მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მოციქულთა VS ი. ვლახოსის სწავლება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მოციქულთა VS ი. ვლახოსის სწავლება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე4-10-2025, 13:42 |
ჩვენი საუბრების ამოცანაა, ვიპოვოთ ორი ისტორიულად განსხვავებული ტრადიციის მიზეზი, სახელდობრ: 1) ორთოდოქსული (ბიბლიური, სახარებისეული, კრებსითი). 2) ელინისტური (პლატონურ-სტოიკური, ორიგენისეულ-ევაგრესეული). ორთოდოქსული ქრისტიანობის (ღვთისმეტყველების) კონცეფციის თანახმად, პირველქმნილი ცოდვის შედეგად „მკვდრების აღდგინებაა" საჭირო ქრისტეს მადლით (ნათლისღებით); ელინისტურში — „სნეულის კურნება". პირველ ტრადიციაში „სიკვდილისაგან", „წარწყმედისაგან" ხსნა მოიაზრება (მათ. 8. 22); (1 ინ. 5. 12); (ეფ. 2. 5-6). მეორეში უარყოფილია სამშვინველის მოკვდავობა და აქცენტი პრინციპულად „დაზიანებულ ბუნებაზე", ან „სულიერ სნეულებაზე" გადატანილი. ე.ი. რა გამოდის? უარყოფილია „დაზიანების" გამოუსწორებელი ხარისხი (სულიერი სიკვდილი), რაზეც საუბრობს მართლმადიდებლობა. მიტრ. იეროთეოსი (ვლახოსი) წერს: „ქრისტე — ერთადერთი წამალია ადამიანის კურნებისა და ცხონებისათვის".1 საქმე ისაა, რომ წამალი კურნებისთვისაა საჭირო, ხოლო ცხონებისათვის „წამალი" სრულიად შეუსაბამო სიტყვაა. ამასთან, მკვდრის და წარწყმენდილის კურნება დაგვიანებულია. აქ მხოლოდ ქრისტეს აღდგომის მადლია ქმედითი, რაც კი არ კურნავს, არამედ ქმნის „ახალ ადამიანს" ნათლისღების მეშვეობით: „თანა დავეფლენით ნათლისღებითა მით სიკვდილისა მისსა" (რომ. 6. 3-4); „უკუეთუ მოვკვდეთ ქრისტეს თანა, გვრწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ" (რომ. 6. 4-8). მეორე (ელინისტური) ტრადიციის ფუძემდებლად ორიგენე (და არა წმ. მამები) გვევლინება. ის წერს: „არაფერია განუკურნებელი შემოქმედისთვის. მან ყოველივე არსებობისთვის შექმნა. მაგრამ ყოფიერებისთვის შექმნილს არ შეუძლია არ არსებობდეს. ცხადია, ქმნილება ექვემდებარება ცვლილებას, ის დამსახურებულად იმყოფება ცუდ ან კარგ მდგომარეობაში, მაგრამ სუბსტანციურად წარწყმედას ვერ დაექვემდებარება ის, რაც ღვთისაგან ყოფიერებისა და არსებობისთვის არის შექმნილი".2 ორიგენეს ცნობილი ნაშრომი „საწყისები" („О началах") მთლიანად გაჯერებულია კურნებასთან დაკავშირებული ტერმინებით: „ჯანმრთელობა", „წამალი", „ჭრილობა" (ცოდვისაგან), „უძლურება", „კურნება", „სნეულება", „ექიმობა". მკვლევარებს დათვლილიც კი აქვს რაოდენობრივად რამდენჯერ გამოიყენა მან ეს ტერმინები. ყოველივე კი არითმეტიკულად ადასტურებს, რომ ამ (ელინისტური) საღვთისმეტყველო ტრადიციის „მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის" ფუძემდებელი არის ორიგენე. ასე რომ, გამოსყიდვის მნიშვნელობის უარყოფა, დაუფასებლობა, დამახინჯება... ნეოორიგენისტებისა და ნეოპელაგიანელების, მოდერნისტ-ეკუმენისტების საერთო, დამახასიათებელი ნიშანთვისებაა. სათავე, რა თქმა უნდა, პლატონიზმია. მისგან იშვა ელინისტების ევოლუციისა და ინვოლუციის კატეგორიები: „დაზიანება", „აღდგენა" ბუნებისა. პირველქმნილი ცოდვა მათ კონცეფციებში მარტოოდენ ბუნების დაზიანებაზეა (და არა სიკვდილზე) დაფუძნებული. ხოლო მოციქულებრივი სწავლებით, მხოლოდ ქრისტეთი, მხოლოდ ახალი ადამით, მხოლოდ ნათლისღებით არის შესაძლებელი დაძლევა პირველქმნილი ცოდვისა. როგორც ვხედავთ, წმ. წერილი საუბრობს მთელი ადამიანის სიკვდილზე (პირველქმნილი ცოდვის შედეგად) და მადლით სულის (სამშვინველის) მკვდრეთით აღდგენაზე: „და სხუანი იგი მკუდარნი არა ცხონდეს ათასსა მას წელსა. ესე არს აღდგომაი იგი პირველი" (გამოცხ. 20. 5). „მართლმადიდებლურ" ორიგენიზმში კი მარტოოდენ სხეულის სიკვდილსა და ხრწნაზეა საუბარი და არა სულზე (სამშვინველზე), რადგან მათ კონცეფციაში სამშვინველი „ღთაებრივი ნაწილია", „წმინდა გონია" და ა.შ. შედეგად, სამშვინველი მხოლოდ „ზიანდება", ისიც ცოდვისმიერ სხეულთან შეერთების გამო. ამიტომ სამშვინველს ძალუძს თვითგენერაცია. წმ. წერილი კი ამბობს, რომ ადამის შთამომავალი „ცოდვის მონაა" (იონ. 8. 34); (რომ. 6. 12), ვინაიდან პირველქმნილი ცოდვა, ვით ძველი ბუნების „კანონი", მოქმედებს: „რამეთუ შჯულმან სულისა ცხოვრებისამან ქრისტე იესოს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკვდილისა" (რომ. 8. 2). ელინისტ-მოდერნისტ ღვთისმეტყველთათვის მოციქულის ეს სწავლება „უკიდურესობაა". რეალურად, ისინი პოლემიკას მოციქულებრივ ქრისტიანობასთან აჩაღებენ, რადგან ჯვარს, გამოსყიდვას, ნათლისღებას არა მაცხოვნებელ, არამედ „ზნეობრივ-აღმზრდელობით" მნიშვნელობას ანიჭებენ. გამოდის, რომ ქრისტე „თავგანწირული სიყვარულის" მაგალითია და მეტი არაფერი. ამდენად, ელინს უკვდავი სამშვინველის აღდგენა არ სჭირდება, ის ისედაც უკვდავია. ნეტავ, საიდან მოიტანა პავლე მოციქულმა: „თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა მით სიკვდილსა მისსა, რაითა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისათა ვიდოდეთ..." „რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რათა განქარდეს ხორცი იგი ცოდვისა, რათა არღარა ვმონებდეთ ჩუენ ცოდვასა" (რომ. 6. 3-6). მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ელინი (ფართო გაგებით) — „ღვთაებრივი ენდემის ნაწილია", შესაბამისად მისი (მათი) „აღმატებულებისთვის" მოციქულის სიტყვები არ ჟღერს დამაჯერებლად: „რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი და კაცისა მიერ — აღდგომა მკუდართა, და ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ" (1 კორ. 15. 21-22). ამრიგად: ყველა კვდება ადამში და ვერავინ იბადება მარადიულობისათვის ქრისტეს გამოხსნის (ნათლისღების გარეშე), ე.ი. თუკი „ყველა არ კვდება" პირველ ადამში (რაკი აღიარებენ მხოლოდ შედეგს ცოდვისა და არა თავად ცოდვას), ლოგიკურად მიდიან ახალ ადამში აღდგომის უარყოფამდე, ე.ი. მეორე ადამის (ქრისტეს) განკაცებაც არ იქნებოდა სავალდებულო. სწორედ ამ საფრთხეზე მიგვითითებდა ნეტ. ავგუსტინე. ამ საფრთხეს ვხედავთ ჩვენც მიტრ. ი. ვლახოსის ნეოპელაგიურ სწავლებაში: „წმინდა ნათლისღების დროს ჩვენ არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვის ბრალისაგან, არამედ ქრისტეს სხეულს, ეკლესიას მივეკუთვნებით, რითაც სიკვდილზე გამარჯვების შესაძლებლობას ვიძენთ. ამგვარად აღვიქვამთ ჩვილების ნათლობას. ჩვენ ვნათლავთ მათ, რათა ისინი გახდნენ ეკლესიის წევრები".3 ჩვენს ნაშრომებში არაერთგზის მივუთითეთ, თუ როგორია ამ საკითხის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილება (კართაგენი 418 წ. 110-ე კანონი): მს. კრებები VI (მე-2 კანონი); VII — (1 კანონი). ამასვე ადასტურებენ აღნიშნულ კანონთა განმმარტებლებიც: ზონარა, ბალსამონი, არისტინი. მაგრამ „ელინიზმი" თურმე წმ. წერილსა და მსოფლიო კრებებზე მაღლა დგას, ამიტომაც „არ აშინებთ" მათი ანათემები. ისმის კითხვა: რატომ? რა მიზეზით? იმიტომ რომ კრეაციონიზმი (ყველა სულის ღვთის მიერ არაფრისაგან შექმნა) ე.ი. ღვთის მიერ ცალკეული ადამიანის სულის პირველქმნილ მდგომარეობაში (ადამის ცოდვის მემკვიდრეობის გარეშე) შექმნა მართლმადიდებურ შეხედულებად ცხადდება.4 სანიმადვილეში, არანაირი კონსენსუსი ამ თვალსაზრისით საეკლესიო ღვთისმეტყველებაში არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა. წმ. მამების აზრი ორად (კრეაციონიზმად და ტრადუციონიზმად) იყოფოდა... და მხოლოდ ნეტ. ავგუსტინემ ორივე შეხედულების გენიალური სინთეზი შემოგვთავაზა.5 (იხ. „ნეოპელაგიური, ნეოორიგენისტული და ნეომონოფიზიტური გამოვლინებანი". VI ტ. გვ. 121). მიტროპოლიტი ი. ვლახოსი: „ვერ უჭერს მხარს მოსაზრებას, ემბრიონის სამშვინველი რომ მშობლების სამშვინველის ნატეხია (осколок), რომ ის ადამის ტოტის ყლორტია. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩაისახება ემბრიონი, ჩვენ თვალს ვადევნებთ პირველქმნილი ადამის შექმნის განმეორებას... ამრიგად სამშვინველი (Душа) მშობლების ყოფიერებიდან არ გამომდინარეობს, არამედ იქმნება ღვთის მიერ".6 „პირველქმნილი შექმნის განმეორება" — არსებითად პირდაპირი გზაა პელაგიანობისაკენ. ამრიგად, თუკი სხეული ღვთის მიერ იქმნება ცალკე, მაშინ სხეულისა და სამშვინველის ერთიანობა პირობითი ხდება, სამშვინველი იძენს ერთგვარ ონტოლოგიურ ავტონომიას სხეულისაგან, როგორც ეს პლატონიზმში, პელაგიანობასა და ორიგენიზმშია. წმ. გრიგოლ ნოსელი (რომელსაც ხშირად ეყრდნობა მიტრ. ი. ვლახოსი და რატომღაც გამორჩა წმინდანის ეს სწავლება) ამბობს: „ჩვენი შემადგენელი არ არის არც უსხეულო სამშვინველი, არც უსამშვინვლო სხეული, არამედ განმშვინვებული (განსულიერებული, одушевленный) და ცოცხალი სხეულებისაგან უკვე იმთავითვე იბადება მცხოვრები და განსულიერებული ცოცხალი არსება.7 წმ. მაკარი დიდიც გვასწავლის: „მამები ამქვეყნად ჰბადებენ შვილებს საკუთარი ბუნებიდან, საკუთარი სხეულიდან და საკუთარი სამშვინველიდან".8 ამდენად, მოდერნისტები (ი. ვლახოსის თაოსნობით) ეკამათებიან (ეწინააღმდეგებიან) არა მხოლოდ ნეტ. ავგუსტინეს, არამედ წმ. წერილს (რომ. 5. 12), წმ. კრებებისა (კართაგენი, III მს. კრება...) და წმ. მამათა სწავლებას. ი. ვლახოსი წერს: „პირველქმნილი ცოდვის მემკვიდრეობა იმაში მდგომარეობს, რომ სხეული მემკვიდრეობით იღებს ხრწნასა და სიკვდილს, რაც დროთა განმავლობაში, ბავშვის ზრდასა და ვნებების განვითარებასთან ერთად, ამრუდებს სამშვინველს („სულის გონივრულ") ნაწილს,9 თორემ ისე ის თავად დაუზიანებელია, შესაბამისად არ საჭიროებს ამის გამო ნათლისღებას, ე.ი. ნათლისღებით არ აღიხოცება პირველქმნილი ცოდვა. ამ მოსაზრებაში კვლავ უგულებელყოფილია მოციქულთა სწავლება, სახელდობრ ის, რომ შთამომავლობაზე მთლიანად გადავიდა როგორც ხორციელი, ისე მშვინვიერი (გონებრივი, მგრძნობელობითი, ნებელობითი) ვნებები (ცოდვები). ამ ვირუსით დაავადებულია „სულის გონებრივი" ნაწილიც (умная часть души). მოციქული გვასწავლის: „არამედ რაი-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული: პირველი იგი წარხდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ" (2 კორ. 5. 17). იმავე შინაარსისაა (გალ. 2. 20); (რომ. 7. 23); (1 კორ. 2. 16). ამრიგად, ელინისტური ღვთისმეტყველება (ი. ვლახოსის სწავლების თამადობით) არსებითად არა პელაგიური, არამედ ელინური წარმომავლობისაა, ერთგვარი „ელინისტური პელაგიანობაა", რომელიც სათავეს პლატონთან იღებს, მერე ორიგენესა და ევაგრეს გავლით, ასევე ზოგიერთი წმ. მამის (მაგ. გრიგოლ ნოსელის მიერ იმავე წყაროთი ნასაზრდოები და გადაუმოწმებელი) კერძო აზრის გავლით დღეს გვევლინება, ვით თანამედროვე ელინურ ღვთისმეტყველებად, მეტიც: ცხადდება მართლმადიდებლობად, ხოლო მართლმადიდებლობა (კართაგენი, ნეტ. ავგუსტინე) — ერესად. გულწრფელი მიდგომით მართლმადიდებელი თეოლოგი უნდა აღიარებდეს, რომ წმ. გრიგოლ ნოსელის სწავლება „სულის გონივრული ნაწილის დაუზიანებლობის შესახებ", სინამდვილეში პლატონისტურ-ორიგენისტულ-ევაგრესეულის გამოვლინებაა, რაც ამხილა დედაეკლესიამ მრავალი წმ. მამის მეშვეობით. გულწრფელმა ასევე გვავალდებულებს მაქსიმალურად დავფაროთ წმინდანის ნაკლი და პასუხები ცდომილების სათავეებთან ვიპოვოთ. მიტრ. ი. ვლახოსი კი პირიქით აკეთებს: თავის სწავლებას წმ. მამათა სწავლებად წარმოაჩენს, ხოლო ამის სათავეს მალავს. რატომ? რათა ეჭვი არ შეგვეპაროს მისი სწავლების ჭეშმარიტებაში. სინამდვილეში, ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია — ერეტიკული (პელაგიურ-ორიგენისტული) სწავლება, წმ. მამის კერძო აზრით (თეოლოგუმენით) დამოწმებული, მართლმადიდებლობად ცხადდება. ვერასდროს დაგეთანხმებით!!!
1 Митр. И. Влахос. Православная духовность. ციტ. გამომც. Свято-Троицкая лавра. 2009. გვ. 135. 2 Ориген. О началах 3.6.5. / Творения Оригена, учителя александрийского. 3 И. Влахос. Смерть младенцев. 4 Митр. И. Влахос. Жизнь после смерти. თარგმ. В. Петров. 2013. გვ. 23. 5 Первородный грех по учению Блж. Августина Испонского. Кремлевский. А. თარგმ. 6 Митр. И. Влахос. Жизнь после смерти. თარგმ. В. Петров. 2013. გვ. 22. 7 Св. Григории Нисский. Об устроении человека XXX. СПБ. 1995. გვ. 108. 8 Макарий Великий. Духовные беседы. 30. 1. 9 Митр. И. Влахос. Жизнь после смерти. გვ. 74. დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |