მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტეს კაცობრივი ბუნების განღმრთობისათვის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ქრისტეს კაცობრივი ბუნების განღმრთობისათვის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძეგუშინ, 08:41 |
|
ზედაპირული მიმოხილვით განღმრთობის საკითხის ორთოდოქსული (მართლმადიდებლური) შეფასება არაფრით განსხვავდება ქრისტიანულ-ელინისტურ-ერეტიკული კონცეფციებისაგან. ორივე მიმართულება, ერთი შეხედვით, სასოებას ამყარებს ღვთის მადლზე, რომელიც იმარჯვებს ამქვეყნიურ სულისკვეთებაზე. ორივე მიმართულება მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობით იმედოვნებს მიაღწიოს ადამიანის დანიშნულების საბოლოო მიზანს. სინამდვილეში სწორედ აქედან იწყება ორი დინების შეუთანხმებლობა. განღმრთობის ორთოდოქსული კონცეფცია ღვთაებრივთან მონაწილეობაში სულიწმინდის ღვთაებრივი ძალებით სამშვინველისა და სხეულის განმსჭვალვას გულისხმობს, რა დროსაც არ ხდება ღვთაებრივისას და კაცობრივის, ხელთუქმნელისა და ქმნილის გაიგივება, ხოლო ელინისტურ-ქრისტიანულში ადამიანის ბუნების ღვთაებასთან ონტოლოგიური შეხების წერტილად გონება მოიაზრება, რომელიც იმთავითვე განღმრთობილია ღმერთთან ურთიერთობით. შედეგად, ის განღმრთობის მადლს გადასცემს სხეულსაც, რომელიც სამშვინველის დაქვემდებარებაში იმყოფება. განღმრთობის ელინისტურ-ქრისტიანობისეული კონცეფცია სათავეს იღებს ორიგენესაგან, რომელიც თავის მხრივ პლატონიზმისა და ნეოპლატონიზმის სწავლებებზე აფუძნებდა საკუთარ ხედვას. ის ამბობდა: „ქრისტეში ორი ბუნების ამგვარი ურთიერთსაპირისპირო თვისებებით შეერთებისას, ბუნებრივად შეუდარებელი ძალის მიერ სუსტი ბუნების თვისებათა ერთგვარი გაქრობა უნდა ჩამქრალიყო".1 მოგვიანებით, ქრისტეს კაცობრივი ბუნების განღმრთობის, ღვთაებრივთან შეერთებისა და მასთან გაიგივების თეზამ უკიდურესი ფორმა მონოფიზიტობაში მიიღო. იულიანე გალიკარნელის მეთაურობით მონოფიზიტები ირწმუნებოდნენ: იესომ კაცობრივისა და ღვთაებრივი შეერთების შედეგად, ე.ი. მხსნელის ჩასახვის დროიდან, განიცადა იმგვარი ცვლილება, რომ უკვე აღარ იყო კაცობრივი სხეულის ერთარსი, არამედ გახდა უხრწნელი და უცხო ყველაფრისა, რაც ლოგიკურად დაკავშირებულია მოკვდავობასა და ხრწნასთან. იულიანე მიიჩნევდა, რომ სახეცვლილ და განღმრთობილ ღვთაებრივ ერთობაში კაცებას უკვე აღარ შეიძლება ეწოდოს ქმნილი (тварной). აღნიშნულ სწავლებაში მთლიანად უგულებელყოფილია ისტორიული მოცემულობა, რომელიც ქრისტიანობას სახარების სახით გააჩნია — წმ. წერილში ხომ მკაფიოდაა გამოვლენილი ქრისტეს, როგორც ღვთაებრივი, ისე კაცობრივი ბუნებები. საქმე ისაა, რომ ჰიპოსტასური შეერთების შედეგად, კაცობრივი ბუნება ინარჩუნებს თავის თვისებებს და თვისობრივად არ იგივდება ღვთაებრივთან (ღირსი იოანე დამასკელი). აპოლინარი ლაოდიკიელი მიიჩნევდა, რომ „ძე ღვთისამ ადამიანის მხოლოდ სხეული და სამშვინველი მიიღო, მაგრამ არა გონება — წყარო თვითშეგნებისა და თვითგამოვლენისა". ამის საპასუხოდ შესანიშნავი პასუხი გაჟღერდა ეკლესიის მხრიდან წმ. კირილე ალექსანდრიელის ბაგით: „რაც არ მიუღია, ის არც გადარჩენილა".2 როგორც ვხედავთ, მონოფიზიტური კონცეფციის მიხევდით, ჰიპოსტასური შეერთების გამო და შედეგად, კაცობრივი ცოდნის შეზღუდულობა მყისიერად იხსნება და პასიურდება, იგი სხვაგვარი გონება ხდება — ღვთაებრივი, ყოვლისმცოდნე. ამის საფუძველი ერეტიკულ სწავლებაში, გასაგები მიზეზის გამო, დამკვიდრდა: თუკი კაცობრივი ბუნების ერთი ნაწილი — გონება ისედაც ღვთაებრივია, ცხადია, ის არც მოიაზრება კაცების ბუნებრივ, შეზღუდულ კატეგორიად, ე.ი. თვითუფლებრივად ყოვლისმცოდნეა. სწორედ ამ ელინისტური ხინჯის გამო (რომ ადამიანის გონება ღვთაებრივი წარმომავლობისაა, მისი ნაწილია) ერეტიკოსებს, აგრეთვე ზოგიერთს ეკლესიის წიაღში უჭირს (მიუღებელია) ქრისტეში ღვთაებრივისა და კაცობრივი გონების განსხვავება (ისეთნაირად როგორც ნებისა და მოქმედებისა). მონოფიზიტი სტეფანე ნიოვას მიმდევრებიც მიიჩნევდნენ, რომ კაცობრივი გონება ქრისტეში ჰიპოსტასური შეერთების შედეგად, მყისიერად ამაღლდა საღმრთო ყოვლისმცოდნეობამდე.3 სევერიუსი ირწმუნებოდა: „კაცობრივი ქრისტეში არ იყო მთლად კაცობრივი, არ იყო თვითუფლებრივად მოქმედი".4 მონოფიზიტების თვალსაზრისით, კაცება ქრისტეში ღვთაებრივის ზემოქმედების შედეგად იყო პასიური ობიექტი. კაცება იჩრდილება ღვთაებით. მხოლოდ კაცობრივი გონება, ვით ღვთაებრივის ნაწილი, ინარჩუნებს ყოვლისმცოდნეობას. შედეგად, განღმრთობაში არა ხელთუქმნელი მადლისა და ქმნილის (კაცობრივის) ურთიერთობაა, არამედ ხელთუქმნელის — ხელთუქმნელთან, მსგავსის — მსგავსთან. ცხადია, ამ მოცემულობაში შეუძლებელია განღმრთობის ჭეშმარიტი გააზრება. აპოლინარიც აიგივებდა ღმერთკაცობრივი პიროვნების გონებას სამშვინველის გონივრულ ნაწილთან. მათთან პიროვნების (ჰიპოსტასის) თვისება გაიგივებულია ადამიანის სამშვინველის „გონივრულ ნაწილთან" (რასაც მამები უწოდებენ "vous”). ამ (გონივრული) ნიშნით მას (ადამიანს) თავისთავად ყველაფერი სათნოდ და ჯანსაღად აქვს: სურვილები, აზრები, ის პირველქმნილი ცოდვისაგან დაუზიანებლად მიიჩნევა. აპოლინარი სწორედ ამიტომ აიგივებდა ღვთაებრივის (ჰიპოსტასი) გონებას კაცობრივთან. ის მიიჩნევდა: ქრისტეს კაცება, უთმობდა რა ადგილს ღვთაებას, კაცობრივი გონება უნდა შერწყმულიყო ღვთაებრივ ლოგოსთან. არსებითად, რასაც მონო-მიმართულების ერეტიკოსები ასწავლიდნენ საუკუნეთა მანძილზე, იმავე ტენდენციებს ვაწყდებით ელინისტურ ქრისტიანობაშიც, მოდერნისტულ კონცეფციებშიც. მათ საერთო საფუძვლები გააჩნიათ. მართლაც: თუკი ქრისტეს კაცობრივი გონება გახდა ყოვლისმცოდნე, მაშინ ის არაფრით განსხვავდება მისი ღვთაებრივი გონებისაგან, შედეგად, სახეზეა არა ორი გონება (ღვთაებრივი და კაცობრივი), როგორც ყოველივე ქრისტეში (ნება, მოქმედება), არამედ ერთი, ეი. კაცობრივი გონება შეირწყმის ღვთაებრივთან. იგივეა ადამიანური გონება ელინისტურ-ქრისტიანულ მიმართულებაში. აქაც გონება, სამშვინველის გონივრული ნაწილი თვითკმარი, ღვთაებრივი საწყისისაა, რომელიც საბოლოოდ უერთდება ღმერთს, ელინურად (ღვთაებრივ მონადას). მართლმადიდებლურ (ორთოდოქსულ) სწავლებაში რელიგიური სასოების თვალსაზრისით აუცილებელია ქრისტეს პიროვნებაში არა მხოლოდ ღვთაებრივის, არამედ კაცობრივის აღიარებაც. ელინისტური მონო-მიმართულებისთვის, პლატონურის მსგავსად, ქრისტეს განკაცების სწავლება (ე.ი. სრული ადამიანის კონცეფცია) ღვთაებისთვის შეუფერებლად მიიჩნევა. ახლებიც, ძველების მსგავსად ფაქტობრივად ირწმუნებიან, რომ ძე ღვთისა ხილულ კაცებას (მით უფრო გონებას) მოჩვენებითად ატარებდა. ასე, ამგვარად უარყოფილი იყო მისი რეალური კაცება, შესაბამისად ცხონების შესაძლებლობაც. ამაზე მიუთითებდა წმ. ირინეოს ლეონელი: „თუკი მაცხოვარმა სხეული მიიღო სხვა არსისაგან, მაშინ ადამიანი არ შერიგებულა ღმერთთან".5 მართებულად შენიშნა არქიმანდრიტმა ლაზარემ (აბაშიძე) მითითებულ ნაშრომში, რომ ერეტიკოსებს ხშირად ეჩვენებოდათ, თითქოს ორი სრულყოფილი (ღვთაებრივი და კაცობრივი) არ შეიძლება შეერთების შედეგად თანაარსებობდნენ. პლატონიზმით გამსჭვალულ-შეპყრობილი ერეტიკოსები იძულებულნი იყვნენ ეთქვათ: ან ეს ორი ბუნება არასრულყოფილია, ხოლო თუკი სრულყოფილია, მაშინ მათი ერთიანობა მხოლოდ აბსტრაქციულია. ასეა ეს მონოფიზიტების (აპოლინარის, ევტიქის, სევეროსის და სხვა) სწავლებებში. VI მსოფლიო კრებაზე განხილული მონოთელიტური ერესების წარმომადგენლებიც იმავეს ირწმუნებოდნენ. მონოთელიტი თეოდოსი ალექსანდრიელი ამბობს: „ჩვენს მაცხოვარს იესო ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებითაც ერთი და იგივე ღვთისმახასიათებელი სიბრძნე, ყოვლისმცოდნეობა და ცოდნა გააჩნია. ვინაიდან ღმერთში ვაღიარებთ ერთ ღირსეულ მოქმედებას". ელინისტური ერესებისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებით ერეტიკოსი თეოდოსი გაიძახოდა: „ღვთის მახასიათებელი სიბრძნე და ერთი ცოდნა აქვს სიტყვა ღმერთს და გონივრულ სულს".6 ერეტიკოსი ანთიმოსიც ირწმუნებოდა: „ჩვენ ვერ დავუშვებთ, უმეცრებაში ვერ დავტოვებთ ვერც მის ღვთაებას, ვერც მის გონივრულ და მოაზროვნე სულს (душа. სამშვინველს)".7 აქ უნდა განიმარტოს: სამშვინველის უნარები — ნებელობა, შეგრძნება, აზროვნება... ყოველივე არის სწორედ რომ ბუნებისთვის მახასიათებელი თვისებები და არა ქრისტეს პიროვნებისა (ჰიპოსტასისა). საბოლოო სიტყვა მსოფლიო კრების განჩინებას ეკუთვნის: „ღვთაებასთან შეერთებულ სხეულს, ამბობენ, არ აქვს არც სამშვინველი (душа), არც გონება (ум), არ ჰქონდა მწუხარებაო. მაგრამ როდესაც ის წუხდა, აჩვენა, რომ მას ჰქონდა ერთობლივად სამშვინველიც, სხეულიც და გონებაც, საიდანაც გამომდინარეობდა მწუხარებები სიტყვებით: „არა ჩემი ნება იყოს, არამედ შენი", გვიჩვენა, რომ გააჩნია გონება ჭეშმარიტად კაცობრივი, მაგრამ უცდომელი".8 ანუ მაცხოვრის კაცობრივ ბუნებას გააჩნია ადამიანისთვის დამახასიათებელი უყვედრელი ვნებები (უმეცრება, მწუხარება, წყურვილი, შიმშილი და ა.შ.) ამრიგად, კაცობრივ ბუნებას ახასიათებს შეზღუდული თვისებები, ამავე დროს ღვთაებრივი ბუნება არაფრითაა შეზღუდული არც ერთი თვისებით. ამიტომაც VI მსოფლიო კრებამ ამ დოგმატის განსაზღვრისათვის IV მს. ქალკედონის „შეურევნელობისა და განუყრელობის" პრინციპი გამოიყენა. მონო-მიდრეკილ თეოლოგებში, ელინისტურ-ერეტიკული სწავლების მსგავსად, კაცობრივ ბუნებას (კერძოდ გონებას) ბუნებრივად გააჩნია ღვთაებრივი საწყისები. ამიტომ შეერთების შედეგად კაცობრივიც მყისიერად ღვთაებრივი ხდება. ჩვენ შემთხვევით როდი ვადარებთ ყველა ცრუსწავლებას ელინიზმთან (წარმართობასთან), ვინაიდან იქ ვპოულობთ ძირითადი საღვთისმეტყველო შეუმდგარობის სათავეს. აქედანაა დაუსრულებელი პოლემიკებიც ამდაგვარ საკითხებზე, არადა პრობლემის პასუხები მოცემულია წმ. წერილშიც (სადაც ქრისტეს ორივე ბუნება მკაფიოდაა წარმოდგენილი) და წმ. გარდამოცემაში (VI მს. კრების განჩინებაში).
1 Origenes. De principiis. II.6. PG II. ციტ. Идея обожения в древневостоуной церкви. И. Попов. 2 Св. Кирил Александрийский. Коментарий от Евангелия от Иоанна. VII. C. 74. 3 Арх. Лазарь. Предкновение о "Краеугольный Камень". გვ. 40. 4 იქვე. არქ. ლაზარესთან. 5 Irenoeus. Advesus haereses. V. 14. 3. PG 7. ციტ. Идея обожения в древневостоуной церкви. И. Попов. 6 Деяния VI Вселенского Собора. Т. 4. С. 110. 7 იქვე. 8 Деяния VI Вселенского Собора. Т. 4. С. 119.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |