მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > განღმრთობა წმ. მაკარი დიდის სწავლებაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
განღმრთობა წმ. მაკარი დიდის სწავლებაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე1-12-2025, 06:22 |
|
წმ. მაკარი დიდის, ეგვიპტელის სწავლება განღმრთობის შესახებ, თავისი არსით, ზებუნებრივია. საკუთარი ბუნებისა და საქმეების ამარა დარჩენილი სამშვინველი (Душа) კვდება, მას არ ძალუძს მარადიული, ღვთაებრივი ცხოვრების დამკვიდრება: „ხოლო მშვინვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულსა ღმრთისასა" (1 კორ. 2. 14). ამდენად, განღმრთობა, პირველ რიგში, არის ღვთაებრივი ძალის მიერ სამშვინველის ფერისცვალება: „დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი, არს ხორცი მშვინვიერი და არს ხორცი სულიერი" (1 კორ. 15. 44); მეორე მხრივ, საჭიროა სამშვინველის განწმენდა ცოდვებისაგან და მისი განთავისუფლება ეშმაკის ზეწოლისაგან: „რამეთუ რომელნი-იგი ხორცთა შინა არიან (ე.ი. „ხორცი მშვინვიერი" — კ. ჯ.), ღმრთისა სათნოყოფად ვერ ძალუც" (რომ. 7. 8). ე.ი. რეალური ერთობა ღმერთთან აღესრულება ქრისტე-ლოგოსის მადლმოსილი ძალის მიერ. წმ. მაკარი დიდის სწავლებით მთლიანად უსხეულო მხოლოდ ღმერთია. ღვთის გარდა ყველაფერს (ანგელოზებს, სამშვინველს, დემონებს) სხეული აქვთ: „ნებისმიერი ქმნილება — ანგელოზი, სამშვინველი, დემონი თავისი ბუნებით არის სხეული, თუმც თხელია ისინი, მაგრამ მახასიათებლებითა და ხატებით არსებითად განსხვავდება ჩვენი უხეში სხეულისაგან".1 წმინდანის სწავლებით, „სამშვინველის მსჭვალავს სხეულის ყველა ორგანოს და ერთობლივად შეადგენს ადამიანის გარეგნულ ფორმას. თავისი ბუნებით დაცემული სამშვინველი (Душа) ცოდვისმიერ ძალასთან (amartia) არის შერწყმული. ის სამშვინველისა და სხეულის ყველა შემადგენელს მოიცავს. ესაა ყველა შფოთისა და განსაცდელის მიზეზი. შედეგად, ადამიანის „ხორციელი ბუნება" ავხორცული ვნებებისა და ცოდვების მონა ხდება. ტირანიის ამ მდგომარეობიდან ადამიანს თავისი (სამშვინველისა და სხეულის) ძალისხმევით არ შეუძლია თავდაღწევა".2 ჭეშმარიტად, „რამეთუ ზრახვაი იგი ხორცთა მტრობა არს ღმრთისა; რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალუც" (რომ. 8. 7). ცხადია, „ხორცის ზრახვაში" პავლე მოციქული სამშვინველსაც გულისხმობს, ამიტომაც მიჯნავს მას სულისაგან: „ვიდრე განსაყოფელამდე სამშვინველისა და სულისა" (ებრ. 4. 22). წმ. მაკარის მიხედვით ადამიანის ამოცანაა, ერთი მხრივ, ეშმაკის მონობისაგან (amarti) განთავისუფლება; მეორე მხრივ, განღმრთობის, ვით უზენაესი სულიერი მდგომარეობის, მიღწევა. ეს ხანგრძლივი პროცესია, ამ საქმეში შემწედ praxis - ი მოღვაწეობა და theoria - ბოროტ აზრებთან ბრძოლა გვეხმარება. შედეგად, ვნებებდამცხრალი მდგომარეობა (apatheia) მიიღწევა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის სულიერი ცხოვრების საბოლოო მიზანი, არამედ მხოლოდ პირობაა ცხონებისა. ბუნებრივი სათნოებები თუმც შესაძლებელია, მაგრამ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებისთვის — განღმრთობისთვის არასაკმარისია. როგორც ცოდვისმიერი ზრახვა შემოდის ადამიანში გარედან, ასევე ქრისტეში განახლებული ცხოვრება „გარედან" (ღვთისაგან დაბადებით, ნათლისღებით) აღესრულება. ესაა სამშვინველისა და სხეულის ღვთის სულთან შეერთების პროცესი3: „სული თქვენი, სამშვინველის და გვამი უბიწოდ..." (1 თეს. 5. 29); „ხოლო თქუენ არა ხართ ხორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისა დამკვიდრებულ არს თქუენ შორის" (რომ. 8. 9). შედეგად, ყოველივე theosis - ით, ე.ი. განღმრთობით სრულდება, რასაც წმ. მაკარის მისტიკაში ცენტრალური ადგილი უკავია. ასე რომ, თუკი წმ. მაკარი სწავლებით სამშვინველი ცალკე (ღვთის სულისაგან) აღებული არსებითად სხეულია (soma), ეთერულ-მატერიალური ბუნებაა, ისმის კითხვა: რაგვარად ხორციელდება მისი უშუალო ურთიერთობა „ღვთაებრივ სულთან", ე.ი. ხელთუქმნელ ბუნებასთან? სამშვინველისა და სულის (ქმნილისა და ხელთუქმნელის) ონტოლოგიური შეერთება დაუშვებელია. მაკარი დიდის თქმით ამ საკითხის მართებული გააზრებისთვის საჭიროა: 1) ღვთის მსგავსების დაბრუნება: „გონიერი ქმნილების ღვთის მსგავსება არა ბუნებით, არამედ მხოლოდ მადლითაა შესაძლებელი".4 2) ადამიანის სამშვინველში ღვთაებრივი მადლის დამკვიდრება.5 თუკი პირველი ადამიანი (ადამი) ფლობდა უკვდავებასა და ნეტარებას, ვინაიდან მასში დაცული იყო როგორც ხატება, ისე მსგავსება ღვთისა, ხოლო ცოდვის შედეგად დაკარგა მსგავსება — ე.ი. სამშვინველისა და სხეულის ამარა დარჩა; ადამიანს ღვთის მსგავსება რომ დაებრუნებინა, საჭირო გახდა ქრისტეს განკაცება, ე.ი. ადამიანის სამშვინველში სულის ჩადება, პალამას ტერმინით რომ ვთქვათ, „სულის ჰიპოსტასირება". შედეგად, ადამიანის სამშვინველი არა საკუთარი (დაცემული, ძველი) ბუნების მეშვეობით, არამედ ღვთაებრივი სულის წყალობით იღებს სულიერ საკვებსაც, სულიერ ცხოვრებასაც და ზეციურ შესამოსელსაც, რაც გახლავთ ჭეშმარიტი განღმრთობის არსი. ამრიგად, ადამისა თუ მორწმუნე ქრისტიანის სულიერი ცხოვრების საფუძველი ერთი და იგივე ზებუნებრივ პრინციპიდან გამომდინარეობს, ესაა ქრისტე-ლოგოსის ზემოქმედება ადამიანის სამშვინველზე, რითაც ადამიანის ეთერულ-მატერიალური სამშვინველის, პნევმის გასულიერება, განღმრთობა ხორციელდება ისეთნაირად, რომ ქმნილის და ხელთუქმნელის ერთმანეთთან კავშირით ბუნების თვისება არ იცვლება. მისტიკური პროცესის მწვერვალზე ადამიანის ხორციც და სამშვინველიც განიღმრთობა. ამის შემდეგ უკვე აღარაფერი უშლის ხელს ადამიანის ცხონებას. ხოლო „ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის ქრისტესი" (რომ. 7. 8). დასასრულ ვიტყვით: მართლმადიდებელი ეკლესიის გარდამოცემაში ღირსი მაკარი ეგვიპტელის აღნიშნული სწავლება „მაკარის კორპუსის" („Макариевский корпус") სახელწოდებითაა ცნობილი. შემთხვევით როდი ხდებოდა მისი სწავლების დამახინჯება ელინისტურ-ევაგრესეული სწავლებებით, „ფსევდო მაკარის" ცნების შემოღება, რათა მკითხველს დაეკარგა ალღო და ვერ განესხვავებინა, სადაა ჭეშმარიტი და სად ფსევდო მაკარის სწავლება. მაგრამ „არ არის დაფარული, რომელი არა განცხადდეს".
1 Прп. Макарий Великий. Духовные беседы. Беседа 4. Гл. 3. 2 Мистика Прп. Макария Египетского. Главное направление древне-церковной мистики. П. Минин. hm гл (4. 9). III. 2. 3 იქვე. Мистика Макария… 4 Прп. Макарий Великий. Беседа (I. 28; II. 12; III. 19). 5 იქვე. II. 4, 5, 9.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |