაშორის, ამ განსხვავების დაუნახაობითაა გამოწვეული ჩვენი მისამართითაც გაჟღერებული ცრუბრალდებები — კ. ჯ.

2 იქვე. მთაწმინდის ტომოსში. III ნაწილი.

3 იქვე. ტომოსი.

4 იქვე. ტომოსი.

5 იქვე. ტომოსი.

6 Свт. Филофей. Патр. Константинопольский. Житие святителя Григория Паламы. стсл 2004. გვ. 157.

7 იქვე. გვ. 158-160. ციტ. Св. Григорий Палама и его место и вклад в учении Православной Церкви. Ч. 4.




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება