მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მოციქულებრივი VS ელინისტური ქრისტიანობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მოციქულებრივი VS ელინისტური ქრისტიანობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


25-09-2025, 23:14

მოციქულებრივი VS ელინისტური ქრისტიანობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   პატრისტიკულ ლიტერატურაში ორი პრინციპულად განსხვავებული ანთროპოლოგიური ტრადიციის შეუთანხმებლობას ვხედავთ. ერთი მხრივ, ესაა სახარებისეული, მოციქულებრივი სწავლება, მხოფლიო კრებებზე დადასტურებული და მეორე მხრივ, ელინისტური (პლატონური, პლოტინური, ორიგენისტულ-ევაგრესეული). ამდენად, „სიძველეზე" აქცენტის გადატანით (თითქოს რაც უფრო ახლოსაა მოციქულებრივთან, მით უფრო ჭეშმარიტია) ვერაფერს გავხდებით. ვინაიდან ელინიზმი პარალელურად არსებობდა, ე.ი. ელინისტური ტრადიცია არანაკლებ ძველია, ვიდრე პატრისტიკული.

   ელინისტური (ბერძნული) ცნობიერებისთვის უკვდავების ცნება (Αθανασία) თითქმის გაიგივებულია „ღვთაებრივთან". ორივე შემთხვევაში იგულისხმება ხელთუქმნელი და უკვდავი (დაუძლეველი).1 ბერძენისთვის იმის თქმა, რომ „სული უკვდავია", იგივეა თქვა, რომ ის ხელთუქმნელია, ე.ი. მარადიულია, „ღვთაებრივია". სხვაგვარად თუ ვიტყვით, ელინისტი სულის (სამშვინველი - გაიგივებული ცნებებია) უკვდავებაში გულისხმობს მის „მარადიულ წინაარსებობას".

   ქრისტიანობა ვერ დაეთანხმება ამ „ფილოსოფიურ" მიდგომას, ვინაიდან: სული (სამშვინველი), რაც არ უნდა უხილავი ჩანდეს ადამიანის თვალთახედვით, ქმნილებაა ღვთისა ისევე, როგორც სხეული ადამიანისა. ე.ი. სული არ არის ხელთუქმნელი და თვითკმარი არსება, არამედ თავის არსებობას უნდა უმადლოდეს ღმერთს, შემოქმედს. 

   ამიტომ ის (სული, სამშვინველი)* „უკვდავი" შეიძლება იყოს არა ბუნებით, არამედ ღვთის ნებით, ე.ი. მადლით, რომელიც მართლმადიდებლური ნათლისღებით ეძლევა ადამიანს.

   1) მოციქულებრივ ქრისტიანობაში ასეა:

   „უკუეთუ ვინმე არ იშვეს მეორედ, ვერ ხელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათა" (... უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (3. 3-5). იგივე შინაარსისაა (1 კორ. 12. 11-13); (ეფ. 1. 17-20); (1 თეს. 5. 23); (ებრ. 4. 22).

   ხოლო ელინისტურ ღვთისმეტყველებაში ნებისმიერი ადამიანის სული (სამშვინველი) აპრიორი „ღვთისაგანაა". პლატონურში ერთმნიშვნელოვნად მისი (ღვთაების) ნაწილია, „ქრისტიანული ელინიზმის" მიხედვით სულში (სამშვინველში) არსებობს „გონებრივი ნაწილი" (умная часть души), რომელიც, პირველქმნილი, საყოველთაო ცოდვის („ადამში ყველამ შევცოდეთ". რომ. 5. 12) მიუხედავად, ადამიანის დაბადებისთანავე უმწიკვლოა (არაა ცოდვით გასვრილი), ამიტომ პელაგი (პლატონიზმის ზეგავლენით) უარყოფდა ბავშვების მონათვლის აუცილებლობას, ხოლო ელინისტების ღვთისმეტყველებაში უარყოფენ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას და არ სწამთ, რომ ნათლისღების დროს ხდება პირველქმნილი ცოდვის პატიება (ვლახოსი). ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

   ერთი სიტყვით, ყველაფერი ისეა, როგორც ორიგენეს, ევაგრესა და პელაგის „საუკეთესო კელიებშია". ე.ი. ისევე, როგორც ორიგენიზმში, „ქრისტიანულ ელინიზმშიც", სული (სამშვინველი) თავისი თვისებებით არის ღვთის მსგავსი; ის თავად გახლავთ აბსოლუტური თავისუფლების, ავტონომიის წყარო. ამიტომ დაუშვებელია მისი დეტერმინიაცია, ჩანაცვლება „პირველქმნილი ცოდვით", რაც, ვით კანონი, მოქმედებს დაცემულ ადამიანში.

   არსი „ელინისტური ქრისტიანობის" ღვთისმეტყველებისა გვკარნახობს, რომ ნეოპელაგიურ-ნეოორიგენისტული სწავლება პირველქმნილი ცოდვის შესახებ მარტოოდენ „ეპიზოდია", ე.ი. თავისუფალი ნება სულაც არ იზღუდება ცოდვით დაცემის შემდეგ.

   მოციქულებრივი ქრისტიანობა კი ამბობს:

   „ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისა" (იონ. 8. 34).

   „რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარსეცუა, რაითა განქარდეს ხორცი იგი ცოდვისა, რაითა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა" (რომ. 6. 6).

   „ესე უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, ხოლო მე ხორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა" (რომ. 7. 14).

   2) მოციქულებრივი ქრისტიანობისა და ელინისტურის დაპირისპირება კრებსით დონეზეც გამოვლინდა. ამის მკაფიო ნიმუშია კართაგენის 418 წ. კრების ნაწილობრივი მიღება და აღიარება აღმოსავლეთის საღვთისმეტყველო სკოლებში. 

   მიზეზი კვლავ პირველქმნილი ცოდვის მოციქულებრივი სწავლებისაგან განსხვავებული ინტერპრეტაციაა.

   418 წელს კართაგენის ავტორიტეტულმა კრებამ (მისი ავტორიტეტი დადასტურდა III მსოფლიო კრებაზე), პირველქმნილი ცოდვის განსაზღვრებებთან ერთად თავად ადამიანის ცოდვაში მყოფობა შემდეგნაირად განმარტა: 

   „წმ. იოანე მოცოქული ბრძანებს: „უკუეთუ ვთქვათ, ვითარმედ ცოდვაი არა გუაქუს, თავთა თვისთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაი არა არს ჩუენ თანა" (1 იონ. 1. 8). - ვინც ფიქრობს თითქოს ეს სიტყვები უნდა გავიგოთ, რომ მხოლოდ თავმდაბლობით უნდა ვუწოდოთ თავს ცოდვაში მყოფი, და არა იმ შინაარსით, რომლის თანახმადაც ყველაფერი სწორედ ასე (როგორც თქვა მოციქულმა) - ასეთს ანათემა". მოციქული ხომ განაგრძობს და ამატებს: „უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაითა მოგვეტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმინდეს ყოვლისაგან სიცრუისა" (1 იონ. 1. 9)... ამიტომ სავსებით გასაგებია, რომ ეს სიტყვები გამოხატავს არა მხოლოდ თავმდაბლობას, არამედ ჭეშმარიტებას. მართლაც, მოციქულს შეეძლო ეთქვა: „თუკი ვიტყვით, რომ არ გვაქვს ცოდვა, მაშინ ჩვენ განვადიდებთ ჩვენს თავს, და ჩვენში არ არის თავმდაბლობა", მაგრამ ის სხვაგვარად ამბობს: „უკუეთუ ვთქვათ, ვითარმედ არა ვცოდეთ, მტყუვრად გამოვაჩინებთ მას და სიტყვაი მისი არა არს ჩუენ შორის" (1 იონ. 1. 10). ამით მოციქული მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ თუკი ადამიანი, საკუთარ თავზე ამბობს, თითქოს არ გააჩნია ცოდვა, ამბობს სიცრუეს და არა ჭეშმარიტებას".2

   მართალია, ელინისტურ ქრისტიანობაში „ცოდვით დაზიანებაზე" არის საუბარი, მაგრამ ეს „დაზიანება" იკურნება მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიით, ვინაიდან სულს (სამშვინველს) „გონივრული ნაწილი" გააჩნია, რომელსაც ადამის ცოდვამ ვერაფერი დააკლო; ამიტომ მას ქრისტეს გამოსყიდვის, ე.ი. რეალურად ნათლისღების გარეშეც შეუძლია ცხონება.

   როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანტიკურ მხოფლმხედველობაში სულის უკვდავება ლამის ღმერთის უკვდავების ტოლფასია - ადამიანის ფსიქოტიპაჟი ხომ ღმერთების წარმომავლობისაა წარმართულ პანთეონში. ამიტომ ადამიანის სულიც (სამშვინველიც) ფლობს თურმე ზუსტად ისეთ უკვდავებას, როგორსაც ღვთაებები.

   პლატონი წერდა: „მათ მიბაძეს რა ღმერთს, მიიღეს მისი ხელიდან სულის უკვდავი საწყისი და ჩარაზეს მომაკვდავ სხეულში".3

   პლოტინი ამბობს: „მატერიალური სხეულებისთვის თვისობრივი ბოროტება ხშირად ჩვენი ნების წინააღმდეგ გვეუფლება, მაგრამ არიან ჩვენ შორის, ვისაც ძალუძს იპოვოს თავის თავში ძალა გაექცეს ჩვენს სულებში დაბუდებულ ბოროტებას".4

   კვლავ პლოტინს დავუბრუნდეთ: „სამშვინველის უზენაესი სიმაღლე მისი ენერგიაა, მიმართული სულისაკენ (к духу), უზენაესი ბუნებისაკენ. სამშვინველი კი ასეთი საკუთარი სათნოებების წყალობით ხდება".5

   ამრიგად, პლატონიზმის სწავლებით ადამიანის სხეული ჩაკეტილია ბოროტებაში, ხოლო სულს (მართალია, დაზიანებულია) შეუძლია საკუთარი თავის საკუთარი ძალისხმევით გადარჩენა.

   ორიგენეც, პლატონის კვალდაკვალ დასძენს:

   „სამშვინველს psuxh იმიტომ ხომ არ ეწოდა ასე, რომ ღვთაებრივ ცეცხლში თანამონაწილეობისაგან განელებით (охлаждение), მაგრამ მას არ დაუკარგავს აღდგენის იმ მხურვალე მდგომარეობაში დაბრუნების უნარი, რომელშიც თავიდან იმყოფებოდა. სულს (გონს, ум) თავისი მოწოდებისა და ღირსებისაგან გადახრილს, ეწოდა სამშვინველი, ხოლო აღდგენის შემთხვევაში კვლავ გონად (სულად) გადაიქცევა".6

   აღნიშნულმა სწავლებამ სერიოზული ზეგავლენა იქონია ქრისტიანული ანთროპოლოგიის არამართებული გააზრების საქმეში. ორიგენეს აზრით, „გონი" (სული) და სამშვინველი ერთი სუბსტანციის მაღალი და დაბალი ნაწილებია. მონდომების შემთხვევაში სამშვინველი სულის პატივს უპრობლემოდ დაიბრუნებს.

   მოციქულებრივ ქრისტიანობაში ელინისტურისაგან განსხვავებით „ძველი ადამიანი" რომ გახდეს „სულიერი", უნდა „დაიბადოს სულისაგან" ნათლისღების საიდუმლოთი. ამიტომ მოციქულთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რწმენისა და ჭეშმარიტი სულის მიღების საკითხში ელინისტური დოქტრინის საპირისპიროა: „ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ქრისტე, იგი ღმრთისაგან შობილ არს..." (1 იონ. 5. 1).

   ამრიგად, მორწმუნეს იმიტომ სწამს, რომ მიიღო მადლი სულიწმინდისაგან და ხორციელისაგან (ხორციელში წმ. წერილი სამშვინველის თვისებებსაც გულისხმობს (გალ. 5. 24)) გახდა სულიერი. და არა პირიქით, მან მიიღო მადლი იმიტომ რომ თავისთავად იყო მორწმუნე სამშვინველის „სულის გონივრული ნაწილის" წყალობით. არსებითად, აქ გამოსყიდვის დოგმატის შეფარულ დამახინჯებას, უარყოფასთან გვაქვს საქმე. თუკი „სულის გონიერ ნაწილს" ავტომატურად, თავისი სურვილით შეუძლია სამშვინველის მდგომარეობიდან სულიერში გადახტომა, მაშინ რა საჭიროა ქრისტეში განახლებული „ახალი იგი კაცი"?

   დიდი დაკვირვება არ არის საჭირო საიმისოდ, რომ დავინახოთ განსხვავება მოციქულებრივ და ელინისტურ ტრადიციებს შორის. მოციქულებთან პირველქმნილი ცოდვით მთლიანი, „ძველი ადამიანი" საჭიროებს ხსნას, გამოსყიდვას. ელინისტურ ღვთისმეტყველებაში კი „სულის გონივრული ნაწილის" წყალობით ადამიანი განაგრძობს ღვთის „მონათესაობას", ინარჩუნებს ღვთაებრივ ლოგოსს. მხოლოდ „პატარ-პატარა დაზიანებებია" და იმასაც „უმკურნალებენ" ი. ვლახოსის მსგავსი ღვთისმეტყველები.

   ორიგენისტულ-პელაგიური თეზა, რომ ნეოპლატონისტების შუამავლობით, ევაგრეს კონცეფციის გავლით, შეგიძლია საკუთარი ძალისხმევით „გახდე ღირსეული", თავდაპირველად ცალკეული საღვთისმეტყველო სკოლის შეხედულება იყო. მოგვიანებით, აღმოსავლეთ ეკლესიის საღვთისმეტყველო სკოლების „ღირსებად" იქცა, ამიტომაც კვლავ მოციქულებთან პოლემიკაში უწევთ ყოფნა:

   „სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაითა არცხვინოს ძლიერთა" (1 კორ. 1. 27).





1 Проф. Теилор. The men and his work.

* სული (Дух), სამშვინველი (Душа) - წმ. წერილსა თუ წმ. მამათა სწავლებაში ხშირად ერთი და იგივე შინაარსით მოიხსენიება. მაგრამ დოგმატურ ღვთისმეტყველებაში ორივე ცნება მისთვის დამახასიათებელი კატეგორიებით განსხვავდება - კ.ჯ.

2 Постановления Карфагенского собора 418. Перевод. Д. Смирнова.

3 Платон. Тимей. 68. Crd/T3. C. 475.

4 Плотин. Эннеады. 1. 8. 5. С. 30.

5 Плотин. Эннеады. Т 2. С. 23.

6 Ориген. О началах. 2. 8. 3. / Творения Оригена. С. 146.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება